კმარა ხვრინვა!
გააზიარე:
თუ ხვრინავთ, ალბათ პარტნიორის ბუზღუნიც ხშირად მოგისმენიათ. მაგრამ არ გეგონოთ, ხვრინვა მხოლოდ თქვენს პარტნიორს უფრთხობდეს ძილს – ის თქვენს ჯანმრთელობასაც ვნებს.
საინტერესოა, რა იმალება ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მიღმა.
ცნობილია, რომ ხვრინავენ უმეტესად მამაკაცები, მეტადრე – ჭარბწონიანები (თუმცა ჭარბი წონა ორივე სქესისთვის რისკფაქტორია). ასაკთან ერთად მდგომარეობა, წესისამებრ, უარესდება. ხვრინვა შესაძლოა სუნთქვის გაძნელების ნიშანი იყოს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ხვრინვის ანატომიური თუ სხვა მიზეზების დადგენაში ყველაზე უკეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დაგეხმარებათ.
რატომ ვხვრინავთ?
ვხვრინავთ მაშინ, როცა ჰაერი თავისუფლად ვერ მოძრაობს ჰაერგამტარ გზებში, კერძოდ, ძნელად გაედინება ცხვირისა და პირის უკანა გასასვლელებიდან. ეს სასუნთქი გზების ყველაზე მრუდე ნაწილია. აქ თავმოყრილია ენა, ხახა, რბილი სასა და ნაქი. უსიამოვნო ხმიანობა წარმოიშობა მაშინ, როცა სუნთქვის დროს ეს ანატომიური სტრუქტურები ერთმანეთს ეჯახება და ვიბრირებს.
ბავშვი, რომელიც გამუდმებით ხვრინავს, აუცილებლად უნდა გავასინჯოთ ოტოლარინგოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გვირჩევს ტონზილების ან ადენოიდების ამოჭრას, რათა პატარა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხვრინვა?
* ხახისა და ენის კუნთების ტონუსის დაქვეითებამ. როცა კუნთები ზედმეტად მოშვებულია, ენა უკან ვარდება, ხახა ჩამოეკიდება და სასუნთქ გზებს ავიწროებს.
* ცხვირის გასავლების შევიწროება. დახშულ ცხვირში ჰაერის გატარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.
როცა ხვრინვა უბრალო ხმაურზე მეტია
ცნობილია, რომ ხვრინვა არღვევს ძილს, ადამიანი გამუდმებით გამოუძინებელი და მოთენთილია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხვრინვა შესაძლოა ძილის ობსტრუქციული აპნოეს ნიშანი იყოს, რომელსაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობის უფრო მძIმე და ხანგრძლივი პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
ძილის ობსტრუქციული აპნოესთვის დამახასიათებელია ძილის დროს სუთქვის რამდენჯერმე შეწყვეტა 10 წამით ან უფრო მეტი ხნით, ზედა სასუნთქი გზების შევიწროების ან დახშობის
ცნობილია, რომ ძილის ობსტრუქციული აპნოე ზრდის გულის შეტევის, ინსულტის, დიაბეტისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკს.
როგორ მოვიქცეთ
ხვრინვისა და ძილის აპნოეს საწინააღმდეგოდ მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგები და თავ-კისრის ქირურგებს ამის გარდა,არსებობს უამრავი როგორც სახელდახელოდ შექმნილი, ისე ოფიციალურად რეგისტრირებული ხვრინვის საწინააღმდეგო მოწყობილობა, თუმცა ასეთი მოწყობილობების ეფექტი ძალზე ინდივიდუალურია. თუ გამოუსწორებელი მხვრინავი ხართ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
რამდენიმე რჩევა მსუბუქი მხვრინავებისთვის
- დაიკელით წონა და მისდიეთ სპორტულ ცხოვრებას, რათა კარგი კუნთოვანი ტონუსი გქონდეთ.
- ნუ მიიღებთ ტრანკვილიზატორებს, საძილე აბებს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს ძილის წინ.
- ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და მძიმე საკვების დაძინებამდე, სულ მცირე, 3-4 საათის განმავლობაში.
- შეიმუშავეთ ძილის რეგულარული რეჟიმი.
- ჯობს იძინოთ რომელიმე გვერდზე, ვიდრე ზურგზე.
- ძილის დროს თავი, სულ მცირე, 10 სმ-ით უნდა გქონდეთ შემაღლებული.