როგორ გავუმკლავდეთ სიჯიუტეს

გააზიარე:

სიცოცხლეში ერთხელ ალბათ ყველას დაგვიგუგლავს ჩვენი ან ჩვენი შვილის სიმპტომები და პრობლემა იმაზე დიდი და საშიში მოგვჩვენებია, ვიდრე სინამდვილეში იყო. სამაგიეროდ, კარგი გამოცდილება მიგვიღია საიმისოდ, რომ ასე აღარასოდეს მოვქცეულიყავით.

თუ ბავშვი არ გემორჩილებათ, გამუდმებით გეწინააღმდეგებათ, ჯიბრში გიდგათ და თქვენც დახმარებისთვის ინტერნეტს უხმეთ, დიდი ალბათობით, გადააწყდებოდით ტერმინს ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობა (ODD). სწორედ ამ მდგომარეობის შესახებ მოგიყვებით, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი, თქვენს შვილს კლინიკურად დადასტურებული ODD ჰქონდეს – სტატიაში მოყვანილი რჩევები მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების მიერაა შემუშავებული და ნებისმიერ ბავშვთან ურთიერთობისას გამოგადგებათ.

რა არის ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობა

განსაზღვრულ ასაკში, ჩამოყალიბების განსაზღვრულ ეტაპზე, უფროსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სიჯიუტე და თავნებობა ნორმალურია. მეტიც – ეს ჯანსაღი განვითარების ნაწილადაც კი მიიჩნევა. ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის დიაგნოზი ადვილი დასასმელი არ არის. მაგალითად, ის არ უნდა დაესვას ორი წლის ბავშვს, რომელმაც სულ ახლახან ისწავლა "არა-ს" თქმა.

ODD-ს დიაგნოზი უმეტესად ადრეულ სკოლამდელ ასაკში (3-4 წელი) ისმება. ამ დროს ბავშვი:

* ხშირად გამოდის წყობიდან;

* ადვილად ღიზიანდება;

* ეკამათება თავისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს;

* არ ცნობს და არ იცავს წესებს;

* განზრახ აღიზიანებს სხვებს;

* საკუთარ შეცდომებს სხვას აბრალებს;

* გამუდმებით შურისძიებისკემნ მიისწრაფვის.

ეს თვისებები ხომ მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვს ახასიათებსო, იფიქრებთ. ასეცაა. გადამწყვეტია, რამდენ ხანს და რამდენად ინტენსიურად გამოიხატება ისინი. ბავშვს ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის დიაგნოზი რომ დაესვას, ეს თვისებები, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში უნდა აღენიშნებოდეს.

ODD-ს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია გავლენა, რომელსაც ის ოჯახის წევრების ურთიერთობაზე ახდენს. ყოველდღიური იმედგაცრუებები, უგულებელყოფილი თხოვნები და მითითებები, კამათი, ისტერიკა თანდათან აზიანებს მშობლისა და შვილის კავშირს.

მშობლობა როგორც გამოწვევა

შვილის სიჯიუტე და თავნებობა მშობელს ძალაუნებურად უბიძგებს მეტისმეტი სიმკაცრისკენ ან, პირიქით, მეტისმეტი ლოიალურობისკენ, რადგან ბავშვის დამორჩილების სხვა გზას ვეღარ ხედავს.

სამწუხაროდ, ვერც ერთი ეს ტაქტიკა ხანგრძლივ პერსპექტივაში რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს. გთავაზობთ ორ მაგალითს, რათა უკეთ დაინახოთ, რატომ.

1. ძილის დროა. სთხოვთ შვილს, შეწყვიტოს თამაში და დასაძინებლად მოემზადოს. ის ყურადღებას არ გაქცევთ, ამიტომ თხოვნას უმეორებთ. ბავშვი ისევ არ გაქცევთ ყურადღებას. თქვენ წონასწორობას კარგავთ, ყვირით და აიძულებთ ბავშვს, თქვენი მოთხოვნისამებრ მოიქცეს. 

2. როცა ბავშვს თამაშის შეწყვეტას და დასაძინებლად მომზადებას სთხოვთ, ის წივილ-კივილს ტეხს, რადგან თამაშისთვის თავის დანებება არ უნდა. თქვენ კი არ გინდათ, ძილის წინ პატარა გაღიზიანდეს, გარდა ამისა, თავადაც დაღლილი ხართ ტანტრუმთან გასამკლავებლად, ამიტომ ნებას რთავთ, კიდევ თხუთმეტი წუთი ითამაშოს, სანამ დასაძინებლად მოემზადება.

პირველ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს, რომ ყვირილი მიზნის მიღწევის მისაღები საშუალებაა. ამასთანავე, ითავისებს, რომ შეუძლია, მშვიდი მიმართვა და თხოვნა უგულებელყოს და მხოლოდ მაშინ დაგემორჩილოთ, როცა უყვირით.

მეორე შემთხვევაში ბავშვი იმახსოვრებს, რომ ისტერიკით სასურველის მიღება შესაძლებელია და მომავალშიც ხშირად მიმართავს ამ ხერხს თქვენს დასამორჩილებლად.

რაც უფრო ხშირად გათამაშდება თქვენს სინამდვილეში მსგავსი სცენარი, მით უფრო მიეჩვევა ბავშვი ასე მოქცევას და მით უფრო გაუჯდება ეს ქცევა ჩვევაში.

ეს ჩვევები ბავშვს შესაძლოა ODD-ს გარეშეც ახასიათებდეს, მაგრამ მათი ხშირი განმეორება შესაძლოა დიაგნოზის დასმის საფუძვლად იქცეს.

ფაქტია, ამ სიტუაციაში ბავშვი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე. ვერც მხოლოდ მშობელს დავაკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას, მაგრამ რაკი მშობლები ზრდასრული ადამიანები ვართ, მეტი მოთმინება და გამძლეობა გვმართებს, რადგან სწორედ მშობლების ქცევაზე დაკვირვებით სწავლობს ბავშვი მათთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას.

თუ ისტერიკით ბავშვი ყოველთვის იღებს სასურველს, ის კიდევ დიდხანს მოიქცევა ასე და როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ ჩვევას ვერ მოაშლევინებთ.

ამიტომაა, რომ ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის მქონე ბავშვები, როგორც წესი, მათთან იქცევიან ცუდად, ვისაც კარგად იცნობენ, უმთავრესად – ოჯახის წევრებთან. იციან მათი ხასიათის თავისებურებები, შესაბამისად, იმასაც ხვდებიან, როგორ მიაღწიონ მათთან მიზანს. სკოლაში, ეზოში, სტუმრად ისინი გაცილებით თვინიერები არიან, რადგან იქ სიტუაცია უცხოა მათთვის და ვერც აკონტროლებენ.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და სხვა რისკფაქტორები

კვლევებზე დაყრდნობით ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებს ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის ჩამოყალიბების 30-50%-ით მაღალი ალბათობა აქვთ.

ამ ორი მდგომარეობის გადაკვეთის წერტილი, აი, სად არის: ADHD-ს მქონე ბავშვები თავისთავად იმპულსურები არიან, უჭირთ ერთსა და იმავე სიტუაციაში დიდხანს ყოფნა, ადვილად ეფანტებათ გონება, ხოლო როდესაც ამის გამო შენიშვნას ან საყვედურს იღებენ, უფრო მეტად ღიზიანდებიან და უფროსებს ჯიბრში უდგებიან, რაც ხშირად ODD-ს წარმოშობის წინაპირობად იქცევა.

კიდევ ერთი რისკფაქტორი ბავშვის თანდაყოლილი ტემპერამენტია. პატარას უჭირს ემოციების კონტროლი და ბრაზი, რომელსაც ამის გამო განიცდის, ხშირად ოპოზიციურ-დევიანტურ აშლილობას ედება საფუძვლად.

ცხოვრებისეული ტრავმები და სტრესი ODD-ს კიდევ ერთი რისკფაქტორია. 

მკურნალობა მნიშვნელოვანია

მდგომარეობის გამოსასწორებლად მუშაობა აუცილებელია, რადგან მშობლებთან კარგი, მოსიყვარულე დამოკიდებულება აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის. ზოგი ბავშვი დროთა განმავლობაში თავად გადალახავს ამ პრობლემას, ზოგს კი დახმარება სჭირდება, რადგან თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, მას გაუჭირდება თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახთან მუდმივ დაპირისპირებაზე.

ასეთი ბავშვი არასოდეს შეეჭიდება საქმეს, რომლის წარმატებაში წინასწარ არ იქნება დარწმუნებული, შესაბამისად, ბოლომდე ვერ გამოავლენს საკუთარ პოტენციალს.

ODD-ს მქონე ბავშვების მცირე ნაწილს უყალიბდება უფრო სერიოზული მდგომარეობა Conduct Disorder (CD) – ქცევის დარღვევა, რომელიც მოიცავს ქურდობას, ხანძრის გაჩენისკენ მიდრეკილებას, ძალადობას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა დროულად თუ არა, დაგვიანებით მაინც აუცილებლად ჩატარდეს.

რას გულისხმობს ODD-ს მკურნალობა

ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის მკურნალობაში მშობლებს ყველაზე დიდი როლი ეკისრებათ, რადგან სწორედ მშობლისა და შვილის ურთიერთობაა ფსიქოლოგიური დახმარების ამოსავალი წერტილი.

თერაპიის დროს მშობლებს ეხმარებიან, იპოვონ შუალედი გადამეტებულ სიმკაცრესა და გადამეტებულ ლმობიერებას შორის. მშობელი სწავლობს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის კარგი ქცევისთვის მიღებულ ქებას, დამსახურებულ საჩუქარს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი ფაქტორი თანმიმდევრულობაა. მშობლები შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ერთსა და იმავე საქციელზე ბავშვს ხან შენიშვნას ვაძლევთ, ხან არაფერს ვეუბნებით. ეს ბავშვს აბნევს და სტაბილურობის განცდას უკარგავს, ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათის ჩამოყალიბებისთვის.

ძალისხმევისა და მოთმინების წყალობით ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა ნელ-ნელა დათბება, გახალისდება და საბოლოო შედეგიც არ დააყოვნებს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: