თავგადასავლების მოყვარული ბავშვი
გააზიარე:
პარკებში, სკვერებში, სათამაშო მოედნებზე ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ დასდევენ მშობლები შვილებს და შეშფოთებულები დასძახიან: “ფრთხილად იარე!”, “წინ იყურე, დაეცემი”!, “არ აძვრე, ჩამოვარდები!” მშობლისთვის შფოთვა ნორმალურია, მაგრამ ბავშვს თავისუფლებაც სჭირდება, დამოუკიდებლობაც და, ამასთან ერთად, სირბილი და ცოცვაც.
როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ყველაფრის აკრძალვასა და სრული თავისუფლების მინიჭებას შორის? არსებობს კი ეს შუალედი? რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე თავგადასავლების სიყვარული?
ცხოვრება თავგადასავალია
შევთანხმდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გათვლი. შესაძლოა, პარაპლანით გაფრენამ მშვიდობიანად ჩაიაროს, მაგრამ ხიდან ჩამოვარდე და ტვინის შერყევა მიიღო. სწორედ ეს გაურკვევლობა და დაუცველობა აშფოთებთ მშობლებს. არადა, სწორედ თავგადასავლები ხდის ბავშვის ცხოვრებას საინტერესოს.
პატარებს უყვართ გამოწვევები და მშობლებთან თავიანთი მიღწევებით თავის მოწონება. “დედა, ნახე რამსიმაღლეზე ავფრინდი!” – ყვირის საქანელაზე მჯდომი გოგონა. ამ დროს ის წარმოსახვით ღრუბლებში დაფრინავს, მშობელს კი გული ხელით უჭირავს – არ უნდა, პატარას ბედნიერი წუთები ჩააშხამოს, მაგრამ ვაითუ გადმოვარდეს და რამე დაიშავოს?!
ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ბავშვს მცირე ასაკიდანვე ჩავუნერგავთ თავგადასავლების სიყვარულს, ამით მხოლოდ ფიზიკურ აქტიურობას და, საბოლოო ჯამში, ცხოვრების ჯანსაღ წესს კი არ მივაჩვევთ, არამედ საკუთარი თავის რწმენასაც გავუღვივებთ. ამიტომ, როგორც არ უნდა გვეშინოდეს, ვეცადოთ, ყოველდღიურობა პატარ-პატარა, მაგრამ საინტერესო თავგადასავლებით გავუფერადოთ.
ასწავლეთ რისკის შეფასება
გახსოვდეთ, ბავშვს ყოველთვის ყველაფრისგან ვერ დაიცავთ. გაუთავებელ შფოთვას აჯობებს, რისკის შეფასება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ასწავლოთ. თუ ზიპლაინით ჩამოსრიალება მოისურვა, პირდაპირ უარს ნუ ეტყვით; მოიძიეთ ინფორმაცია ამ ექსტრემალური გასართობის შესახებ, გაარკვიეთ, სად შეიძლება ჩამოსრიალება, გაეცანით მომხმარებლების შეფასებებს, ამოარჩიეთ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი, მერე კი ესაუბრეთ ბავშვს და ერთად შეაფასეთ რისკი. თუ მიგაჩნიათ, რომ მისთვის ჯერ ადრეა, აუხსენით, რატომ და დაპირდით, რომ მომავალ წელს აუცილებლად შეუსრულებთ ამ სურვილს. თუ მაინც გადაწყვიტეთ, ნება დართოთ, ზედმიწევნით აუხსენით უსაფრთხოების წესები და მათი მნიშვნელობა. მაგალითად, რატომ უნდა ეხუროს ჩაფხუტი და ეკეთოს მუხლის დამცავები გორგოლაჭებით თუ ველოსიპედით ქროლისას.
წაახალისეთ
ერთმანეთისგან უნდა ვარჩევდეთ წახალისებას და დაძალებას. დაძალებით შესაძლოა ზიანი მივაყენოთ ბავშვის თვითშეფასებას და სიახლეების შიში გავუჩინოთ, წახალისება კი აუცილებელია, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, თუ არ სცადა, ვერ გაიგებს, რამხელა სიამოვნების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ აქტივობას. აუხსენით, რომ არასოდეს არაფერს შესთავაზებთ ისეთს, რაც მისთვის საშიშია. წააკითხეთ, მოუყევით, აყურებინეთ, ერთი სიტყვით, გააცანით, რასაც სთავაზობთ, დაამშვიდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დატუქსოთ. ისიც უთხარით, რომ თუ სცადა და არ მოეწონა, შეუძლია, აღარ გაიმეოროს.
პირადი გამოცდილებით: ჩემი ხუთი წლის შვილი ჩაბჟირდა, რადგან თხილამურებზე შედგომა არ სურდა და მხოლოდ იმ პირობით, რომ მეორედ აღარ შედგებოდა, დაგვთანხმდა, ხოლო დაშვების შემდეგ ხელმეორედ ჩაბჟირდა, რადგან კიდევ ათჯერ მაინც უნდოდა ჩამოსრიალება.
ასწავლეთ, არ ეშინოდეს შიშის
შიშთან გამკლავების სწავლება მშობლებისთვის ერთ-ერთი რთული გამოწვევაა.
შიში არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. მაგალითად, ჩვილებს გაუაზრებლად ეშინიათ ხმამაღალი ლაპარაკის, ყვირილის; რვა თვიდან ჩნდება სიმაღლის, უცნობი სახეების, დაკარგვის შიში. დაახლოებით ოთხი წლისთვის ბავშვი უკვე ასე თუ ისე აცნობიერებს, რისი გაკეთება შეუძლია და რისი – არა. ამ ასაკში ის ხშირად ცდის საკუთარ თავს, ხტება დიდი სიმაღლიდან, მაღაზიაში მშობელს ხელიდან უსხლტება, რადგან დამოუკიდებლად უნდა გზის გაგნება.
ადრეული ასაკიდანვე მიეცით პატარას თავისუფლად ხოხვის შესაძლებლობა, მაგრამ მოაშორეთ თვალსაწიერიდან ისეთი ნივთები, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ნუ შეზღუდავთ ბავშვს იმის გამო, რომ სახლი სათანადოდ არ არის მოწყობილი. მიეცით საშუალება, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო ნივთები და ადგილები, მაგრამ იმავდროულად აჩვენეთ, სად არ შეიძლება შესვლა და რომელი კარადის გამოღებაა აკრძალული.
მიეცით მაგალითი
ხშირად ასეირნეთ ბუნების წიაღში – ეს არა მარტო ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, არამედ ბუნების სიყვარულსაც ასწავლის ბავშვს, დაანახებს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრი სასიამოვნო რამ შეიძლება ვაკეთოთ და ამისთვის არც პლანშეტია საჭირო, არც ტელეფონი და საერთოდ, არანაირი მოწყობილობა. ასწავლეთ ბუნებასთან ურთიერთობა, იმოგზაურეთ მასთან ერთად, კვირაობით გადით ქალაქგარეთ, წაიყვანეთ პიკნიკზე მის ან თქვენივე მეგობრებთან ერთად.
მშობელი შვილისთვის პირველი მაგალითია, ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოთ მზად აქტიური ცხოვრებისთვის. რა მჭიდრო სამუშაო გრაფიკიც უნდა გქონდეთ, გამონახეთ კვირაში ერთი დღე, რომელსაც შვილთან ერთად აქტიურ დასვენებას დაუთმობთ. თუ ბავშვი მთელი დღე კომპიუტერსა და ტელეფონში თავჩარგულ მშობელს ხედავს, ნუ გექნებათ იმედი, რომ თვითონ სიხარულით გაიქცევა ეზოში სათამაშოდ.
იყავით მომთმენი, წაახალისეთ ბავშვი, გამუდმებით ეძებოს საინტერესო აქტივობები, მიეცით თავისუფლება (უსაფრთხო ფარგლებში), ითამაშეთ და იმოგზაურეთ ერთად, რადგან სწორედ ასეთი მომენტები გვახსენდება და გვგვრის ღიმილს წლების შემდეგ.
ლიკა ქათამაძე