მუდმივი პრობლემა! როგორ დავაღწიოთ თავი სტრესს

გააზიარე:

რა არის სტრესი

ტერმინი ინგლისური წარმოშობისაა. ინგლისურ ენაში სიტყვა სტრესს წნეხს, ზეწოლას ნიშნავს. “სტრესი” ორგანიზმის დაძაბულობას გამოხატავს.

ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ გარეგან გამღიზიანებელზე ერთნაირი პირველადი რეაქციით – ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრესი უნდა გავიგოთ როგორც უბრალო ემოციური ან ნერვული დაძაბულობა, ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს ორგანიზმის არასპეციფიკურ (ე.ი. სხვადასხვა გამღიზიანებლის პასუხად – ერთსა და იმავე) რეაქციას გარემო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტირებაა საჭირო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფისიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ასეთი პრობლემა მრავალადაა.

 

სტრესის გამომწვევი ფაქტორები

სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ამ ფაქტორებს სტრესორებს უწოდებენ. ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს – ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა უბრალოდ “ძალების მოსინჯვის” შესაძლებლობა იყოს.

მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სპეციალურ ლიტერატურაში მაინც გამოყოფენ სტრესორთა რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ზოგადი ნიშნებით გამოირჩევა და უმრავლესობისთვის სტრესორად აღიქმება. ესენია:

  • სახიფათო სამუშაოსთან (საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, ხანძრის ჩაქრობასთან და სხვა) დაკავშირებული სიტუაციები;
  • რთულ (ხმაურიან ან მტვრიან, დროის დეფიციტის, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების) პირობებში მუშაობა;
  • მოულოდნელი ფაქტორები, რომელთა ფონზე სამოქმედოდ ადამიანი მზად არ არის.

 

სტრესის სიმპტომები

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის დაკარგვით. ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, დიარეა, თრობისადმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები... სპეციალისტები ამ სიმპტომებს სტრესის ფიზიკურ, ქცევით და ემოციურ ნიშნებად ყოფენ. 

 

სტრესის დაძლევის სტრატეგიები

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მდგომარეობის გაანალიზება და მიზეზის პოვნა, შემდეგ – ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებისა და ქცევის გააზრება და უკუგდება. სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, გამაბრუებელი ნივთიერებები ამთავითვე გამორიცხეთ “საბრძოლო არსენალიდან”. დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღებასაც ერიდეთ. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: სწორი კვება, საჭირო რაოდენობის წყლის სმა, ყოველდღიური სეირნობა, ვარჯიში, სწორი ძილი, დასვენება, სუფთა ჰაერზე მეტი ხნის გატარება, ოჯახთან, მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, ჰობი, ახალი ინტერესები სტრესის დაძლევას უწყობს ხელს. შესაძლოა, დაგეხმაროთ მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, აბაზანის მიღება, გამოფენაზე ან თეატრში წასვლა...

 

პრევენცია

როგორ ავიცილოთ თავიდან სტრესული სიტუაციები?

დააკვირდით საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, იკვლიეთ შინაგანი იმპულსები. გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენა ნეგატიურადაც შეგვიძლია შევაფასოთ და პოზიტიურადაც.

ნუ იკისრებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და შესაბამისად იმოქმედეთ.

ისწავლეთ დროის სწორად განაწილება. ჩამოწერეთ, რას აკეთებთ დღის განმავლობაში, შეამოწმეთ, მოიძებნება თუ არა თქვენს განრიგში დრო დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის. თუ არა – გამონახეთ.

თავი არიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ, უსიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავენ.

აუცილებლად გამოუშვით გარეთ დაგროვილი უარყოფითი ემოცია. ამის გაკეთება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი – სპორტით (რომელიც ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს), დღიურის წერით (სადაც ყველაფერს ისე ჩაიწერთ, როგორც გრძნობთ, შეულამაზებლად და უცენზუროდ). თუ გეტირებათ, თავის შეკავების ნაცვლად განმარტოვდით და იტირეთ.

ხშირად გვიხარია, გვწყინს ან ვბრაზობთ, ხშირად ვერ ვუმკლავდებით სირთულეებს, მაგრამ დასვენება, მოდუნება, ემოციური დაძაბულობის მოხსნა აუცლებელია და ეს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. როგორც ჰანს სელიე იტყოდა, “სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს”.

 

გააზიარე: