მხედველობის ლაზერული კორექცია
გააზიარე:
დანამდვილებით არავინ იცის, პირველად როდის მიაქცია ადამიანმა ყურადღება მხედველობის დაქვეითებას, მაგრამ დღეს ამ პრობლემას მოსახლეობის 70% უჩივის.
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მხედველობის კორექციის ტრადიციული საშუალებები – სათვალე და კონტაქტური ლინზები – ბევრმა გადადო გვერდით და სამყაროს ახალი თვალით უყურებს.
მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდის შესახებ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერას" რეფრაქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნინო კობახიძე გვესაუბრა.
პრობლემის არსი
– მხედველობის დარღვევის ძირითადი მიზეზი რეფრაქციული მანკია, რომელიც სინათლის არასწორ ფოკუსირებასთან არის დაკავშირებული. რეფრაქცია – სინათლის სხივების გარდატეხა – რქოვანასა და ბროლში ხდება. რქოვანა თვალის წინა გარეთა ამობურცული, გამჭვირვალე ნაწილია, ბროლი კი – ორმხრივამოზნექილი გამჭვირვალე ლინზა. მათში გავლის შემდეგ სინათლის სხივები თვალის ფსკერზე, სინათლის მიმართ მგრძნობიარე შრეზე – ბადურაზე ფოკუსირდება. რეფრაქციული დარღვევები მაშინ ვითარდება, როცა თვალის კაკალი ნორმაზე გრძელი ან მოკლეა, რქოვანას ფორმა აქვს შეცვლილი ან ბროლი ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის. ამის მიხედვით განასხვავებენ ოთხი ტიპის რეფრაქციულ დარღვევას:
1. ახლომხედველობა, მიოპია –ადამიანი ახლოს მკაფიოდ ხედავს, ხოლო შორს – ბუნდოვნად;
2. შორსმხედველობა, ჰიპერმეტროპია – ადამიანის მკაფიოდ ხედავს შორს და ბუნდოვნად – ახლოს;
3. ასტიგმატიზმი – აქ შერწყმულია ფოკუსირების რამდენიმე დარღვევა, რის გამოც შესაძლოა, შორეულ ან ახლომდებარე საგნებს ბუნდოვნად ვხედავდეთ, ხოლო გამოსახულებას დამახინჯებულად აღვიქვამდეთ;
4. პრესბიოპია – ბროლის ასაკობრივი ცვლილებების გამო გაძნელებულია ახლომდებარე საგნებზე მხედველობის ფოკუსირება.
– ვის და როდის შეიძლება დაუქვეითდეს მხედველობა?
– რეფრაქციის დარღვევა ნებისმიერს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ მათ, ვისი ოჯახის წევრებიც ამავე მიზეზით სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებენ. ახლომხედველობა, წესისამებრ, 6-დან 14 წლამდე იჩენს თავს და შესაძლოა, 22-23 წლამდეც კი განაგრძოს პროგრესირება. პრესბიოპიას, რომელიც ნორმალური დაბერების ნაწილად მიიჩნევა, ბროლის ასაკობრივი ცვლილება განაპირობებს. ბროლი კარგავს მოქნილობას და დრეკადობას, რის გამოც სინათლე ბადურაზე სწორად ვეღარ ფოკუსირდება და ახლომდებარე საგნები ბუნდოვნად აღიქმება. პრესბიოპია, წესისამებრ, 45 წლიდან ვითარდება და ზოგჯერ თვალის სხვა რეფრაქციულ დარღვევასთან არის შერწყმული.
მკურნალობის მეთოდები
– მრავალი წლის განმავლობაში რეფრაქციული მანკების კორექციის ერთადერთი საშუალება სათვალე და კონტაქტური ლინზები იყო. სწორად შერჩეული, ხარისხიანი სათვალე მხედველობას აუმჯობესებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, კოსმეტიკური მოსაზრებით ან პროფესიული მოთხოვნის გამო (მფრინავები, სამხედრო მოსამსახურეები, სპორტსმენები, მსახიობები) უსათვალოდ ნატიფი მხედველობის აუცილებლობა წარმოიშობა, ამიტომ ბევრმა სათვალეს კონტაქტური ლინზები ამჯობინა. მათი მეშვეობით მხედველობა უფრო მკაფიო და ბუნებრივი ხდება. მეორე მხრივ, ლინზებს მეტი მოვლა სჭირდება. აუცილებელია ძილის წინ მათი მოხსნა, გასუფთავება და სპეციალურ ხსნარში ჩაწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ინფექციის რისკი. კონტაქტური ლინზების მოხმარება დროთა განმავლობაში იწვევს თვალის გაღიზიანებას და სიმშრალეს. ხშირია ლინზების აუტანლობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც მათი მოხმარების დაწყებისთანავე, ისე წლების შემდეგაც. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში წარმატებით იყენებენ მხედველობის კორექციის ლაზერულ მეთოდს, რომელიც უნიკალურია იმით, რომ ოპერაცია სულ რამდენიმე წუთს გრძელდება და პაციენტი იმავე დღეს უსათვალოდ და ლინზების გარეშე ბრუნდება შინ.
– ვის შეუძლია, მიმართოს ამ პროცედურას?
– მხედველობის ლაზერული კორექცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო არჩევითი სამედიცინო პროცედურაა მათთვის, ვისაც არ სურს სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარება. ამ გზით იცვლება თვალის ზედაპირის ფორმა, რის შედეგადაც სწორდება თვალის ნებისმიერი რეფრაქციული მანკი.
ლაზერული კორექციის ჩატარება შეიძლება 18 წლიდან, თუ ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურია. აღნიშნული მეთოდით მხედველობის გაუმჯობესება მიზანშეწონილია 55 წლამდე.
– რა უპირატესობა აქვს ლაზერულ კორექციას?
– თანამედროვე ლაზერი უმცირესი იმპულსისა და საუკეთესო ოპტიკის წყალობით საშუალებას გვაძლევს, აქამდე არნახული სიზუსტით გავაკეთოთ რქოვანას სასურველი სიღრმის განაკვეთი ქირურგიული დანის გამოყენების გარეშე. პროცედურა მიმდინარეობს დაბალი თვალშიდა წნევის ფონზე, რაც ბადურაზე ნახეთქების გაჩენას გამორიცხავს. ლაზერით ისეთი პაციენტების მკურნალობაც კია შესაძლებელი, რომლებისთვისაც ტრადიციული რეფრაქციული ოპერაციის გაკეთება შეუძლებელი იყო რქოვანას არასაკმარისი სისქის ან მეტისმეტად მაღალი რეფრაქციული მანკის გამო. პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად და უმტკივნეულოდ, გართულების რისკი დაბალია.
მომზადება
– არსებობს კორექციის რამდენიმე ნაირსახეობა. თითოეულ მათგანს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს. მაგალითად:
* FemtoLasik ტარდება ფემტო- და ექსიმერული ლაზერების საშუალებით. ფემტოლაზერი თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ ქუდს, ხოლო ექსიმერი აკორექტირებს რეფრაქციულ დარღვევას. დამცავი ქუდი უზრუნველყოფს მეტ კომფორტს პროცედურის შემდეგ, მხედელობის რეაბილიტაციაც სწრაფია. პაციენტი ჩვეულ საქმიანობას მეორე დღესვე უბრუნდება.
* FemtoLasik Contoura Vision – თვალის ზედაპირის აგებულება ყველა ადამიანს ისეთივე უნიკალური აქვს, როგორც თითის ანაბეჭდი. აღნიშნული აპარატი საშუალებას გვაძლევს, თითოეულ პაციენტს ჩავუტაროთ პერსონალიზებული ლაზერული კორექცია მის ინდივიდუალურ ტოპოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამას მინიმუმამდე დაჰყავს რქოვანას თანდაყოლილი უსწორმასწორობით გამოწვეული ე.წ. მაღალი რიგის აბერაციები, რომლებიც აქვეითებს მხედველობის ხარისხს, განსაკუთრებით – ღამის საათებში.
კორექციის მეთოდის შესარჩევად თვალის აგებულებას მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით ვაფასებთ, შევისწავლით რქოვანას ტოპოგრაფიას. მნიშვნელოვანია თვალის ფსკერის დათვალიერებაც, რათა მოხდეს ზოგიერთი პათოლოგიის დიაგნოსტირება და გამოსწორება. მაგალითად, ახლომხედველებს შესაძლოა ბადურაზე გათხელებული ადგილები ან ნახეთქები გაუჩნდეთ. ასეთ უბნებს წინასწარ ამაგრებენ ლაზერით და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებენ რეფრაქციული მანკის კორექციას.
პროცედურის დაწყებამდე ტარდება თვალების ადგილობრივი ანესთეზია წვეთების საშუალებით. ემოციური დაძაბულობის მოსახსნელად პაციენტს მსუბუქ დამამშვიდებელ აბებს ვთავაზობთ. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, მისი მსვლელობისას პაციენტი თვალზე მხოლოდ მსუბუქ ზეწოლას გრძნობს. მანიპულაცია დაახლოებით 10 წუთს გრძელდება და უმეტესად ორივე თვალზე ერთდროულად ტარდება.
– რა ხდება პროცედურის შემდეგ?
– მხედველობის ლაზერული კორექცია ამბულატორიული პროცედურაა. საავადმყოფოში ღამის გატარება საჭირო არ არის, პაციენტი იმავე დღეს ბრუნდება შინ და შეუძლია, მეორე დღესვე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, იკითხოს, წეროს, მართოს ავტომობილი, უყუროს ტელევიზორს, იმუშაოს კომპიუტერთან, განაგრძოს ჩვეული საოჯახო და სამეურნეო საქმიანობა და ყოველივე ეს უკვე სათვალისა და კონტაქტური ლინზების გარეშე გააკეთოს.
რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტები იყენებენ ექიმის მიერ გამოწერილ თვალის წვეთებს.
ლაზერით ჩატარებული რეფრაქციული პროცედურა უსაფრთხოა. პაციენტების 99%-თან ვაღწევთ მხედველობის გაუმჯობესებას, ხოლო 96%-თან – სრულ აღდგენას. ოპერაციის შედეგად სიბრმავის განვითარების რისკი თითქმის არ არსებობს, ხოლო გართულებებს პაციენტების 1%-ზე ნაკლები უჩივის.
იშვიათია შემთხვევა, როცა კორექციას მხედველობის სრული აღდგენა არ მოჰყვება და პროცედურის ეფექტის გასაუმჯობესებლად მცირე დამატებითი ჩარევა ხდება საჭირო.
– როდის არ ტარდება მხედველობის ლაზერული კორექცია?
– როგორც აღვნიშნე, მხედველობის ლაზერული კორექცია არ ტარდება 18 წლამდე და 55 წლის შემდეგ. პროცედურა ასევე უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში და ლაქტაციის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ლაზერით ვერ ხერხდება მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექცია – ახლომხედველობის შემთხვევაში დასაშვები ზღვარია -8.0, ასტიგმატიზმის შემთხვევაში – -6.0, შორსმხედველობის შემთხვევაში – +4.0. თუ მაჩვენებელი ზღვარს ზემოთაა, მიმართავენ თვალშიგა კონტაქტური ლინზის იმპლანტაციას, რაც თვალში დამატებითი, ხელოვნური ბროლის ჩანერგვას გულისხმობს. ის ბუნებრივი ბროლის წინ თავსდება და სათანადოდ ცვლის თვალის გარდატეხის ძალას. ასეთ ლინზას აქვს კორექციის მეტად ფართო დიაპაზონი (-0.5-დან -18.0 და +10.0 დიოპტრიამდე). თუ მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკს თან ახლავს გამოხატული ასტიგმატიზმი, რომელიც საგრძნობლად აქვეითებს მხედველობას, გამოიყენება ასტიგმატური ანუ ტორიული თვალშიგა კონტაქტური ლინზა და ე.წ. Bიოპტიც-ის მეთოდი, რომელიც თვალში ლინზის იმპლანტაციისა და ლაზერული კორექციის კომბინაციას წარმოადგენს (მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკის კორექცია – ლინზის მეშვეობით ხდება, ხოლო ასტიგმატიზმისა – ლაზერის მეშვეობით).
გრძელვადიანი შედეგები
– მხედველობის ლაზერული კორექცია სამუდამოდ ცვლის თვალის ზედაპირს. პროცედურის დროს იცვლება რქოვანას ფორმა მხედველობის არსებული პრობლემის გამოსასწორებლად, მიღებული შედეგი კი სამუდამოა. შესაძლოა, განვითარდეს მცირე რეგრესი (დაბრუნდეს მცირე მინუსი), რაც დამატებითი კორექციით გვარდება.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში, დაბალი რისკისა და სასურველი შედეგების გამო, მხედველობის ლაზერული კორექცია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ელექტიურ სამედიცინო პროცედურად იქცა. ათწლეულების განმავლობაში ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ, მაგალითად, კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ბაქტერიული ინფექციის განვითარების ალბათობა 100 ადამიანიდან ერთს აქვს, ხოლო ლაზერული კორექციის შემდეგ ანთება 1500-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაშია მოსალოდნელი. თუ პაციენტი ზედმიწევნით შეასრულებს ოპერაციის შემდგომ დანიშნულებას, ის მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ამგვარი გართულებებისგან.
მარი მარღანია