ალერგია თუ აუტანლობა - ვისთვის და რითია საშიში ლაქტოზა და გლუტენი
გააზიარე:
კვება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას ვჭამთ.
დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 65% ლაქტოზის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის. ბავშვების დაახლოებით 1-2%-ს აქვს რძის ალერგია, რომელიც ზოგჯერ ასაკის მატებასთან ერთად უკვალოდ ქრება. ამასთან, რძის ალერგია ბიჭებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებთან. რაც შეეხება გლუტენის აუტანლობას, ის მოსახლეობის 0.5-1%-ს აღენიშნება, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 13%-ს ამ პათოლოგიის უფრო მსუბუქი, “ფარული” ფორმა აქვს.
– ამ დიაგნოზების გარშემო ბევრი დაბნეულობაა. ტერმინები შესაძლოა ერთნაირად ჟღერდეს, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განსხვავებულ მდგომარეობებს აღნიშნავს, – ამბობს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
რძის ალერგია და ლაქტოზის აუტანლობა
– რძის ალერგია – ეს არის ორგანიზმის იმუნური პასუხი რძის ცილებზე და, ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში, რძის მიღებისთანავე იჩენს თავს, ლაქტოზის აუტანლობა კი რძის ნახშირწყლოვანი კომპონენტის ათვისების შეუძლებლობაა. მისი გამოვლენისთვის მეტი დროა საჭირო და არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც აქტუალური პრობლემაა.
გლუტენის აუტანლობამ, ლაქტოზის აუტანლობის მსგავსად, ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. პრობლემა ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცველი საკვების მიღებას უკავშირდება. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ, კვლევების თანახმად, ასაკთან ერთად იზრდება აღნიშნული ცილების მიმართ ინტოლერანტობის განვითარების რისკიც.
ვის ემუქრება
– ნებისმიერი რძის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ლაქტოზა – რძის შაქარი (შეგახსენებთ, რომ სწორედ შაქრებისგან ანუ ნახშირწყლებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიის 40%-ს). ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვაში, ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში, თუმცა თავად მასაც სჭირდება გადამუშავება და მონელება.
ლაქტოზის დაშლას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ლაქტაზის უკმარისობა ან უქონლობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას. ლაქტაზის დეფიციტს ჰიპოლაქტაზია ეწოდება, ხოლო არარსებობას – ალაქტაზია.
ლაქტოზა ლაქტაზის ზემოქმედებით გლუკოზად და გალაქტოზად იშლება. გლუკოზა ენერგიის ძირითადი წყაროა, ხოლო გალაქტოზა საჭიროა ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ლაქტოზის აუტანლობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა და მისი სიმპტომები არ სცილდება კუჭ-ნაწლავს.
ლაქტოზის ტრანზიტორული (გარდამავალი) აუტანლობა ხშირად აღენიშნებათ დღენაკლულ პატარებს – ნაყოფის ნაწლავში ლაქტაზის წარმოქმნა 24-ე კვირიდან იწყება და თანდათან იმატებს. ბავშვებს, რომლებიც იბადებიან მუცლად ყოფნის 28-32-ე კვირას, რა თქმა უნდა, ლაქტაზის დეფიციტი აქვთ და რძის აუტანლობის ყველა სიმპტომი უვითარდებათ, მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემა თანდათან მწიფდება და პრობლემაც ქრება.
ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა (CLD) შედარებით იშვიათია. მისი გადაცემა ავტოსომურ-რეცესიული გზით ხდება (ეს ნიშნავს, რომ დეფექტური გენი ბავშვს ორივე მშობლისგან გადაეცემა). ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის მქონე ბავშვებს ახასიათებთ ლაქტაზის სრული უქონლობა სხვა დისაქარიდების (ნახშირწყლების) ნორმალური დონის ფონზე. დაავადება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა უმთავრესად ფინეთის მოსახლეობის წილად მოდის. XX საუკუნემდე ამ დარღვევის მქონე ბავშვები გართულებებით იხოცებოდნენ, სანამ არ გაირკვა მიზეზი და არ შეიქმნა სოიაზე დამზადებული ულაქტოზო (lactose free) საკვები ფორმულა.
რაც შეეხება ლაქტაზის მეორეულ უკმარისობას, ის იმ დაავადებების ფონზე ვითარდება, რომლებიც ნაწლავის ლორწოვანს აზიანებს. ასეთებია ინფექციური ენტერიტი (ნაწლავის ანთება), ცელიაკია, კრონის დაავადება. ლაქტაზის მეორეულ უკმარისობას იწვევს ქიმიოთერაპიაც.
რძის ალერგია – რისი გვეშინოდეს
– რძის ალერგია ყველაზე გავრცელებული ჭეშმარიტი საკვებისმიერი ალერგიაა. ის გამოწვეულია რძის ცილებზე ალერგიული რეაქციით. ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში იჩენს თავს და ხშირად ხუთი წლის ასაკისთვის უკვალოდ ქრება. საქმე ის არის, რომ ზოგი ადამიანის იმუნური სისტემა რძის პროდუქტებს "საშიშ დამპყრობლებად" აღიქვამს. სწორედ ამიტომ ვითარდება ალერგიული რეაქცია.
არსებობს რძის ცილის ორი ტიპი – კაზეინი და შრატი. კაზეინი, რძის "მყარი" ნაწილი, რძის ცილის დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 20 პროცენტი კი შრატია. ზოგი ადამიანი რძის ცილის მხოლოდ ერთი კომპონენტის მიმართ არის ალერგიული, ზოგი – ყველა მათგანის მიმართ. ეს ცილები მრავალ პროდუქტშია, მათ შორის – ისეთებშიც, საერთოდ რომ არ ველით: კონსერვებში, გრანოლას ფილაში, გაყინულ ხორცში, ენერგეტიკულ სასმელებში.
რძის ალერგია გაცილებით ყურადსაღებია, ვიდრე ლაქტოზის აუტანლობა, რადგან ალერგენზე ორგანიზმის პასუხი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს. სწრაფი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია ვლინდება რძის პროდუქტის მიღებიდან არა უმეტეს ორი საათის შემდეგ და მისი მთავარი სიმპტომია ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი. ამით ის განსხვავდება დაყოვნებული მოგვიანებითი ალერგიული რეაქციისგან, რომელიც შესაძლოა პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგაც გამოვლინდეს. რაც შეეხება რეაქციის სიმძაფრეს, ის მსუბუქიც შეიძლება იყოს და სიცოცხლისთვის საშიშიც, ანაფილაქსიის ჩათვლით. რძის თერმული დამუშავება ამცირებს შრატის ცილების, განსაკუთრებით კი ბეტა-ლაქტალბუმინის ალერგენულობას. საინტერესოა ისიც, რომ რძის მიმართ ალერგიულები არცთუ იშვიათად კარგად იტანენ რძემჟავა პროდუქტებს, მაგალითად, მაწონს.
ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს რძის ორთქლის ჩასუნთქვაც. ზოგიერთს რძის ადუღების დროს, მასთან მიუკარელად ეწყება ალერგიული რეაქცია.
გლუტენის აუტანლობა – სად გაქრა ხაოები?
– გლუტენის აუტანლობა, ალერგიისგან განსხვავებით, მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებით, რომელიც მარცვლეულის (ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის) ტოქსიკური ცილის, გლუტენის, ზემოქმედებით არის გამოწვეული. ამ დარღვევის მიზეზი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. ცნობილია, რომ გენეტიკური განწყობის მქონე ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემა ზეაქტიური ხდება საკვებით მიღებული გლუტენის მიმართ. ნორმაში წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირი ხაოებითაა ამოფენილი. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ვიტამინების, მინერალებისა და საკვებში შემავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებების შეწოვაში. გლუტენის აუტანლობის დროს ხაოები ზიანდება და ნაწლავის შიგნითა ზედაპირი პრიალა ხდება, რის გამოც ვეღარ ახერხებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელი ნივთიერებების შეწოვას. შედეგად ცხიმი, ცილა, ვიტამინები და მინერალები განავალთან ერთად გამოიდევნება გარეთ.
ამ მდგომარეობის აღსაწერად სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება: გლუტენმგრძნობიარე ენტეროპათია (ნაწლავის დაზიანება), გლუტენისადმი ინტოლერანტობა (გლუტენის აუტანლობა), ცელიაკია, – მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ალერგია.
დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვობის, ისე ზრდასრულ ასაკშიც. ზოგიერთ პაციენტს სიმპტომები საერთოდ არ აქვს.
გაივლის თუ არა რძის ალერგია
– ადრინდელი მონაცემებით, ძროხის რძის მიმართ ტოლერანტობა სამი წლისთვის მიიღწევა, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ალერგიის ზოგიერთი სახეობა შესაძლოა მოწიფულ ასაკშიც დარჩეს. პერსისტენციაზე ანუ რძის ალერგიის ხანგრძლივად შენარჩუნებაზე გავლენას ახდენს სენსიბილიზაციის ხარისხი – რაც უფრო მაღალია სპეციფიკური IგE, მით უფრო რთულია ალერგიის ამ ფორმის დაძლევა. გააჩნია იმასაც, მცირდება თუ არა დინამიკაში სპეციფიკური IგE ანტისხეულების დონე და ახლავს თუ არა კვებით ალერგიას თან ასთმა ან სურდო.
გლუტენის აუტანლობას სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს. მან შესაძლოა თავი იჩინოს 200-ზე მეტი სიმპტომით საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემების მხრივ. ბავშვებში საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომებთან ერთად ხშირია გაღიზიანება და ქცევითი დარღვევები, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა. მოზრდილებში საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები იშვიათია, მხოლოდ მესამედი უჩივის დიარეას. მათ უმეტესად აღენიშნებათ:
* აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია;
* დაღლილობა;
* ძვლის ან სახსრის ტკივილი;
* ართრიტი;
* ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია;
* ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები;
* დეპრესია ან შფოთვა;
* პერიფერიული ნეიროპათია;
* გულყრები ან შაკიკი;
* მენსტრუაციული ციკლის დარღვევა;
* უნაყოფობა ან განმეორებითი აბორტი;
* წყლულები პირის ღრუში.
ცნობილია გლუტენის "ჩუმი", ასიმპტომური აუტანლობაც: პაციენტები არაფერს უჩივიან, თუმცა წვრილი ნაწლავის ხაოების ატროფია აქვთ.
ვის უტარდება სკრინინგი
* სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ გლუტენის აუტანლობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
* პირველი რიგის ნათესავებს (მშობელს, შვილს, დას, ძმას), რადგან მათ შორის 10-იდან 1 აქვს გლუტენმგრძნობიარე ენტეროპათიის განვითარების რისკი (შედარებისთვის: ძირითად პოპულაციაში ასეთი რისკი აქვს 100-დან 1-ს)
* ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ავტოიმუნური თირეოიდული დაავადება, ღვიძლის ავტოიმუნური დაავადება, დაუნის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ვილიამსის სინდრომი, სელექციური A იმუნოგლობულინის (IgA) დეფიციტი.
ალერგიის ოჯახური ანამნეზი
– ალერგიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ ბავშვებს, რომელთა ერთ ან ორივე მშობელს ან დედმამიშვილს ატოპია აქვს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ავტორიტეტული ორგანიზაციები ორსულის რაციონის შეზღუდვას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ასეთი ბავშვები, ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვი, თუ შესაძლებელია, 6 თვემდე მხოლოდ დედის რძით უნდა იკვებებოდნენ. ხელოვნურ კვებაზე მყოფ მაღალი რისკის მქონე ჩვილებს ჰიპოალერგენულ ნარევებს ვუნიშნავთ, სოიის ფორმულას კი შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებთ.
დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი
– გლუტენის აუტანლობის დროს ტარდება
* სისხლის სპეციალური ანალიზი ენდომიზიუმის საწინააღმდეგო და ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის შესამოწმებლად (ანტისხეული სპეციალური ცილაა, რომელიც ორგანიზმს გენეტიკურად უცხო ნაწილაკების მოცილებაში ეხმარება. ცელიაკიით დაავადებულთა იმუნური სისტემა ცილა გლუტენს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ დიდი რაოდენობით ანტისხეულს წარმოქმნის).
იმისდა მიხედვით, რა დარღვევას გამოავლენს აღნიშნული კვლევა, ექიმი წყვეტს, კიდევ რომელი სადიაგნოსტიკო ტესტი ჩატარდეს.
* გენეტიკური კვლევა – EMA და HLA (DQ2/DQ8);
* წვრილი ნაწლავის ბიოფსია;
– ლაქტოზის აუტანლობის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია კლინიკური სიმპტომები, მაგრამ არსებობს რამდენიმე ტესტი, რომელთა ჩატარებაც შესაძლოა გირჩიოთ ექიმმა დიაგნოზის დასაზუსტებლად. ზოგჯერ მედიკოსები მიმართავენ ე. წ. საცდელ მკურნალობას – ბრმად გადაჰყავთ პაციენტი ლაქტოზით ღარიბ საკვებზე და მისი მდგომარეობის დინამიკას აკვირდებიან.
* უკვე მრავალი წელია, ფართოდ იყენებენ ლაქტოზისადმი ტოლერანტობის ტესტს. პაციენტს პერორალურად ეძლევა ლაქტოზა (დიდებს – 50 მგ, პატარებს – 2 მგ`კგ, მაქსიმალური დოზა – 50 მგ) და იზომება სისხლში გლუკოზის შემცველობა: უზმოზე, ლაქტოზის მიღებიდან 60 წუთის შემდეგ და 120 წუთის შემდეგ. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში გლუკოზის დონემ არანაკლებ 1 მმოლ/ლ-ით უნდა მოიმატოს. ამაზე დაბალი მაჩვენებელი პათოლოგიაზე მიუთითებს. თუმცა დიაბეტიან და ნაწლავური ინფექციის მქონე პაციენტებთან შესაძლოა ცრუ უარყოფითი შედეგი მივიღოთ.
წვრილი ნაწლავის ბიოპტატში ლაქტაზის აქტივობის განსაზღვრა ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, თუმცა კვლევა ინვაზიურია და ძვირი და ყოველდღიურ პრაქტიკაში ნაკლებად იყენებენ. გარდა ამისა, შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად აიღებენ ბიოპტატს ნაწლავიდან. სრული დიაგნოსტირებისთვის კი საჭიროა რამდენიმე ბიოპტატის აღება.
* ჰიდროგენული სუნთქვის ტესტი: პაციენტს ეძლევა წყალში გახსნილი 25 მგ ლაქტოზა. თუ მისი შეწოვა არ მოხდა, ნაწლავის ბაქტერიების ზემოქმედებით ლაქტოზისგან წარმოიქმნება წყალბადის იონები, რომლებსაც სპეციფიკური აპარატის მეშვეობით ითვლიან 30 წუთში ერთხელ. მეთოდი ინფორმაციულია, თუმცა ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან არ გამოიყენება, რადგან ლაქტოზამ შესაძლოა ძლიერი დიარეა გამოიწვიოს და პაციენტის მდგომარეობა სწრაფად გართულდეს.
* გენეტიკური ტესტი: გენეტიკური ანალიზი საჭიროა პირველადი ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის დიაგნოზის დასასმელად. იკვლევენ სისხლს ან ნერწყვს. კვლევა ძვირად ღირებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში არ ტარდება.
რძის ალერგიის დიაგნოსტიკა, თუ ის IgE-დამოკიდებული რეაქციითა განპირობებული (IgE იმუნური უჯრედების მიერ გამომუშავებელი ცილაა, რომელიც უმთავრესად დაუყოვნებელი ტიპის რეაქციებში მონაწილეობს. ეს რეაქციები რძის მიღების შემდეგ რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე ხანგრძლივობის პერიოდში ვლინდება კანის, პირის ღრუსა და ხახის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივი ნიშნებითა და სიმპტომებით), შესაძლებელია კანის პრიკ-ტესტით ან ინ-ვიტრო დიაგნოსტიკით. შესაძლოა მოლეკულური დიაგნოსტიკის ჩატარებაც – ის იმის დადგენის საშუალებას იძლევა, რძეში შემავალი რომელი მოლეკულაა დამნაშავე ალერგიის განვითარებაში: შტარის ცილა, კაზეინი, ხარის შრატის ალბუმინი თუ სხვა. რძის ალერგიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია ორმაგი ბრმა პლაცებოკონტროლირებული კვებითი პროვოკაცია.
თუ რძის ალერგია არა-IgE-გაშუალებულია, ანუ კლინიკურ სურათში წამყვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთადერთი მეთოდი სწორი ელიმინაციური დიეტის შერჩევაა.
შევეგუოთ თუ ვერიდოთ?
– ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობა არ იკურნება, მაგრამ კვების რაციონიდან მათი ამოღებით შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი. ცელიაკიის შემთხვევაში მენიუდან უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი კერძი, რომელიც თუნდაც მცირე რაოდენობის გლუტენს შეიცავს. ამ ცილის შეზღუდვის შემდეგ ნაწლავის ანთებითი ცვლილებები რამდენიმე კვირაში მცირდება, თუმცა ზოგი რამდენიმე დღეში გრძნობს უკეთესობას. გლუტენის შემცველი საკვების შემთხვევითი მიღებისას შესაძლოა ისევ განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი, მაგრამ არა ყოველთვის. ისეთი პაციენტებიც არსებობენ, რომლებიც გლუტენის მიღების შემდეგ არავითარ დისკომფორტს არ უჩივიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საყურადღებო არ არის – გლუტენის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ნაწლავის გარდაუვალ დაზიანებას იწვევს.
ლაქტოზის პირველადი აუტანლობისას მკურნალობის მთავარი მიზანი ლაქტოზის ოდენობის შემცირებაა. შეიძლება ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია ლაქტაზის შემცველი პრეპარატებით. მეორეული აუტანლობისას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა. დროებით, ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღდგენამდე, შეიძლება ლაქტოზის შემცველი საკვების შეზღუდვა.
უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან ლაქტოზის აუტანლობისას საჭიროა რძის შემცირება ან სრულიად ამოღება კვების რაციონიდან. რძემჟავა პროდუქტების (ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტის), მცენარეული (მაგალითად, ქოქოსის) რძის მიღება ნებადართულია – მათ მიმართ ტოლერანტობა უფრო ადვილად ვითარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მკურნალობის სქემაში D ვიტამინისა და კალციუმის პრეპარატების ჩართვა – ეს ელემენტი აუცილებელია ძვლების ზრდისა და მინერალიზაციისთვის და მას უმთავრესად რძიდან ვიღებთ. ჩვილებთან ვითარება შედარებით რთულია. თუ ბავშვი ძუძუს წოვს, დედის რძის შეზღუდვა არ არის სასურველი. ამ დროს უმჯობესია გამოვიყენოთ ლაქტაზა, რომელიც რძეში იხსნება და ყოველი კვების დროს ეძლევა ჩვილს. ორგანიზმში მოხვედრილი ფერმენტი შლის ლაქტოზას და ჩივილებიც ქრება. როცა ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის, დაისმის ლაქტოზის დაბალი შემცველობის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის საკითხი.
ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემთხვევაში ფორმულა დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით შეირჩევა. თუ გამოხატულია გაუწყლოების ნიშნები, წონის კლება, ლაქტოზისადმი დაბალი ტოლერანტობა, სასურველია ისეთი ხელოვნური ნარევის შერჩევა, რომელიც ლაქტოზას საერთოდ არ შეიცავს.
ლაქტოზის გენეტიკურად განპირობებული თანდაყოლილი აუტანლობისას (CLD) ლაქტოზის შემცველი პროდუქტების რაციონიდან ამოღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყოველი ახალი საკვების ან წამლის მიცემამდე უნდა შემოწმდეს მათში ლაქტოზის შემცველობა.
რძის ალერგიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სწორი კვების შერჩევა კლინიკური სიმპტომების მიხედვით. რაციონი ამ შემთხვევაში ძირითადად ღრმად ჰიდროლიზებული ან ამინმჟავებზე დაფუძნებული ნარევებისგან დგება. რძესთან შემთხვევითი კონტაქტისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ მშობელს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ადრენალინის ავტოინექტორი, სტეროიდი და ანტიჰისტამინური პრეპარატები.
მარი მარღანია