პირველი ზარის მოლოდინში

გააზიარე:


სწავლისა თუ სკოლასთან ადაპტაციის საკითხებს უკვე არაერთხელ შევეხეთ. ამჯერად მათზე საუბარს აღარ ვაპირებთ. მოდით, ორი თვით ადრე შევაფასოთ, მზად არის თუ არა ჩვენი პატარა სკოლისთვის. ამ გზით, ფაქტობრივად, იმასაც გავარკვევთ, რა ოდენობის ენერგეტიკული და გონებრივი რესურსის გაღება დასჭირდებათ მშობლებს შვილის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შესაგუებლად.


ვუნდერკინდი არ არის, მაგრამ…

სკოლასთან შეგუება იოლი საქმე როდია: ახალი გარემო, ახალი დავალებები… ამდენად, სრულებით არ არის გასაკვირი, რომ პატარას თვალში არ მოუვიდეს “ბაღისნაირი, ოღონდ უფრო დიიიდი” შენობა თავისი მასწავლებლებიანად. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ბავშვს სიახლესთან შესაგუებლად დრო და მზრუნველი მშობლის დახმარება სჭირდება. სწორედ პირველკლასელთა დედიკოებისა და მამიკოების დასახმარებლად დაიწერა ეს სტატიაც.
დავიწყებთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციით: 6 წლის ბავშვის სკოლისთვის მზადყოფნა რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება: ინტელექტუალურით, ემოციურითა და სოციალურით. და კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია: მათ შესაფასებლად ფსიქოლოგთან ვიზიტი სრულებით არ არის საჭირო. საკმარისია, ჩვენს წერილს გადაავლოთ თვალი. მისი დახმარებით იოლად განსაზღვრავთ, აკმაყოფილებს თუ არა ნამცეცა ე.წ. სასკოლო კრიტერიუმებს. 

სად არის ლოგიკა?

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სკოლისთვის მზაობის შესაფასებლად საპასპორტო ასაკზე უფრო მნიშვნელოვანი გონებრივი განვითარების დონეა. ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად მას შემდეგი კითხვები დაუსვით:

. რა გქვია? რა გვარი ხარ?
. რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის იქნები მომავალ წელს?
. რა ჰქვიათ შენს დედიკოს და მამიკოს?
. რა პროფესიის არიან შენი მშობლები? ან: სად მუშაობენ დედიკო და მამიკო?
. როგორ ფიქრობ, სკოლაში როგორ უნდა მოიქცე?
. რა საჭიროა მერხი? დაფა? რას გვაუწყებს სკოლის ზარი?

გარდა ამ შეკითხვებზე პასუხისა, ბავშვს უნდა შეეძლოს, რამდენიმე წინადადებით აგვიხსნას, სად ცხოვრობს (ზუსტი მისამართის დასახელება აუცილებელი არ არის), მოგვიყვეს, როგორ ერთობა და ა.შ.

თუ პატარა საბავშვო ბაღში დადიოდა, მას უნდა შეეძლოს ათამდე თვლა და ასოების ამოცნობა (და არა კითხვა!). თანამედროვე ბავშვებს ძალიან უყვართ ქუჩაში გამოკიდებულ უზარმაზარ ბილბორდებზე ასოების ამოკითხვა. თუ პატარას, რომელსაც საბავშვო ბაღში ასოები ასწავლეს, ასეთი პლაკატების წარწერების კითხვა მოსწონს (ვიმეორებთ: ვგულისხმობთ მხოლოდ და მხოლოდ ასოების ამოცნობას), ნურც დაუშლით და ნურც ფეხს აუჩქარებთ. დაე, პაწია გენიოსმა თავისი ჭია გაახაროს.

მეტად მნიშვნელოვანია ლოგიკური აზროვნების უნარის შეფასებაც. ამისთვის პატარა “ვუნდერკინდს” შემდეგი შეკითხვები დაუსვით:

. რას ვუწოდებთ (ან რომელი საერთო სახელით მოვიხსენიებთ) ვარდს, იას, გვირილას? 
. წელიწადის რომელი დროა ახლა?
. ჯერ სადილობ თუ საუზმობ? თუ სახელწოდებები არ იცის, უბრალოდ ჰკითხეთ: დილით რომ იღვიძებ, ჩაის მიირთმევ თუ სუპს?
. რა ფერისაა შენი მაისური (კაბა)? ეს წიგნი? სათამაშო? (მიუთითეთ რაც შეიძლება მკვეთრი და არა გარდამავალი ფერის საგნებზე, რომ პატარა არ დაიბნეს).
. რას აკეთებს მასწავლებელი? ექიმი? გამყიდველი?
. რომელ ფრინველებსა და ცხოველებს იცნობ?
. რომელი უფრო დიდია: კატა თუ ვეფხვი? ჩიტი თუ პეპელა? 

ბავშვის ლოგიკურ აზროვნებას იოლად შეაფასებთ, თუკი ნახატის აღწერას მოსთხოვთ. მან უნდა შეძლოს, რამდენიმე წინადადებით ააგოს ლოგიკური ჯაჭვი და მოყვეს, რას ხედავს ნახატზე.

დაიხსომეთ: ბავშვის გონებრივი შეფასების პროცესი თამაშს უნდა ჰგავდეს და არამც და არამც დაკითხვას. თუ პატარა დაიღალა და თქვენი შეკითხვებისთვის თავის არიდებას ცდილობს, ნუ ჩააცივდებით და “გაკვეთილი” მეორე დღისთვის გადადეთ. 

ემოცია და გარემო

ახალ გარემოს იოლად რომ შეეგუოს და დისციპლინას დაემორჩილოს, ამისთვის ბავშვი ემოციურად უნდა იყოს მზად. ასეა თუ არა, ამის გასარკვევად რამდენიმე კითხვას თავად გაეცით პასუხი:

. იოლად შედის კონტაქტში ბავშვებთან? ეთამაშება სკვერში თანატოლებს? სიხარულით მიდიოდა საბავშვო ბაღში?
. გულისყურით უსმენს უფროსებს ან თანატოლებს?
. საზოგადოებაში მხიარულ განწყობაზეა თუ სწრაფად მოიწყენს ხოლმე?
. უყვარს დამოუკიდებლად თამაში? ხატვა? ძერწვა?
. თამაშის დროს თანმიმდევრულია? ემორჩილება წესებს?
. იოლად ათხოვებს ხოლმე  თანატოლებს სათამაშოს?
. შეუძლია, 15-20 წუთს მაინც იჯდეს მშვიდად?
. იტაცებს სიახლეები?
. უყვარს ზღაპრების მოსმენა?

თუ შეკითხვების უმეტესობას დადებითი პასუხი გაეცით, ჩათვალეთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზად არის. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ გოგონების მშობლებს ამ კითხვებზე დადებითი პასუხის გაცემა თითქმის არასოდეს უჭირთ, რასაც ვერ ვიტყვით ონავარი ბიჭუნების დედიკო-მამიკოებზე. ეს გასაგებიცაა: გოგონები ფიზიოლოგიურად გაცილებით ადრე მწიფდებიან, ვიდრე ვაჟები. ასე რომ, ბიჭუნების დედიკოებო, ყურებს ნუ ჩამოყრით, რამდენიმე “არა” სრულებით არ ნიშნავს, რომ პატარა ონავარს სწავლა გაუჭირდება.

ვსწავლობთ, ე.ი. ვთამაშობთ

ექვსი წლის ბავშვისთვის ყველაზე მეტად მისაღები თამაშით სწავლაა. საკმარისია, მას ისეთივე რეჟიმი და დისციპლინა მოვთხოვოთ, როგორიც 10-12 წლის მოზარდს, რომ სწავლაზე მყისვე აიყრის გულს. ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ, სკოლამდე პაწია წაამეცადინოთ, ეს თამაშ-თამაშით გააკეთეთ. ბავშვს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ჭადრაკი, შაში, ნაირგვარი თავსატეხი (ე.წ. პაზლები) დაეხმარება.

არ იფიქროთ, ბავშვი სადაცაა სკოლაში მივა, რაღა დროს ზღაპრებიაო. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ დროულია. გამოგონილი, ზღაპრული ისტორია ბავშვს წარმოსახვის უნარსა და  მეხსიერებას უვითარებს, ეხმარება, სხვადასხვა სოციალური სფეროს წევრად (გმირად) იგრძნოს თავი.

ბავშვის გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს კვებაც. მან სრულფასოვანი, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა მიიღოს. ურეჟიმო, უყუათო კვება ბავშვისთვის არამც და არამც არ შეიძლება.

მოზარდი ორგანიზმის გონებრივ განვითარებაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს იოდი. მოგეხსენებათ, საქართველო იოდის დეფიციტის კერად ითვლება, ამიტომ სასურველია, პატარას პროფილაქტიკის მიზნით იოდის პრეპარატი მისცეთ.

და, რაღა თქმა უნდა, სპორტი! ეცადეთ, სექტემბრისთვის ბავშვს სპორტის რომელიმე სახეობა შეურჩიოთ და რეგულარულად ატაროთ, ზაფხულში კი დროს ნუ დაკარგავთ, წყლის პროცედურებით მაქსიმალურად გააკაჟეთ.

გააზიარე: