კონფლიქტი: მისი არსი და დაძლევის გზები

გააზიარე:

რა არის კონფლიქტი?

“კონფლიქტი” ლათინური სიტყვაა და ქართულად შეჯახებას ნიშნავს.

ამ სიტყვით, წესისამებრ, აღვნიშნავთ ადამიანთა შორის დაპირისპირებას, ორ მხარეს შორის ურთიერთობის იმგვარ ფორმას, როდესაც ურთიერთშეუთავსებელი მიზნები, მოთხოვნები, დამოკიდებულებები და წინააღმდეგობები დაძაბულ, არასასურველ ან არასასიამოვნო სიტუაციას ქმნის.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კონფლიქტს ყველაზე ხშირად აიგივებენ აგრესიასთან, მუქარასთან, მტრობასთან, ომთან. ამიტომ მიიჩნევა კონფლიქტი მიუღებელ მოვლენად და სასურველია, სასწრაფოდ, წარმოშობისთანავე მოგვარდეს.

კონფლიქტის გამოხატვის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი ფორმაა ყვირილი. აგრესიის, საკუთარი უპირატესობის დამტკიცების ეს ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ხერხი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამდევია და ხშირად შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ, რომ ყვირილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამოხატულებაა. საბოლოოდ ამის შედეგად ზარალდება კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე – შეთანხმება ვერ ხერხდება, ადამიანებს კი გულისტკენა, წყენა, შიში, სევდა ეუფლებათ.

ყვირილი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა ვერბალური აგრესიის ფორმებია და ამ უსიამოვნო “იარაღის” გამოყენება კონფლიქტის გამწვავებას უწყობს ხელს. ამ დროს ადამიანი მეორე მხარის დამარცხებას ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებით ცდილობს. ვერბალური აგრესიის გამოვლენისას თავს ესხმიან პიროვნების თვისებებსა და უნარებს. ასევე ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი გარეგნობა, წარმოშობა, წარმომავლობა... ვერბალური აგრესია უღირსი, არაჰუმანური და მიუღებელია.

 

ტიპოლოგია

განასხვავებენ კონფლიქტის ოთხ ძირითად ტიპს.

 

1. პიროვნებათაშორისი კონფლიქტი

ვლინდება უმეტესად მატერიალური, შრომითი, ღირებულებითი, ემოციური, ფინანსური დაპირისპირების, აგრეთვე სხვადასხვა ხასიათისა და წარმოდგენების მქონე ადამიანების დაპირისპირების დროს.

 

2. პიროვნების შინაგანი კონფლიქტი

შინაგანი კონფლიქტი წარმოიშობა იმის გამო, რომ ზოგჯერ ადამიანს ერთსა და იმავე საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები უყალიბდება. ასეთი სახის კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას მაშინაც, როცა საზოგადოების მოთხოვნები არ`ვერ ემთხვევა პირადს.

3. კონფლიქტი პიროვნებასა და ჯგუფს შორის

პიროვნებასა და ჯგუფს შორის კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როცა ჯგუფის მიერ დაწესებული ქცევის ნორმები მიუღებელია პიროვნებისთვის ან ამა თუ იმ საკითხის შესახებ პიროვნებას აქვს ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია.

 

4. ჯგუფთაშორისი კონფლიქტი

ჯგუფთაშორისი კონფლიქტი გულისხმობს დაპირისპირებულ მხარეებს`დაჯგუფებებს შორის არსებულ უთანხმოებას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. მხარეები ცდილობენ თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებას მეორე მხარის ინტერესების ხარჯზე.

 

კონფლიქტის სახეები

კონფლიქტი შეიძლება იყოს კონსტრუქციული და დესტრუქციული. პირველ შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილეები აცნობიერებენ, რომ მათი პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუმცა ორიენტირებულნი არიან თანამშრომლობაზე, საკუთარი და მეორე მხარის ინტერესების დაცვაზე, რადგან აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილებით შეუძლებელია. კონსტრუქციული ანუ რეალური შედეგის მქონე, პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული კონფლიქტი ხშირად კონფლიქტში მონაწილე ადამიანების გაერთიანებას, დაახლოებას, სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

დესტრუქციულს ანუ დამანგრეველს კი იმგვარ კონფლიქტს უწოდებენ, როდესაც მხარეები ორიენტირებულნი არიან შეჯიბრებაზე, ვერ აცნობიერებენ თანამშრომლობის აუცილებლობას და ამწვავებენ შექმნილ ვითარებას. ამ შემთხვევაში მსხვერპლი და ზარალი ხშირად უფრო დიდია, ვიდრე დავის საგნის მატერიალური თუ სულიერი ღირებულება. საბოლოო ჯამში, იქმნება უარყოფითი ემოციური ფონი, რაც ვლინდება აგრესიით, აპათიით და პესიმიზმით.

 

კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები

გთავაზობთ ამერიკელი ფსიქოლოგის, კონფლიქტების მართვის სპეციალისტის, ტომას კილმანის მიერ შემუშავებულ 5 სტრატეგიას, რომლებიც ნებისმიერი ტიპის კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სხვადასხვა სიტუაციაში შეგვიძლია სხვადასხვა სტრატეგია გამოვიყენოთ, მაგრამ რომელიმე მათგანის არჩევამდე კარგად უნდა გავიაზროთ კონფლიქტის მიზეზი, გავაანალიზოთ, რამდენად გვიღირს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც დავუპირისპირდით, მოვიფიქროთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები, რათა თავიდან ავიცილოთ მცდარი არჩევანი და ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დროებით, ნაწილობრივ ან სრულ მოგვარებას.

 

კონფლიქტის არიდება

კონფლიქტის მოგვარების ეს სტრატეგია არაკომუნიკაციური, პასიური და სტატიკურია. ადამიანი “არ იმჩნევს”, ხუმრობაში ატარებს, ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს, შეცვალოს თემა ან საერთოდ გაერიდოს კონფლიქტურ გარემოს. კონფლიქტის იგნორირება კარგი ხერხია, როდესაც შედეგი წინასწარაა ცნობილი ან შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რომ ის ორივე მხარისთვის უარყოფითი იქნება. თავიდან აცილების ტაქტიკამ შესაძლოა განმუხტოს ან დროებით მოაგვაროს კონფლიქტი, რაც დაპირისპირებულ მხარეებს გარკვეულ დროს მისცემს ყოველივეს გასააზრებლად, დასამშვიდებლად და ოპტიმალური გამოსავლის საპოვნელად.

კილმანი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ვითარებაში ხშირად მიმართავენ ამ სტრატეგიას, ერთი მხრივ, თავიდან იცილებენ სტრესს, გაღიზიანებას, ნერვიულობას, თუმცა, მეორე მხრივ, მუდამ ასეთი მიდგომა, გრძნობების ჩახშობა, დამალვა, იგნორირება გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, აგრესიასა და ჩაკეტილობას იწვევს. არიდების მაგალითია ორმხრივი დათმობა, მოლაპარაკება და ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როდესაც კონფლიქტის საგანი მხარეებისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის.

 

დათმობა

ხდება ისეც, რომ რომელიმე მხარე განსაკუთრებით უფრთხის კონფლიქტის გამწვავებას და პოზიციას თმობს. დათმობა სხვისი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ქცევაა და ურთიერთობის შენარჩუნებას გულისხმობს. ამ დროს ადამიანი აღიარებს სხვის სიმართლეს ან საჭიროებას და უკანა პლანზე სწევს საკუთარს. დათმობა ეფექტიანია, როდესაც მხარეებს პრობლემის გადაჭრაზე მეტად ჰარმონიული ურთიერთობა აინტერესებთ. თუ დათმობის პოზიციას გამუდმებით ერთი მხარე იკავებს, შესაძლოა განვითარდეს შიდაპიროვნული კონფლიქტიც, რადგან საკუთარი სურვილების, მისწრაფებების, მიზნებისა და ინტერესების მუდმივი უგულებელყოფა დამთრგუნველად მოქმედებს. დათმობას მიმართავენ ადამიანები მაშინაც, როდესაც კონფრონტაცია, დაპირისპირება მათთვის მტკივნეული და არაკომფორტულია.

 

კონკურენცია

ამ სტრატეგიას, წესისამებრ, მიმართავს ის, ვინც ნაკლებადაა დაინტერესებული ურთიერთობის შენარჩუნებით, ვისთვისაც დაპირისპირებული მხარის ინტერესები უმნიშვნელოა და საკუთარი მიზნის მიღწევა – პრიორიტეტული. კონკურენცია გულისხმობს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილებას და ცალმხრივი გადაწყვეტილების გატანას ნებისმიერი საშუალების გამოყენებით. გასათვალისწინებელია, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში გამარჯვებულის`დამარცხებულის გამოვლენაა, რაც უმეტესად ამწვავებს დაპირისპირებას. ამ შემთხვევაში ადამიანი არჩევანს აკეთებს გამარჯვებასა და ურთიერთობას შორის. ამ სტრატეგიის გამოყენების დროს აქტიურად მიმართავენ ძალის დემონსტრირებას, მანიპულაციებს, იშველიებენ ავტორიტეტებს, კანონს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამით კონფლიქტი საბოლოოდ არ გვარდება, რადგან დამარცხებული მხარე ხელსაყრელ შემთხვევაში კვლავ მიუბრუნდება დავის საგანს.

 

კომპრომისი

თუ კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე მზად არის, დათმოს, საქმე გვაქვს კომპრომისთან. ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ არის მოგებიან ან წაგებიან პოზიციაში და საბოლოო შედეგი ორივეს მხრივ ნაწილობრივი დათმობის ხარჯზე მიიღწევა, რადგან კომპრომისი თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ემყარება.

კომპრომისი კონფლიქტის მოგვარების პოზიტიური, ეფექტური და მისაღები სტრატეგიაა. მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ ის მხოლოდ დროებით აგვარებს კონფლიქტს და ხანგრძლივ ან საბოლოო შედეგზე არ არის გათვლილი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპრომისი საშუალებას აძლევს მხარეებს, გაარკვიონ და ერთმანეთს გააცნონ საკუთარი ინტერესები, გამოყონ მიმართულებები, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა და დასახონ სამოქმედო გეგმა.

 

თანამშრომლობა

თანამშრომლობა საშუალებას აძლევს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, იმოქმედონ ერთობლივი ძალისხმევით და დააკმაყოფილონ ორივე მხარის ინტერესები. პროცესი წარიმართება გამოცდილების ურთიერთგაზიარებით, უწყვეტი კომუნიკაციით (ურთიერთობით). მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, მტკიცე კონტრარგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში პოზიცია დათმონ. თანამშრომლობას მიმართავენ მაშინ, როდესაც მხარეებს აქვთ სურვილი, კონსტრუქციული გზით მიაღწიონ შეთანხმებას და შეინარჩუნონ სამომავლო ურთიერთობა. საბოლოოდ, გამარჯვებული და დამარცხებული არ ვლინდება, ურთიერთობა მტკიცდება, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები ხანგრძლივ პერსპექტივაზეა ორიენტირებული.

თანამშრომლობა კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სასურველი, მაგრამ ყველაზე რთული გზაა, რადგან მოითხოვს უამრავ დროსა და ენერგიას, შრომას, მოლაპარაკებებს, შემოქმედებით მიდგომას, ალტერნატივების შესწავლას...

კონფლიქტის მოგვარების კარგი საშუალებაა მოლაპარაკებაც.

მოლაპარაკების წარმოება რეკომენდებულია შემდეგი პრინციპების დაცვით:

  • ერთმანეთისგან გამიჯნეთ პიროვნება და პრობლემა.
  • კონფლიქტი ყოველთვის არ გულისხმობს მონაწილეთა მტრულ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. მტრული დამოკიდებულება მაშინ იჩენს თავს, როცა ორივე მხარეს იმდენად მტკიცე პოზიცია აქვს, რომ პოზიციაზე ნებისმიერ შეტევას მათ პიროვნებაზე თავდასხმასთან აიგივებენ. ნურასოდეს გადახვალთ კონფლიქტის დროს პიროვნულ შეურაცხყოფაზე.
  • გაარკვიეთ მოწინააღმდეგის პოზიცია.
  • აქტიური მოსმენა, გულისხმიერი დამოკიდებულება, საკუთრი და სხვა ადამიანების ღირსების პატივისცემა, გულწრფელი თვითგამოხატვა მეტად მნიშვნელოვანია მოლაპარაკების დროს. ჩააყენეთ საკუთარი თავი თქვენი მოწინააღმდეგის მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ, რას შეიძლება გრძნობდეს ის. ხშირად კონფლიქტს გაუგებრობა ან უთქმელობა იწვევს და მოგვარებაც მხოლოდ საუბრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კონფლიქტი ჩანასახშივე მოგვარდება.

ნინო ლომიძე

 

 

 

გააზიარე: