მოწევა კლავს – ნუ წავართმევთ შვილებს მომავალს!
გააზიარე:
დამეთანხმებით, შვილის ჯანმრთელობა ყოველი ჩვენგანისთვის უძვირფასესი რამაა. თუ დასჭირდა, მზად ვართ, მთელი ქონება, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი გავიღოთ მისთვის. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენვე ვუსპობთ შვილებს მომავალს, თანაც ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. დიახ, ვუსპობთ. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ ათასგვარი საშიში დაავადებისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნას, რომლებსაც მოწევა იწვევს? შესაძლოა, გაზვიადებად ჩაგვითვალოთ, მაგრამ ინტერვიუს გაცნობის შემდეგ, ვფიქრობ, თვალნათლივ დაინახავთ, რა დიდ დანაშაულს სჩადის მწეველი საზოგადოებისა და მომავლის წინაშე.
ჩვენი სტუმარია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჩხაიძე.
– საშიშია თუ არა ორსულობის დროს თამბაქოს წევა?
– ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დიახ, საშიშია, დიახ, კატეგორიულად იკრძალება და არა იმიტომ, რომ ამას მოითხოვს ცხოვრების ჯანსაღი წესი – აკრძალვა ეფუძნება უკანასკნელ წლებში ჩატარებულ მრავალ გამოკვლევას, რომელთა შედეგებიც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ორსულობის დროს თამბაქოს წევა უმძიმეს გავლენას ახდენს ნაყოფზე. ეს გავლენა ვრცელდება არა მხოლოდ სასუნთქ სისტემაზე, როგორც ხშირად ჰგონიათ, არამედ მთელ ორგანიზმზე.
– სახელდობრ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ნაყოფს მწეველმა დედამ?
– ზიანი, როგორც გითხარით, მრავალმხრივია. სასუნთქი სისტემის მხრივ გამოვყოფდი ორ დაავადებას – ბრონქულ ასთმას და მორეციდივე მსტვენ სუნთქვას. საქმე ის არის, რომ ბრონქული ასთმის დიაგნოზი მხოლოდ ხუთი-ექვსი წლიდან ისმება, მანამდე კი მსტვენი სუნთქვის ეპიზოდებზე ვლაპარაკობთ. ეს უკანასკნელი შინ მოსარჩენი ავადმყოფობა არ გახლავთ – შეტევითი ხველა, მსტვენი, გახშირებული სუნთქვა და ჰაერის უკმარისობით განპირობებული სიმპტომები, რომელთა ერთობლიობასაც რესპირაციულ დისტრესს ვუწოდებთ, სტაციონარულ მკურნალობას მოითხოვს. ექვსი წლიდან კი თამბაქოს გავლენა მანიფესტირდება ბრონქული ასთმით – მძიმე ქრონიკული დაავადებით, რომლისგან განკურნებაც დღევანდელ მედიცინას არ შეუძლია. ასე რომ, თუ ორსულობისას თამბაქოს ეწევით, შვილს ქრონიკული ავადმყოფობისთვის წირავთ.
გარდა ამისა, მწეველ ორსულებს ხშირად უჩნდებათ დღენაკლული შვილები, დღენაკლულობას კი, თავის მხრივ, მრავალი სირთულე ახლავს თან. მძიმე დღენაკლულობა სიცოცხლესაც კი უქადის საფრთხეს.
კიდევ ერთი უსიამოვნება, რომელიც ორსულობისას თამბაქოს წევას მოაქვს, მცირეწონიანი ახალშობილის დაბადებაა. ასეთ ახალშობილებთან გარდაცვალების რისკი წონის დეფიციტის პირდაპირპროპორციულად იმატებს.
თამბაქო შესაძლოა ჩვილის უეცარი სიკვდილის მიზეზადაც იქცეს. უეცარი სიკვდილი გახლავთ სინდრომი, როდესაც ჩვილი მოულოდნელად, ავადმყოფობის ყოველგვარი სიმპტომის გარეშე კვდება. ასეთი ბავშვების უმრავლესობას დედა მწეველი ჰყავს. თუ დედა ორსულობისას ეწევა, ამ სინდრომის განვითარების ალბათობა ძალიან დიდია; თუ მამაც მწეველია, კიდევ უფრო იმატებს.
ბევრს თამბაქო მხოლოდ ნიკოტინი ჰგონია. სინამდვილეში ის ათასობით მავნე ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის – კანცეროგენებსაც. რაც შეეხება ნიკოტინს, ორგანიზმში მისი მოხვედრისას სისხლძარღვები ვიწროვდება და ნაყოფი ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. სწორედ ამის შედეგია უმწიფრობა, ჰიპოტროფია და სხვა პრობლემებიც.
– რა ხდება როდესაც ბავშვი თავად ეწევა, დამოკიდებულია თუ არა თამბაქოს მავნე გავლენა მწეველის ასაკზე?
– თამბაქო უნივერსალური კილერია, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომლისთვისაც ის ნაკლებად საზიანო ან უვნებელი იყოს, მაგრამ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მოწევას, მით უფრო მძიმე შედეგს მივიღებთ, ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ, ექიმებმა, მშობლებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მოზარდები არ ეწეოდნენ. თავად განსაჯეთ – თავის ტვინით დაწყებული, ფეხის თითებით დამთავრებული, თამბაქო პრაქტიკულად მთელ ორგანიზმს ვნებს. სასუნთქი სისტემაზე მისი ზემოქმედება ყველაზე ხშირად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებითა და ბრონქული ასთმით გამოვლინდება, კანზე – ფსორიაზით, მხედველობის ორგანოებზე – კატარაქტით, ძვლებზე – ოსტეოპოროზითა და მოტეხილობებისადმი პათოლოგიური მიდრეკილებით, რეპროდუქციულ სისტემაზე – სპერმის რაოდენობის შემცირებით და შედეგად – უშვილობით, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე – წყლულოვანი დაავადებით. აღარაფერს ვამბობ ფილტვის, ლიმფური ჯირკვლების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების და სხვა ორგანოთა სიმსივნეებზე. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში თამბაქოს წევა ბავშვის სოციალურ ქცევაზეც ახდენს გავლენას. მწეველები გაცილებით ხშირად ხდებიან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები. სამწუხაროდ, ჩვენში ამ თემაზე პრაქტიკულად არ ლაპარაკობენ. მწეველ მოზარდებს შორის ხშირია სუიციდიც, ვინაიდან თამბაქოს წევა დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს (და არა პირიქით, როგორც ბევრს ჰგონია). ეს იმდენად უნივერსალური შხამია, არა მგონია, ვინმეს საიმისო რესურსი ჰქონდეს, რომ მას მთელი სიცოცხლე გაუძლოს, ხოლო ცნობილი “არგუმენტი”, ბებიაჩემი ას წლამდე ეწეოდაო, სწორედ ის გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს. იმდენი ეპიდემიოლოგიური კვლევა მოწმობს სიგარეტის მავნე გავლენას, რომ ამაზე საუბარი პრაქტიკულად ზედმეტია.
– რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
– მოზარდებსა და, საზოგადოდ, მოსახლეობაში თამბაქოს წევის გავრცელებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენში თამბაქოს წევას ძალიან მცირე ასაკიდან იწყებენ. თამბაქოს წევის ასეთი გავრცელება, ცხადია, ჯანმრთელობის პრობლემებით იჩენს თავს. მაგალითად, საქართველოში ძალიან დიდია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა სიხშირე. რატომ უნდა იყოს ასე? გეოგრაფიული მდებარეობა კარგი გვაქვს, არც ატმოსფეროა ძლიერ დაბინძურებული... ამ ყველაფრის უკან შესაძლოა სწორედ თამბაქოს წევის ეპიდემია იდგეს.
– მოარული აზრის თანახმად, ორსულობისას თამბაქოსთვის თავის დანებებას აზრი არ აქვს, მეტიც – შესაძლოა, აღკვეთის სინდრომმა უფრო ავნოს ნაყოფს, ვიდრე თავად თამბაქომ...
– თამბაქოსთვის თავის დანებების თაობაზე უამრავი მითი არსებობს. ბევრს უკითხავს: “უკვე წლებია, ვეწევი, აქვს კი თავის დანებებას აზრი?” მერწმუნეთ, როცა არ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს წევას, გვიან არასოდეს იქნება. სასურველ შედეგს ერთბაშად ვერ მიიღებთ – შესაძლოა, წლები დასჭირდეს, მაგრამ ძალისხმევა ამად ღირს. დადგენილია, რომ პირველივე დღეებიდან მოიკლებს სისხლში ნიკოტინის დონე, მოიმატებს ჟანგბადის რაოდენობა, მოწესრიგდება არტერიული წნევა; ხუთ წელიწადში 59%-ით შემცირდება ტვინში სისხლის ჩაქცევის რისკი, ათი წლის შემდეგ კი განახევრდება ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა.
თამბაქოსთვის თავის დანებების უამრავი მეთოდი არსებობს – ფსიქოლოგიური თერაპია, ჩანაცვლებითი თერაპია... მთავარია, გადაწყვიტოთ. მაგრამ ორსულებს დიდხანს ფიქრის უფლება არ აქვთ – თამბაქოს წევა ჩასახვის დღიდანვე ახდენს ნაყოფზე მავნე გავლენას. აქ ყოველი საათი გადამწყვეტია. ამასთან, მხოლოდ აქტიურ მწეველობას არ ეხება საქმე – თუ ოჯახის წვერები ორსულის თანდასწრებით ეწევიან, ნაყოფს იგივე საფრთხე ემუქრება.
– მეტად მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. პასიური მწეველობა ყველაზე აქტუალური ალბათ სწორედ მოზარდებთანაა...
– მართალი ბრძანდებით. თანაც არ დაგავიწყდეთ, პასიურ და აქტიურ მწეველობას შორის ნეგატიური გავლენის თვალსაზრისით თვისებრივი განსხვავება არ არის. პასიურ მწეველსაც, თუმცაღა ნაკლები ხარისხით, იგივე პრობლემები ემუქრება, რაც აქტიურს. მწეველთა გარემოცვაში ყოფნა არამწეველთა ჩაგვრაა, მათი უფლებების შელახვა, დისკრიმინაცია. ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, რაგინდ დიდი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს, მაგრამ სხვას?! სხვამ რა დააშავა?! მით უმეტეს, თუ ეს სხვა მისი შვილია! თბილისში თითებზე ჩამოსათვლელია კვების ობიექტები, სადაც არ ეწევიან, ხოლო ზამთრობით პასიური მწეველობის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, ვინაიდან ყველა შენობაში ეწევა თამბაქოს.
– ზოგჯერ მშობლები თავს იმით იმშვიდებენ, რომ შვილის თანდასწრებით არ ეწევიან...
– მწეველის ტანსაცმელი თამბაქოს კვამლითაა გაჟღენთილი, ბავშვისთვის კი ესეც საკმარისია. ასე რომ, დერეფანში თუ აივანზე მოწევა გამოსავალი არ არის.
ბავშვის თანდასწრებით თამბაქოს წევა იმითაცაა საშიში, რომ შესაძლოა, მასაც უბიძგოს მოწევისკენ. როგორ შეიძლება, მშობელი შვილს მოწვეას უკრძალავდეს და ამავე დროს თვითონ აბოლებდეს სიგარეტს?! თუ შინ ეწევიან, ბავშვზე ვერავითარი აკრძალვა, ვერავითარი შეგონება ვერ გაჭრის. სხვა გზა არ არის – თუ გსურთ, თქვენმა შვილმა არ მოწიოს, თავადაც უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს წევას. ცხოვრების ჯანსაღი წესი პირად მაგალითზე უნდა იყოს დაფუძნებული.
სამი წლის წინ გამოკვლევა ჩავატარეთ – ერთმანეთს შევადარეთ ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მწეველობის მაჩვენებლები. სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე-მეხუთეკურსელს, წესით, საკმაო წარმოდგენა უნდა ჰქონოდა სიგარეტის მავნე გავლენაზე, მაგრამ მწეველთა წილი ფაქტობრივად ერთნაირი აღმოჩნდა. ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მხოლოდ მოწევისთვის თავის დანებების მსურველთა რიცხვი – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ასეთი უფრო მეტი იყო. ექიმი, რომელიც ეწევა, ჩემი აზრით, სრული ნონსენსია. მწეველმა თავის დანებება გადაწყვიტოს, საკმარისია, ისეთ ექიმთან მოხვდეს, რომელიც სიგარეტით ხელში გამოუწერს დანიშნულებას, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს. არა მარტო ექიმები – მთლიანად საზოგადოება არ იძლევა ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითს. ამას წინათ აჩვენეს, როგორ ეწეოდა თამბაქოს ძალიან ცნობილი ორი ფეხბურთელი. ამის შემდეგ იმის ჩვენება, როგორ გააქვთ ამ ფეხბურთელებს გოლები, სიგარეტის ყველაზე დიდი რეკლამაა.
სანამ საზოგადოების თვალთახედვა არ შეიცვლება, ვერც ეს საკითხი მოგვარდება. ბოლო ხანს მრავალმა ქვეყანამ შეიცვალა დამოკიდებულება ამ კუთხით. ამის მაგალითია აეროპორტებში მწეველთათვის გამოყოფილი დახურული სივრცე, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, როგორ განსხვავდებიან მწეველები დანარჩენებისგან. მრავალ არხზე მხატვრული ფილმის დაწყებამდე გვაფრთხილებენ, რომ ამ ფილმში ეწევიან და იქვე შეგვახსენებენ, რომ მოწევა კლავს. ამასთან, კადრში სიგარეტი დაფარულია.
ერთი სიტყვით, სახელმწიფო, საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი ერთად უნდა ვეცადოთ ამ საშიში დამოკიდებულების დაძლევას, თორემ არაფერი გამოვა. შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესმაც შეგვიწყოს ხელი ამ პრობლემის მოგვარებაში.
დასასრულ, მინდა, მწეველებს მივმართო: ცხოვრების საუკეთესო წლებს იმაში ხარჯავთ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოთ ორგანიზმს, რაც შეიძლება მეტად შეიმოკლოთ სიცოცხლე და ასევე ექცევით თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც, თანაც ამაში უამრავ ფულს იხდით. დაფიქრდით! არ დაგავიწყდეთ, თამბაქოზე უარის თქმა არასოდეს არის გვიან.