ღვიძლის ციროზი

გააზიარე:

ღვიძლის ღალატი

მედიცინა უფრო და უფრო წინ მიდის. ყველამ იცის, რომ თუ თირკმელი მწყობრიდან გამოვიდა, რამდენიმე თვით და, შესაძლოა, წლითაც კი მას დიალიზის აპარატი შეენაცვლება. ხელოვნური ვენტილაციის მოწყობილობაც არსებობს. ეგ კი არა, გულის შეცვლაც შეიძლება რამდენიმე საათით, ვიდრე ქირურგები მასზე ოპერაციას ჩაატარებენ. ღვიძლის ასზე მეტი ფუნქციას კი ვერც ერთი მოწყობილობა ვერ შეასრულებს. ასე რომ, ის ერთადერთია, განუმეორებელი და მისი ღალატის ატანაც (უფრო ზუსტად, გადატანა), ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ციროზი შემაერთებელი ქსოვილის გამრავლებას ნიშნავს. ამ დროს ღვიძლის ფუტკარივით მუშა უჯრედებს დამხმარე უჯრედები ენაცვლებიან. წარმოიქმნება ნაწიბური, სწორედ ისევე, როგორც კანზე მძიმე დამწვრობის ან ჭრილობის შეხორცების შემდეგ. თუმცა ღვიძლში წარმოქმნილი “ნაიარევი” ღვიძლის ქსოვილს ვერ ცვლის – ვერ წარმოქმნის ცილებს, ვერ წმენდს სისხლს, ვერ გვეხმარება ინფექციებთან ბრძოლასა თუ საჭმლის მონელებაში, ვერ ინახავს ენერგიას… ერთი სიტყვით, სიცოცხლისთვის ჯანმრთელი ღვიძლი გვჭირდება.

რატომ

ციროზს ხალხი სპირტიანი სასმელების ჭარბ მოხმარებას უკავშირებს და სავსებით სამართლიანადაც: ალკოჰოლის დაშლა სწორედ ღვიძლს ევალება, მისი გაუვნებლების პროცესში კი თვითონაც ზიანდება. და მაინც, ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს როდი ვიღებთ. გამოთვლილია, რომ იმ ადამიანთა მესამედს, ვინც 15 წლისა და უფრო მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე 200-450გ მაგარ სპირტიან სასმელს (ან ექვივალენტური ოდენობის სხვა ალკოჰოლურ სასმელს) იღებს, ციროზი უვითარდება, მეორე მესამედს ცხიმოვანი ჰეპატოზი ემართება, დანარჩენების ღვიძლში კი მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებას ვხვდებით. ვინ რომელ მესამედში მოხვდება, წინასწარ ვერავინ იტყვის. ასე რომ, ჯანმრთელობასთან ლატარიის თამაშს არავის გირჩევთ.

ამავე დროს, ციროზისგან არც ის არის დაზღვეული, ვინც ალკოჰოლს იშვიათად, მხოლოდ დღესასწაულებზე სვამს.
ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, სახელდობრ რა განაპირობებს ღვიძლის ამა თუ იმ ხარისხის დაზიანებას, მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა ერთი რამ ცხადზე უცხადესია: რაც ნაკლებ ალკოჰოლს მიიღებთ, მით უკეთესი.

ციროზის  სხვა მიზეზებია:

ქრონიკული ჰეპატიტი. ბევრს ჰგონია, რომ ღვიძლის ანთება ყოველთვის იწვევს მის ციროზულ ტრანსფორმაციას. სინამდვილეში კი სტატისტიკა ასეთია: A და E ჰეპატიტები ყოველთვის მწვავედ მიმდინარეობს და ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას არ იწვევს, მწვავე B ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა 5%-ში ვირუსული ინფექცია ქრონიკულ სახეს იღებს. მათ მცირე ნაწილს დროთა განმავლობაში ციროზი ემართება. მწვავე C ჰეპატიტი ასიდან 80 შემთხვევაში ქრონიკულ ფორმაში გადადის. ასეთ ავადმყოფთა მცირე ნაწილს (20-30%-ს) მრავალი წლის შემდეგ ციროზი უყალიბდება.

აუტოიმუნური ჰეპატიტი. ამ დროს იმუნურ სისტემას საკუთარი უჯრედები უცხო ჰგონია და მათ ომს უცხადებს.

მემკვიდრეობითი დაავადებები. ზოგიერთი ამგვარი პათოლოგია ამა თუ იმ მინერალის, მაგალითად, სპილენძის ან რკინის, სიჭარბეს და ღვიძლში დაგროვებას იწვევს.

ნაღვლის სადინარების შეგუბება. ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, ნაღვლის ბუშტის გავლით ნაწლავებში გადადის და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. ზოგიერთი დაავადება სადინარების ანთებას, დანაწიბურებას და დახშობას იწვევს, ღვიძლში ჩარჩენილი ნაღველი კი ამ ორგანოს კარგს არაფერს უქადის. ახალშობილებს ციროზი ზოგჯერ ბილიარული ატრეზიის – ნაღვლის სადინართა თანდაყოლილი დახშობის – შედეგად უყალიბდებათ.

ტოქსიკურ ნივთიერებებთან გახანგრძლივებული კონტაქტი. ღვიძლი ალკოჰოლის, წამლებისა და სხვა ტოქსინების პირველი გამნეიტრალებელია. ზოგიერთ შხამთან, მაგალითად, დარიშხანთან კონტაქტი ანდა ზოგიერთ მედიკამენტზე ძლიერი რეაქცია ზოგჯერ ღვიძლის მძიმე დაზიანებას იწვევს.

რა
ციროზის კიდევ ერთი მზაკვრული თვისება მრავალწლიანი უსიმპტომო მიმდინარეობაა. დაავადებულს შეიძლება წლობით არაფერი აწუხებდეს. თანდათანობით ზოგადი სიმპტომები: ადვილად დაღლა, მოთენთილობა, მადის დაკარგვა, წონის უმიზეზო კლება – იჩენს თავს. მეტი და მეტი ჰეპატოციტის დაკარგვასთან ერთად გამოვლინებები უფრო და უფრო მძიმე ხდება და გართულებებიც იჩენს თავს.

გართულებები

* კარის ვენის სისტემაში წნევის მომატება (პორტული ჰიპერტენზია). ნაწლავებიდან, ელენთიდან და კუჭქვეშა ჯირკვლიდან მთელი სისხლი ერთი დიდი სისხლძარღვით, ე. წ. კარის ვენით, ღვიძლში შედის. თუ ნაწიბუროვანმა ქსოვილმა ღვიძლში ნორმალურ ცირკულაციას ხელი შეუშალა, სისხლი გროვდება და ვენაში წნევის მომატებას იწვევს.
* ვენების გაფართოება (ვარიკოზი). როცა ჩვეულ გზაზე საცობია, სისხლი გამოცდილი მძღოლივით შემოვლით გზებს ეძებს და პოულობს კიდეც: კუჭსა და საყლაპავში, ხანდახან – ჭიპის ირგვლივ ანდა სწორ ნაწლავში. ამ სისხლძარღვებს თხელი კედელი აქვს და სისხლის აუტანელი წნევისგან ბევრად უფრო ადვილად სკდება. ისე რომ, კუჭის ან საყლაპავის ვენებიდან სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენაც კი შეიძლება განვითარდეს.
* სითხის შეკავება. კარის ვენის სისტემაში წნევის მომატება, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ჰორმონებისა და მინერალების ცვლილებები შეშუპებას იწვევს. სითხე გროვდება ორგანიზმის ღრუებშიც (მაგალითად, მუცლის ღრუში). ამას ასციტი ჰქვია და, როგორც წესი, ციროზის შორსწასული ფორმის ნიშანია.
* სისხლჩაქცევები და სისხლდენები. სისხლის შედედებაში მონაწილე მრავალი ცილა ღვიძლში წარმოიქმნება, ამიტომ ციროზის დროს თრომბის წარმოქმნა გაძნელებულია. იკლებს თრომბოციტების რაოდენობაც და პაციენტი სისხლდენისკენ ხდება მიდრეკილი. 
* სიყვითლე. როცა ღვიძლი ბებერი ერითროციტების მონარჩენ ბილირუბინს ვეღარ გარდაქმნის, ეს პიგმენტი სისხლსა და ორგანიზმში გროვდება. სწორედ იგი აყვითლებს კანსა და სკლერებს. იმავე მიზეზით შარდი მუქი ყავისფერი ხდება, განავალი კი, პირიქით, პიგმენტის ნაკლებობის გამო თიხისფერს იღებს.
* ქავილი. მას კანში დალექილი ნაღვლის მჟავები იწვევს.
* ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ციროზით დაზიანებულ ღვიძლს შხამებისგან ორგანიზმის გაწმენდა უჭირს. არ არის აუცილებელი, ეს უკანასკნელნი იქ გარედან მოხვდნენ, – ადგილობრივი წარმოებისაც უხვად მოგვეპოვება. თუნდაც ცილის დაშლის დროს წარმოქმნილი ამონიუმი, რომლის ჭარბი ოდენობა ტვინს აზიანებს და ფსიქიკური მდგომარეობის, ქცევისა და პიროვნული თვისებების შეცვლას იწვევს. თავდაპირველად გულმავიწყობა, დაბნეულობა და გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება იჩენს თავს, შორსწასულ შემთხვევებში კი დელირიუმი (ცნობიერების აშლა ბოდვითა და ჰალუცინაციებით) და კომა.
* სუსტი ძვლები (ოსტეოპოროზი). ციროზის დროს D ვიტამინისა და კალციუმის ცვლაც ირღვევა, ისინი კი მეტად მნიშვნელოვანია ძვლების ზრდისა და სიჯანსაღისთვის. ამიტომაც სუსტი, მსხვრევადი ძვლები ხშირად არის ციროზის გართულება. ოსტეოპოროზის რისკის შემცირება კალციუმისა და D ვიტამინის მიღებით შეიძლება.
* ღვიძლის კიბო. ციროზის დროს იზრდება ღვიძლის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარების რისკი.
* ღვიძლის უკმარისობა. როცა ჰეპატოციტების დიდი ნაწილი ზიანდება, ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. 

რა ვიღონოთ

ციროზის დროს ღვიძლის დაზიანება შეუქცევადია, თუმცა, საბედნიეროდ, დაავადება მეტწილად ძალიან ნელა პროგრესირებს, ასე რომ, თუ ადრეულ სტადიაზევე მივუსწრებთ, კონტროლი შესაძლებელია, გვიან კი… მართლაც გვიან არის. თანაც გაითვალისწინეთ: საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები ჯერჯერობით არ კეთდება, ასე რომ, რაც გვაქვს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ. წამლებსა და კონკრეტულ მითითებებს თქვენი ექიმისგან მიიღებთ. ჩვენ მხოლოდ ზოგად რჩევებს დავჯერდებით:

* უარი თქვით ალკოჰოლზე. ეს ყველზე მნიშვნელოვანი გზაა, რომლითაც ღვიძლს დაიცავთ და გართულებათა ალბათობას ან სიმძიმეს შეამცირებთ. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ თუ ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების მქონე პირი სმას თავს არ დაანებებს, უახლოეს 5 წელიწადში სიკვდილის 65%-იანი რისკი ემუქრება, ხოლო თუ კეთილგონიერებას მოუხმო და სმა შეწყვიტა, ალბათობა 30%-მდე იკლებს.
* შეზღუდეთ მედიკამენტები. დაზიანებული ღვიძლი წამლებს ვეღარ აუვნებლებს და ორგანიზმიდან ვეღარ გამოდევნის. ამიტომაც შეუთანხმეთ ექიმს ნებისმიერი პრეპარატის, თუნდა ტკივილგამაყუჩებლის მიღება. საკუთარი ინიციატივით ნუ დალევთ ასპირინსა თუ სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. ღვიძლის დაზიანებისას ყველაზე ნაკლებსაშიშია პარაცეტამოლი, ეფერალგანი, ისიც – თუ დღეში 2 გრამს არ გადააჭარბებთ. არამც და არამც არ დაამთხვიოთ ერთმანეთს ალკოჰოლისა და ტკივილგამაყუჩებლის მიღება.
* ერიდეთ ავადმყოფებს. დაზიანებული ღვიძლის პატრონს ინფექცია უფრო იოლად დაგჯაბნით, ამიტომ ყოველნაირად ეცადეთ, ავად რაც შეიძლება იშვიათად გახდეთ. ჩაიტარეთ A და B ჰეპატიტის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
* იკვებეთ ჯანსაღად. შესაძლოა, ციროზმა კვების სხვადასხვა სახის დარღვევა და წონის კლება გამოიწვიოს, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, რაციონი კალორიებისა და საკვები ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისითაც სრულფასოვანი იყოს. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი ხილი, ბოსტნეული, დაუმუშავებელი მარცვლეული, ცილა კი სასურველია შედარებით ნაკლები მიიღოთ. ჩამოთვლილი საკვები A, C და E ვიტამინებითაც მდიდარია, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ციროზის დროს ისინი უფრო სწრაფად იშლება, შესაბამისად, მეტია საჭირო. შესაძლოა, ექიმმა ვიტამინები პრეპარატის სახითაც დაგინიშნოთ.
* შეზღუდეთ მარილი. ნატრიუმის იონები ორგანიზმში წყალს აკავებენ, ამიტომ მარილმა შესაძლოა ფეხების შეშუპება ანდა მუცლის ღრუში სითხის დაგროვება გააძლიეროს. გაითვალისწინეთ: მარილს შეიძლება დიდი რაოდენობით შეიცავდეს მზა საკვებიც, ამიტომ ერიდეთ კონსერვებს, სოუსებს, მაიონეზს, კერძის შესაკაზმად კი მწვანილი და ლიმონის წვენი გამოიყენეთ.

ეკა ჩერქეზიშვილი

გააზიარე: