ჩოგბურთი და ჯანმრთელობა

გააზიარე:

გვესაუბრება შპს “ქართული ჩოგბურთის” მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე ირინე მალაციძე

- ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, როგორც დიდი სპორტის ნაწილი თუ უბრალოდ როგორც დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება. სპორტსმენების კუნთებსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე უამრავ ანეკდოტს ჰყვებიან, მაგრამ ჩოგბურთზე ასეთი კალამბური ყველაზე ენამწარესაც არ მოუვა აზრად. ხშირად ჭადრაკსაც კი ადარებენ, იმ განსხვავებით, რომ მოჭადრაკეს გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო აქვს, კორტზე კი ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხდება და უსწრაფეს აზროვნებას მოითხოვს.  

ჩოგბურთმა ასაკი არ იცის. მთელი ცხოვრება შეგიძლია ითამაშო. 80-90 წლის ხალხიც დადის კორტზე. მერე რა, თუ თქვენმა ბავშვობამ უჩოგბურთოდ ჩაიარა; სწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. გვიან ნასწავლი ჩოგბურთით აგასისთან ან ფედერერთან გაჯიბრება, რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს დონე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ითამაშოთ და სიამოვნება მიიღოთ.

ქალბატონებისთვის, რომელთაც წონის კორექცია და ფორმაში ჩადგომა სურთ, ჩოგბურთი ზედგამოჭრილია, ბატონებისთვის – მით უმეტეს. ქცევის ეთიკის ან, როგორც ამბობენ, წესებით თამაშის (fair play-ს) პრინციპების დაცვა ჩოგბურთელის მოვალეობა. ეს სპორტი მსოფლიო დიპლომატიის არაოფიციალურ ენად არის აღიარებული. გამოჩენილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ საზოგადო მოღვაწეები ერთმანეთს კორტებზე ხვდებიან და ზოგჯერ ოფიციალურ შეხვედრებზე მოუგვარებელ საკითხებს მარტივად წყვეტენ.

ბავშვებისთვის კი ჩოგბურთი ფასდაუდებელია. ჩემი ღრმა რწმენით, ჩოგანი ხელში ყველა ბავშვმა უნდა აიღოს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ. ზოგიერთ ქვეყანაში ჩოგბურთი სასკოლო ფიზიკური მომზადების პროგრამაშიც კია ჩართული. ჩოგბურთში რეგულარული ვარჯიში ავითარებს მოქნილობას, რეაქციას, გამძლეობას, მოძრაობათა კოორდინაციას და ძალას. ჰარმონიულად ვითარდება კუნთოვანი სისტემა, ხელის კუნთების გარდა დიდი ჯაფა ადგება ფეხის, მხრის, ხერხემლის კუნთებს.

ჩოგბურთი მხოლოდ კუნთებს როდი აძლიერებს. ის თვალის არაჩვეულებრივი ვარჯიშიც არის – თვალის ვარჯიში ხომ სხვადასხვა მანძილზე მდებარე საგნებს შორის მზერის მიმოტანას გულისხმობს, თანაც, სპეციალური ვარჯიშებისგან განსხვავებით, ბავშვებს სიამოვნებას ანიჭებთ. ზოგჯერ მშობლებს საგანგებოდ მოჰყავთ ჩვენთან მხედველობის დეფექტების მქონე ბავშვი, შემდეგ კი აღნიშნავენ, რომ საერთო ფიზიკურ ფორმასთან ერთად ბავშვს მხედველობაც გაუუმჯობესდა.

ცოტა ხნის წინ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ჯგუფები გავხსენით. შედეგით მხოლოდ მშობლები კი არა, ჩვენც განცვიფრებულნი ვართ. ბევრი ხერხემლის გამრუდების შიშით ბავშვის ჩოგბურთზე მიყვანას ერიდება, სინამდვილეში კი ეს სპორტი მხოლოდ ძლიერი გამრუდების დროს არ არის რეკომენდებული. გაგიკვირდებათ, მაგრამ მხოლოდ ჩოგნის ქნევა ჩოგბურთელისთვის საკმარისი არ არის. წვრთნის პროგრამაში შედის გაწელვები, პრესის, ხერხემლის კუნთების განსავითარებელი ვარჯიშები. დააკვირდით ცნობილ ჩოგბურთელებს, მათგან წელში მოხრილს ერთს მაინც თუ გაიხსენებთ. რაც შეეხება ასაკს, რაც უფრო ადრე გააცნობთ ბავშვს ჩოგბურთს, მით უკეთესი, კლუბები კი მოწაფეებს, ჩვეულებრივ, 6 წლიდან იღებენ.

რაც შეეხება კორტის შერჩევას, მშობლებს ვურჩევდი, ყურადღებით შეისწავლონ ისინი და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ. ყველა წვრილმანი გაითვალისწინეთ: სუფთა ჰაერი, გამწვანება, არის თუ არა ჩოგბურთის გარდა სხვა სპორტული მოედნებიც, აღარაფერს ვამბობ გასახდელებსა და სანიტარიულ მდგომარეობაზე – ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღება ნამდვილად არ უნდა ითვლებოდეს ფუფუნებად.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწავლების ფორმასაც. საერთო ფიზიკური მომზადება პატარა ბავშვებისთვის სახალისო ფორმით სჯობს, ამიტომ ამას თამაშების, შეჯიბრებების სახეს ვაძლევთ.

მწვრთნელის შერჩევა ცალკე საუბრის თემაა. ზოგი ბავშვი უფრო ადვილად სწავლობს, ზოგი – უფრო ძნელად. ზოგთან შექებით და მოფერებით მეტს მიაღწევ, ზოგჯერ სიმკაცრე უფრო ჭრის. თუ ბავშვი წარმატებას ვერ აღწევს, უკეთ და უკეთ არ გამოსდის, შეიძლება გული გაუტყდეს და თამაშის სურვილი დაკარგოს. ისე კი, ბავშვები შესანიშნავი ბარომეტრები არიან: თუ ორი სამი თვის შემდეგ შვილმა სასტიკი უარი განგიცხადათ კორტზე წასვლაზე, ჩოგბურთის მიტოვებას – არა, მაგრამ მწვრთნელის გამოცვლაზე ფიქრს ნამდვილად გირჩევდით.

გააზიარე: