როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი

გააზიარე:

პირველი სიტყვები, პირველი ღიმილი...

მას შემდეგ, რაც პატარა ქვეყნიერებას მოევლინება, დედიკო და მამიკო მოუთმენლად ელიან მის პირველ სიტყვას. და აი, დგება დღე, როცა პაწაწინა სანატრელი ბგერებით ახარებს მშობლებს: “დე-და”, “მა-მა”... სადაცაა ფეხსაც აიდგამს, ატიტინდება, შინ დაბრუნებულ დედ-მამას შეეგებება...

ბავშვის ნერვულ-ფსიქიკური განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ყოველ საფეხურზე პატარა ახალ-ახალ უნარ-ჩვევებს იძენს. რა უნდა იცოდეს ჩვილმა? როდის უნდა აიდგას ფეხი? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ნევროლოგი, რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნანა კაპანაძე.

-რომელ ასაკში იწყებს ბავშვი ლაპარაკს?

– მეტყველების ფორმირება დამოკიდებულია როგორც თავის ტვინის ფუნქციონალური მომწიფების დონეზე, ასევე იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც იზრდება ბავშვი. გარემოს უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ე.წ. მაუგლი-ბავშვები ლაპარაკს ვეღარ სწავლობენ.

მეტყველების ჩამოყალიბების სამ ეტაპს განასხვავებენ. ესენია:
1. მოსამზადებელი (ღუღუნის) პერიოდი, რომელიც 2-4 თვიდან იწყება. დადებითი ემოციის ფონზე ბავშვი ბგერების წარმოთქმას იწყებს, რომელსაც არავითარი სასიგნალო დატვირთვა არ აქვს. 5 თვისთვის იზრდება წარმოთქმული ბგერების ნაირფეროვნება, ტემბრი მეტად დიფერენცირებული ხდება. შვიდი თვისთვის პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.

*სენეორული მეტყველების ჩამოყალიბება. ის შვიდი-რვა  თვიდან იწყება. ბავშვს უკვე ესმის ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა, უკავშირებს მათ კონკრეტულ საგანს, უყალიბდება რეაქციები კითხვებზე “სად არის დედა?’’ “სად არის ძაღლი?”. პარალელურად მისი ღუღუნი იხვეწება, მდიდრდება ინტონაციებით. ბავშვი წარმოთქვამს მარცვლებს და ცდილობს სიტყვების გამეორებას. წლისთვის მან უკვე იცის რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშვნელობა, ესმის ცნება “არ შეიძლება”.

*მოტორული მეტყველების ჩამოყალიბება. პირველ სიტყვებს, რომლებიც მარტივი მარცვლებისგან შედგება (“მა-მა”, “დე-და”, “ბა-ბა”), ბავშვი ათი-თერთმეტი თვისა წარმოთქვამს. ის ბავშვურ ენაზე ბაძავს ძაღლის ყეფას: “ამ-ამ”. 

წლისთვის ბავშვმა 10-12 სიტყვა იცის, ორ-წლინახევრის ასაკისთვის კი – 30-40. თანდათან უფრო და უფრო ფართოვდება ლაპარაკის  გაგების უნარი. 1,5 წლის ბავშვს ესმის მთელი წინადადებების აზრი, სიამოვნებით ათვალიერებს ნახატებს, უსმენს უფროსების კომენტარს, 2 წლისთვის ყურს უგდებს მარტივ ზღაპარს, მოთხრობებს, ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ორი წლისა უკვე ამბობს ორ-სამ სიტყვიან წინადადებებს, ხოლო ორნახევარი-სამი წლისა სამ-ოთხსიტყვიან წინადადებებსაც აგებს, შეუძლია ამბის მოყოლა, მეტ-ნაკლებად იცავს გრამატიკულ წყობას.

- თუკი ბავშვმა განსაზღვრულ დროს არ დაიწყო ლაპარაკი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ნევროლოგიური პრობლემები აქვს?

– არ არის აუცილებელი, ბავშვი კონკრეტულ ჩარჩოებში ჩაეტიოს. მეტყველების ჩამოყალიბების ვადა მის ინტელექტს პირდაპირ არ განსაზღვრავს. როდის დაიწყებს პატარა ლაპარაკს, ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ გარემოზე, უფროსებთან კონტაქტსა და გენეტიკურ ფაქტორებზე. ისიც უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები.

-რომელი ასაკიდან ხედავს ბავშვი?

– სინათლის აღქმა ახალშობილობის პერიოდიდანვეა შესაძლებელი. თუკი ბავშვს სინათლის წყაროს თვალებთან მივუტანთ, შევამჩნევთ, რომ იგი თვალებს ხუჭავს და თავს გვერდზე აბრუნებს. მზერის პირველი ფიქსაციის ელემენტები ორი კვირის ასაკში ვლინდება. სამი კვირის, ერთი თვის ბავშვი მზერას აფიქსირებს და მოძრავ საგნებს მცირე ხნით თვალსაც აყოლებს. მისი თვალის კაკლის აგებულება ისეთია, რომ შორს მდებარე საგნებს უფრო უკეთ ხედავს, ამიტომ მზერის ფიქსირებისთვის ამ ხნის ბავშვს სათამაშო დაახლოებით 50-60 სმ-ის მოშოროებით უნდა დავუკავოთ და არა თვალებთან მეტისმეტად ახლოს. ორი თვის ბავშვი აქტიურად აფიქსირებს და თვალსაც აყოლებს მოძრავ საგნებს. ექვსი თვისა კარგად არჩევს როგორც დიდ, ასევე პატარა საგნებს, რეაგირებს მკვეთრ ფერებზე. ოთხი წლის ასაკში ბავშვის მხედველობის სიმახვილე ჩამოყალიბებულია. პატარა არჩევს ფერებს, ტონალობებს და აქვს დისტანციის სწორი აღქმის უნარი.

-რომელი ასაკიდან ესმის ბავშვს?

– დადგენილია, რომ ადამიანს დაბადებისთანავე ესმის. ახალშობილი სმენით გამღიზიანებლებზე შეკრთომით, ტირილით, მიმიკის შეცვლით რეაგირებს. სმენის ფუნქციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის. დღეს სმენის ფუნქციის შეფასება უკვე შესაძლებელია. ახალშობილთა სმენის სკრინინგი მრავალ ქვეყანაშია დანერგილი. საბედნიეროდ, ეს კვლევა საქართველოშიც ტარდება.

- როგორც ცნობილია, ბავშვის ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას რეფლექსების გამოკვლევით აფასებენ...

– ახალშობილთა უპირობო რეფლექსებს ორი ძირითად ჯგუფად ყოფენ. პირველი ჯგუფი მყარია და მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება. ასეთია, მაგალითად, კანის, ლორწოვანის, მყესთა რეფლექსები. მეორე ჯგუფი გახლავთ ახალშობილთა უპირობო რეფლექსები, რომლებიც მხოლოდ ახალშობილობის პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, შემდგომში კი, თავის ტვინის მომწიფების პარალელურად, უკუვითარდება. თუ ბავშვს აღენიშნება ესა თუ ის რეფლექსი, რომელიც ამ დროისთვის უკუგანვითარებული უნდა იყოს, ეს მისი ცენტრალური ნერვული სისტემის მომწიფების შეფერხებაზე მიუთითებს.

- როგორ უნდა მოხდეს ბავშვის ნერვული განვითარების შეფასება? რომელი ასაკისთვის რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ის?

– ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება რომ შევაფასოთ, ამ უკანასკნელის ასაკობრივი ნორმები უნდა ვიცოდეთ. მოდით, თვალი გადავავლოთ მათ.
ახალშობილს დღის უმეტესი ნაწილი სძინავს, იღვიძებს მხოლოდ ჭამისთვის. სახვევებიდან გამოხსნისას იღებს ემბრიონის პოზას – ხელებსა და ფეხებს ხრის და ტორსთან მიაქვს. მოძრაობები მეტად არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს, თავს ვერ იჭერს. ლოყაზე შეხებისას აღებს პირს, თავს აბრუნებს, აქტიურად წოვს. მუცელზე წოლისას თავს მაღლა სწევს და გვერდზე აბრუნებს. როცა მოშივდება, ხმამაღლა ტირის. ამთქნარებს, სპონტანურად იღიმება. ორი-სამი კვირის ჩვილს პირველი პირობითი რეფლექსი უყალიბდება: ძუძუსთან მიყვანისას აღებს პირს და ძუძუს ეძებს. ერთი თვისა უკვე აფიქსირებს საგანს, რომელსაც თავის მოუბრუნებლად დროდადრო თვალსაც აყოლებს.

ორი-სამი თვის ასაკში ბავშვი მეტად აქტიურია, უფრო მეტხანს ღვიძავს (ჭამიდან ჭამამდე – 1-1,5 საათი). სათამაშოზე მზერას აფიქსირებს, თვალს აყოლებს და ამ დროს თავსაც აბრუნებს, რაც კისრის კუნთების შეუღლებულ მოძრაობაზე მიუთითებს. იღიმება, წარმოთქვამს ბგერებს, მეტად დიფერენცირებულად ღუღუნებს, რეაგირებს დედაზე, ვერტიკალურ მდგომარეობაში და მუცელზე წოლისას თავს კარგად იჭერს, გამოხატავს რეაქციას ბოთლის დანახვაზე და ა.შ.

ოთხი თვის ასაკისთვის ჩვილს თავი მყარად უჭირავს, ბრუნდება სმენითი გამღიზიანებლისკენ, ღუღუნებს, იცინის, ათვალიერებს სათამაშოებს, მუცელზე წოლისას სწევს თავს და მხრებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, არჩევს ახლობლების ხმებს, წარმოთქვამს თანხმოვან ბგერებს.

ხუთი-ექვსი თვისთვის ბავშვი მეტად აქტიური და ხალისიანია. სიამოვნებით შედის კონტაქტში ახლობლებთან. აქტიურად ღუღუნებს, წარმოთქვამს თანხმოვნებს, ცდილობს პირველი მარცვლების წარმოთქმასაც. უყალიბდება მიზანმიმართული მოძრაობები: სათამაშოსკენ ხელს იწვდის, იღებს ცალი ხელით, მიაქვს პირისკენ, უჭირავს ბოთლი. თამაშისას გამოსცემს ბგერებს, სცნობს ოჯახის წევრებს, ცდილობს მოძებნოს დაკარგული (გადავარდნილი) სათამაშო, იწყებს ჯდომას, წამოწევისას თავი უკან არ რჩება, ითხოვს ხელში აყვანას, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავსა და მხრებს მაღლა სწევს, ტრიალდება ზურგიდან მუცელზე და გვერდზე.

შვიდი-რვა თვის ბავშვი დამოუკიდებლად, მყარად ზის, ინარჩუნებს წონასწორობას, დგება ოთხზე, ბრუნდება მუცლიდან ზურგზე, შეუძლია, ზურგზე წოლისას დამოუკიდებლად წამოჯდეს, უფროსების დახმარებით დგას, სათამაშოები ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს, წარმოთქვამს მარცვლებს, ცდილობს უფროსების ყურადღების მიქცევას, სცნობს უცხოს, თვალებით ეძებს საჭირო ნივთს, იჩენს ინტერესს უცხო საგნების მიმართ.

ცხრა-ათი თვის ბავშვი ითხოვს კონტაქტს, იცის ცალკეული ნივთების დასახელება, ასრულებს მარტივ დავალებას, ამჟღავნებს თავის სურვილს, ბაძავს უფროსებს, აქტიურად და სწრაფად ხოხავს, უფროსის დახმარებით დგას, დგება ოთხზე, შეუძლია პატარა ნივთების ორი თითით აღება, ყუთიდან იღებს სათამაშოს, აერთებს ცერს და საჩვენებელ თითს, ცდილობს კოვზით ჭამას, ითხოვს ყურადღებას, სვამს ჭიქიდან.

წლის ბავშვი დამოუკიდებლად დგას, უფროსების დახმარებით ან დამოუკიდებლად დადის, თუმცა სიარული არამყარია, ხშირად ეცემა. ხელებით აქტიურად მანიპულირებს, ამბობს რამდენიმე სიტყვას, იმეორებს მარცვლებს, სიტყვებს, ყრის სათამაშოებს, აჩვენებს სხეულის ნაწილებს, ასრულებს ბევრ დავალებას, ესმის სიტყვების, ფრაზების მნიშვნელობა, ხელში იჭერს კოვზს და დამოუკიდებლად ჭამას ცდილობს. 

წლინახევრის ბავშვმა იცის 6-10 სიტყვა, თვითონ ჭამს, კარგად ხმარობს კოვზს, ასრულებს დავალებებს, დარბის, ქოთანზე თვითონვე ჯდება, იღებს და ისვრის ბურთს, ინტერესდება ზღაპრებით, მონაწილეობს მოყოლაში, იყენებს ნივთებს, იცის სხეულის ნაწილების, ნივთების, ნახატების სახელები.

ორი-სამი წლის ბავშვი მეტად კონტაქტური და მეგობრულია. აქტიურად შეიმეცნებს გარესამყაროს, სვამს კითხვებს, უფროსებს სათამაშოების, ტანსაცმლის დალაგებაში ეხმარება, ასახელებს ნახატზე გამოსახულ ცხოველებს, იცის ორი-სამი ფერი, უსმენს ზღაპრებს, მონაწილეობს ჩაცმის პროცესში, ლაპარაკობს ორ-სამსიტყვიანი წინადადებებით, ხატავს, კარგად დარბის, ადის კიბეზე, იხრება და იღებს საგანს, ფეხს ურტყამს ბურთს, აღებს კარის სახელურს, თამაშობს კუბიკებით, ზოგჯერ დამოუკიდებლად მიდის ტუალეტში, ხტუნავს ორ ფეხზე, თხოვნისას დადის ფეხის წვერებზე.

სამი-ხუთი წლის ბავშვი მეტყველებას ართულებს, აქვს მსჯელობის უნარი, მთლიანად აღიქვამს საკუთარ “მეს”, ყალიბდება პიროვნებად, შეუძლია თავისი ფიქრების, აზრების გადმოცემა, მუდმივად ლაპარაკობს, იცის საბავშვო ლექსები, ასახელებს ფერებს, ითვლის ათამდე, დამოუკიდებლად იცვამს, იხდის, კითხულობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის? რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს?

– ძილი ბავშვის განვითარების, მისი ნერვული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების აუცილებელი ფაქტორია. თუკი პატარას კარგად სძინავს, მას მთელი დღის განმავლობაში ხალისიანი განწყობა ექნება.

რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტხანს უნდა ეძინოს. ახალშობილს – დღე-ღამეში დაახლოებით 19 საათი, 1 წლის ბავშვს – 13 საათი, 4-5 წლისას – 10-11 საათი. 3-4 წლიდან ბავშვები დღისით აღარ იძინებენ.

საზოგადოდ, ძილის მოთხოვნილება მეტად ინდივიდუალურია. თუ ბავშვი დღის განმავლობაში აქტიური და ხალისიანია, არ ჭირვეულობს და არ ეძინება, შესაძლოა, დღის ძილზე უფრო ადრეული ასაკიდანაც ვათქმევინოთ უარი.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: