ფოლიუმის მჟავა ყველა ორსულს
გააზიარე:
ორსულობის დროს ყოველგვარი მედიკამენტისა თუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვამრთებს. თითებზე ჩამოსათვლელია წამლები, რომლებიც ორსულისთვის სრულიად უსაფრთხოა და რომელთა მიღებაც ექიმთან კონსულტაციის გარეშეც შეიძლება. დღეს მთელი სამედიცინო სამყარო ორსულობის დემედიკალიზაციას ცდილობს, რაც ამ პერიოდში მედიკამენტების მინიმუმდე დაყვანას და მათი მხოლოდ გადაუჭრელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებას გულისხმობს. ამ წესს მხოლოდ ერთი გამონაკლისი აქვს – ფოლიუმის მჟავა, რომლის მიღებაც ყველა (!) ორსულისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მაინც რა სარგებლობა მოაქვს ფოლიუმის მჟავას?
ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9, წყალში ხსნადი ნივთიერებაა. ის აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ფოლიუმის მჟავა პასუხს აგებს დნმ-ს სინთეზზე, უჯრედების ზრდასა და დაყოფაზე, ერითროციტების წარმოებაზე და სხვა. ზემოთქმულის კვალობაზე, მისი დეფიციტი ორგანიზმს ძვირი უჯდება: იმატებს ნერვული მილის მძიმე დეფექტების, ანენცეფალიისა (თავის ტვინის განუვითარებლობა) და გულის ზოგიერთი მანკის განვითარების ალბათობა. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სწორედ ფოლიუმის მჟავა ამცირებს 50-70%-ით ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს.
მუდმივი მზადყოფნა
ფოლიუმის მჟავა ორსულობის დადგენისთანავე ენიშნება, მაგრამ ეს არ კმარა. ნერვული მილის დეფექტები მუცლად ყოფნის პირველი 28 დღის განმავლობაში ვითარდება, ხშირად – მანამდე, სანამ გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, ამიტომ ექსპერტები მისი მიღებისკენ მოუწოდებენ რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალს და არამხოლოდ მათ, ვინც ორსულობას გეგმავს ან უკვე ორსულადაა. მით უმეტეს, ორსულობა ხშირად დაუგეგმავად დგება. მაგალითად, 2010 წელს საქართველოში ასეთი იყო ორსულობათა 36%, 2005 წელს კი იგივე მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა. ისეთ განვითარებულ ქვეყანშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ორსულობათა ნახევარი დაუგეგმავია. ასე რომ, ქალის ორგანიზმი ამ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის მუდამ მზად უნდა იყოს და ყველა პოტენციური დედა დღეში 400 მკგ ფოლიუმის მჟავას იღებდეს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით კი ამ ვიტამინის მიღება დაორსულებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა დავიწყოთ. დაორსულების შემდეგ ფოლიუმის მჟავას რეკომენდებული დღიური დოზა 600 მკგ-ია. ეს ჩვენს შვილს არაერთი მძიმე თანდაყოლილი დაავადებისგან დააზღვევს.
თუ ქალს უკვე ჰყავს ნერვული ღეროს დეფექტის მქონე შვილი, შედარებით მაღალია რისკი, ასეთი პათოლოგია მომდევნოსაც განუვითარდეს. ამ შემთხვევაში ვიტამინის პროფილაქტიკური მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა, გეგმავთ თუ არა დაორსულებას, ორსულობის დროს რეკომენდებული დოზა კი იზრდება. ზუსტად მას მკურნალი ექიმი შეგირჩევთ.
სად ვიპოვოთ?
ფოლიუმის მჟავას ერთადერთი წყარო მისი პრეპარატი არ გახლავთ – ის შედის როგორც მცენარეული, ისე ცხოველური პროდუქტების შემადგენლობაშიც. ფოლიუმის მჟავა თერმოლაბილურია – თერმული დამუშავებისას ფოლატების 50% იშლება. მაშასადამე, მისი დეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც არ იღებენ ხორცს, ბოსტნეულს კი თერმულად დიდხანს ამუშავებენ.
ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათა, მწვანე სოია, ორხახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი.
როცა ბალანსირებულად ვიკვებებით, დანამატის სახით ფოლიუმის მჟავას მიღება მაშინაც აუცილებელია?
საქმე ის გახლავთ, რომ ძნელია ისეთი დიეტის დაცვა, რომელიც ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებით სრულყოფილად მოამარაგებს ორგანიზმს, ორსულობისას კი ზოგიერთ მათგანზე მოთხოვნა იზრდება და კვების საშუალებით მათი სათანადო მარაგის დაგროვება კიდევ უფრო რთულდება, თანაც სინთეზურ ფოლიუმის მჟავას ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე საკვების მეშვეობით მიღებულს.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იმდენად სერიოზულ პრობლემებს იწვევს, უმჯობესია, არ გარისკოთ და ყოველდღე ერთი პატარა ტაბლეტი გადაყლაპოთ. ეს არც ფინანსურად დაგაზარალებთ (პრეპარატი ძალიან იაფია) და არც ფიზიკურ დისკომფორტს შეგიქმნით.
როგორ მივხვდეთ, რომ გვაკლია?
ფოლიუმის მჟავას დეფიციტი მხოლოდ ნაყოფს არ უქადის საფრთხეს – ეს უკმარისობის ყველაზე საშიში მხარეა და ამიტომაც ვამახვილებთ მასზე ყურადღებას, თორემ არც სიცოცხლის სხვა პერიოდშია უვნებელი. მართალია, ნერვული მილი მოზრდილებს უკვე კარგად გვაქვს განვითარებული და სპინა ბიფიდა არ გვემუქრება, მაგრამ თუ ვიტამინი B9 სათანადო რაოდენობით არ მივიღეთ, ანემიას ვერ გადავურჩებით.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის ნიშნებია უმადობა, წონის კლება, სისუსტე, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, ენის ტკივილი, გულის რიტმის დარღვევა, გაღიზიანებადობა, გულმავიწყობა, დიარეა. თუ ამ სიმპტომებმა რეპროდუქციულ ასაკში იჩინა თავი, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ სათანადო ზომები.
ორსულობისას ფოლიუმის მჟავას დეფიციტი მათაც კი უვითარდებათ, ვინც დაორსულებამდე არაფერს უჩიოდა. მით უმეტეს დიდია გართულებების ალბათობა, თუ დაორსულებამდე უკვე გქონდათ ამ ვიტამინის ნაკლოვანება.
ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება საჭიროა ისეთი მდგომარეობების დროსაც, როგორებიცაა ალცჰაიმერის დაავადება, სმენის ან მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება, ოსტეოპოროზი, ძილის დარღვევა, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი და სხვა.
სპინა ბიფიდა
ორსულობისას ფოლიუმის მჟავას დეფიციტის ყველაზე ხშირი და ვერაგი გამოვლინება სპინა ბიფიდაა.
მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ზურგის ტვინი ნერვების კონაა, რომელიც ზურგის შუაგულში გადის. მას გარედან ხერხემალი იცავს. ზურგის ტვინი ნერვულ იმპულსებს თავის ტვინისკენ ატარებს, ზოგ შემთხვევაში კი რეფლექსი ზურგის ტვინშივე იკვრება. ალბათ, აშკარაა ზურგის ტვინის გამართული ფუნქციობის უდიდესი მნიშვნელობა.
ნერვული მილი “მოღვაწეობას” იწყებს როგორც პატარა, წვრილი ლენტი, რომელიც თანდათან მილად გარდაიქმნება და საბოლოოდ ზურგისა და თავის ტვინს აძლევს დასაბამს. თუ ეს მილი ბოლომდე არ დაიხურა, ვითარდება სპინა ბიფიდა – ერთგვარი თიაქარი, როდესაც ხერხემალი ვერ ფარავს ზურგის ტვინს. დაავადება გავლენას ახდენს თავის ტვინის, ხერხემლის, ზურგის ტვინისა და ტვინის გარსების განვითარებაზე. ეს ის გარსებია, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინს გარედან აკრავს. პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ადგილას ხერხემლის მთელ სიგრძეზე. მისი უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ მას ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. ამიტომ ენიჭება ესოდენ დიდი მნიშვნელობა ორსულობისას ამ ვიტამინის მიღებას.
სიმპტომები ვარიაბელურია. ბავშვების უმეტესობას ნორმალური ინტელექტი აქვს, თუმცა არცთუ იშვიათად სჭირდებათ დამხმარე საშუალებები – ყავარჯენი, ინვალიდის ეტლი და სხვა. ზოგიერთს უჭირს დასწავლა, დარღვეული აქვს შარდვა და ნაწლავის მოქმედება. არც ჰიდროცეფალია – თავის ტვინში სითხის დაგროვებაა გამორიცხული.
განასხვავებენ სპინა ბიფიდას 4 ფორმას:
* ფარული სპინა ბიფიდა. ეს მარტივი ფორმაა და იშვიათად იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. ხერხემლის დეფექტი მცირეა. ზურგის ტვინი და ნერვები ადგილზე რჩება და, როგორც წესი, საღია. დეფექტის მიდამოში ზოგჯერ ჩნდება უჩვეულო თმიანობა, მუქი ლაქა ან ღრმული. თუ ბავშვს ასეთი რამ შეატყვეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
* დახურული სპინა ბიფიდა. ამ დროს ზურგის ტვინის ირგვლივ ცხიმოვანი ქსოვილი და ძვლები სწორად არ ვითარდება. ეს ზურგის ტვინის ნერვების დაზიანებას იწვევს. თუმცა ხდება ისეც, რომ დახურული დეფექტი კლინიკურად არ მჟღავნდება. ზოგ ბავშვს შესაძლოა შარდის ბუშტისა და ნაწლავის პრობლემები ჰქონდეს.
* მენინგოცელე. ეს დაავადების იშვიათი ფორმაა. ამ დროს ხვრელიდან ტვინის გარსები გამოდის. წარმოიქმნება ერთგვარი ტომარა, რომელიც სითხით არის სავსე. მენინგოცელეს ქირურგიულად აშორებენ.
* მიელომენინგოცელე, იგივე ღია სპინა ბიფიდა. ეს ყველაზე მძიმე და, სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს გარსებთან ერთად ხერხემლიდან გამოდის ზურგის ტვინიც, რის გამოც თავად ტვინიც ზიანდება და ახლომდებარე ნერვებიც. მიელომენინგოცელეს შეუძლია გამოიწვიოს დამბლა – სხეულის ნაწილების მოძრაობის უუნარობა – და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები. ამ დაავადების მქონე ბავშვებს ქირურგიული ჩარევა მუცლად ყოფნის პერიოდშივე ანაც სიცოცხლის პირველსავე დღეებში სჭირდებათ. ქირურგი ზურგის ტვინსა და ნერვებს ძველ ადგილას დააბრუნებს და მათ კუნთებითა და კანით დაფარავს. ეს ხელს შეუშლის ტვინისა და ნერვების შემდგომ დაზიანებას და ინფექციების განვითარებას შეაფერხებს, მაგრამ უკვე მომხდარ დარღვევებს, სამწუხაროდ, ვერ აღკვეთს – ბავშვი შესაძლოა უნარშეზღუდული დარჩეს.
დიაგნოსტიკა
ზურგის ტვინის თიაქრის დიაგნოსტიკა სისხლში ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრით ხდება. თუ მისი რაოდენობა მომატებულია, მაღალია პათოლოგიის განვითარების რისკი. გამოკვლევა ორსულობის მე-15-20 კვირას ტარდება. ამავე პერიოდში კეთდება ამნიოცენტეზი, რომლის დროსაც გამოსაკვლევად უშუალოდ სანაყოფე სითხეს იღებენ. დაავადების გამოვლენა ექსოკოპიური კვლევითაცაა შესაძლებელი, თუმცა ხდება ისეც, რომ ორსულობისას პათოლოგია არ ჩანს და მშობიარობის შემდეგღა იჩენს თავს.
პრობლემის მასშტაბი
2009 წელს საქართველოში ჩატარებულმა ნუტრიციის ეროვნულმა კვლევამ 15-დან 49 წლამდე ასაკის არაორსული ქალების 36.6%-ს ფოლიუმის მჟავას დეფიციტი აღმოუჩინა. უფრო ახალი სტატისტიკური მონაცემები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.
აშშ-ში ნერვული მილის დეფექტით ყოველწლიურად 1500-2000 ბავშვი იბადება. 2008-2012 წლებში საქართველოში ჰიდროცეფალიისა და ზურგის ტვინის თანდაყოლილი თიაქრის დიაგნოზით სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 36 ბენეფიციარი იყო. 14 მათგანი ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობს, 1 რეინტეგრირდა, 21 გარდაიცვალა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შესამცირებლად აშშ-ში ზოგიერთ პროდუქტს: პურს, მაკარონს, ბრინჯს, ბურღულის საუზმეს, – ამ ვიტამინით ამდიდრებენ. იგივე პრაქტიკა არაერთ სხვა ქვეყანაშიცაა დანერგილი. ამჟამად ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია მსოფლიოს 61 ქვეყანაში მიმდინარეობს. აქედან 55 პროდუქტს რკინითა და ფოლიუმით ამდიდრებს, 5 – მხოლოდ რკინით და მხოლოდ 1 – ფოლიუმის მჟავათი.
საქართველოშიც იყო პურის ფორტიფიკაციის მცდელობა, თუმცა ამ საკითხს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. ისინი ფოლიუმის მჟავას აუცილებლობაზე არ დავობდნენ – აზრთა სხვადასხვაობა თავად ფორტიფიცირების პროცესმა გამოიწვია (ექიმებისა და მეცნიერების ერთი ნაწილის აზრით, აღნიშნული ტექნოლოგია გარანტიას არ იძლეოდა, რომ ტემპერატურული რეჟიმისა თუ კლიმატის ცვალებადობა პურში ფოლიუმის მჟავას შემცველობაზე გავლენას არ მოახდენდა). სადავო გახდა ის საკითხიც, რამდენად აქტუალურია ანემიის პრობლემა საქართველოში და რამდენად საჭიროა ამგვარი ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, როდესაც შესაძლებელია, მიზნობრივ ჯგუფებს ანუ მათ, ვისაც ანემიის ნიშნები აქვთ, კონკრეტული მედიკამენტის სახით მიეცეთ ფოლიუმის მჟავა თუ სხვა აუცილებელი კომპონენტები. დასასრულ, გადაწყდა, რომ ჩატარდება მასშტაბური კვლევა, რომელიც ანემიისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის გავრცელების მასშტაბს გამოავლენს. შემდგომი ნაბიჯები კვლევის მონაცემების მიხედვით დაიგეგმება.
ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია: ძალზე მძიმე შედეგებისგან ზოგჯერ ძალზე მარტივი საშუალებები გვიცავს. ასეა ამ შემთხვევაშიც, ამიტომ ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესრულებისკენ ყველა ქალს მოვუწოდებთ.
გვანცა გოგოლაძე