“თქვენ შეგიძლიათ, აკონტროლოთ თქვენი ასთმა”
გააზიარე:
1 მაისს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” საკონფერენციო დარბაზში ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ასთმის მსოფლიო დღე ასთმის მკურნალობისა და მართვის გლობალური ინიციატივით (GINA – Global Initiative for Asthma) დაწესდა. 1998 წლიდან მოყოლებული, ეს დღე მთელ მსოფლიოში ყოველი წლის მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება.
ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა. კონფერენციის თემა ასეთი გახლდათ: “თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა”.
საქართველოში ასთმის მსოფლიო დღის აღნიშვნის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი და ბრიტანული სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია “გლაქსოსმიტკლაინის” საქართველოს წარმომადგენლობა.
ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა კოკა ფრუიძემ გახსნა. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი გეგელაშვილი მიესალმა. ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტია იმუნოლოგიის საკითხებში, შეკრებილებს გლობალურ ჯანდაცვაში ასთმისა და რესპირაციული დაავადების მნიშვნელობაზე და ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველოს მონაწილეობაზე ესაუბრა. მომდევნო მოხსენება, რომელიც ასთმის თანამედროვე მკურნალობასა და მართვას ეხებოდა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია გოთუამ წაიკითხა. კომპანია “გლაქსოსმიტკლაინის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონმა ზურაბ ნატროშვილმა საზოგადოებას წარუდგინა “გლაქსოსმიტკლაინის” პირველი სოციალური პროექტი საქართველოში “სერეტიდის ნარინჯისფერი ბარათი”.
ბატონი ზურაბ ნატროშვილი:” ასთმა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. დღეს ეს დაავადება 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის ეს რიცხვი კიდევ 100 მილიონით გაიზრდება. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია “გლაქსოსმიტკლაინი” 1715 წელს არის დაარსებული. დღიდან დაარსებისა, მისთვის პრიორიტეტულ თერაპიულ განხრას წარმოადგენს რესპირაცია (სასუნთქი სისტემა). კომპანია აქტიურად არის ჩართული ასთმისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაში და მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.
ამჟამად მიიჩნევენ, რომ ასთმის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე სამკურნალო საშუალებებს ძალუძს მისი სიმპტომების კონტროლი, რათა ადამიანმა აქტიური და სრულფასოვანი რიტმით იცხოვროს.
ჩვენი კომპანია დაბეჭდავს და აფთიაქებში უსასყიდლოდ გაავრცელებს ასთმის კონტროლის ტესტს, რომლის მიხედვითაც პაციენტს შეუძლია დაადგინოს, აქვს თუ არა ასთმა და საეჭვო შემთხვევაში ექიმ _ სპეციალისტს მიმართოს (ტესტი იხილეთ სტატიის ბოლოს).
კომპანია “გლაქსოსმიტკლაინის” საქართველოს წარმომადგენლობის მიერ დანერგილი მეორე უაღრესად დიდი სიახლე ის არის, რომ 2007 წლის ასთმის მსოფლიო დღისთვის სოციალური პროექტი _ სერეტიდი და “ნარინჯისფერი ბარათი”_ გაგრძელდება და გაფართოვდება. კერძოდ, 2007 წლის 1 ივნისიდან პროექტში ჩაერთვება საქართველოს ენდემური რეგიონი ასთმისთვის _ აჭარა, კერძოდ, ბათუმი, საიდანაც იგი მთელ ქვეყანაში გავრცელდება. პროექტმა პილოტური ვერსიის სახით აიღო სტარტი 2005 წლის 31 ოქტომბერს. მასში მონაწილეობდნენ “ავერსი ფარმას” 6 აფთიაქი და 20 ექიმი, ხოლო 2006 წლის ივლისში პროექტს ქუთაისი და იმერეთის რეგიონი დაემატა.
პროექტის მეშვეობით კომპანია “გლაქსოსმიტკლაინი” ასთმით დაავადებულ ქართველ მოსახლეობას 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს ასთმის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატს სერეტიდს. ფასდაკლების კომპენსაციას ჩვენი კომპანია ახორციელებს. პროექტის დაწყებიდან დღემდე კომპანიას 69 700 ლარი აქვს დაფარული.
ექიმი, რომელიც სვამს დიაგნოზს და ნიშნავს პრეპარატს, მას კუპონზე გამოწერს, პაციენტი კი მას 30%-იანი ფასდაკლებით აფთიაქში შეიძენს. კუპონების საფუძველზე ანგარიშსწორება ჩვენსა და დისტრიბუტორს შორის ხდება.
ვისაც სჭირდება სერეტიდი, ჩართულია სოციალურ პროექტში და აქვს ნარინჯისფერი ბარათი, შეუძლია, პრეპარატის განუსაზღვრელი რაოდენობა მიიღოს.