სურდო
გააზიარე:
დაზამთრდა და მშობლებიც უფრო და უფრო ხშირად უჩივიან პატარების ყელის ტკივილს, ხველასა თუ ცხვირიდან გამონადენს. ამჯერად სურდოს შესახებ გიამბობთ.
სურდო, იგივე რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ზედა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს და, თუმცა მეტად უსიამოვნოა, ადვილად იკურნება. მაგრამ ერთი შეხედვით უბრალო სურდომ შესაძლოა სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ ბავშვი პატარაა და ჯერ არც ცხვირის მოხოცვა იცის და არც სატკივარის გამოხატვა შეუძლია. რა იწვევს სურდოს, საჭიროა თუ არა ამ დროს მედიკამენტური ჩარევა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? ვფიქრობ, ეს საკითხები ყველა მშობელს დააინტერესებს.
ვიდრე უშუალოდ სურდოს მიმდინარეობასა და მკურნალობაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რა ფუნქცია აკისრია ცხვირის ღრუს.
ცხვირი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად საჭირო ორგანოა. ის ფილტრავს ჩასუნთქულ ჰაერს, აცილებს მტვერს, მიკრობებსა და სხვა გამღიზიანებლებს, ათბობს და ატენიანებს მას, რითიც ფილტვებს გამოშრობისგან იცავს. ცხვირის ღრუში არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც ყნოსვის ფუნქციას ემსახურება. ამიტომ როდესაც ცხვირის ღრუში პრობლემაა, შეიძლება ითქვას, მთელი ორგანიზმი იტანჯება: ირღვევა სუნთქვა, ყნოსვა, ძილი, შეუძლებელი ხდება კომფორტულ პოზაში წოლა... სურდო განსაკუთრებულ სირთულეებს ახალშობილებში იწვევს. ის ბავშვს ხელს უშლის კვებაში და იშვიათად სუნთქვის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. იზრდება სურდოს გართულებათა ალბათობაც. მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ.
მიზეზები
რინიტის მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ: ინფექციურად, არაინფექციურად და ალერგიულად.
ინფექციური რინიტის მთავარი გამომწვევები ვირუსებია: ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი... ბაქტერია სურდოს შედარებით იშვიათად იწვევს და პროცესში მისი ჩართვა, წესისამებრ, დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლაზე მიუთითებს. უფრო იშვიათია სოკოვანი და პარაზიტული რინიტები.
არაინფექციური რინიტის მიზეზები მრავალფეროვანია. ესენია ცხვირის სტრუქტურული ცვლილებები (მაგალითად, ძგიდის გამრუდება, პოლიპები), ცხვირის წვეთებისა და სპრეის ხანგრძლივი გამოყენება (!) და სხვა.
ალერგიული რინიტი, ცხადია, ცხვირის ღრუში მოხვედრილი ალერგენების საპასუხოდ ვითარდება. ხშირია ფონად სხვა ალერგიული დაავადებებიც.
დაავადების მიზეზზე უშუალოდ არის დამოკიდებული მკურნალობის მიმართულება, ამიტომ ურიგო არ იქნება ვიცოდეთ, რა თავისებურება ახასიათებს თითოეული მათგანს.
თუ თქვენს პატარას უხვი, წყლისებური გამონადენი აქვს და მასთან ერთად ქავილი, ცემინება, კონიუქტივიტიც აღენიშნება, სავარაუდოა ალერგიული რინიტი. დაავადება ან სეზონურად იჩენს თავს, ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. გააჩნია, რაზე ვითარდება ალერგია. ის შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ოთახის მტვრის ტკიპამ, სარეცხმა საშუალებამ (მეტად სურნელოვანმა). მშობლებს, უპირველესად, სწორედ ალერგენის “იდენტიფიკაცია” გევალებათ. როცა “დამნაშავე” ნაპოვნია და მისი მოცილება – შესაძლებელი, პრობლემაც იოლად გვარდება. დააკვირდით, როდის ვითარდება სურდო ან იმატებს მისი ინტენსივობა, ხომ არ არის ეს დაკავშირებული სეზონთან (უფრო ხშირია გაზაფხულზე), ხომ არ გყავთ სახლში ცხოველი ან ხომ არ მიმდინარეობს თქვენი საცხოვრებლის ახლოს მშენებლობა – ალერგიის მიზეზი შესაძლოა მშენებლობისას წარმოქმნილი მტვერიც იყოს, ხომ არ აქვს ბავშვს სხვა ალერგიული დაავადებაც. დაავადების დიგანოზს უმეტესად სიმპტომების საფუძველზე სვამენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, საჭირო გახდეს ალერგიული ტესტების ჩატარებაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სხვა ალერგიულ დაავადებებთანაც გვაქვს. მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალება ალერგენის მოცილებაა, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ასეთ დროს ბავშვს ცხვირის ღრუ კარგად უნდა გამოურეცხოთ. ეს შვებასაც მოჰგვრის მას და, შეძლებისდაგვარად, ალერგენსაც მოაცილებს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილიანი წყალხსნარი და მასზე დამზადებული სავლები საშუალებები. ალერგოლოგმა შესაძლოა დაგინიშნოთ ანტიჰისტამინური ან სხვა მედიკამენტები. ეს დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მათი მიღება არ შეიძლება.
თუ ცხვირის გაჭედვა მხოლოდ ცალ მხარეს აღინიშნება, საფიქრებელია უცხო სხეულის არსებობა. ამის დასადგენად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან მისვლა მოგიწევთ.
რაც შეეხება ინფექციურ რინიტს, მის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, მარტივად რომ ვთქვათ, გაციება. ამ სახელით ერთმანეთის მსგავსი კლინიკური სიმპტომებით მიმდინარე ვირუსულ დაავადებებს აერთიანებენ (ადენოვირუსს, რინოვირუსს, გრიპს და სხვ.). ვირუსული რინიტი რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის და არც განსაკუთრებულ მკურნალობას მოითხოვს. მთავარი სტრატეგია ამ დროს ცხვირის გათავისუფლება, თავისუფალი სუნთქვის ხელშეწყობა და იმუნიტეტის ამაღლებაა. თუ მიზეზთა გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტდა, აქტიურდებიან ცხვირის ღრუში მობინადრე ბაქტერიები და ანთებითი პროცესის განვითარებას უწყობენ ხელს. ეს ხშირად სწორედ მწვავე ვირუსული ინფექციის ფონზე ხდება. თუ პატარას სურდო და გაციების სხვა სიმპტომები მეტისმეტად (კვირაზე მეტხანს) გაუხანგრძლივდა და გამონადენმა ფერი იცვალა (მომწვანო-მოყვითალო გახდა), საფიქრებელია პროცესში ბაქტერიების ჩართვა. ამ დროს ხშირია გართულებებიც – პნევმონია, შუა ყურის ანთება, დანამატი წიაღების ანთება. ბაქტერიული რინიტი შესაძლოა სპეციფიკური ბაქტერიული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომიც იყოს, მაგალითად, დიფტერიისა. ამ შემთხვევაში აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა დაუშვებელია.
გართულებები
სხეულის ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, სურდო ხშირად რთულდება შუა ყურის ან დანამატი წიაღების ანთებით. ასევე ხშირია პროცესის ქვედა სასუნთ გზებში გავრცელება და ბრონქიტისა და პნევმონიის განვითარება.
ყურის ანთების, ოტიტის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით დიდია ახალშობილებსა და ჩვილებთან. ამას ანატომურ-ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს: პატარების სასმენი მილი, რომელიც ცხვირის ღრუს ყურთან აკავშირებს, შედარებით განიერი და მოკლეა. რაკი ჩვილი უმეტესად წევს და გამონადენისგან გათავისუფლება თავად არ შეუძლია, პროცესის ყურისკენ გავრცელებისთვის მეტად ხელსაყრელ პირობები იქმნება. ოტიტის განვითარებაზე მიუთითებს ბავშვის წრიალი, აღგზნებულობა, ყურებზე ხელის დაჭერისას მტკივნეულობა, მოსალოდნელია ტემპერატურული რეაქციაც. ზოგჯერ გამონადენი ყურიდან გამოდის. ეს დაფის აპკის მთლიანობის დარღვევაზე მიუთითებს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაცია. გახანგრძლივებული სურდო ზოგჯერ დანამატი წიაღების ანთებას იწვევს. როდესაც ცხვირით სუნთქვა გართულებულია, ვერც სინუსების ვენტილაცია ხდება, რაც აქ ანთებით პროცესებს აძლევს ბიძგს. წიაღი სულ ექვსია: ორი წყვილი – ჰაიმორისა (ლოყის ზევით) და ეთმოიდური (თვალბუდესა და ცხვირს შორის) და ორი კენტი – ფრონტალური (შუბლისა) და სფენოიდური (ძირითადი ძვლისა). პირველად ეთმოიდის წიაღი ყალიბდება, შემდეგ – ჰაიმორისა, 5-დან 12 წლამდე – შუბლისა, ყველაზე ბოლოს კი ძირითადი ძვლისა. შესაბამისად, 12 წლამდე მხოლოდ ეთმოიდიტი და ჰაიმორიტი გვხვდება, ამ 12 წლიდან კი ფრონტიტიც და სფენოიდიტიც. სურდო უპირატესად ეთმოიდიტით რთულდება, რადგან ცხვირიდან პირველი გასავალი სწორედ ეთმოიდის ღრუა. სინუსიტის ეს სახეობა გაციებიდან 3-4 დღეში ჩირქოვანი გამონადენით ვლინდება. თუ მკურნალობა დაგვიანდა, პროცესი სხვა სინუსებზეც გადადის. სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ზეწოლის შეგრძნება, ტემპერატურული რეაქცია, ყნოსვის დაქვეითება, უმადობა, სისუსტე. დიაგნოზისთვის შესაძლოა რენტგენოლოგიური გამოკვლევა გახდეს საჭირო.
რა ვიღონოთ
რამაც არ უნდა გამოიწვიოს სურდო, მკურნალობის მთავარი მიზანი გამონადენისგან გათავისუფლებაა. თუ თქვენს პატარას ცხვირის მოხოცვა ჯერ არ შეუძლია, ამაში თქვენ უნდა დაეხმაროთ:
• შეიძინეთ მარილიანი ხსნარის წვეთები (ფიზიოლოგიური ხსნარი ან ზღვის წყალი) ან თავად დაამზადეთ – გახსენით 1`4 ჩაის კოვზი მარილი 1`2 ჭიქა ნელთბილ წყალში.
• დააწვინეთ ბავშვი საწოლზე, თავქვეშ ბალიში ამოუდეთ და თითოეულ ნესტოში ჩააწვეთეთ 2-3 წვეთი. დაიცადეთ 30-60 წამი.
• გადააბრუნეთ ბავშვი მუცელზე და დაელოდეთ ლორწოს გამოყოფას. არ ჩაუდოთ ტამპონი ნესტოში!
• შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბოლქვი, ე.წ. ასპირატორი.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
• სუნთქვა განსაკუთრებით ჭირს წოლისას. ამ დროს იმატებს გართულებების ალბათობაც, ამიტომ ბავშვს თავი მაღლა უნდა ედოს.
• მიეცით რაც შეიძლება მეტი სითხე, ოღონდ უშაქრო. თუ პატარა ჯერ ძუძუს წოვს, აწივეთ ბევრი – რძის უხვი მიღება ინტოქსიკაციას შეამცირებს.
• ოთახი დაალაგეთ სველი წესით და რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ.
• ეცადეთ ოთახის დატენიანებას. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური აპარატი ან გამათბობელთან დადგათ წყლით სავსე ჭურჭელი.
• ცხვირის სპრეი ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. უნდა ითქვას, რომ მათ არც მოზრდილებთან აქვთ დიდი შედეგი. თუ მაინც მოგიწიათ გამოყენება, ხანგრძლივობა რამდენიმე დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 5-6 დღის შემდეგ წვეთები ეფექტურობას კარგავს, სურდოს სიმპტომებს, პირიქით, აძლიერებს და, ამასთანავე, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიას იწვევს. მათი გამოყენების წინ აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი ორ თვემდე ასაკისაა ან სურდოს დაერთო:
• შუბლის, ლოყის, თვალების ირგვლივ არსებული არის შეშუპება;
• მხედველობის დაბინდვა;
• ყელის ტკივილი, თეთრი ან ყვითელი ჩანართები ტონზილებზე;
• ხველა ხუთ დღეზე მეტხანს;
• ხველა ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერი ნახველით.