მტკივნეული მენსტრუაცია
გააზიარე:
ახალგაზრდა ხართ, ენერგიული და ხალისიანი, მაგრამ თვეში რამდენიმე დღე ძლიერი ტკივილის გამო ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობთ. მოულოდნელად იქცევით დეპრესიულ, უსიცოცხლო არსებად, რომელსაც საწოლში ჩათბუნების გარდა აღარაფერი უნდა, აღარც მუშაობა შეუძლია და აღარც საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა... და ეს ყველაფერი – მხოლოდ და მხოლოდ მენსტრუაციის გამო.
რა თქმა უნდა, თქვენ არ ბრძანდებით მენსტრუაციული ტკივილის ერთადერთი მსხვერპლი – ამით მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება.
დისმენორეა, მტკივნეული მენსტრუაცია, ზოგჯერ რომელიმე დაავადებითაა გამოწვეული, ზოგჯერ კი აშკარა მიზეზის გარეშე წარმოიშობა. მეორეული დისმენორეის დროს ფონური დაავადებისგან განკურნება ტკივილსაც აქრობს, გაურკვეველი წარმოშობის მენსტრუალური ტკივილი კი შესაძლოა ასაკთან ერთად შემსუბუქდეს და პირველი მშობიარობის შემდეგ სრულიად აილაგმოს.
მენსტრუაციის დროს უმნიშვნელო დისკომფორტს, პრაქტიკულად, ყველა ქალი განიცდის, მაგრამ როცა საქმე გაუსაძლის ტკივილს ეხება, ზუსტი მიზეზის დასადგენად გინეკოლოგთან უნდა მიბრძანდეთ.
რა ახასიათებს
დისმენორეას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილის, გავისა და წელის მიდამოს სპაზმური, მოპულსირე, მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ბარძაყსა და სწორ ნაწლავში გადაეცემა. ტკივილი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე ვარირებს და ზოგჯერ ისე აქვეითებს შრომის უნარს, რომ ყოველგვარ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. ზოგი თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევას და ფაღარათსაც კი უჩივის.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ მენარქე რამდენიმე წლის წინ გქონდათ, მტკივნეული მენსტრუაცია საშიში არ არის, მაგრამ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ:
* გადააბიჯეთ 25 წელს;
* გაქვთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილის შეტევები;
* მენსტრუაცია ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში.
ექიმი გკითხავთ:
* რამდენად ძლიერია ტკივილი და როდის გქონდათ პირველი შეტევა;
* ბოლო ორი მენსტრუაციის დაწყების თარიღებს;
* ხომ არ გაქვთ რამე დაავადება;
* რომელი დაავადებები გადაგიტანიათ;
* ოჯახურ ანამნეზს (დაავადებებს, რომლებიც აქვთ თქვენი ოჯახის წევრებს);
* ხომ არ იღებთ ამჟამად რომელიმე მედიკამენტს.
ექიმთან მისვლამდე
შესაძლოა, შვება მოგგვაროთ თბილმა აბაზანამ ან მუცელზე თბილი სათბურას დადებამ. შეგიძლიათ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად, იბუპროფენი, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებებია – ნებაზე ნუ მიუშვებთ ტკივილს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან.
რა იწვევს
ჩვენს ორგანიზმში არის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები, პროსტაგლანდინები, რომლებიც ტკივილისა და ანთების მექანიზმის მნიშვნელოვანი რგოლია. მენსტრუაციის დროს საშვილოსნო იკუმშება და სისხლს გამოდევნის – პროსტაგლანდინები ამ პროცესშიც მონაწილეობს. საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვისას იჭყლიტება და ვიწროვდება მისი მკვებავი სისხლძარღვები, ირღვევა საშვილოსნოს სისხლით, შესაბამისად, ჟანგბადითა და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება და წარმოიშობა ტკივილი. ეს უკანასკნელი შეიძლება შევადაროთ სტენოკარდიის დროს მკერდის ძვლის უკან არსებულ ტკივილს, რომელიც გულის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობის დარღვევით არის გამოწვეული. ერთი სიტყვით, პროსტაგლანდინების სიჭარბე მენსტრუალური ტკივილის ინტენსივობის პირდაპირპროპორციულია.
დისმენორეის სხვა მიზეზებია:
* ენდომეტრიოზი – საშვილოსნოს ამომფენი გარსის, ენდომეტრიუმის, ჩაზრდა-განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, უმეტესად – ფალოპის მილებში, საკვერცხეებსა და მენჯის ღრუში;
* საშვილოსნოს ფიბრომა – საშვილოსნოს კედელში არასიმსივნური ფიბროზული წარმონაქმნი;
* ადენომიოზი – საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანი გარსის ჩაზრდა კუნთოვან კედელში;
* მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები (PID). ანთებითი პროცესი უმეტესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით არის გამოწვეული;
* საშვილოსნოს ყელის სტენოზი – ზოგ ქალს საშვილოსნოს ყელი ვიწრო აქვს. ეს ართულებს მენსტრუალური სისხლის გამოდევნას, ზრდის საშვილოსნოსშიდა წნევას და იწვევს ტკივილს.
ხელშემწყობი ფაქტორებია:
* 30 წლამდე ასაკი;
* მენარქე 11 წლის ასაკში;
* ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა (მეტრორაგია);
* არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
* არანამშობიარები საშვილოსნო;
* დისმენორეის ოჯახური ისტორია;
* მწეველობა.
გართულებები
დისმენორეა თავისთავად არავითარ გართულებას არ იწვევს. საშიშია მენსტრუალურ ტკივილთან ასოცირებული დაავადებები. მაგალითად, ენდომეტრიოზმა შესაძლოა უშვილობამდე მოგვიყვანოს. მენჯის ღრუს ინფექციური დაავადების დროს იზრდება ფალოპის მილის შეხორცებისა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს გარეთ ჩანერგვის (ექტოპიური ორსულობის) რისკი.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევა. მენჯის ღრუს გამოკვლევისას მოწმდება რეპროდუქციული ორგანოები ანომალიის აღმოსაჩენად და ფასდება ანთებისთვისთვის დამახასიათებელი ნიშნები ინფექციური პროცესის გამოსარიცხავად.
თუ ექიმი ეჭვობს, რომ მენსტრუალური ტკივილი რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული, აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა კვლევებს, მათ შორის:
* ექოსკოპიას, რომელიც იძლევა საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, ფალოპის მილებისა და საკვერცხეების დათვალიერების საშუალებას;
* კომპიუტერულ ტომოგრაფიას (ჩთ) ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას (MღI) – ამ დროს გამოკვლევა უფრო დეტალურად ხდება და ექიმს დიაგნოზის დასმა უადვილდება. ორივე კვლევა არაინვაზიური და უმტკივნეულოა;
* ლაპაროსკოპიას. მენსტრუალური ტკივილის დროს ეს რუტინულ კვლევად არ მიიჩნევა, მაგრამ გვეხმარება ფონური და თანმხლები პრობლემების, მათ შორის – ენდომეტრიოზის, შეხორცებების, საკვერცის ცისტების, ექტოპიური ორსულობის, დიაგნოსტირებაში. ექიმი პაციენტის მუცელს ოდნავ კვეთს და განაკვეთიდან მუცლის ღრუში წვრილი ოპტიკური მილი შეჰყავს. მილის თავზე მოთავსებულია პატარა კამერა, რომლითაც ექიმი მუცლის ღრუსა და რეპროდუქციულ ორგანოებს ათვალიერებს.
მკურნალობა მოიცავს:
* ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მაგალითად, იბუპროფენს ან ნაპროქსენს. შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, მათ შორის – მეფენამიკის მჟავას, გამოყენებაც. თუ არასტეროიდები თქვენვის უკუნაჩვენებია, ექიმი პარაცეტამოლს შემოგთავაზებთ.
ტკვილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება მენსტრუაციამდე ერთი-ორი დღით ადრე ან მისი დაწყებისთანავეა რეკომენდებული. შეიძლება, სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგაც მიიღოთ და მანამდე განაგრძოთ, ვიდრე სიმპტომები სრულიად არ ალაგდება.
* ორალურ კონტრაცეპტივებს. ეს პრეპარატები შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც თრგუნავს ოვულაციას და ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს. ეს ჰორმონები გამოდის ინექციური, მხრის კანქვეშა იმპლანტების და უშუალოდ საშვილოსნოსშიდა საშუალებების ფორმით.
* ქირურგიულ მკურნალობას. ეს უკანასკნელი შედეგიანია, როცა მენსტრუალური ტკივილი ენდომეტრიოზით, ფიბრომით ან სხვა ქირურგიული გზით მოგვარებადი პათოლოგიით არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს ამოკვეთაც, თუ, რა თქმა უნდა, შვილის გაჩენას აღარ აპირებთ.
ტკივილის შესამსუბუქებლად
მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:
* მიიღეთ თბილი აბაზანა ან დაიდეთ მუცელზე თბილი წყლით სავსე სათბურა. არსებობს მოსაზრება, რომ სითბო საგრძნობლად ამცირებს ტკივილს, შესაძლოა, ტკივილგამაყუჩებელზე ეფექტურადაც.
* მიირთვით ბევრი ხილი, მსუბუქად დამუშავებული ბოსტნეული და თევზი. თავი არიდეთ სახამებლით გაჯერებულ და ცხიმიან საკვებს – რძის პროდუქტებს, ხორცსა და კვერცხს. კვლევებმა აჩვენა, რომ E ვიტამინი, ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3, ვიტამინი B1 (თიამინი), ვიტამინი B6 და მაგნეზია ტკივილს ეფექტურად ამცირებს.
* ერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს.
* ერიდეთ სტრესს.
* ივარჯიშეთ მსუბუქად და რეგულარულად. კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა ტკივილს ამცირებს. ერთ-ერთი საუკეთესი საშუალებაა იოგა. უამრავი ქალი ადასტურებს, რომ იოგას დისმენორეის დროს საკმაოდ კარგი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
ალტერნატიული მედიცინა
ალტერნატიული მედიცინის ფექტურობის დამადასტურებელი სარწმუნო კვლევები არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ შემდეგ მეთოდებს:
* აკუპუნქტურას – ძალიან წვრილი ნემსებით ჩხვლეტას სხეულის განსაზღვრულ წერტილებზე;
* აკუპრესურას – იგივეა, რაც აკუპუნქტურა, მაგრამ ნემსების ნაცვლად იყენებენ წნევას;
* კანის გავლით ნერვის ელექტრონულ სტიმულაციას (თENშ) – ელექტროდებს კანზე ათავსებენ. დანადგარის ჩართვისას ელექტრული იმპულსები დაზიანებულ ადგილას გადადის, რაც ჩხვლეტის მსგავს შეგრძნებას ბადებს. ელექტრული იმპულსები ზურგისა და თავის ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს ბლოკავს და ტკივილს შეგრძნება სუსტდება. გარდა ამისა, ელექტრული იმპულსები ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას, რომლებიც ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამყუჩებლებია;
* მცენარეულ საშუალებებს (პიკნოგენოლს და სხვა).
ქალებმა, რომლებსაც მტკივნეული მენსტრუაცია აქვთ, უნდა ისწავლონ ამ პრობლემის სწორად მართვა. რა თქმა უნდა, თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. მკურნალობისა და მართვის ოპტიმალური მეთოდი გინეკოლოგმა უნდა შეგირჩიოთ. ექიმისა და ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების დახმარებით აუცილებლად დააღწევთ თავს ყოველთვიურ ტანჯვას, რომელსაც მტკივნეული მენსტრუაცია ჰქვია.
იოგა მტკივნეული მენსტრუაციის დროს
იოგა ფიზიკური თვითსრულყოფის ძალზე პოპულარული სისტემაა. ამ სისტემით ვარჯიში შედეგიანია არაერთი დაავადების დროს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას დისმენორეის სიმპტომების შემამსუბუქებელი ეფექტიც აქვს.
2011 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის საზოგადოებამ ჩაატარა კვლევა, სადაც აქცენტი იოგას სამ: კობრას, თევზისა და კატის – პოზაზე დაისვა. კვლევაში მონაწილეობდა 18-დან 22 წლამდე ასაკის 92 სტუდენტი გოგონა. კვლევამ დაადასტურა, რომ დისმენორეის დროს იოგა, გარდა იმისა, რომ უვნებელია, საგრძნობლად ამცირებს ტკივილის ინტენსივობას და ხანგრძლივობას. ამ პოზების მოსინჯვას და მათი ეფექტურობის გარკვევას, ვფიქრობ, მრავალი თქვენგანი მოისურვებს.
1. კობრას პოზა
დაწექით მუცელზე, ხელები ტანზე მიიკარით, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ, ხელისგულები მხრებქვეშ დაიწყვეთ. ძალიან ნელა ასწიეთ თავი და ახედეთ ჭერს. როცა თავს მაქსიმალურად მაღლა ასწევთ, ააყოლეთ მხრები და ზურგის ზედა ნაწილიც. მენჯი იატაკს არ ააცილოთ. გააკეთეთ ზნექი. ამ დროს მკლავები დაჭიმული არ უნდა ჰქონდეთ. შეყოვნდით ამ მდგომარეობაში, რამდენ ხანსაც შეძლებთ, მერე კი ძალიან ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
ვარჯიშის შესრულებისას უნდა იგრძნოთ, რიგრიგობით როგორ იზნიქება უკან ხერხემლის თითოეული მალა.
ვარჯიში გაიმეორეთ ორჯერ. მისი შესრულებისას თავისუფლად ისუნთქეთ.
2. კატის პოზა
ჩაიმუხლეთ და ხელებით იატაკს დაეყრდნეთ. ტანი ოდნავ უკან გადასწიეთ. დაუშვით გულმკერდი წინ და ქვემოთ, თითქოს იატაკის გაწმენდა გსურთ. შეეცადეთ, ხორხი იატაკს შეახოთ. ასე გაჩერდით 5 წამს. ამ დროს სხეულის თითქმის მთელი სიმძიმე მკლავებს ეყრდნობა. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას დაა ზურგი კატისებურად ამოზნიქეთ. კიდევ ხუთ წამს შეყოვნდით და მოეშვით. ამის შემდეგ მარჯვენა მუხლი წინ წამოიღეთ და შეეცადეთ, თავს შეახოთ. ამ პოზაშიც ხუთ წამს გაჩერდით. მერე მარჯვენა ფეხი გაჭიმეთ უკან და მაღლა, თავი ასწიეთ. რამდენიმე წამს შეყოვნდით ამ პოზაში. მკლავები ამ დროს გაჭიმული უნდა გქონდეთ. ფეხი კვლავ ნელა მიიტანეთ თავთან და ასე გაჩერდით რამდენიმე წამს. შეისვენეთ და მოძრაობა მეორე ფეხით გაიმეორეთ. ამის შემდეგ ვარჯიში კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე შეასრულეთ.
3. თევზის პოზა
დაწექით იატაკზე და ფეხები გაჭიმეთ. ხელისგულები იატაკზე დააწყვეთ, სანახევროდ – საჯდომის ქვეშ. იდაყვები ოდნავ მოხარეთ. გადაიტანეთ სხეულის წონა იდაყვებზე და წამოსწიეთ გულმკერდი – შეასრულეთ ზნექი. თავი ისე გადასწიეთ უკან, რომ კეფა მჭიდროდ შეახოთ იატაკს. გადაიტანეთ სხეულის სიმძიმე საჯდომზე, ასე გაჩერდით, სადამდეც შეძლებთ (60 წამამდე). ისუნთქეთ თავისუფლად. ძალიან ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და ვარჯიში კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
თითოეულ თქვენგანს ამ პოზების შესრულება სახლის პირობებშიც შეუძლია, ეს არც ბევრ დროს მოითხოვს და არც დიდ დანახარჯს. იოგას პოზების სრულყოფილად ასათვისებლად და დეტალური ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია, შესაბამის დაწესებულებას ან კვალიფიციურ ინსტრუქტორს მიმართოთ.
თამთა ხელიძე