მენგელეს ტყუპები

გააზიარე:

მედიცინის ისტორიაში მრავლად ყოფილან ადამიანები, რომლებსაც პროგრესისთვის თავზე ხელაღებული ნაბიჯი გადაუდგამთ, ავადმყოფობასთან შიშველი ხელებით უბრძოლიათ, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი გაუღიათ მსხვერპლად. მაგრამ გვახსოვს მედიცინის სახელით ჩადენილი არაერთი შემზარავი დანაშაულიც...

შეუძლებელია, ამაზე საუბრისას არ ვახსენოთ იოსებ მენგელე, რომელიც “სიკვდილის ანგელოზის” სახელით შემორჩა ათასობით ადამიანის მეხსიერებას.

 

იოსებ მენგელე (ჟოსეფ Mენგელე) 1943 წელს მიიწვიეს აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკში. იმხანად მას უკვე მცოდნე, გამოცდილი ექიმისა და მკვლევრის სახელი ჰქონდა. ისტორიაში დარჩენის დაუოკებელმა სურვილმა მენგელეს გენეტიკის საკითხების კვლევა დააწყებინა. აუშვიცი კი ასეთი ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო ადგილი იყო.

მენგელეს რწმენით, მომავლის ნაცისტურ იდეალს გენეტიკის დახმარება სჭირდებოდა – რასის გადასარჩენად არიული წარმოშობის ქალებს ქერათმიანი და ცისფერთვალა ტყუპები უნდა გაეჩინათ. მენგელეს მიაჩნდა, რომ სწორედ ტყუპებში იმალებოდა “წმინდა რასის” საიდუმლო.

ბანაკში მენგელე თავად მონაწილეობდა ტყვეთა გადარჩევის პროცესში. მას თითის ერთი გაქნევით შეეძლო გადაეწყვიტა ადამიანის ბედი. საინტერესოა, რომ, სხვა ზედამხედველებისგან განსხვავებით, მენგელე ყოველთვის ფხიზელი მიდიოდა სამუშაოს შესასრულებლად, განსაკუთრებით ბედნიერი კი მაშინ იყო, თუ პატიმრებს შორის ტყუპებს აღმოაჩენდა. სხვა ზედამხედველებსაც სთხოვდა, მისთვის “გადაენახათ” ტყუპები, ლილიპუტები, გიგანტები და სხვადასხვა გენეტიკური დაავადების, მაგალითად, ტერფმრუდობის ან ჰეტეროქრომის, მქონე ბავშვები.

 

განაჩენი: ტყუპი

ხალხი გაუფრთხილებლად ჩამოჰყავდათ მატარებლიდან და მწკრივში აყენებდნენ. “ტყუპები!” – დაიძახებდა ზედამხედველი და მშობლები იძულებული იყვნენ, თვალის დახამხამებაში მიეღოთ გადაწყვეტილება. ბუნდოვანი მომავლის შიში აიძულებდათ, ნაცისტების სურვილს დაჰყოლოდნენ, თუმცა ზოგჯერ ვერც კი ხვდებოდნენ, კარგი იყო ტყუპად ყოფნა თუ ცუდი... ზოგიერთი არ ამჟღავნებდა ტყუპი შვილის ყოლას – მათ შესახებ ინფორმაციას ზედამხედველებს ნაცნობები აწვდიდნენ. ბევრი ტყუპის დამალვასაც ცდილობდა, მაგრამ მენგელეს შრომა არ ეზარებოდა. ის მზად იყო, სათითაოდ დაეთვალიერებინა ადამიანთა უზარმაზარი ნაკადი... საკონცენტრაციო ბანაკში მენგელეს ხელში 3000-მდე ტყუპი მოხვდა. მათი უმრავლესობა ბავშვი იყო. მხოლოდ 200 მათგანი გადარჩა.

“მას შემდეგ, რაც ზედამხედველმა გაიგო, რომ მე და მარიამი ტყუპი ვიყავით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოგვაცილა დედას და წაგვიყვანა. ჩვენს ყვირილს ყრუც კი გაიგონებდა. მახსოვს, როგორ ვიყურებოდი უკან და ვხედავდი დედის გამოწვდენილ ხელებს. მას შემდეგ დედა აღარ მინახავს”, – იხსენებს ერთ-ერთი მსხვერპლი.

 

განსაკუთრებული პირობები

არჩეულ ტყუპებს დეზინფექციას უტარებდნენ. ამის შემდეგ ისინი “მენგელეს ტყუპები” ხდებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ დანარჩენი პატიმრებისგან განსხვავებულად ეპყრობოდნენ. უფლებას აძლევდნენ, თმა არ გადაეპარსათ და საკუთარი ტანისამოსი სცმოდათ. მენგელეს ბავშვებს დამახასიათებელ სვირინგს უკეთებდნენ და თითოეულ მათგანს სპეციალურ ნომერს აძლევდნენ. ამის შემდეგ ისინი მიჰყავდათ ყაზარმაში, სადაც კითხვარის შევსება უწევდათ. კითხვარი მოიცავდა ჯანმრთელობის მოკლე ისტორიას. შემდეგ მათ ზომავდნენ და, დასასრულ, მენგელეს აბარებდნენ. მენგელე მათ დამატებით კითხვებს უსვამდა, სინჯავდა და მათ სხეულზე უჩვეულო ნიშნებს ეძებდა.

 

ტყუპთა ცხოვრება

ბავშვების დილა 6 საათზე იწყებოდა. ისინი ნებისმიერ ამინდში უნდა დამწკრივებულიყვნენ თავიანთი ბარაკების წინ. სიის ამოკითხვის შემდეგ ისინი სასაუზმოდ მოჰყავდათ. მენგელე ყოველდღე ამოწმებდა “თავის” ბავშვებს. მათთან კანფეტებით დატვირთული მიდიოდა, რათა მათი კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ზოგჯერ ამისთვის ბავშვებთან თამაშიც უწევდა. ბევრი, განსაკუთრებით – პატარები, მას ძია მენგელეს ეძახდა.

ბავშვებს იმპროვიზებულ კლასებში მოკლე ინსტრუქციებს აძლევდნენ. ზოგჯერ ფეხბურთის თამაშის ნებასაც რთავდნენ. მძიმე სამუშაოს შესრულებას არ აიძულებდნენ, გაზის კამერაში არ ამწესებდნენ... შეიძლება ითქვას, რომ აუშვიცში ტყუპები საუკეთესო პირობებში იყვნენ... სანამ მათ სატვირთო მანქანა არ მოაკითხავდა და ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის არ წაიყვანდა.

 

სასტიკი ექსპერიმენტი

ექსპერიმენტის მონაწილე ბავშვებს ყოველდღე უღებდნენ სისხლს. ხშირად – დიდი რაოდენობით, როგორც თითიდან, ისე ვენიდანაც, ზოჯერ – ორივე ვენიდან ერთდროულადაც კი. პატარა ბავშვები, რომლებსაც ნაზი მკლავები ჰქონდათ, ყველაზე მეტად იტანჯებოდნენ. მათ სისხლს კისრის ვენებიდან უღებდნენ, რაც საშიში და მტკივნეული გახლდათ. ტყუპისცალებს მასიურად უსხამდნენ ერთმანეთის სისხლს.

მათ ბევრი სხვა სამედიცინო პროცედურის გავლაც უწევდათ. მენგელე ექსპერიმენტის შინაარსსა და მიმდინარეობას საიდუმლოდ ინახავდა – მონაწილეებმა არ იცოდნენ, რა საჭირო იყო ეს პროცედურები, რა ნივთიერებები შეჰყავდათ მათ ორგანიზმში. ისინი ყოველ დილით იმაზე ფიქრით იღვიძებდნენ, რა ელოდათ იმ დღეს...

ბევრ დროს უთმობდნენ გაზომვას. ტყუპებს აიძულებდნენ, ტანთ გაეხადათ და გვერდიგვერდ დაწოლილიყვნენ, შემდეგ მათი აღნაგობის ყოველ დეტალს ყურადღებით სწავლობდნენ, ზომავდნენ და აფასებდნენ. საერთო ნიშნებს გენეტიკურად დეტერმინებულად თვლიდნენ, ხოლო განსხვავებულს - გარემოს ზემოქმედების შედეგად. ასეთი გასინჯვა საათობით გრძელდებოდა.

ცისფერი თვალების საიდუმლოს ამოსაცნობად მენგელე ბავშვებს თვალებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების ინექციებს უკეთებდა. ეს ინექციები იწვევდა მწვავე ტკივილს, ინფექციას, დროებით ან მუდმივ სიბრმავეს.

იყო კიდევ ერთი – საიდუმლო ინექცია, რომელიც საშინელ ტკივილს იწვევდა.

მენგელეს უანესთეზიოდ შეჰყავდა ხერხემლის არხში სხვადასხვა ხსნარი. ესეც ძალიან მტკივნეული იყო.

ექსპერიმენტის ფარგლებში მენგელე ათასგვარ ოპერაციას ატარებდა, ხშირად – ანესთეზიის გარეშე: ორგანოების ამოკვეთას, კასტრაციას, ამპუტაციას...

ზოგჯერ ერთ-ერთ ტყუპისცალს განზრახ მართებდა ტიფს ან ტუბერკულოზს, მისი სიკვდილის შემდეგ კი მეორესაც კლავდა, რათა ორივე გაეკვეთა, მათი შინაგანი ორგანოები ერთმანეთისთვის შეედარებინა და ორგანიზმზე დაავადების გავლენა შეესწავლა.

აუტოფსიას ნაცისტების მიერ დაკავებული პათანატომი, მიკლოს ნისზლი, ატარებდა.

ერთ-ერთი მსხვერპლი იხსენებს: “ერთ დღეს ექსპერიმენტისთვის ჩემი ტყუპისცალი წაიყვანეს. ექიმ მენგელეს ის ყოველთვის ჩემზე მეტად აინტერესებდა, შესაძლოა იმიტომ, რომ უფროსი იყო. მენგელემ ტიბის რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარა. ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ, რომელიც ზურგის ტვინზე გაუკეთა, ჩემი ძმა დადამბლავდა... მერე კიდევ ერთხელ წაიყვანეს და სასქესო ორგანოები ამოაცალეს... მეოთხე ოპერაციის შემდეგ ტიბი აღარ მინახავს. სიტყვებით შეუძლებელია იმის ახსნა, რას ვგრძნობდი. ეს იყო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი...”

 

სიკვდილის ანგელოზის აღსასრული

ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, 1945 წლის 11 თებერვალს, მენგელე დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, შეცდომით. 1949 წელს მენგელე არგენტინაში გაიქცა. 1959 წელს დასავლეთ გერმანიამ მისი დაკავების ბრძანება გამოსცა. მენგელე პარაგვაიში გადავიდა. 1964 წელს ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებმა მას აკადემიური ხარისხი გაუუქმეს.

გადმოცემით, მენგელე ბრაზილიაში, ოკეანეში ცურვის დროს დაიღუპა. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

 

თამარ არქანია

 

 

 

 

 

 

გააზიარე: