სამშობიაროდან ახალშობილის გარეშე

გააზიარე:

სამშობიაროდან ახალშობილის გარეშე – რა უნდა იყოს ამაზე მძიმე, რა შეედრება იმ დედის მწუხარებას, რომელმაც შეიტყო, რომ სიცოცხლე, რომლის დაბადებასაც მოუთმენლად ელოდა, დასრულდა...

მკვდრადშობადობის დაძლევა 2016-2030 წლების გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჯანმო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მკვდრადშობადობის 3-4 მილიონი შემთხვევა აღირიცხება. მათი უმეტესობა (97-99%) დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნების წილად მოდის. ჯანმო-ს მონაცემებით, პირველი ორსულობის მკვდრადშობადობით     დასრულებისას დიდია ალბათობა, მომდევნო ორსულობის დროსაც იგივე მოხდეს. საზარელი შედეგის თავიდან აცილებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მისი მიზეზის დადგენას, აღმოფხვრას და მომდევნო ორსულობის მკაცრ მონიტორინგს.

სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება მე-5 კლინიკური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ნემსაძე:

 

– მკვდრადშობადობა ეწოდება ნაყოფის სიკვდილს ორსულობის 22-ე კვირის შემდეგ. მკვდრადშობილად მიიჩნევა ნაყოფი, რომელსაც არ აღენიშნება არც ერთი სასიცოცხლო ფუნქცია – არ სუნთქავს, გული არ უცემს, ბუნებრივია, არც ტირის. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი ზოგჯერ მშობიარობისას მჟღავნდება, უმეტესად კი – მშობიარობამდე, ექოსკოპიური გამოკვლევის დროს. ტერმინი “მკვდრადშობადობა” მოიცავს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ნაყოფი მშობიარობის დროს ან სიცოცხლის პირველსავე წუთებში იღუპება. ყველა ამ მდგომარეობას პერინატალურ დანაკარგს უწოდებენ.

 

დამაფიქრებელი სტატისტიკა

– მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში (!) მკვდრადშობადობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. იქ, სადაც ქალი ემზადება ორსულობისთვის, მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სათანადო დონეზე დგას ორსულთა მეთყვალყურეობა, დროულად ტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა, ორსულობაც ნორმალურად მიმდინარეობს და მკვდრადშობადობის შემთხვევაც ნაკლებია. პერინატალური დანაკარგი იქაც არსებობს, მაგრამ მისი მიზეზი, წესისამებრ, ნაყოფის განვითარების ესა თუ ის ანომალიაა.

საინტერესო მონაცემები გამოქვეყნა ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგიამ: პერინატალური დანაკარგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხება ორსულობის 26-27-ე კვირას. მანამდე დანაკარგი მაღალია (ვგულისხმობთ აბორტს). და, რაც ყველაზე საინტერესოა, ორსულობის ვადამიტანილობასთან ერთად მკვდრადშობადობის ალბათობაც იმატებს – თითქოს უკვე ფინიშის სწორზე გასულ ქალს ნაყოფის დაკარგვის უფრო მაღალი რისკი აქვს. ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კლინიკაში ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოუგზავნიათ ვადამიტანილი ორსულები, რომელთა ნაყოფმა ერთი შეხედვით ნორმალური ორსულობის ბოლო დღეებში გულისცემა შეწყვიტა. ამიტომ ორსულობა მთელი პერიოდის განმავლობაში ზედმიწევნით უნდა იმართოს.

– გამოდის, რომ შესაძლოა, პერინატალური დანაკარგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე განვითარდეს...

– ასე ვერ ვიტყოდი. წინაპირობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ზოგჯერ მისი მიგნება შეუძლებელია. სტატისტიკის თანახმად, მკვდრადშობადობის შემდეგ ნაყოფის სიკვდილის მიზეზს ათიდან მხოლოდ 2-4 შემთხვევაში ადგენენ.

ნაყოფის სიკვდილის მიზეზის დასადგენად უნდა მოხდეს მისი სათანადო დათვალიერება, ფოტოგრაფირება, რენტგენოლოგიური, ციტოგენეტიკური, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა – გაკვეთა. ამან შესაძლოა ნათელი მოჰფინოს სიკვდილის მიზეზს. მიზეზის დადგენა კი იმისთვისაა საჭირო, რომ აღმოვფხვრათ ის ან, თუ აღმოფხვრა შეუძლებელია, ორსულზე მეთვალყურეობა გავაძლიეროთ. არსებობს გენეტიკური პათოლოგიები, რომლებმაც შესაძლოა მომავალშიც იჩინოს თავი, ამიტომ ყოველი მომდევნო ორსულობის დიდი სიფრთხილით მართვაა საჭირო.

 

ვის აქვს და ვის არა სიცოცხლის უფლება

 

– რამ შეიძლება გამოიწვიოს მკვდრადშობადობა?

– უწინარესად – გენეტიკურმა ანომალიებმა. ზოგიერთი გენეტიკური დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ზოგი კი არ გამორიცხავს, რომ ბავშვი სიცოცხლისუნარიანი იყოს. ამ მანკების გამოვლენა ორსულობის ადრეულ ვადაზე ხდება. ხშირად უკითხავთ, ნაყოფს გულის მანკი აქვს და ორსულობა ხომ არ შევწყვიტოო. მერწმუნეთ, ეს არ არის ორსულობის შეწყვეტის ჩვენება. ასეთი კონტინგენტი წინათ მკვდრადშობადობისთვის იყო განწირული. დღეს მედიცინა უკეთეს გამოსავალს გვთავაზობს. თანდაყოლილი გულის მანკით დაბადებულებს ოპერაცია ახალშობილობის პერიოდშივე უკეთდებათ და უმეტესად მშვიდობიანად აღწევენ მოწიფულ ასაკს. იგივე ითქმის ნერვული მილის განვითარების დეფექტების – ჰიდროცეფალიის, სპინა ბიფიდას – შესახებ. ამ პათოლოგიებით დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელობას ბოლომდე ვერ აღვუდგენთ, მაგრამ სათანადო მკურნალობითა და მოვლით შეგვიძლია სოციუმში ინტეგრირების საშუალება მივცეთ. რაც მთავარია, მათ აქვთ სიცოცხლის უფლება. ორსულობის შეწყვეტას დაუნის სინდრომის გამოვლენის დროსაც გვთხოვენ. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ სტიგმას ებრძვის, ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, ამ ბავშვებს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ.

 

მთვლემარე ინფექციის საფრთხე

 

– ნაყოფის დაკარგვას ხელს უწყობს ინფექციაც, რომელიც სხეულის ამა თუ იმ უბნიდან საშვილოსნოს ღრუში ხვდება. ნაყოფის საშვილონოსშიდა ინფიცირებისას მოსალოდნელია ზრდაში ჩამორჩენა, სასუნთქი სისტემის პათოლოგიების განვითარება, არცთუ იშვიათად – ნაყოფის თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დაიზიანება ცერებრალური დამბლის განვითარების პერსპექტივით და სიკვდილიც კი. ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფის ანტენატალური (საშვილოსნოსშიდა) სიკვდილის შემდეგ შესწავლილი ჰისტოლოგიური მასალიდან ყველაზე ხშირად ნაწლავის ჩხირი ამოითესება. მოგეხსენებათ, ის საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული გამომწვევია, ასე რომ, საფუძველი გვაქვს, საშარდე გზების ინფექცია ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მივიჩნიოთ.

 

როდის ველოდეთ

– შესაძლებელია თუ არა მკვდრადშობადობის პროგნოზირება?

– როგორც მოგახსენეთ, მიზეზი უმეტესად დაუდგენელი რჩება, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მკვდრადშობადობის ალბათობას ზრდის. მათ რიცხვს მიეკუთვნება:

  • ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება,
  • ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია – პრეეკლამფსია`ეკლამფსია,
  • სისხლდენა, რომელსაც იწვევს პლაცენტის წინამდებარეობა, პლაცენტის ნაადრევი აცლა;
  • ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება, მათ შორის – ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ხშირად ამ სინდრომის ფონზე ერთი შეხედვით სრულად ჯანმრთელი ნაყოფი გულისცემას წყვეტს;
  • რეზუსსენსიბილიზაცია – როდესაც დედა რეზუსუარყოფითია, ნაყოფი კი რეზუსდადებითი. თუ ორსულობისას სისხლდენა განვითარდა, დედისა და ნაყოფის სისხლი ერთმანეთს ერევა, რამაც შესაძლოა ნაყოფის მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ დროს ერითროციტების დაშლა, ღვიძლისა და ელენთის ფუნქციის დარღვევა, შეშუპება და ფატალური შედეგის გამომწვევი სხვა გართულებებია მოსალოდნელი;
  • გესტაციური (ორსულობის) დიაბეტი. ბოლო დროს ეს დაავადება საკმაოდ გახშირდა. გესტაციური დიაბეტის განვითარება მოსალოდნელია მოძრაობის დეფიციტის, ჭარბი წონის, მრავალნაყოფიანი ორსულობის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შედეგად დამდგარი ორსულობის, ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის მომატების), შაქრისადმი ტოლერანტობის დარღვევის, ოჯახის წევრებს შორის დიაბეტის არსებობის დროს. თუ ასეთ ორსულს დროულად არ ჩაუტარდა გამოკვლევა და არ დაუწესდა სათანადო მართვა, ნაყოფი ზედმეტად იზრდება, მისი მდგომარეობა მძიმდება და ორსულობის დასასრულისთვის მისი სიკვდილიც კია მოსალოდნელი. ამის გამოსარიცხავად მუდმივად ვაკონტროლებთ სისხლში შაქრის დონეს და ვატარებთ ექოსკოპიურ გამოკვლევას. როცა სისხლში შაქრის დონის კონტროლი შეუძლებელია, ნაყოფის მდგომარეობაც მძიმდება და საჭირო ხდება მშობიარობის ნაადრევი აღძვრა. პრობლემები ხშირად დაბადების შემდეგაც იჩენს თავს –ვითარდება პოლიგლანდურალური უკმარისობა, რამდენიმე ჯირკვლის ფუნქციის ერთდროული დაქვეითება.

 

ტკივილიანი დასასრული

– ყველაზე მტკივნეული ალბათ ის შემთხვევაა, როდესაც დედა უშუალოდ მშობიარობისას კარგავს ნაყოფს...

– როგორც არ უნდა მიმდინარეობდეს ორსულობა, მთავარია, სწორად დაიგეგმოს მშობიარობა და არა სამშობიაროს მისაღებში, არამედ გაცილებით ადრე, ანტენატალური მეთვალყურეობის ეტაპზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ მშობიარობისას ნაყოფის სასიცოცხლო ფუნქციების მეთვალყურეობას. ყველა სამშობიარო სახლს მიუწვდება ხელი ნაყოფის გარეგან ელექტრონულ მონიტორინგზე – კარდიოტოკოგრაფიაზე. არსებობს სათანადო პროტოკოლიც, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა შეფასდეს კარდიოტოკოგრაფიის მონაცემები და როგორ დაიგეგმოს ამ მონაცემების მიხედვით შემდგომი ტაქტიკა. ამრიგად, არსებობს აპარატურა მეთვალყურეობისთვის, არსებობს მეთოდოლოგიური საფუძველი – გაიდლაინი; რჩება ადამიანური რესურსი, რომელიც დანარჩენ ორ კომპონენტთან ერთად პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, ამიტომ მაქსიმუმს ვაკეთებთ ექიმების გადასამზადებლად, რათა მათ სწორად გამოიყენონ აპარატურა და მეთოდური რეკომენდაციები და მინიმუმადე დაიყვანონ მშობიარობის უეცარი სიკვდილით დასრულების რისკი.

ტრაგედია უგმიროდ

როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტების ისტორიებს ვარჩევთ, ხშირად ვაწყდებით ნაყოფის უეცარი სიკვდილის შემთხვევებს. უპირველეს ყოვლისა, ვარკვევთ, რატომ მოხდა ასეთი უეცარი გართულება, სათანადოდ მიმდინარეობდა თუ არა მონიტორინგი და მეთვალყურეობა. უმეტესად ირკვევა, რომ დედასა და ნაყოფს მზრუნველობა აკლდათ. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ ვითარების გამოსასწორებლად. მით უმეტეს, ვიცით, როგორია დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში – ჩვენთვის თითოეული სიცოცხლე მნიშვნლოვანია.

 

– რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ ნაყოფის სიკვდილი?

– მთავარი, რასაც ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ნაყოფის მოძრაობის შემცირებაა. საგანგაშო ნიშნებია სისხლიანი გამონადენი და ძლიერი ტკივილიც. თუ ნაყოფი, რომელიც მანამდე აქტიურად მოძრაობდა, ერთბაშად პასიური გახდა, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. შესაძლოა, ეს პათოლოგიის მხოლოდ ერთგვარი წინაპირობა იყოს და მდგომარეობა ჯერ კიდევ ექვემდებარებოდეს მართვას. აქვე აღვნიშნავ, რომ ორსულობის უკანასკნელ კვირებში ნაყოფის მოძრაობა ისედაც მცირდება – მას უბრალოდ ადგილი აღარ ჰყოფნის. ეს ნორმად მიიჩნევა. მაგრამ მოძრაობის მკვეთრი შემცირება სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, უწინარესად – ულტრაბგერით გამოკვლევას ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის შესასწავლად, ჭიპლარის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დოპლეროგრაფიას.

 

ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგები

– ალბათ ცოტა რამ შეედრება იმ ქალის მდგომარეობას, რომელსაც ექოსკოპიის შემდეგ ეტყვიან, რომ ნაყოფი გარდაიცვალა, წინ კი მშობიარობა ელის... გაუსაძლისი ტკივილის მოლოდინს, რომელსაც მანამდე დედობის სიხარული ამსუბუქებდა, ახლა უფრო დიდი ტკივილი ერთვის. ასეთ დროს ალბათ ბევრი ითხოვს საკეისრო კვეთის ჩატარებას...

– არაერთხელ მოუთხოვიათ. ვცდილობთ, ავუხსნათ, რატომ ჯობია ბუნებრივი მშობიარობა და უმეტესობა გვიჯერებს კიდეც, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც საუბარს შედეგი არ გამოუღია. სამშობიარო მოქმედების აღძვრა ზოგჯერ სახიფათოა. მაგალითად, მაშინ, როდესაც ნაყოფის სიკვდილი პლაცენტის აცლის ფონზე ვითარდება. ამ დროს დედასაც ემუქრება საფრთხე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული ოპერაციული ჩარევა. დანარჩენ დროს უმჯობესია, ორსულობა მშობიარობით დასრულდეს.

– რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქალზე ამ სტრესმა?

– მკვდრადშობადობა მართლაც უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესია და არამხოლოდ დედისთვის – ექიმისთვისაც. სწორედ ექიმმა უნდა აცნობოს ეს საზარელი ამბავი პაციენტს და, ამასთან, შეძლებისდაგვარად სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს ნაყოფის სიკვდილის შესაძლო მიზეზების შესახებ. მაშინაც კი, როცა ექიმს ბრალი არაფერში მიუძღვის, ძნელია სათანადო სიტყვების პოვნა... წარმოიშობა რეაბილიტაციის პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის აუცილებლობა. თუ ფსიქოლოგიური დახმარება დაგვიანდა ან არასრულყოფილი აღმოჩნდა, ქალს შესაძლოა დეპრესია ან ფსიქოზი განუვითარდეს. მელოგინეთა სევდა, მელოგინეთა დეპრესია და მელოგინეთა ფსიქოზი სერიოზული დარღვევებია. ბევრი – სრულიად უსაფუძვლოდ – ნაყოფის სიკვდილს საკუთარ თავს აბრალებს. შესაძლოა, ტრავმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ქალმა მომავალში ვეღარც კი შეძლოს შვილის გაჩენა, შეეცვალოს დამოკიდებულება მეუღლისა და სხვა შვილების მიმართ და ეს სტრესი სამუდამოდ გაჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო ფსიქოლოგის დახმარება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარში დგომაც.

 

გახსოვდეთ:

ნაყოფის დანაკარგის თავიდან აცილება უმეტესად შესაძლებელია, თუ ქალი სწორად მოემზადა ორსულობისთვის, დაორსულებამდე გამოვლინდა და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი რისკფაქტორები, სრულყოფილად ჩატარდა ანტენატალური მეთვალყურეობა, სწორად დაიგეგმა მშობიარობის გზა და საჭიროების შემთხვევაში ახალშობილს პირველივე წუთიდან ჩაუტარდა სათანადო სარეანიმაციო ღონისძიებები.

 გვანცა გოგოლაძე

 

 

გააზიარე: