მოდი, ვილაპარაკოთ

გააზიარე:

მეტყველება ფსიქოსოციალური განვითარების მნიშვნელოვანი მხარეა. მეტყველება განიმარტება როგორც ადამიანთა შორის კომუნიკაციის ვერბალური (სიტყვიერი) ფორმა, მეტყველების პროცესი კი, ერთი მხრივ, აზროვნების ფორმირებასა და განვითარებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი აღქმისა და გაგების უნარების პირდაპირი მაჩვენებელიცაა.

როგორია მეტყველების ტიპოლოგია? როგორ განვუვითაროთ ბავშვს მეტყველების უნარი? როდის ჩავრთოთ საქმეში სპეციალისტი? ვეცდებით, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ. აქვე გაგაცნობთ მეტყველების განვითარების დამხმარე სტრატეგიებსაც.

 

მეტყველების ტიპები

ერთმანეთისგან განასხვავებენ ზეპირ და წერით მეტყველებას. ზეპირი მეტყველების განვითარება დაბადებიდანვე იწყება და გულისხმობს მისი უნარების განვითარებას პირველადი ნიშნებიდან საკომუნიკაციო-წიგნიერ დონემდე. ზეპირი მეტყველების პირველ ნიშნებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახალშობილის უნარი, გამოთქვას გარკვეული ბგერები, რომლებიც თანდათან ემოციურ ელფერს იძენს და ღუღუნში, ტიტინში, მოგვიანებით კი სიტყვების წარმოქმნაში გადაიზრდება. რაც შეეხება წერით მეტყველებას, ამ უნარს ბავშვი უფროს სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში იძენს, თუმცა წერითი მეტყველების განსავითარებლად მომზადება უფრო ადრეც უნდა დაიწყოს.

ზეპირი მეტყველება გულისხმობს ბავშვის უნარს, ერთი მხრივ, გამოთქვას თავისი შეხედულებები, ფიქრები, განცდები, საჭიროებები, მეორე მხრივ კი მოისმინოს და აღიქვას გარშემო მყოფთა ნათქვამი.

ზეპირი მეტყველება მოიცავს:

  • რეცეფციულ მეტყველებას (რა ესმის);
  • ექსპრესიულ მეტყველებას (რისი თქმა შეუძლია);
  • პრაგმატულ განვითარებას (რა სიტუაციაში და როგორ იყენებს ენის ცოდნას).

მიმოვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

 

რეცეფციული მეტყველება

რეცეფციული მეტყველების განვითარება საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება. წლამდე ბავშვს უკვე შეუძლია მოსმენა, მოსმენილის გაგება და შესაბამისი მოქმედებების შესრულება. რეცეფციული მეტყველების განვითარებაზე მიუთითებს ბავშვის უნარი, გაიგოს და შეასრულოს მარტივი ინსტრუქციები – გვაჩვენოს, სად არის თოჯინა, სად აქვს თავი, ცხვირი, შუბლი, თხოვნისას დაუკრას ტაში და ა.შ. მოგვიანებით მისი ლექსიკური მარაგი იზრდება, ესმის მეტი სიტყვის მნიშვნელობა, უვითარდება რთული გრამატიკული სტრუქტურებისა და ვრცელი ტექსტის გაგების უნარი.

 

ექსპრესიული მეტყველება

მეტყველების ამ საფეხურს პროდუქტიულსაც უწოდებენ. ის გულისხმობს სხვადასხვა შინაარსის სიტყვიერი გამოხატვის უნარს. ბავშვი იწყებს ღუღუნს, ტიტინს, სიტყვების, ფრაზების წარმოთქმას, უფრო და უფრო მეტ სიტყვას იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება გაბმულ მეტყველებას, შეუძლია, ჩაერთოს დიალოგში და მოჰყვეს იმას, რაც ნახა ან მოისმინა.

 

პრაგმატული მეტყველება

მეტყველების განვითარების ეს საფეხური გასაგები კომუნიკაციისა და თხრობის უნარის გამომუშავებას გულისხმობს. ამ ეტაპზე უკვე ადვილი მისახვედრია, რა მიზნით და რა ვითარებაში იყენებს ბავშვი ზეპირი მეტყველების უნარს. პრაგმატული მეტყველების განვითარება იწყება მოთხოვნილებისა და სურვილის გამოხატვით და ე.წ. წარმატებული კომუნიკაციით სრულდება. ამ დროს ბავშვი სათქმელის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებს მსმენელის ვინაობას, ინტერესებს და იმ სიტუაციას, რომელშიც მათი ურთიერთობა მიმდინარეობს.

 

რას მივაქციოთ ყურადღება მეტყველების განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე

მშობლებს აინტერესებთ, რა მიიჩნევა მეტყველების განვითარების დარღვევად და როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს.

მეტყველების განვითარება ინდივიდუალური პროცესია და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – აღზრდის თავისებურებებზე, სოციალურ გარემოსა და ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებზე.

ზემოთ აღწერილ ეტაპებს შორის საზღვრები მკაფიო არ არის. ხშირად ხდება, რომ სამ წელს მიღწეული ფსიქიკურად ნორმალურად განვითარებული ბავშვი დუმს ან მხოლოდ ცალკეულ ბგერებს წარმოთქვამს, მაგრამ მალე ერთბაშად გამართულად იწყებს ლაპარაკს და არაფრით ჩამოუვარდება თანატოლებს, რომლებმაც პირველი სიტყვები წლამდე წარმოთქვეს.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ შეიმუშავა განვითარების რამდენიმე ზოგადი კრიტერიუმი, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ:

* ექვსი თვის პატარა უნდა გამოსცემდეს ბგერებს, წარმოთქვამდეს მარცვლებს, შეეძლოს ღუღუნი, სიცილი, “წამღერება”. ეს ყველაფერი ავითარებს სამეტყველო აპარატს და ბავშვს მეტყველებისთვის ამზადებს.

* ცხრა თვიდან ბავშვი ცდილობს მარცვლების შეერთებას და სიტყვებად ქცევას. ეს, წესისამებრ, მარტივად წარმოსათქმელი სიტყვებია, რომლებსაც ბავშვი კონკრეტულ სიტუაციებში იყენებს: “დედა”, “მამა”, “ბაბა”... ამ ეტაპზე მნიშნელოვანია ჟესტიკულაციაზე დაკვირვებაც – ბავშვს უკვე შეუძლია მისალმების ან დამშვიდობების იმიტაცია ხელის დაქნევით.

* თორმეტი თვიდან ბავშვს უკვე შეუძლია, მიბაძოს ცხოველების ხმიანობას. ჟესტიკულაცია და არავერბალური კომუნიკაციაც მეტად იხვეწება. განსაზღვრული გრძნობები უფრო გასაგებად გადმოიცემა ვერბალური თუ არავერბალური გზით.

საყურადღებოა, როცა:

* 12 თვისთვის ბავშვი ვერ ამჩნევს`არ იმჩნევს გარემოს, არ დუდუნებს, არ ტიტინებს და არ წარმოთქვამს გარკვეულ ბგერებს.

* წლინახევრის ასაკში არ იცის, სულ მცირე, ხუთი საგნის დასახელება და გადაბმულად ვერ წარმოთქვამს, სულ მცირე, სამ სიტყვას, არ ამჟღავნებს ექსპრესიული მეტყველებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

* ორი წლისამ არ იცის სხეულის ნაწილების სახელები, ვერ ამბობს “დედას”, “მამას” და არ რეაგირებს მინიშნებებზე („მაჩვენე”, “მომბაძე”, “გააკეთე” და ა.შ.).

* ორწლინახევრისა ვერ ხვდება კითხვას, არ შეუძლია ოცდაათამდე მარტივი სიტყვის წარმოთქმა, ნაცნობი საგნების დასახელება, არ ესმის მოკლე, მარტივი მითითებები ან არასწორად ასრულებს მათ. მაგალითად, კითხვაზე: “სად არის დედა?” – არ იხედება დედისკენ ან თხოვნაზე: “მომეცი ბურთი”, – სხვა ნივთი მოაქვს.

 

თუ მშობლებმა მეტყველების განვითარების რომელიმე ეტაპზე სირთულეები შეამჩნიეს, კონსულტაციისთვის ბავშვთა ფსიქოლოგს ან მეტყველების თერაპევტს უნდა მიმართონ. სპეციალისტი დაადგენს მეტყველების დარღვევის ტიპს და დასახავს მეტყველების გასაუმჯობესებელ სტრატეგიებს. დროული დიაგნოსტირებისა და ჩარევის შემთხვევაში ვერბალური უნარ-ჩვევების განვითარება სავსებით შესაძლებელია, ეს კი აუცილებელია, რათა ავცდეთ სირთულეებს კითხვის, წერისა და ანგარიშის დაუფლების დროს. მეტყველების შეფერხება ქცევის დარღვევებსაც იწვევს.

 

როგორ დავეხმაროთ პატარებს მეტყველების განვითარებაში

ბავშვის მეტყველების განვითარების სტიმულირება ადრეულ ასაკშივეა სასურველი. წლამდე მშობლები ხშირად უნდა ესაუბრონ პატარას. არსებობს უამრავი ინტერაქტიური თამაში, რომლებიც სწორედ წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი: თამაში თითებით, “ჭიტა”, სხვადასხვა ცხოველის იმიტაცია... ძალიან სასარგებლოა სიმღერა.

სპეციალისტთა დაკვირვებით, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგებს ბავშვი ორ წლამდე, მით უფრო მდიდარი ლექსიკონი ექნება. ვინაიდან ბავშვები მიბაძვით სწავლობენ ენას, მათთან ენის მოჩლექით საუბარი არ შეიძლება. ესაუბრეთ პატარას ალერსიანად, მაგრამ გამართულად. აუცილებელია, ბავშვთან საუბრისას საგნები თავ-თავისი სახელებით მოვიხსენოთ. მაგალითად, “მანქანა” და არა “პიპია”, “ძაღლი” და არა “აუა”, “კანფეტი” და არა “კაკა”.

ერიდეთ საუბრისას დაშვებულ შეცდომებზე გამუდმებით მითითებას – ბუნებრივია, მცირეწლოვანი ბავშვი ყველა სიტყვას სწორად ვერ წარმოთქვამს. მშვიდად შესთავაზეთ სწორი ფორმა.

ეცადეთ შეუქმნათ მეტყველების განვითარების მასტიმულირებელი გარემო, რომელშიც ბავშვს თავად გაუჩნდება სურვილი, ჩაებას საუბარში, უპასუხოს კითხვებს ან მოგბაძოთ და თქვენთან ერთად გაიმეოროს. როდესაც პატარა გელაპარაკებათ, ყურადღებით მოუსმინეთ, ეცადეთ, წაახალისოთ ლაპარაკის მცდელობა.

ესაუბრეთ ბავშვს მოკლე და გასაგები წინადადებებით, ამა თუ იმ საგნის დასახელებისას კი მიუთითეთ მასაზე. ნუ ასწავლით იმ სიტყვის წარმოთქმას, რომლის მნიშვნელობაც არ ესმის და ვერც გაიგებს, სანამ ამ სიტყვით აღნიშნულ საგანს არ დაინახავს. თუ ბავშვს რომელიმე სიტყვის დამახსოვრება უჭირს ან არასწორად წარმოთქვამს მას, რამდენიმეჯერ გამეორებას ნუ დაიზარებთ.

მეტყველების განვითარების ადრეულ საფეხურებზე ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი და სხვა სმარტ მოწყობილობები უარყოფითი გავლენას ახდენს ბავშვზე. სასურველია, სამ წლამდე მაქსიმალურად მოვარიდოთ მათ. ამის საპირწონედ, ძალიან სასარგებლოა წიგნების წაკითხვა, ნახატების თვალიერება, ხატვა და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოების შესრულება, გაფერადება, ძერწვა, მოზაიკის აწყობა.

ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ და აღწერეთ სიუჟეტური ნახატები, წიგნის ილუსტრაციები. მოკლე და მკაფიო წინადადებებით გადმოეცით ამბავი. სურათის აღწერისას თავდაპირველად ყურადღება გაამახვილეთ არსებით სახელებსა და მოქმედებებზე – ვინ ხატია (ჩამოთვლა) და რას აკეთებს. მოგვიანებით შეიძლება ყურადღების გამახვილება ქცევასა და მის მოტივებზეც. მაგალითად: როგორია ნახატზე გამოსახული ადამიანი? რას ფიქრობს? რა არის მის გარშემო? მანქანა უფრო დიდი ჩანს თუ ადამიანი? არის თუ არა ნახატზე სხვა ცოცხალი არსება? – და ა.შ.

 

ნინო ლომიძე

 

 

გააზიარე: