როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება

გააზიარე:
  • რა არის მეხსიერება

მეხსიერებას ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარს ვუწოდებთ. ეს ერთსა და იმავე დროს ბიოლოგიური პროცესიცაა და შემეცნებითიც. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახავს, საჭიროების შემთხვევაში კი პოულობს და მოთხოვნილებისამებრ იყენებს. ეს კარგად აწყობილი და ადამიანის სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემაა.

  • წარსული, აწმყო, მომავალი

მეხსიერების ფუნქციაა გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის დამახსოვრება და მომავალში მისი გათვალისწინება.   ვინაიდან წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოსაყენებლად გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

  • ეტაპები

გამოყოფენ მეხსიერების სამ ძირითად პროცესს, რომლებსაც ფსიქოლოგიური სტრუქტურა და კონკრეტული ამოცანები განასხვავებს ერთმანეთისგან. ესენია:

1. ინფორმაციის აღბეჭდვა (კოდირება)

ეს არის შთაბეჭდილების, მოვლენის, ცნობის განსაზღვრულ ფორმაში მოქცევა და ცნობიერში “შეტანა”. პროცესი ძალიან ჰგავს კომპიუტერში ინფორმაციის შეყვანას – ამისთვის მისი კოდირება და კომპიუტერის სისტემაში შეყვანაა საჭირო.

2. შენახვა

ამ დროს კოდირებული ინფორმაცია “მაგრდება”, ინახება განსაზღვრულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა აღბეჭდილი მასალის აქტიურ გადამუშავებასაც გულისხმობს და არა მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას.

3. აღდგენა

სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ განზრახ და უნებლიე აღდგენას. პირველ შემთხვევაში ადამიანი რაღაცას მიზანმიმართულად იხსენებს. აღდგენის ამ ტიპს მოგონებას ვუწოდებთ.

უნებლიე აღდგენის დროს მეხსიერებიდან თავისთავად ამოტივტივდება ესა თუ ის ინფორმაცია, რომელიც საგანგებოდ არ დაგვიმახსოვრებია. 

  • ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება

სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანს შემთხვევია ასეთი რამ: გამოცდისთვის მოკლე ხანში დაგვიმახსოვრებია ზღვა მასალა, რომელიც გამოცდის შემდეგ უკვალოდ გამქრალა ჩვენი მეხსიერებიდან. ამის საპირისპიროდ, არსებობს ცოდნა, რომელიც არასოდეს გვავიწყდება. ეს იმიტომ, რომ ტვინი თავად ახარისხებს, რა შეინახოს დიდხანს და რა – მოკლე ხნით. აქედან გამომდინარე, არსებობს ორი ტიპის მეხსიერება: ხანმოკლე ანუ ოპერატიული და ხანგრძლივი.

  • დავიწყების უპირატესობები

საბედნიეროდ, ტვინს შესწევს უნარი, უსარგებლო და მოძველებული ინფორმაციისგან გათავისუფლდეს. ეს აუცილებელია, რათა მეხსიერებამ სათანადოდ იმუშაოს. როცა სასარგებლო ინფორმაცია გვავიწყდება, ეს იმის ნიშანია, რომ დავიწყებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი მეტისმეტად კარგად მუშაობს.

გასწავლით მეხსიერების გაუმჯობესების რამდენიმე ხერხს.

  • დაინტერესება

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცუდი მეხსიერება ხშირად უყურადღებობის ბრალია. დაინტერესდით იმ საკითხით, რომლის შესწავლაც. როდესაც ვინმესგან რამის მიღება გსურთ, მის დარწმუნებას, დაყოლიებას ცდილობთ. აქაც იგივე ხდება, ოღონდ ამჯერად საკუთარ თავს ვაინტერესებთ და ვარწმუნებთ.

  • გაგება

თუ რამე კარგად არ გვესმის, ნაკლებსავარაუდოა, დაგვამახსოვრდეს. საკითხის კარგად გაგება სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში გვეხმარება.

  • დაჯგუფება

ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია უცხო ენების შესწავლის დროს. დაახარისხეთ მსგავსი ან ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები, დააჯგუფეთ სიტყვები სხვადასხვა ფაქტორის (მსგავსი ჟღერადობის, მნიშვნელობის, ე.წ. სემანტიკური ველის) მიხედვით.

 

  • ხმამაღლა გამეორება

ხმამაღლა გამეორება ბევრს ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება. თუ სმენითი მეხსიერება გაქვთ განვითარებული, ხშირ-ხშირად იმეორეთ საჭირო ცნობები ხმამაღლა. შეგიძლიათ, აუდიოჩანაწერებიც გამოიყენოთ. 

  • წარმოდგენა და წარმოსახვა

წარმოიდგინეთ ის, რისი დამახსოვრებაც გსურთ. შეგიძლიათ, წარმოსახული სურათი ფურცელზეც გადაიტანოთ გრაფიკული ჩანახატის, სქემის, დიაგრამის სახით. წარმოდგენა, ისევე როგორც ხმამაღლა გამეორება, ტვინის სხვადასხვა უბანს ააქტიურებს.

  • ასოციაცია

ახალი ინფორმაციის დაკავშირება უკვე ნაცნობთან ძალიან სასარგებლოა. თუ ასოციაციის დახმარებით ახალ ინფორმაციას მეხსიერებაში ჩაბეჭდილ მოგონებებს დავუკავშირებთ, მას უფრო ადვილად დავიმახსოვრებთ და საჭიროების შემთხვევაში უფრო ადვილადაც აღვადგენთ. 

  • პრაქტიკული სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

მეხსიერებს ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. გთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა ყოველდღიური შესრულება საგრძნობლად გააუმჯობესებს მეხსიერებას:

  • დახუჭეთ თვალები, დაასახელეთ რიცხვი და გამოთვალეთ მასზე ათით ნაკლები და ათით მეტი.
  • ზეპირად გადაამრავლეთ, გაყავით, შეკრიბეთ ან გამოაკლეთ ერთმანეთს ორ- და სამნიშნა რიცხვები.
  • მეხსიერებას ააქტიურებს რაიმე ახლის, აქამდე უცნობის შესწავლა. მაგალითად, უცხო ენისა ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტისა. სწავლა არასდროს არის გვიან. შეგიძლიათ, დაიზეპიროთ საყვარელი ლექსები ან ამონარიდები პროზაული ტექსტებიდან, მერე კი ხმამაღლა წაიკითხოთ – ლექსიკურ მარაგსაც გაიმდიდრებთ, მეტყველებასაც დაიხვეწთ და მეხსიერებასაც გაიუმჯობესებთ.
  • გაიმეორეთ ანბანი, თითოეულ ასოზე მოიფიქრეთ სიტყვა. თუ რომელიმე ასო დაგავიწყდათ ან შესაბამისი სიტყვა ვერ გაიხსენეთ, ნუ შეყოვნდებით – აქ მთავარია ტემპი.
  • აიღეთ ანბანის ნებისმიერი ასო და დაასახელეთ 20 სიტყვა, რომელიც ამ ასოზე იწყება.
  • საწოლში, ძილის წინ, მთელი დღე წარმოსახვით უკან “გადაახვიეთ”. გაიხსენეთ ყველა დეტალი, რაც დღის განმავლობაში დაგამახსოვრდათ. ამ დროს ერიდეთ შეფასებას. ემოციური დამოკიდებულების გარეშე, უბრალოდ, ჩამოთვალეთ, რა მოხდა.

 

გააზიარე: