ორსულობა და წამალი – ორმაგი საფრთხე, ორმაგი სიფრთხილე

გააზიარე:

ფეხმძიმობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ჯანმრთელობაზე გაორმაგებული ზრუნვა გმართებთ!  

ამ საკითხზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, თამარ კეზელი.

– ლათინური დევიზი “ჯერ დაფიქრდი და მერე იმოქმედე” საუკეთესოდ მიესადაგება ორსულობისა და ლაქტაციის დროს წამლის გამოყენებას. ორსულობისა  და ლაქტაციის პერიოდში წამალი ერთდროულად მოქმედებს ორ ორგანიზმზე – ორსულსა და ნაყოფზე, დედასა და ჩვილზე, ამიტომ ის ძალზე ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ.

მოგეხსენებათ, ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია და უმეტესად გაურთულებლად მიმდინარეობს, ამიტომ ორსულთა დიდ ნაწილს წამალი საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც წამლის გამოყენება აუცილებელია. 9 თვე საკმაოდ ბევრი დროა და ჯანმრთელი ორსულიც შეიძლება რაიმე პრობლემას შეეჯახოს – გაცივდეს, ტემპერატურამ აუწიოს, სურდოს გამო სუნთქვა გაუძნელდეს... ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც კი სჭირდება.

როგორ მოქმედებს ორსულობისას მიღებული წამლები, რატომა რის საჭირო ასეთი სიფრთხილე მათ მიმართ?

– მთავარი ის გახლავთ, რომ დედის მიერ მიღებულმა წამალმა შესაძლოა ნაყოფზეც იმოქმედოს. უშუალო ზემოქმედებასთან ერთად წამალმა შესაძლოა შეცვალოს პლაცენტის ფუნქციაც, მაგალითად, შეავიწროოს სისხლძარღვები და დედასა და შვილს შორის აირებისა და საკვები ნივთიერებების მიმოცვლა დაარღვიოს ან პროვოცირება გაუწიოს საშვილოსნოს კუნთების  შეკუმშვას, რაც ნაყოფის ჟანგბადოვან შიმშილს გამოიწვევს.

არსებობს პრეპარატების მთელი წყება, რომელთა მიღებდან 6 თვის განმავლობაში ჩასახვას ქალიც და მამაკაციც უნდა ერიდონ.

ადამიანის ორგანიზმი ძალიან კარგად არის მოწყობილი – სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა, ბოლო მენსტრუაციიდან დაახელოებით 11 დღის განმავლობაში, ნაყოფზე წამლის ზემოქმედება “სულ ან არაფერი” პრინციპს ექვემდებარება. ესე იგი ჩანასახი ან დაიღუპება ან წამალი მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

ორსულობის მე-4-დან მე-9 კვირამდე მიღებული წამლები, პლაცენტური ბარიერი რომც გადალახონ, ნაყოფის სიმახინჯეებს აღარ იწვევენ, მაგრამ იწვევენ ორგანოებისა და ქსოვილების ზრდაში ჩამორჩენას და, შესაბამისად, მათი ფუნქციის დარღვევას. მე-9 კვირიდან მშობიარობამდე კი წამლის გავლენა ფეტოტოქსიკურია – ის ნაყოფის აზროვნებაზე, მენტალურ ფუნქციაზე ტოვებს კვალს.

კლასიფიკაციის მიხედვით, წამლები A, B, C, D და X ჯგუფებად იყოფა. A ჯგუფის წამლები ორსულებისთვის უვნებელია. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ძალზე შეზღუდულია – ამ ჯგუფში სულ სამი პრეპარატი: პარაცეტამოლი, ფოლიუმის მჟავა და რეჰიდრატაციული პერორალური ხსნარები, – ხვდება. B ჯგუფი ორსულთათვის საუკეთესოა, ვინაიდან დამტკიცებულია, რომ ნაყოფზე არასასურველ გავლენას არ ახდენს. C ინგლისურ სიტყვა Caution-ს შეესაბამება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საფრთხე არსებობს. ამ ჯგუფის წამლებთან აუცილებელია რისკის შეფასება. D ჯგუფი სახიფათოა, ესე იგი არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს წამლები ნაყოფზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება X ჯგუფის წამლებს, ორსულობის პერიოდში მათი მიღება მკაცრად იკრძალება.

ზოგიერთ წამალს ორი კატეგორია აქვს მინიჭებული. მაგალითად, A და C. ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულობის სხვადასხვა პერიოდში ის სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნება: მე-3 ტრიმესტრისთვის – A-ს, მაგრამ პირველისთვის – C-ს.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი წამლის მიღება არ შეიძლება. თვითმკურნალობა ყველაზე მავნეა. მითია, თითქოს მცენარეული საშუალებები სრულიად უვნებელი იყოს. მცენარეული წარმოშობის წამლებიც შეიცავს ქიმიურ მოლეკულებს, რომლებსაც მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორსულობისას ვიტამინებით გატაცებაც დაუშვებელია.

ვიტამინების მიღებაც ჩვენებისამებრ უნდა მოხდეს. ვიტამინი უვნებელი საშუალებები არ არის და თუ უკონტროლოდ მივიღეთ, შესაძლოა, ნაყოფსაც კი ავნოს.  ერთადერთი ვიტამინი, რომელიც ორსულმა შეიძლება რუტინულად, ყოველგვარი ჩვენების გარეშე მიიღოს, ფოლიუმის მჟავაა. ვინაიდან ამ დროს უჯრედები ინტენსიურად მრავლდება, ნებისმიერ უჯრედს კი გამრავლებისთვის ფოლიუმის მჟავა სჭირდება. მით უმეტეს, ხსენებულ პერიოდს ხშირად ახლავს თან ტოქსიკოზი და ორსული საკვებთან ერთად სათანადო რაოდენობის ფოლიუმის მჟავას ვერ იღებს. არც ერთი სხვა წამალი, არც ქიმიური სინთეზის გზით მიღებული, არც მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობისა, ორსულმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღოს.

რატომ ცვლიან ორსულობისას წამლის დოზას და, საზოგადოდ, რაზეა ის დამოკიდებული?

– ორსულობისას მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრების გამო წამლის ფარმაკოკინეტიკა სრულიად იცვლება. ფარმაკოკინეტიკა – ეს არის წამლის გზა ორგანიზმში მოხვედრიდან გამოყოფამდე. არსებობს ოთხი ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პროცესი: 1. წამალი უნდა შეიწოვოს, 2. სისხლთან ერთად გადაადგილდეს და მიაგნოს სამიზნეს, 3. გარდაიქმნის ადვილად გამოსაყოფ ნაერთებად და 4. ამა თუ იმ გზით ორგანიზმიდან გამოიყოს. ორსულობა ოთხივე პროცესზე ახდენს გავლენას:

ორსულობის ეს ფარმაკოკინეტიკური გავლენა ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დოზირების რეჟიმის შერჩევისას.

შესაძლოა თუ არა, ორსულობისას არასწორად ჩატარებული თერაპიის შედეგებმა მოგვიანებით იჩინოს თავი?

– წამლის გვერდითი ეფექტები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ერთი მათგანია D კატეგორია, რაც სწორედ დაგვიანებულ გვერდით ეფექტებს ნიშნავს. მაგალითად, თუ ორსულობისას დედა ესტროგენებს იღებდა, 14 წლისთვის ბიჭს – სათესლის, გოგონას კი ვაგინალური კიბოს განვითარების რისკი ემუქრება. საბედნიეროდ, დაგვიანებული გვერდითი ეფექტები ცოტაა, მაგრამ ანამნეზის შეკრებისას ორსულობის დროს დედის მიერ მიღებულ წამლებს სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ.

როგორია რეკომენდაციები ლაქტაციის პერიოდში?

– სარძევე ჯირკვალი წამლის ერთ-ერთი გამომყოფი ორგანოა. ეს იმას ნიშნავს, რომ რძეში იქმნება წამლის განსაზღვრული კონცენტრაცია და ამ წამალს ძუძუს წოვისას ახალშობილიც იღებს. საბედნიეროდ, წამლების უმრავლესობა იმდენად მცირე კონცენტრაციით გადადის რძეში, რომ ახალშობილზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღება ლაქტაციის პერიოდში მკაცრად იკრძალება. ამ წამლების შესახებ მკურნალი ექიმი ქალს აუცილებლად გააფრთხილებს. საზოგადო რეკომენდაცია კი ასეთია – წამლის ფარმაკოკინეტიკის მიხედვით უნდა დავიცვათ ინტერვალი წამლის მიღებასა და ბავშვის კვებას შორის. წამლების ნახევარდაშლის პერიოდი უმეტესად 6-8 საათია, ამიტომ მათი მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ ახალშობილის კვება უკვე შეიძლება, პიკის მომენტში კი უმჯობესია რძე გამოიწუროს და გადაიღვაროს.

წამლის შეყვანის გზას თუაქვს მნიშვნელობა?

– რა თქმა უნდა, აქვს. ორსულებსა და მეძუძურ ქალებთან უპირატესობა ადგილობრივ ფორმებს ენიჭება, ვინაიდან გარეგანი გამოყენებისას სისხლში უფრო ნაკლები ხვდება და რისკიც შესატყვისად მცირდება. სამწუხაროდ, ყველა პრეპარატის ადგილობრივი ფორმა არ არსებობს, მაგრამ იქ, სადაც არის შესაძლებელია, სისტემური მედიკამენტი ადგილობრივით შეიცვლოს, უმჯობესია, ეს უკანასკნელი გამოვიყენოთ.

და ბოლოს, რა ზოგად რეკომენდაციებს მისცემდით ორსულებს?

– მაქსიმალურად ერიდონ წამლის მიღებას, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში.

ერიდონ ყოველგვარ არააპრობირებულ წამალს – მცენარეული წარმოშობის, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რომლებიც სათანადოდ შესწავლილი არ არის.

მინიმუმამდე დაიყვანონ წამლების რაოდენობა.

მიიღონ წამლები მინიმალური ეფექტური დოზითა და ხანგრძლივობით.

აკრძალონ თვითმკურნალობა.

გააზიარე: