მოზარდი გოგონების პრობლემები

გააზიარე:

 

როგორც ჩანს, მოდა მართლაც იცვლება. აქამდე პოდიუმზე გაძვალტყავებული მანეკენები დააბიჯებდნენ, ამჟამად კი მკერდსავსე და, საზოგადოდ, ჯანსაღი შესახედაობის ქალები ფასობენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ იტალიური მოდის მესვეურები, რომლებმაც 2006 წელს მანიფესტიც კი გამოსცეს, რომელიც პოდიუმზე უზომოდ გამხდარი ლამაზმანების ხეტიალს კრძალავს. ამავე დოკუმენტის თანახმად, მოდელად მუშაობაზე უარის თქმა მოუწევს ყველა მოზარდ გოგონას, რომელსაც 16 წელი ჯერ არ შესრულებია. მანიფესტის ავტორები ამ აკრძალვას იმით ხსნიან, რომ მოზარდ გოგონას, რომლის ორგანიზმიც ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე მცდარი შეხედულება არამც და არამც არ უნდა შეექმნას.

როგორც იტალიური მოდის წარმომადგენლები და “ჯანმრთელი სილამაზის სტანდარტების” მომხრეები აღნიშნავენ, პოდიუმზე ფეხს ვერ დადგამენ გოგონები, რომელთა ასაკი და წონა სტანდარტებს არ შეესაბამება. 

ასაკზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება “ჯანმრთელ გარეგნობას”, მის კრიტერიუმად მასის ინდექსი იქნა მიჩნეული. ეს არის რიცხვი, რომელიც წონისა და სიმაღლის თანაფარდობის კვადრატს გამოხატავს. საქმეში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ჩაერთო – მისი რეკომენდაციით, ინდექსი, რომლის მნიშვნელობა 18,5-ზე ნაკლებია, კახექსიისა და გამოფიტვის მაჩვენებელია.

როდესაც მოზარდი გოგონები 90/60/90-სკენ მიისწრაფვიან, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც 12-13 წლის გოგონა მკაცრ დიეტას იმისთვის იცავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში იოლად დაითვალოს საკუთარი ნეკნები, სრულიად მიუღებელია. პრანჭიკელა თინეიჯერების ამგვარ საქციელს ნეგატიურად აფასებენ არა მარტო უმაღლესი მოდის წარმომადგენლები, არამედ ექიმები და ფსიქოლოგები. მეტისმეტი შიმშილი სასურველი ფიგურის მისაღწევად მხოლოდ ჯანმრთელობას კი არა, ფსიქიკასაც ვნებს.

სპეციალისტებმა წონის კლებისკენ ავადმყოფურ სწრაფვას სახელიც კი შეარქვეს: ნერვული ანორექსია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის თანახმად ეს პათოლოგია უმეტესად თინეიჯერ გოგონებს შორის იჩენს თავს, შეიძლება, გაცილებით უფროსი ასაკის ქალბატონსაც – მეტად იშვიათად, მაგრამ მაინც – განუვითარდეს.

დაავადებას, რომელსაც მოზარდი გოგონების სენადაც მოიხსენიებენ, მადის დაქვეითება ახასიათებს. ქალიშვილი უარს ამბობს კერძებსა თუ ტკბილეულზე, რომელთაც აქამდე სიამოვნებით მიირთმევდა. თუკი მშობლებმა მხარი არ დაუჭირეს, უჭმელობის გამო დატუქსეს და დაჟინებით მოსთხოვეს ულუფის დამთავრება, გოგონა ხრიკს მიმართავს: დარჩენილ საკვებს მალავს და შემდეგ ნაგავში გადაუძახებს ან ქვაბშივე ჩააბრუნებს. ხდება ისეც, რომ განმარტოებული მოზარდი ხელოვნურად იწვევს პირღებინებას. გარდა ამისა, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს, იღებს საფაღარათო საშუალებებს. შედეგიც, რაღა თქმა უნდა, არ აყოვნებს – თინეიჯერი წონას შესამჩნევად იკლებს, მაგრამ ნერვული ანორექსიის მთავარი ნიშანი ის გახლავთ, რომ გოგონა შედეგით არასოდეს არის კმაყოფილი.

ანორექსია, გარდა იმისა, რომ ოდესღაც მშვენიერ გოგონას ძვლად და ტყავად აქცევს, სერიოზულ დარღვევებსაც იწვევს. მაგალითად, მენსტრუაციული ციკლის მოშლას, მუდმივად დაბალ არტერიულ წნევას, ყაბზობას და, რაც მეტად შესამჩნევია ოჯახის წევრებისთვის – ხასიათის ცვლილებას: გოგონა ადრინდელზე გაცილებით აგრესიული ხდება.

ნერვულ ანორექსიას უთუოდ სჭირდება მკურნალობა. პირველი ნაბიჯი კვების მოწესრიგებაა. ანორექსიით შეპყრობილი მოზარდის დაყოლიება ჭამოს, ძნელია, მაგრამ არც მშობლებმა და არც ექიმმა ცდა არ უნდა დააკლონ, უნდა აუხსნან, რა საფრთხე ემუქრება მის ჯანმრთელობას, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალდატანებით ვერას გახდებით. დედ-მამის აგრესია მოზარდ გოგონას კიდევ უფრო გააღიზიანებს და მათ ჯიბრზე შეიძლება სრულებით შეწყვიტოს ჭამა. ხშირად საუკეთესო გამოსავალი ფსიქოთერაპიაა. სპეციალისტი შეეცდება გაარკვიოს მოტივაცია – მიზეზი, რამაც გოგონას შიმშილობისკენ უბიძგა. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ბანალურია: ქალიშვილი ცდილობს, მიბაძოს მეგობარს, რომელიც “ძვალი და ტყავია” ან, უბრალოდ, მოდას არის აყოლილი. ასეთი მოზარდები ცდილობენ, უმკაცრესი დიეტის საშუალებით სიმტკიცე და  ნებისყოფა გამოიმუშაონ. ფსიქოთერაპიის წყალობით ქალიშვილს უბრუნდება საკუთარი თავის რწმენა, უჩნდება განკურნების, შესაბამისად, ჭამის  სურვილი. ასე რომ მოხდეს, ურჩმა მოზარდმა ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს შიმშილობის მავნებლობის შესახებ.

მაია ჯანყარაშვილი

გააზიარე: