მხედველობის აღდგენა ლაზერით

გააზიარე:

რომელი სჯობს: სათვალე თუ კონტაქტური ლინზები? – ეს შეკითხვა ებადება ყველას, ვისაც კი 
მხედველობის კორექცია სჭირდება.

       დღეს რეფრაქციის მანკის (ასე უწოდებენ მხედველობის დეფექტს, რომელსაც ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი განაპირობებს) გამოსწორება კიდევ უფრო თანამედროვე და მაღალეფექტური მეთოდით – ლაზერული ჩარევით არის შესაძლებელი. სწორედ ამ მეთოდის შესახებ მოგვითხრობს ექსიმერული ლაზერის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მერაბ დვალი.                                                                        
      
      ადამიანთა 72%-ს სხვადასხვა სახისა და ხარისხის რეფრაქციის მანკი (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) აღენიშნება. ვინაიდან რეფრაქციის მანკები, ხარისხისა და სახის შესაბამისად, მეტ-ნაკლებად აქვეითებს მხედველობას, აქტუალური ხდება მათი კორეგირების საკითხი. ამ მიზნით, ტრადიციისამებრ, იყენებენ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას, რომლებიც სათანადო შერჩევისა და ხარისხის შემთხვევაში მაღალ მხედველობასა და კომფორტს  უზრუნველყოფს. თუმცა არის შემთხვევები, როცა სამედიცინო ჩვენების (ხშირად ლაზერული კორექცია ბავშვთა ასაკში რეფრაქციული ანომალიების მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა თვალის გაზარმაცების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ), კოსმეტიკური, პროფესიული მოთხოვნის (მფრინავები, სამხედრო მოსამსახურეები, სპორტსმენები, მსახიობები) გამო უსათვალოდ მაღალი მხედველობის აუცილებლობა ჩნდება. ამის მისაღწევად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში წარმატებით იყენებენ კორექციის უახლეს ქირურგიულ მეთოდს – ექსიმერლაზერულ ოპერაციას. მისი უნიკალურობა ის არის, რომ შეუძლია, იმგვარად იმოქმედოს ადამიანის რქოვანას ზედაპირზე, რომ სხვა ქსოვილები და ორგანოები ოდნავადაც არ დააზიანოს. ოპერაციის ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თვალში შემავალი სინათლის სხივების გარდატეხის კუთხეს რქოვანას სიმრუდის დოზირებული ცვლილებით ცვლიან. ამის შედეგად მხედველობა უმჯობესდება. ოპერაცია დაახლოებით 30-50 წამს გრძელდება.
      პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე შეუძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, იკითხოს, წეროს, მართოს ავტომობილი, უყუროს ტელევიზორს, იმუშაოს კომპიუტერთან, შეასრულოს ჩვეული საოჯახო და სამეურნეო საქმიანობა და ყოველივე  ეს უკვე სათვალეებისა და კონტაქტური ლინზების გარეშე გააკეთოს.
     მხედველობის ლაზერული კორექციის შესაძლებლობები რამდენადმე შეზღუდულია – მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექცია მისი მეშვეობით ვერ ხერხდება. ამ მიზნით უკვე ფართოდ გამოიყენება ე.წ. თვალშიგა კონტაქტური ლინზის იმპლანტაცია, რაც თვალში დამატებითი, ხელოვნური ბროლის ჩანერგვას გულისხმობს. ეს უკანასკნელი თვალის ბროლის წინ თავსდება და სათანადოდ ცვლის თვალის გარდატეხის ძალას. ასეთ ლინზას აქვს კორექციის მეტად ფართო დიაპაზონი (-2.0-დან -25.0 დიოპტრიამდე და +2.0-დან +12.0 დიოპტრიამდე). თუ მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკს თან ახლავს გამოხატული ასტიგმატიზმი, რომელიც თავისთავადაც მნიშვნელოვნად აქვეითებს მხედველობას, გამოიყენება ასტიგმატური ანუ ტორიული თვალშიგა კონტაქტური ლინზა – ე.წ. Bioptic-ის მეთოდი, რომელიც თვალში ლინზის იმპლანტაციისა და ლაზერული კორექციის კომბინაციას წარმოადგენს (მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკის კორექცია – ლინზის, ხოლო ასტიგმატიზმისა ლაზერის მეშვეობით ხდება).   
    ოფთალმოლოგიის თანამედროვე მიღწევების წყალობით კატარაქტის ქირურგიის დღევანდელი მოთხოვნები რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც მას მცირე ხნის წინ ჰქონდა. თუ წინათ ბროლის იმპლანტაციის შემდეგ ახლო ან შორ მანძილზე აუცილებელი იყო კორექცია (სათვალის გამოყენება), დღეს ახალი ტიპის ე.წ. მულტიფოკალური ბროლების წყალობით მკაფიო მხედველობა მიიღწევა სხვადასხვა მანძილზე, რაც ნებისმიერი ასაკის პაციენტს სათვალისგან პრაქტიკულად ათავისუფლებს. ჩვენს კლინიკაში უკვე გამოიყენება ამ ტიპის ბროლები და არა მარტო კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის მიზნით, არამედ მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექციისთვის გარკვეული ჩვენებისას.

გააზიარე: