სიმსუქნე გადამდებია?

გააზიარე:

ბოლო ხანს უცნაური ტენდენცია შეინიშნება – მთელი მსოფლიო, ერთი მხრივ, შიმშილს ებრძვის და განვითარებადი ქვეყნების დახმარების გზებსა და საშუალებებს ეძებს, მეორე მხრივ კი სიმსუქნის დამარცხებას ცდილობს. მოკლედ, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს, ნახევარი კი წარმოუდგენელი ტემპით სუქდება. ამ სოციალურ ასიმეტრიას კიდევ გაუგებდა კაცი რამეს, რომ არა კიდევ უფრო უცნაური ტენდენცია: სიმსუქნის მაჩვენებლები მაღალია იმ ქვეყნებშიც, სადაც, წესით, წონის დეფიციტს უფრო უნდა უჩიოდნენ – სიმსუქნის ეპიდემია შეეხო როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სამყაროს. კიდევ ერთი უცნაური ამბავი: არსებობენ ჭარბწონიანები, რომლებსაც, ზედმეტი წონის მიუხედავად, ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, სიმსუქნის მთავარი მარკერები, სისხლში პარადოქსულად დაბალი აქვთ.

ინფორმაცია, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მოჰფენს ნათელს ამ გაუგებრობას, მანამდე კი, მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი სიმსუქნის სტატისტიკას და გავიხსენოთ, რითია მავნებელი ჭარბი წონა.

 

დედამიწა სუქდება

ამრიგად, მსოფლიოში სიმსუქნის ეპიდემიაა. 1980 წლიდან მოყოლებული, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები მას ერთნაირად ებრძვიან. 2014 წელს 18 წელს გადაცილებულ 1.9 მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებდა, მათგან 600 მილიონს კი სიმსუქნე. დღეს მსოფლიოში სიმსუქნე 670 მილიონამდე კაცს უდასტურდება. პროგნოზი არცთუ საიმედოა – სიმსუქნე თანდათან ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის – ბავშვებშიც, იმატებს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ზრდასრულთა შორის მან ორჯერ მოიმატა, ბავშვებს შორის კი სამჯერ. ეს ტენდენცია იმ ქვეყნებშიც კი შეინიშნება, სადაც, ტრადიციისამებრ, სიმსუქნე იშვიათი იყო

 

რატომ გვეშინია სიმსუქნის?

სიმსუქნე ნამდვილი განაჩენია, მეტადრე – ქალებისთვის. მის დასამარცხებლად სუსტი სქესი რა გზას აღარ მიმართავს... მას კი, ვისაც ნებისყოფა არ ჰყოფნის, სიმსუქნესთან ერთად დანაშაულის
 გრძნობაც ტანჯავს. მაგრამ ნუთუ გარეგნული ნაკლია სიმსუქნის ერთადერთი უარყოფითი შედეგი? სამწუხაროდ, არა, თორემ ამ პრობლემას კიდევ მოევლებოდა – მსუქნების ასეთი მომრავლების გამო მოდის ინდუსტრიაში ბოლო ხანს ახალი მიმართულებაც კი გაჩნდა, სადაც კამერების წინ საკმაოდ ფერხორციანი მოდელები პოზიორობენ და ამტკიცებენ, რომ ჭარბწონიანი ქალიც შეიძლება მიმზიდველი იყოს. მაგრამ რა ვუყოთ ჯანმრთელობის იმ პრობლემებს, რომლებსაც სიმსუქნე იწვევს? რა ვუყოთ იმ დაავადებებს, რომელთა განვითარებაც სწორედ ჭარბ წონას უკავშირდება და რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს? შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, თავის ტვინის ინსულტი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ღვიძლის გაცხიმოვნება, უნაყოფობა, ვენური სტაზი, სოკოვანი ინფექციები ამ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია. აღარაფერს ვამბობთ სიცოცხლის ხარისხისა და ხანგრძლივობის შემცირებასა თუ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ტვირთზე... სიმსუქნეს პირდაპირი კავშირი აქვს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვიდილიანობის მატებასთან და სასიკვდილო რისკების ნუსხაში მეხუთე ადგილს იკავებს.

სიმსუქნე ინფექციების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობასაც ზრდის. იმუნური პასუხი კვების ტიპზეცაა დამოკიდებული, არაბალანსირებული კვების შემთხვევაში კი ის ადვილად ირღვევა, ამიტომ მსუქნები ინფექციების მიმართ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. მაგალითად, მათთან უფრო ხშირად გვხვდება მეორეული ინფექციები. მაღალი აქვთ ქირურგიული ოპერაციის სეფსისით, პნევმონიით, კარბუნკულით გართულების რისკიც. მსუქან ბავშვებთან სამჯერ ხშირად ვლინდება ნეისერიათი გამოწვეული მენინგიტი. ჭარბწონიანებთან უფრო ხშირად აღირიცხება გრიპის გართულებებიც. მაშასადამე, ჭარბი წონა ორგანიზმს ინფექციისადმი უფრო მოწყვლადს ხდის.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სიმსუქნესა და ინფექციებს შორის საპირისპირო დამოკიდებულებაც არსებობს: სიმსუქნე კი არ იწვევს ინფექციას, არამედ ინფექცია – სიმსუქნეს.

 

ვინ იფიქრებდა

დიახ, სიმსუქნის მიზეზთა ნუსხას შეგვიძლია კიდევ ერთი – ვირუსული ინფექცია მივუმატოთ. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, რომ წონის დაგროვებას ადენოვირუსიც იწვევს. დიდი ქართველი ექიმი ინფექციონისტი, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი, ამბობდა: დაავადებები ორ ჯგუფად იყოფა – ინფექციურ დაავადებებად და დაავადებებად, რომელთა ინფექციური ბუნებაც ჯერ არ დაუდგენიათო. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია, სიმსუქნე მეორიდან პირველ ჯგუფში გადავიტანოთ და დაველოდოთ, კიდევ რომელი ნოზოლოგიის მიმართ გამართლდება დიდი მეცნიერის პროგნოზი.

 

მისტიკური ადენოვირუსი

ადენოვირუსი საშუალო ზომის ვირუსია, რომელიც არაერთ დაავადებას იწვევს, მათ შორის – სასუნთქი გზებისას და თვალისას. ეს ვირუსი სხვადასხვა ქსოვილსა თუ ორგანოში ერთობ კომფორტულად გრძნობს თავს და მასპინძლის უჯრედებში კარგად მრავლდება. რესპირატორული ინფექციების შემთხვევათა 10% სწორედ ადენოვირუსითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ის იწვევს გასტროენტერიტს, კონიუნქტივიტს, ცისტიტს, ყველაზე მეტად კი ბავშვებს ერჩის.

ადამიანს ადენოვირუსის 57 ტიპი ესხმის თავს. სიმსუქნის გამოწვევი რიგით 36-ეა. მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ადენოვირუსის ეს ტიპი ქათმებში, თაგვებში, ვირთხებსა და მაიმუნებში წონის მატებას იწვევს, ახლახან კი გაირკვა, რომ მას ადამიანის სიმსუქნეშიც მიუძღვის ბრალი.

 

სიმსუქნე – ინფექციური დაავადება?

ამის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჭარბწონიანთა ცხიმოვანი ქსოვილის ბიოფსიამ სწორედ ადვ 36 გამოავლინა. ვირუსის მთავარი სამიზნე ადიპოციტები, იგივე ცხივმოვანი უჯრედებია. კვლევებმა აჩვენა, რომ ადვ 36 ღეროვანი უჯრედების ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნას ასტიმულირებს და ამით მათ რაოდენობას ერთიორად ზრდის. მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატრეს: აიღეს დიდი რაოდენობით ღეროვანი უჯრედები და მათი ნახევარი ადენოვირუსით დაასნებოვნეს. სულ რაღაც ერთ კვირაში ადენოვირუსით ინფიცირებული ღეროვანი უჯრედებისგან ცხიმოვანი უჯრედები წარმოიქმნა. უჯრედების მეორე ჯგუფში კი ასეთი შედეგი არ დამდგარა. ამით დადასტურდა, რომ ვირუსი აძლიერებს ადიპოგენეზს – ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას. ადიპოციტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება წონაც.

დაავადებას მეტად რთული მექანიზმი აქვს, რომლის დეტალურ განხილვასაც აქ არ მოვყვებით. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვირუსის გავლენით იცვლება სხვადასხვა ფერმენტის გენების გამოვლენის ხარისხი. სწორედ გენების ექსპრესიის ცვლილება უდევს საფუძვლად სიმსუქნეს.

 

ვეძებთ სიმსუქნის საწინააღმდეგო ანტისხეულებს

სისხლში ადვ 36-ის შემცველობას მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობის მიხედვით საზღვრავენ. ადვ 36-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებსა და სიმსუქნეს შორის კორელაცია არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა. საინტერესოა, რომ ადენოვირუსი დასტურდება იმ პირებთანაც, ვისაც, სხეულის დიდი მასის მიუხედავად, სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების პარადოქსულად დაბალი დონე აქვს. აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა: ჭარბწონიანებთან, რომლებსაც “ცუდი ლიპიდების” სიჭარბე არ უდასტურდებათ, ჭარბი წონის მთავარი მიზეზი სწორედ ადენოვირუსული ინფექციაა. თუმცა ადენოვირუსი გამხდრებთანაც გამოვლინდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიმსუქნის განვითარება ფაქტორთა წყებას უკავშირდება. ამ მიმართულებით კვლევა გრძელდება.

 

ჯერ კონიუნქტივიტი, მერე – ჭარბი წონა?

არ გეგონოთ, რომ მას შემდეგ, რაც ადენოვირუსი სასუნთქი სისტემისა თუ თვალის ლორწოვან გარსებს მოივლის, სამუდამოდ ცხიმოვან უჯრედებში იდებს ბინას და ბანალური ვირუსული ინფექცია ჭარბი წონის მიზეზად იქცევა – სიმსუქნეს ადენოვირუსის სულ სხვა ტიპი იწვევს, მაგრამ, ვინაიდან საქმე მაინც ინფექციას ეხება, ნუ უგულებევყოფთ ინფექციის მთავარ თვისებას – გადაცემას.

 

ფრთხილად, გარშემო მსუქნები არიან!

ალბათ, უკვე გაგიჩნდათ კითხვა: სიმსუქნე გადამდებია? სამწუხაროდ, კი, ოღონდ მხოლოდ ვირუსით გამოწვეული სიმსუქნე. ის შეიძლება შეგეყაროთ ფეკალურ-ორალური გზით ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების შედეგად. ასე რომ, სიმსუქნესთან ბრძოლის საყოველთაო წესებს, რაციონალურ კვებასა და ფიზიკურ აქტიურობას, კიდევ ერთი უნდა დაუმატოთ – ხელების ხშირი ბანა.

 


თუ გინდათ, არ გასუქდეთ, აიცერით

ადვ 36-ის დნმ ცხოველის ინფიცირების შემდეგ საკმაოდ დიდხანს და ბევრ ქსოვილში რჩება. ის იფიცირებიდან 7 თვის შემდეგ აღმოაჩინეს მაიმუნის თავის ტვინში, ფილტვებში, ღვიძლში, კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილში. და ეს – მას შემდეგ, რაც სისხლიდან და განავლიდან აქტიური ვირუსი გაქრა. გაირკვა, რომ ვირუსის დნმ ქსოვილებში გენების ექსპრესიას ქრონიკულად ცვლის და მისგან გათავისუფლება არც ისე ადვილია. თუმცა მეცნიერები გვპირდებიან, რომ შექმნიან ადენოვირუსის საწინააღმდეგო ეფექტურ ვაქცინას, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში სიმსუქნის პრევენციის საშუალებას მოგვცემს და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ნაწილობრივ მაინც შეაფერხებს სიმსუქნის მსოფლიო ეპიდემიას. მუშაობენ ადენოვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნაზეც.

 

ჭამეთ, ჭამეთ, ჭამეთ?

არ გეგონოთ, რაკი დაავდების ინფექციური ბუნება დადასტურდა, სიმსუქნესთან ბრძოლის საყოველთაო წესები უნდა დავივიწყოთ და განცხრომას მივეცეთ – მაინც არაფერი გვეშველებაო. არამც და არამც. ამ წესებს აქტუალობა არ დაუკარგავს. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ სიმსუქნე ყოველთვის ინფექციური გენეზისა არ არის. მეორე  – მაშინაც კი, როდესაც მისი გამომწვევი ადენოვირუსია, არასწორი ქცევა დამატებით პრობლემებს წარმოშობს და უფრო მეტს მოიმატებთ, ვიდრე მხოლოდ ადენოვირუსული ინფექციის შედეგად. ასე რომ, თქვენთვის არაფერი შეცვლილა – ცხოვრების ჯანსაღი წესი მაინც უნდა დაიცავთ. 

გვანცა გოგოლაძე 

გააზიარე: