არასოდეს არის გვიან

გააზიარე:

 

თამბაქოს მავნებლობაზე დღეს უკვე აღარავინ დავობს. ნებისმიერი მწეველი დაგეთანხმებათ, რომ თამბაქო მავნებელია, მაგრამ რას ქნას – წევა სიყმაწვილეში დაიწყო, როცა არც ჭკუა მოეკითხებოდა და არც მომავალზე ფიქრობდა, დღეს კი თამბაქოს მის ცხოვრებაში ისე მყარად აქვს მოკიდებული ფეხი, ისეთი მტკიცე ჯაჭვით დაუბორკავს, რომ გაწყვეტა შეუძლებელია. ანდა რა აზრი აქვს – ორგანიზმი ხომ ერთხელ და სამუდამოდ დაბინძურებულია შხამით, ჯანმრთელობას ხომ ვეღარაფერი დაუბრუნებს.

თითქოსდა ლოგიკური მსჯელობაა, მაგრამ საფუძველშივე არასწორი. მნიშვნელობა აქვს ყოველ დღეს. ყოველი მოწეული ღერი სიკვდილს უფრო მეტად გაახლოვებთ, თავის დანებება კი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და მოწევის რა ხანგრძლივი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, რისკს მაინც შეამცირებს. ცხადია, სხვადასხვა ხარისხით – რაც უფრო გვიან, მით უფრო ნაკლებად. 

    დამტკიცებულია, რომ:

*ყოფილი მწეველები მოქმედებზე მეტხანს ცოცხლობენ. ასე მაგალითად, თუ მოწევას 50 წლამდე დაანებებთ თავს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი მათზე 1,5-ჯერ ნაკლები გექნებათ, ვინც მოწევას განაგრძობს.

*თავის დანებება ამცირებს გულის დაავადების, კიბოს, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული დაავადების განვითარების საფრთხეს.

*ქალებს, რომლებმაც თამბაქოს წევას დაორსულებამდე ანდა ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დაანებეს თავი, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა თითქმის ისევე მცირე აქვთ, როგორიც არამწეველებს.

მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და გამოთვალეს, როგორი თანმიმდევრობით თავისუფლდება ორგანიზმი წლობით ნაგროვები შხამისგან.

თავის დანებებიდან 20 წუთის შემდეგ: გულისცემის სიხშირე ნორმას უბრუნდება.

12 საათის შემდეგ: სისხლში ნახშირჟანგის დონე ნორმას უბრუნდება.

2-12 კვირის შემდეგ: სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.

1-9 თვის შემდეგ: ხველება და ქოშინი მცირდება. ჰაერგამტარი გზების ლორწოვანზე არსებული წამწამები ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს, გამოდევნის ლორწოს, ასუფთავებს ფილტვებს და ინფექციის რისკს ამცირებს.

1 წლის შემდეგ: გულის იშემიური დაავადების რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

5-15 წლის შემდეგ: ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორც არამწეველებში.

10 წლის შემდეგ: ფილტვის კიბოს რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

15 წლის შემდეგ: გულის იშემიური დაავადების რისკი არამწეველებისას უთანაბრდება.

 

ეკა ჩერქეზიშვილი

გააზიარე: