ლეიკემია
გააზიარე:
არის დაავადებები, რომელთა გაგონებაც კი გვზარავს. მტერსაც არ ვუსურვებო, ვამბობთ მათზე. ეს პათოლოგიები ჩვენს თვალში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ერთ-ერთი მათგანია ლეიკემია, რომელსაც საზოგადოება უფრო მარტივი – სისხლის გათეთრების – სახელით იცნობს.
თანამედროვე მედიცინა გვაიმედებს, რომ დაინერგა მკურნალობის ახლებური ტექნოლოგიები, რომლებიც ლეიკემიით დაავადებულებს სიცოცხლეს საგრძნობლად უხანგრძლივებს, ხოლო ზოგჯერ კურნავს კიდეც.
მაინც რას გვთავაზობს მედიცინა? რამდენად ხშირია ლეიკემიით ავადობის მაჩვენებელი საქართველოში? რა ნიშნები მიუთითებს ამ ვერაგ პათოლოგიაზე? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს ექიმი ლია კარკაძე.
-რამდენად გავრცელებული პათოლოგიაა ლეიკემია?
– დავიწყებ იმით, რომ სიმსივნის მორფოლოგიური სუბსტრატის თავისებურებათა მიხედვით განასხვავებენ ლეიკემიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ლეიკემია ავთვისებიან სიმსივნეთა 3%-ს შეადგენს. მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში ყოველ 100000 მოსახლეზე 5 შემთხვევა აღინიშნება. ამათგან შემთხვევათა 75% მოზრდილებზე მოდის.
საქართველოში მწვავე ლეიკემიის გავრცელების მაჩვენებელი მოზრდილებში ყოველ 100000 მოსახლეზე 2,64 გახლავთ.
რაც შეეხება ქრონიკულ ფორმას, მისი გავრცელების მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 1,27-ია.
-მაინც, რა პათოლოგიაა ლეიკემია?
– ლეიკემია ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა. ზოგადად, სისხლი ძვლის ტვინში ღეროვანი ე.წ. დედა უჯრედებიდან წარმოიშობა. მას შემდეგ რაც განვითარების გარდამავალ ფორმებს გაივლის, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედები ყალიბდება. ლეიკემიის შემთხვევაში გარდამავალ ფაზაში რამდენიმე უჯრედი გადაგვარდება, რასაც მათი უკონტროლო გამრავლება მოყვება. შედეგად ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება სისხლის არასრულფასოვანი, სიმსივნური უჯრედები.
მწვავე ლეიკემიის დროს სუბსტრატი არადიფერენცირებული, ე.წ. ბლასტური უჯრედებით გახლავთ წარმოდგენილი. ქრონიკული ლეიკემიის დროს კი სუბსტრატი დიფერენცირებული (მწიფე) უჯრედებით არის წარმოდგენილი.
-რა ფაქტორები უწყობს ხელს ლეიკემიის ჩამოყალიბებას?
– ლეიკემიის გამომწვევი რისკის ფაქტორები შეიზლება იყოს: მაიონიზებელი რადიაცია, ქიმიური აგენტები, მაგალითად, ნავთობპროდუქტები (ზოგადად, ბენზოლის შემცველი ნივთიერებები), ასევე ვირუსული ინფექციები, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ა.შ.
-როგორც ცნობილია, მწვავე ლეიკემია სხვადასხვა სახის არსებობს. რომელია ამათგან ყველაზე მეტად გავრცელებული?
– მწვავე ლეიკემიის სახეობებთან დაკავშირებით მსურს მოგახსენოთ, რომ 1976 წელს ფრანგი, ამერიკელი და ბრიტანელი ჰემატოლოგების მიერ შემუშავებული კლასიფიკაციის მიხედვით, გამოყოფენ მწვავე ლიმფობლასტურ (მწვავე B- და T-ლიმფობლასტური ლეიკემია, მწვავე პლაზმობლასტური ლეიკემია) და მწვავე არალიმფობლასტურ ლეიკემიებს, მაგალითად, მწვავე მიელობლასტური ლეიკემია, მწვავე მონობლასტური ლეიკემია და ა.შ.
რაც შეეხება მათი გავრცელების სიხშირეს, ბავშვებში უპირატესად, შემთხვევათა 80-90%-ში, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია გვხვდება, ხოლო მოზრდილებში გამოვლენილი მწვავე ლეიკემიის 85% არალიმფობლასტური ხასიათიაა.
-რა ნიშნებით ვლინდება მწვავე ლეიკემია?
– სპეციფიკური ნიშნები, რომელიც მაინც და მაინც მწვავე ლეიკემიის არსებობაზე მიუთითებს, არ არსებობს. დაავადებას მეტწილად ზოგადი სიმპტომატიკა აქვს.
მწვავე ლეიკემია ხშირად მწვავედ იწყება: ადამიანს უვლინდება მაღალი ცხელება, ოფლიანობა, გრიპის მოვლენები. გარდა ამისა, შეიძლება სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნიშნებიც გამოვლინდეს. ესენია:
. ძვლების ტკივილი, რომელიც ყველაზე მეტად გულმკერდის არეშია გამოხატული (სტერნალგია)
. სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე
. სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან
. საერთო სისუსტე, იოლად დაღლა
. სიმსივნური წარმონაქმნები კანზე ან ღრმად კანისქსოვილში
. ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მწვავე ლეიკემია ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს და დაავადების გამოვლენა მხოლოდ საკონტროლო ანალიზით ხდება შესაძლებელი.
-ალბათ, ისევე როგორც მწვავე, ქრონიკული ლეიკემიაც სხვადასხვაგვარი არსებობს.
– მართალს ბრძანებთ. ქრონიკულ ლეიკემია ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ესენია:
. ქრონიკული მიელოპროლიფერაციული და
. ქრონიკული ლიმფოპროლიფერაციული დაავადება.
პირველ მათგანს მიეკუთვნება: ქრონიკული მიელოლეიკემია, სუბლეიკემიური მიელოზი, ერითრემია, ქრონიკული მონოციტური ლეიკემია, ქრონიკული ერითროლეიკემია, ქრონიკული მეგაკარიოციტული ლეიკემია.
ქრონიკულ ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებებს კი მიეკუთვნება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ლიმფომები.
-რომელია მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებული?
– ჩამოთვლილი ფორმებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია გახლავთ, რომელიც მოზრდილთა ასაკში გამოვლენილ ლეიკემიათა 7-15%-ს შეადგენს. ლეიკემიის ამ ფორმით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ამასთან, პათოლოგია უპირატესად 40-50 წლის მოსახლეობას “ერჩის” და მეტად იშვიათია 20 წლამდე ასაკში.
ზოგადად, ქრონიკული ლეიკემიები მეტად დუნედ მიმდინარეობს და როდესაც ადამიანი ექიმთან მისვლას გადაწყვეტს, ის უკვე რამდენიმე თვე ან წელიწადია ავად არის.
-რა გამოკვლევებია საჭირო ლეიკემიის დიაგნოზის დასმისთვის?
– როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ლეიკემიის დიაგნოზის დასმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარება არის საჭირო. ესენია: სისხლის საერთო ანალიზი, ძვლის ტვინის პუნქცია, ტრეპანობიოფსია, ძვლის ტვინის ციტოქიმიური და ციტოგენეტიკური გამოკვლევა, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, იმუნოფენოტიპირება, იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა.
-რა პრინციპით წარმოებს ლეიკემიის მკურნალობა?
– დღესდღეობით ლეიკემიის სამკურნალოდ რამდენიმე მნიშვნელოვან მეთოდებს მივმართავთ. ესენია:
. პოლიქიმიოთერაპია
. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა
. სხივური თერაპია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეიკემიის თითოეული ფორმა ინდივიდუალურ მიდგომას და სპეციფიკურ თერაპიას საჭიროებს. მაგალითად, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს სამკურნალოდ პრეპარატი “ატრა”, რომელიც ტრანსრეტინული მჟავის სახელწოდებას წარმოადგენს, პოლიქიმიოთერაპიასთანკომბინაციაში გამოიყენება. ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის დროს კი პრეპარატი გლივეკია მოწოდებული, რომელიც შემთხვევათა 80-90%-ში სრულ გაჯანსაღებას იწვევს.
-ლეიკემია ყოველთვის მიიჩნეოდა უკურნებელ სენად. პროგნოზის თვალსაზრისით რა მდგომარეობა დღეს-დღეისობით?
– ამჟამად ლეიკემიების მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული. დაავადებისადმი თანამედროვე მიდგომის, მკურნალობის უახლესი საშუალებების წყალობით ბავშვთა ლეიკემიების 80-90% და მოზრდილთა მწვავე ლეიკემიების 40-45% განკურნებადია. რაც შეეხება ცალკეულ ფორმებს, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის 70%, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის 80-90% შემთხვევაში სრულ გაჯანსაღებას ვიღებთ.
დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც სრულ განკურნებას ვერ ვაღწევთ, შესაძლებელია სიცოცხლის მნისვნელოვანი გახანგრზლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება/
-დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველებს?
– გირჩევთ, ნებისმიერი საეჭვო ნიშნის გაჩენისთანავე, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ჰემატოლოგს. ზოგადად, კი მეტად სასურველია ყველა ადამიანმა წელიწადში ორჯერ, ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთოს.
ცოტა რამ ქიმიოთერაპიის შესახებ
როდესაც ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაზე მიდგება საქმე, ექიმი უხშირესად ქიმიოთერაპიის აუცილებლობაზე იწყებს საუბარს. მართლაც, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ ქიმიოთერაპია ჯერ კიდევ ითვლება ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ საშუალებად.
მიუხედავად მისი აუცილებლობისა, ბევრი ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად მოერიდოს ქიმიოთერაპიას, რადგანაც, მოარული აზრის თანახმად, ქიმიოთერაპია მეტად სახიფათო და მავნე პროცედურათა რიცხვს მიეკუთვნება. ყველაზე მეტად კი პაციენტებს ამ “აგრესიული” თერაპიის გვერდითი ეფექტები – თმის ცვენა, ტემპერატურული რეაქციები, გულისრევა და ღებინება – აშინებთ.
როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ქიმიოთერაპია ყოველთვის არ იწვევს თმის ცვენას, ხოლო თუ თმა მაინც გასცვივდა, მის ადგილას მკურნალობის კურსის დასრულებისთანავე ახალი, უკეთესი ხარისხისა ამოდის.
რაც შეეხება ინტოქსიკაციის ნიშნებს: ღებინებას, გულისრევას, მაღალ ტემპერატურას, თანამედროვე მედიკამენტების წყალობით მათგან თავის დაღწევაც შეიძლება.
ამდენად, თუკი ჯერი ქიმიოთერაპიაზე მიდგა, მისგან თავის შეკავებას და მკურნალობის გადადებას არ გირჩევთ. მას ღირსება გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ნაკლი.