ძველებურად ვეღარ ხედავთ? ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია

გააზიარე:

ასაკთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში უამრავი რამ იცვლება. სიბერის თანმხლები პროცესები ჩვენს გარეგნობასა და უნარებზეც ახდენს გავლენას – ვჭაღარავდებით, გვიჩნდება ნაოჭები, თვალთ გვაკლდება... თუმცა, ვგონებ, ეს უკანასკნელი სულაც არ უნდა იყოს სიბერის გარდაუვალი შედეგი – ისეთ მოხუცებსაც ვიცნობ, ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ რომ უჭრით თვალი. ვინც განგებას ასეთი მხედველობით არ დაუჯილდოებია, სათვალით გადის ფონს. თუმცა ზოგიერთს არც სათვალე შველის, არც წამალი და აღარც ოპერაცია. ასეა, მაგალითად, ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის დროს. მაშ, სად არის გამოსავალი? ამის გასაგებად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორს, ოფთალმოლოგ ნინო კარანაძეს ვეწვიეთ. ვფიქრობ, ქალბატონი ნინოს რჩევები ხანში შესულებთან ერთად ახალგაზრდებსაც დააინტერესებს – ადრე თუ გვიან ხომ ყველა დავბერდებით...

  • – ქალბატონო ნინო, რას წარმოადგენს ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია?

– ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ცენტრალური მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან დაკარგვა სდევს თან. გვერდითი ანუ პერიფერიული მხედველობა ამ დროს არ ზიანდება. დაავადება უმთავრესად 50 წელზე უფროს ასაკში გვხვდება, 75 წლისთვის კი მისი სიმპტომები მოსახლეობის მესამედს აღენიშნება.

  • – რა სიმპტომებია ეს?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ დროს უარესდება ცენტრალური მხედველობა. ყვითელი ხალი თვალის ბადურა გარსის ცენტრალური ნაწილია, რომელიც პასუხს აგებს მხედველობის სიმახვილეზე. თავდაპირველად პაციენტს ეჩვენება, რომ ირგვლივ ყველაფერი დანისლულია, საგნები – გადღაბნილი, კონტურები – დაბრეცილი, დაავადებული თვალი გამოსახულებას შემცირებულად ან, პირიქით, გადიდებულად აღიქვამს, უარესდება ფერების აღქმაც. ყვითელი ხალის ასაკობრივ დეგენერაციას ფიზიკური ტკივილი არ ახლავს თან, თუმცა ის ხელს გვიშლის კითხვაში, მანქანის ტარებაში, კერვაში...
განასხვავებენ დაავადების ორ ძირითად ფორმას – მშრალსა და სველს. ასიდან 90 შემთხვევა მშრალია. ეს ფორმა შედარებით მსუბუქია. ამ დროს ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედები თანდათან ზიანდება, რასაც მოჰყვება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. სველი ფორმა შედარებით იშვიათია და რთულად მიმდინარეობს. ამ დროს ბადურა გარსის ცენტრალურ უბანში ახალი სისხლძარღვები იზრდება. ეს სისხლძარღვები ჩვეულებრივი კაპილარებისგან განსხვავდება – მათგან სითხე და სისხლი ჟონავს, ამიტომ ყვითელ ხალში წარმოიქმნება სისხლჩაქცევები და შეშუპებული უბნები, რომლებიც მოგვიანებით ნაწიბუროვან ქსოვილად გარდაიქმნება და მხედველობის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.

  • – რისი ბრალია ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია?

– უშუალო მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მიიჩნევენ, რომ ეს არის ასაკობრივი, დაბერებითი პროცესებით გამოწვეული პრობლემა, რომ მისი მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი ასაკია. საუბრობენ გენეტიკურ განწყობაზეც. სამწუხაროდ, ორივე ფაქტორი, ასაკიცა და გენეტიკაც, უმართავია. არსებობს რისკის დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ამწვავებს და ხელს უწყობს ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის მიმდინარეობას. ესენია თამბაქოს წევა, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა სისხლში, ჭარბი წონა, მზის სხივებით ჭარბი ინსოლაცია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, გენმოდიფიცირებული და ვიტამინებით ღარიბი საკვები. არსებობს მოსაზრება, რომ რისკი იმატებს იმ ქალებთანაც, რომლებსაც ნაადრევად დაეწყოთ მენოპაუზა.

  • – როგორ შეიძლება ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის თავიდან აცილება?

– დაავადების ზოგიერთ რისკფაქტორზე – ასაკზე, სქესზე, გენეტიკურ განწყობაზე – ზემოქმედება შეუძლებელია, დანარჩენი ფაქტორების მართვა კი ჩვენს ხელთაა და სწორედ ამ გზით გახლავთ შესაძლებელი დაავადების პროგრესირების შეჩერება. პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, თავი დაანებონ მოწევას, აკონტროლონ არტერიული წნევა, ერიდონ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. აუცილებელია საკვები რაციონის გამდიდრება წყლით, მიკროელემენტებითა და ისეთი ნივთიერებებით, როგორებიცაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, კაროტინოიდები (ზეაქსანტინი და ლუთეინი). ყველა ამ ნივთიერებით განსაკუთრებით მდიდარია თევზი, კენკრა, მწვანე და ყვითელი ხილი და ბოსტნეული.

  • – თუ ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია მაინც განვითარდა, როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს? 

– ყვითელი ხალის ასაკობრივ დეგენერაციას მხედველობის თანდათანობითი და უმტკივნეულო გაუარესება ახასიათებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სიმპტომებს: მხედველობის დაბინდვა, გამოსახულების გადღაბნა, კონტურების დაბრეცა, საგნების გადიდება ან შემცირება, ფერების აღქმის გაუარესება. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. დაავადების როგორც საწყის, ასევე მომდევნო ეტაპებზე აუცილებელია თვითკონტროლი, რაც სრულიადაც არ არის ძნელი: პაციენტმა შინ უნდა იქონიოს ე.წ. ამსლერის ბადე –თეთრი კვადრატი სწორი შავი ზოლებით – და დროდადრო სათითაოდ, ხელის მიფარებით შეიმოწმოს მხედველობა ორივე თვალში.
ამსლერის ბადის საშუალებით მხედველობის შემოწმება შემდეგნაირად ხდება:

• მოათავსეთ ბადე თვალებიდან 35 სმ-ზე;
• ცალ თვალზე აიფარეთ ხელი.
• გახელილი თვალით უყურეთ ბადის ცენტრალურ შავ წერტილს.
• ცენტრალური წერტილის ცქერის პარალელურად დააკვირდით, შავი ზოლები სწორია თუ დატალღული და გადღაბნილი.
• ამგვარადვე შეიმოწმეთ მეორე თვალიც.
თუ ამსლერის ბადის რომელიმე არე სახეშეცვლილი, გადღაბნილი მოგეჩვენათ, მიმართეთ ოფთალმოლოგს.
ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია ზოგჯერ ცალ თვალში ვითარდება, ზოგჯერ – ორივეში. როდესაც მხოლოდ ცალი თვალია დაზიანებული, პაციენტმა შესაძლოა ერთხანს ვერც კი შეამჩნიოს მხედველობის გაუარესება, რადგან ნაკლს მეორე თვალი აკომპენსირებს. ამიტომაც არის აუცილებელი ტესტის ორივე თვალზე ჩატარება.

  • – როგორ სვამენ ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის დიაგნოზსს და როგორ მკურნალობენ?

– თვალის ფსკერის დათვალიერებისას ჩანს ამ დაავადების არსებობის მანიშნებელი ცვლილებები, რომლებსაც შემდეგ OCT – ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია დაადასტურებს. ეს არაინვაზიური მეთოდია. ზოგჯერ ვიყენებთ ფლუორესცენტულ ანგიოგრაფიასაც. ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობის ეფექტური საშუალება დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არსებობს, ამიტომ უპირატესობა ისევ და ისევ პრევენციას ენიჭება. შემუშავებულია სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსები A, C და E ვიტამინების, თუთიისა და სპილენძის შემცველობით, გამდიდრებული ზეაქსანთინითა და ლუთეინით. მათი ხანგრძლივი მიღება დაახლოებით 25%-ით ანელებს დაავადების პროგრესს. ამგვარი პრეპარატები მრავლადაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზეც. დაავადების სველ ფორმას ოპერაციულადაც მკურნალობენ – ლაზერული სხივებით აცილებენ დაზიანებული სისხლძარღვებს, თუმცა ეს მეთოდი არცთუ ეფექტურია – მხედველობას ის ვერ აღადგენს, თანაც რამდენიმე წელიწადში ახალი სისხლძარღვები ხელახლა წარმოიქმნება და პროცედურის გამეორება ხდება საჭირო. მართალია, პაციენტების დიდი უმრავლესობა განკურნებას არ ექვემდებარება, მაგრამ ისინი არ ბრმავდებიან, პერიფერიულ მხედველობას ინარჩუნებენ, სპეციალურ სარეაბილიტაციო კურსებზე კი მათ ასწავლიან, როგორ გამოიყენონ თავიანთი მხედველობა მაქსიმალურად. ამ უნარ-ჩვევების წყალობით ისინი კვლავაც დატკბებიან სიცოცხლით. გახსოვდეთ: ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის შენელება შესაძლებელია, ამის მთავარი პირობა კი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობის დროული დაწყება და მონიტორინგია.
თამარ არქანია

გააზიარე: