ქალთა უნაყოფობა
გააზიარე:
თანამედროვე მედიცინას უშვილობის მკურნალობის ფართო შესაძლებლობა აქვს. ამ პრობლემას განსხვავებული მიზეზები განაპირობებს, ამიტომ მის დადგენას და მეცნიერულ დადასტურებას საკმაოდ ხანგრძლივი კვლევა სჭირდება. გვესაუბრება ქალთა კონსულტაცია “ჰერას” ექიმი მეან-გინეკოლოგი გულიკო ღვინიაშვილი:
- უნაყოფობა არის რეპროდუქციულ ასაკში ქალის უუნარობა, შთამომავლობა იყოლიოს. ქორწინება უნაყოფოდ ითვლება, თუ რეგულარული (კვირაში ერთხელ მაინც) სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ქალი ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა. ასეთია სტანდარტი, თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, რაც უფრო ადრე მიმართავთ გინეკოლოგს, მით უკეთესი. საქმე ის არის, რომ შესაძლოა, შეუღლების შემდეგ ქალს გადაედოს სასქესო ორგანოების ინფექცია, რომლითაც მამაკაცია ავად. ამიტომ სჯობს, მკურნალობა მანამდე დავიწყოთ, ვიდრე ინფექცია საშვილოსნოს ყელის ეროზიას, ექტოპიას ან დისპლაზიას გამოიწვევს.
ქლამიდიებით ინფიცირების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა აღმავალი გზით გავრცელდეს და ერთ წელიწადში კვერცხსავალი მილების შეხორცებაც კი გამოიწვიოს, რის გამოსწორებაც შედარებით ძნელია.
თუ ნაცხის ანალიზის, დათვალიერების, ექოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე ქალი პრაქტიკულად ჯანმრთელად მივიჩნიეთ, მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ – შესაძლოა, ის სქესობრივ კონტაქტს ოვულაციის დღეებს ვერ ამთხვევდეს და დაორსულებისთვის უბრალო რჩევაც საკმარისი აღმოჩნდეს.
ქალის უშვილობის სხვადასხვა სახეს განასხვავებენ:
- პირველადს, როდესაც ქალი არასოდეს ყოფილა ორსულად და ამაში სავსებით დარწმუნებულია;
- შედარებითს, როდესაც ქალი დანამდვილებით ვერ ამბობს, იყო თუ არა ორსულად (მენსტრუაციამ დაიგვიანა, ერთი-ორი კვირის შემდეგ გამონადენი ჭარბად წამოუვიდა, მაგრამ ორსულობის დადგენა არ უცდია);
- მეორადს, როდესაც ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ორსულად და ეს ორსულობა შვილის გაჩენით ან თვითნებითი აბორტით დასრულდა, მას შემდეგ კი აღარ ორსულდება;
- აბსოლუტურს, როდესაც სასქესო ორგანოების ანომალიის ანდა გადატანილი ოპერაციის (საკვერცხეების, საშვილოსნოს ამოკვეთის) გამო დაორსულება შეუძლებელია.
უშვილობის მიზეზები მრავლადაა. ეს შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევა, ინფექციური, შეხორცებითი პროცესები მცირე მენჯში. ხშირად ერთდროულად რამდენიმე მიზეზი იყრის თავს. მათი გათვალისწინებით, განასხვავებენ უშვილობის რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთი მათგანია ენდოკრინული უშვილობა, რომელიც ოვულაციის დარღვევით არის განპირობებული. მიზეზად შეიძლება იქცეს ნეიროინფექცია, ინტოქსიკაცია, ცერებრული ტრავმა, ფსიქოემოციური სტრესი, საკვერცხეების პოლიკისტოზი, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, ფარისებრი ჯირკვლის ესა თუ ის დაავადება. ექიმის მიზანია ოვულაციის სტიმულირება, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ენდოკრინული უშვილობის შემთხვევაში 35 წლამდე ასაკის ქალებს მკურნალობენ.
უშვილობას ასევე ხშირად იწვევს კვერცხსავალ მილებში მომხდარი ფუნქციური (კვერცხსავალი მილის დისკოორდინაცია, მისი ჰიპო- ან ჰიპერტონუსი) და ორგანული (შეხორცებები) ცვლილებები. ფუნქციური ცვლილებები, თავის მხრივ, შესაძლოა, ამა თუ იმ ჰორმონული დარღვევით ან ფსიქოემოციური ლაბილურობით იყოს გამოწვეული. ორგანულ ცვლილებათაგან ყველაზე ხშირად გვხვდება მცირე მენჯის ორგანოების ანთება.
განასხვავებენ შეხორცებითი პროცესების ოთხ ხარისხს. IV ხარისხის შეხორცებას ძირითადად, ტუბერკულოზი და ქლამიდიური ინფექცია იწვევს. კვერცხსავალი მილის ფუნქციურ ცვლილებებს სედაციური საშუალებებით, ელექტროსტიმულაციით მკურნალობენ, ორგანულს – ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ფიზიოპროცედურებით – ელექტროფორეზით, მაგნიტური ველით, ინფრაწითელი ლაზერით, თანდართული ანტიბაქტერიული და იმუნოლოგიური პრეპარატებით, ლაპაროსკოპიული მეთოდით.
ენდომეტრიოზზე უშვილობის ასიდან 30 შემთხვევა მოდის. არსებობს ენდომეტრიოზის მარტივი ფორმა, რომელიც მხოლოდ ენდომეტრიუმს მოიცავს. რთული ფორმები უფრო ღრმად ვრცელდება. ამ დაავადების დიაგნოზი ანამნეზის, ენდომეტრიოზის მარკერისა და ლაპაროსკოპიული კვლევის საფუძველზე ისმება.
შედარებით იშვიათია ე.წ. აშერმანის სინდრომი – სინექიები, ზონრები, ძაფები საშვილოსნოს ღრუში, რომლებიც ამ ორგანოს დეფორმაციას იწვევს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვას აბრკოლებს. სინდრომი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილ ფორმას ენდომეტრიოზი ან ამა თუ იმ სახის გინეკოლოგიური ჩარევა იწვევს.
უშვილობას განაპირობებს საშვილისნოს ყელის პათოლოგიებიც – პოლიპი, დეფორმაცია, ექტოპია, დისპლაზია.
ხშირად უშვილობა განპირობებულია იმუნოლოგიური მიზეზით, რომელიც ეგრეთ წოდებული შეუთავსებლობით გამოვლინდება. კერძოდ, მომატებულია ანტისპერმული ანტისხეულები, რომლებიც იწვევს სპერმის აგლუტინაციას (შეწებებას) და მის დაშლას საშვილოსნოს ყელის ლორწოს საშუალებით. ამ ანტისხეულებმა საშვილოსნოს ყელშიც შეიძლება მოიმატოს და სისხლშიც. პირველ შემთხვევაში ცოცხალი სპერმა კვერცხუჯრედამდე ვერ აღწევს, მეორეში კი არ ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა. იმუნოლოგიური ფაქტორით განპირობებული უშვილობისას, თუ კვერცხსავალი მილები კარგად ფუნქციონირებს, სპერმა პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ (ინსემინაცია), თუ არადა ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას მიმართავენ. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ფსიქოგენური უშვილობაც.
თუ ყველა ეს მიზეზი გამოირიცხა, გაურკვეველი ეტიოლოგიის უშვილობაზე ვსაუბრობთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ქალის უშვილობის დიაგნოზი მხოლოდ მამაკაცის უშვილობის გამორიცხვის შემდეგ ისმება. მამაკაცს ანდროლოგი იკვლევს. მთავარი სპერმატოზოიდების სიჯანსაღე და რიცხოვნობაა, ამიტომ თავდაპირველად სპერმოგრაფია ტარდება. თუ სპერმოგრამაში ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა, ვატარებთ პოსტკოიტალურ ტესტს – სქესობრივი კავშირიდან სამი საათის შემდეგ ვიღებთ საშვილოსნოს ყელის ასპირატს და მიკროსკოპით ვათვალიერებთ. თუ მასში მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალს ანტისპერმული ანტისხეულები აქვს და მკურნალობაც ამ მიმართულებით წარიმართება.
უშვილობაზე ქალის კვლევა ანამნეზის შეკრებით იწყება. ვეკითხებით, ყოფილა თუ არა ოდესმე ორსულად და რამდენჯერ, ნამშობიარევია თუ არა, ჰქონია თუ არა თვითნებითი აბორტი, ჰყავს თუ არა შვილი, რამდენი ხანია, არ დაორსულებულა და ა.შ. მნიშვნელობა აქვს ექსტრაგენიტალიურ დაავადებებსაც, ამიტომ ვარკვევთ, ხომ არ გადაუტანია ტუბერკულოზი, ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლის რომელიმე დაავადება, ოპერაცია, რომელსაც შეიძლებოდა უშვილობა გამოეწვია (ზემოთაც ვთქვით, რომ შეხორცებები შესაძლოა მცირე მენჯის ღრუში ჩატარებულმა ნებისმიერმა ოპერაციამ გამოიწვიოს), თვით მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (მნიშვნელობა აქვს გამომწვევის ხასიათს, დაავადების ხანგრძლივობას), კრიო- ან ელექტროკოაგულაცია, ხომ არ უჩივის გამონადენს სარძევე ჯირკვლიდან არალაქტაციის პერიოდში, ხომ არ არის დაავადებული ალკოჰოლიზმით ან ნარკომანიით, ხომ არ არის აქტიური მწეველი, რა ასაკში დაეწყო მენსტრუაცია და როგორი ინტენსივობით, ხომ არ აქვს მტკივნეული მენსტრუაცია, ტკივილს ხომ არ აყენებს სქესობრივი კავშირი. ასეთია სრული კითხვარი უშვილო ქალისთვის. ამგვარად შეკრებილი ანამნეზი გვისახავს გეზს, საითაც უნდა წარვმართოთ გამოკვლევა.
ანამნეზის შეკრების შემდეგ იწყება ქალის დათვალიერება. გამოცდილი გინეკოლოგი თვალის ერთი შევლებით ხვდება, რა პრობლემასთან აქვს საქმე. ობიექტური გამოკვლევისას ხდება პაციენტის სიმაღლის, წონის, სხეულის მასის ინდექსის დადგენა (სიმსუქნის ან კახექსიის გამორიცხვა), სარძევე ჯირკვლების განვითარების შეფასება (ატრეზიის, ზედმეტი გაცხიმიანების გამოსარიცხად), თმის საფარის განვითარების შეფასება (ჰირსუტიზმის გამოსარიცხად), კანის შეფასება (სიმშრალის, სისველის, აკნესა და სტრიების გამოსარიცხად) – ეს ყველაფერი ჰორმონული კვლევის გარეგნული ასპექტია.
ხდება გინეკოლოგიური გასინჯვა ბიმანუალურად და სარკეებში. ვიღებთ ნაცხს. საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის (ანთებითი ან სხვაგვარი დაზიანების) შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპია და პაპ-ტესტი. ამასთანავე, საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევა და ფოლიკულის მონიტორინგი რექტალურ თერმომეტრიზაციასთან ერთად მრუდის შესწავლის მიზნით. ვიკვლევთ საკვერცხის ჰორმონებს (ესტრადიოლს, პროგესტერონს), ჰიპოფიზის ჰორმონებს. ამის შემდეგ ტარდება თავის ქალას სიღრმეში არსებული თურქული კეხის რენტგენოგრაფია ჰიპოფიზის წარმონაქმნების (ძირითადად – ადენომის) და ატროფიის გამოსარიცხად (ამ ორგანოს ჰიპერტროფია ჰორმონ პროლაქტინის მატების ერთ-ერთი მიზეზია).
ჰორმონული კვლევისთვის აუცილებელია სათანადო დროის შერჩევა. ყველაზე ოპტიმალურია მენსტრუაციული ციკლის მე-7-8 და 21-22-ე დღეები, მისი პირველი და მეორე ფაზების შესაბამისად. ფალოპის კვერცხსავალი მილების შეხორცებითი პროცესებისა თუ ფუნქციური უკმარისობის გამოსარიცხად აუცილებელია ჰისტეროსალპინგოგრაფია ან ჰისტეროსკოპია.
თუ ჩამოთვლილი მეთოდების საფუძველზე დიაგნოზი ვერ დავსვით და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ქალი მაინც არ დაორსულდა, მივმართავთ ლაპაროსკოპიულ მეთოდს, რომლითაც ზუსტ ინფორმაციას ვიღებთ კვერცხსავალი მილის მდგომარეობის, ენდომერიოზის არსებობა-არაესებობისა და სხვა ფაქტორების შესახებ.
საჭიროებისას მენსტრუაციამდე 2-3 დღით ადრე ვატარებთ ენდომეტრიუმის ბიოფსიას, რაც წარმოდგენას გვიქმნის ენდომეტრიუმის მდგომარეობაზე.
დაბოლოს, აუცილებელია გამოკვლევა ინფექციის გამომწვევების გამოსავლენად სეროლოგიური თუ დნმ დიაგნოსტიკის მეთოდით.