წამლების მიღების სწორი ფორმა

გააზიარე:

წამალი ყველა ჩვენგანს არაერთხელ მიუღია, ზოგისთვის კი ის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. წამლის შეძენის დროს ჩვენ რამოდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ, ვამოწმებთ ვადას, ვინახავთ სათანადო ადგილას და ვსვავთ ექიმის დანიშნულებისამებრ, მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, რომ შესაძლოა, წამალს მაინც არასწორად იღებდეთ?

მაშ, როგორ მივიღოთ წამალი სწორად? სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ კეზელი:

  • წამლის მოქმედებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და შესაძლოა, მათი გაუთვალისწინებლობა, ერთი მხრივ, უეფექტობის, მეორე მხრივ კი გართულებებისა და ახალი დაავადებების მიზეზად იქცეს. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ფაქტორია წამლის შეყვანის გზა. ერთი და იმავე წამლის შეყვანა სხვადასხვა გზით შეიძლება – ამ შემთხვევაში სხვადასხვანაირი იქნება მათი ეფექტიანობაც, გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირეც და, საზოგადოდ, მოქმედებაც. მაგალითად, არსებობს სტეროიდების როგორც ადგილობრივი მოქმედების (მალამო, საინჰალაციო სითხე, წვეთები), ისე ტაბლეტირებული ფორმები. შეყვანის გზას პირდაპირი კავშირი აქვს წამლის მოქმედების სისწრაფესთან. ყველაზე სწრაფად ვენაში შეყვანილი წამალი მოქმედებს. თითქმის ტოლფასი მოქმედება აქვს ენისქვეშა ლორწოვანიდან მიღებულ მედიკამენტს. წამლის ეფექტი ყველაზე გვიან კუჭ-ნაწლავის გზით შეყვანისას მჟღავნდება ანუ ტაბლეტირებული ფორმა გაცილებით გვიან გვაძლევს ეფექტს.
  • – რა ხდება წამლის შეყვანის შემდეგ?
  • რა გზითაც არ უნდა შეიყვანოთ წამალი, შეყვანის ადგილიდან ის აუცილებლად დაიწყებს მოძრაობას, გადალახავს სხვადასხვა ბარიერს და სისხლში მოხვდება. იქ გაიხსნება, და სისხლძარღვების მეშვეობით ქსოვილებამდე მიაღწევს. წამალმა რომ იმოქმედოს, ის უნდა შეხვდეს და დაუკავშირდეს თავის სამიზნე მოლეკულას. ასეთი სამიზნეები სწორედ ქსოვილებშია გაბნეული. ქსოვილებიდან წამალი სისხლისავე მეშვეობით გადადის ღვიძლში, რომელიც მას ადვილად გამოსაყოფ ნივთიერებებად გარდაქმნის. ეს ნივთიერებები სისხლის ნაკადს თირკმელებამდე მიაქვს, საიდანაც ისინი ძირითადად შარდთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
  •  

– კიდევ რა ახდენს გავლენას წამლის მოქმედებაზე?

  • უდიდესი მნიშვნელობა აქვს წამლის შეწოვას. მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, უწინარესად კი – იონიზაციის ხარისხი ანუ გარემო, რომელშიც წამალი ხვდება, ამიტომ პაციენტს ვარიგებთ, მიიღოს წამალი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. ამით შეწოვს ხარისხს ვაკონტროლებთ.
  •  
  • – რძისმინერალური წყლის დაყოლება არ შეიძლება?
  • არავითარ შემთხვევაში. რძე უხვად შეიცავს კაცლიუმს – შესაძლოა, წამალი ქიმიურ რეაქციაში შევიდეს მასთან, წარმოიქმნას უხსნელი მარილი და წამალი საერთოდ აღარ შეიწოვოს. მაგალითად, ტეტრაციკლინი რძესთან ერთად გინდ მიგიღიათ, გინდ არა. კოკა-კოლა, რომლის PH მჟავაა, ზოგიერთი წამლის შეწოვას ზრდის, ზოგიერთისას კი ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას გაზიან მინერალურ წყალზეც.
  • ამრიგად, წამლებთან სიფრთხილეა საჭირო და მათ გამოყენებამდე აუცილებელია როგორც ინსტრუქციის წაკითხვა, ისე ექიმის კონსულტაციაც. გვახსოვდეს, რომ უწყინარი წამალი არ არსებობს.

– რას გვეტყვით უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ?

  • ფაქტობრივად არ არსებობს წამალი, გვერდით მოვლენებს რომ არ იწვევდეს და მათ ვერც ერთი ექიმი ვერ აუვლის გვერდს – წამალი ხომ ქიმიური ნივთიერებაა, მისი სამიზნეები ჩვენს ორგანიზმშია გაფანტული. წამალი უკავშირდება იმ მოლეკულებს, რომლებზე მოქმედებაც გვჭირდება, მაგრამ მათთან ერთად სხვა მოლეკულებზეც მოქმედებს. აი, ეს არის გვერდითი ეფექტი. მაგალითად, კარდიოლოგი იმიტომ ნიშნავს წამალს, რომ სჭირდება ეფექტი გულზე, მაგრამ ეფექტი, რომელსაც იგივე წამალი თვალზე ახდენს, მისთვის არასასურველია, ოფთალმოლოგისთვის კი. პირიქით, ამ წამლის გულზე მოქმედებაა გვერდითი მოვლენა.
  • საბედნიეროდ, გვერდითი ეფექტები ხშირად               დოზადამოკიდებულია და დახელოვნებულ ექიმს შეუძლია, კონკრეტულ პაციენტს ისეთი თერაპული დოზა შეურჩიოს, რომ თერაპიული ეფექტი გვერდითი ეფექტების გარეშე მიიღოს.

 

  • – წამლის ზედოზირების შედეგად გამოვლენილი სიმპტომებიც გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება?
  • არა, ეს უკვე ტოქსიკური ეფექტია – მდგომარეობა, რომელიც პლაზმაში წამლის მაღალი კონცენტრაციისას ვლინდება. ამას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს – ან ექიმმა დანიშნოს წამლის დიდი დოზა, ან პაციენტმა შემთხვევით მიიღოს იმაზე მეტი წამალი, ვიდრე დანიშნული აქვს, ან მასთან ერთად მიიღოს სხვა წამალი, საკვები ან სასმელი, რომელიც მის კონცენტრაციას ზრდის. ისიც შესაძლოა, პაციენტს დაქვეითებული ჰქონდეს თირკმლის გამომყოფი უნარი ან ღვიძლის ფუნქცია, რაც ექიმს არ გაუთვალისწინებია, წამალი დიდხანს დაყოვნდეს ორგანიზმში და ტოქსიკური ეფექტი გამოიწვიოს.
  •  
  • – შესაძლოა თუ არაწამლის მიღების წესების დაუცველობამ მისი ეფექტი შეცვალოს?
  • ცხადია, შესაძლოა. ყველაფერი ეს მოქმედებს დოზაზე, სისხლში წამლის კონცენტრაციაზე და, შესაბამისად, მედიკამენტის ეფექტსაც ცვლის. მაგალითად, უმეტესად არ შეიძლება კაფსულის გახსნა (არადა, ჩვენში ხშირად ხსნიან და ფხვნილის სახით იღებენ). კაფსულა გარსია, რომელიც წამალს განსაზღვრული მიზნით უკეთდება. თუ მისი დანიშნულება მხოლოდ ცუდი გემოსა და სუნის დაფარვაა, გახსნა შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ კაფსულა იმისთვის კეთდება, რომ აქტიური ნივთიერება კუჭის მჟავა პჰ-ისგან დაიცვას.
  •  
  • – არც ტაბლეტის გაყოფა შეიძლება?
  • ტაბლეტის გაყოფა ნებადართულია განსაზღვრულ შემთხვევებში. საზოგადოდ, გაყოფის არსი ისაა, რომ დოზა შესატყვისად შემცირდეს. თუ ტაბლეტს აქვს გამყოფი ხაზი, ამით წამლის მწარმოებელი მიგვანიშნებს, რომ მასში ნივთიერებები თანაბრადაა განაწილებული და მისი გაყოფა შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.

– როგორ შევინახოთ წამალი?

  • გვახსოვდეს, რომ წამალს აქვს ორი ვადა. ერთი – ეს არის ვადა, რომელიც შეფუთვაზე წერია. ის შეფუთული მედიკამენტის ვარგისობაზე მიუთითებს. მეორეა ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ. სამწუხაროდ, მას ყურადღებას არავინ აქცევს. თვალის წვეთებს რომ გავხსნით, უნდა დავაწეროთ, რა რიცხვში გავხსენით და ორი თვის მერე აღარ გამოვიყენოთ. მალამო ვარგისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, ტაბლეტები – შედარებით მეტხანს – წელიწადს, წელიწადნახევარს
  •  
  • როგორც ხედავთ, იმისთვის, რომ ერთი შეხედვით ძალზე მარტივი პროცედურა, წამლის მიღება, სწორად შევასრულოთ, მრავალი წესის ცოდნა და დაცვაა საჭირო. ცხადია, სამედიცინო განათლების არმქონე პირს ფარმაკოლოგიის ზედმიწვენით ცოდნა არ მოეთხოვება. მთავარია, წამლის მიღების წინ გავიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, კარგად გავეცნოთ ინსტრუქციას და დავიხსომოთ ერთი რამ – წამალთან ხუმრობა არ ღირს!

 

გააზიარე: