ყვავილების მაგია

გააზიარე:

ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ სურნელი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს განწყობაზე – შეუძლია, სასიამოვნო ემოცია გამოიწვიოს, სტიმული მოგვცეს და ენერგიით აგვავსოს, საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაგვაბრუნოს, დეპრესიის განდევნაშიც კი დაგვეხმაროს...

თუ გავითვალისწინებთ, რომ კანის გავლით ყველა ნივთიერება ორგანიზმში ხვდება, ალბათ უფრო გონივრული იქნება, კოსმეტიკური პროდუქციის ხარისხს მეტი ყურადღება მივაქციოთ და უპირატესობა ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ საშუალებებს მივანიჭოთ.

ბუნებრივი არომატები - არომატი მრავალნაირია. კოსმეტიკაში მათ სხვადასხვა როლი აკისრიათ. მოვლის სხვადასხვა ხაზს სხვადასხვა სურნელს აძლევენ. მაგალითად, ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ კოსმეტიკას უმეტესად ციტრუსების, კენკრის, იისფერი ყვავილების ნოტები დაჰყვება, რაც სისუფთავის, სიჯანსაღის შეგრძნებას ბადებს,

ფრანგული კომპანია „მილ ფლორის“ სავიზიტო ბარათი ყვავილოვანი სურნელია, გამორჩეულს კი მას სწორედ ილანგ-ილანგისა და მუშკის ბუნებრივი ნოტები ხდის.

ილანგ-ილანგი - ილანგ-ილანგის სურნელოვან ზეთს ტროპიკული ხის, კანანგას, მოთეთრო-მოყვითალო ყვავილებისგან იღებენ. ერთი ლიტრი ზეთის გამოსახდელად 50-60 კგ-მდე ყვავილი უნდა მოიკრიფოს. ილანგ-ილანგი ხარობს ფილიპინებზე, ინდონეზიაში. გამორჩეული სურნელის გამო ილანგ-ილანგს ყვავილთა ყვავილს უწოდებენ. პარფიუმერებმა ის მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. ილანგ-ილანგის ეთერზეთი კოსმეტოლოგების ერთ-ერთი უსაყვარლესი ინგრედიენტია. მისი ეგზოტიკური, მოტკბო სურნელი გვიმაღლებს განწყობას, გვამშვიდებს და გვაწონასწორებს, გვახალისებს და ენერგიით გვავსებს.

ილანგ-ილანგი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების: ენდორფინებისა და სეროტონინის – გამოყოფას, ამიტომ კარგი ანტიდეპრესანტია. მის გამაბრუებელ სურნელს მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში ამოიცნობთ.

მუშკი - მუშკი ყველაზე მოთხოვნადი ნედლეულია პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ინდუსტრიაში. მისი ბუნებრივი არომატი მრავალფეროვანია. ეს არის არა ერთი განსაზღვრული სურნელი, არამედ სურნელთა კომპოზიცია, რომელიც ასეულობით სურნელს აერთიანებს. თბილი, მსუბუქად ტკბილი და მერქნის ნაზი ტონების კომბინაცია კანთან კონტაქტისას ჰარმონიულ აურას ქმნის და თავდაჯერებას ბადებს. მუშკი ერთგვარი აფროდიზიაკიცაა. ეს ის სურნელია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.

ფორთოხლის ყვავილი - იცოდით, რომ ევროპაში ფორთოხალს თავდაპირველად არა ნაყოფის, არამედ სწორედ ყვავილის გამო აფასებდნენ? ფორთოხლის ყვავილის სურნელი გრილი ციტრუსოვანი და  ოდნავ მოტკბო ვანილისმაგვარი ნოტების შესანიშნავი კომბინაციაა. ეს ნაზი, მგრძნობიარე და იმავდროულად მაცოცხლებელი არომატი ხსნის სტრესს, ენერგიით ავსებს სხეულს, აფხიზლებს გონებას, იწვევს გაზაფხულისა და სინორჩის შეგრძნებას, ამიტომ კოსმეტოლოგიასა და არომათერაპიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

უნივერსალური არომატი, ყველას რომ მოსწონდეს, არ არსებობს, სურნელის აღქმა ინდივიდუალურია და რამდენი რჩევაც არ უნდა მოვისმინოთ, პარფიუმერიის შეძენისას გადამწყვეტ სიტყვას მაინც ჩვენივე ყნოსვის რეცეპტორები ამბობენ. საბედნიეროდ, დედამიწის სურნელთა პალიტრა მდიდარი და მრავალფეროვანია...

გააზიარე: