ტკივილი

გააზიარე:

ტკივილის ანატომია

თავის ტკივილი

ჩქარა, გული მტკივა!

მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

ყველაფერი ზურგის ტკივილის შესახებ

რა გვატკივებს ფეხებს

ტკივილის მართვის ხელოვნება

 

ზოგი ჭირი მარგებელია

რა არის ტკივილი?

ამ კითხვაზე ალბათ იმდენივე პასუხი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა – ტკივილის აღქმა ხომ თითოეულ ჩვენგანს თავისებური აქვს. ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა – ტკივილი, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არასასიამოვნო ფენომენია, რომელიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს გვირღვევს, მოსვენებას გვიკარგავს, ზოგჯერ მძიმე დეპრესიასაც იწვევს და რომლის განცდასაც, როგორც იტყვიან, მტერსაც არ ვუსურვებთ. არსებობს ისეთი ტკივილიც, დიდ სიხარულს – ახალი სიცოცხლის დაბადებას რომ მოასწავებს, მაგრამ უმეტესად ის სიხარულის წინამორბედი კი არა, ავადმყოფობის მაუწყებელია, ერთგვარი სიგნალი, რომელიც ქსოვილის დაზიანებაზე ან მოსალოდნელ დაზიანებაზე მიგვანიშნებს. ხშირად სწორედ ტკივილია ის სიმპტომი, რომელიც ექიმთან მისვლას გვაიძულებს. ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო...

 

ჭირმა თავი მალა, მალა ...

ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ზოგჯერ უმალვე მჟღავნდება, ზოგჯერ კი განსაზღვრული ხნის შემდეგ. რამდენად მალე იჩენს თავს ტკივილი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უპირატესად _ – თავად იმ ორგანოზე, რომელშიც ცვლილებები მოხდა.

ტკივილი შეიძლება იყოს მწვავეც (1 თვემდე), ქვემწვავეც (1-2 თვე) და ქრონიკულიც (2 თვეზე მეტი). მკურნალობის უფრო ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად მეცნიერებმა მოახდინეს ტკივილის კლასიფიკაცია ხასიათის, მიზეზებისა და განვითარების მექანიზმების მიხედვით. ამ კლასიფიკაციით, ტკივილს ნოციცეპტურ, ნეიროპათიულ და ფსიქოგენურ ტიპებად ყოფენ.

 

სად გვტკივა?

ვარაუდობენ, რომ ნოციცეპტური ტკივილი სხეულის ზედაპირზე და ღრმა ქსოვილებში ტკივილის რეცეპტორების აქტივაციის შედეგია. ნოცირეცეპტორი ნერვული ბოჭკოს თავისუფალი დაბოლოებაა, რომელიც ტკივილს აღიქვამს. ნოციცეპტურ ტკივილს იწვევს რეცეპტორების გაღიზიანება, ანთებითი მექანიკური დეფორმაცია, დესტრუქცია. რეცეპტორებიდან ტკივილი გადაეცემა ზურგის ან თავის ტვინს. სწორედ ამ სტრუქტურებში “ვხვდებით”, რომ გვეტკინა. გარდაიქმნება თუ არა პერიფერიიდან წამოსული იმპულსები ტკივილად, ესეც ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული. ნერვული სისტემის უმაღლეს ცენტრებს შეუძლიათ, დაბლოკონ ისინი, გააძლიერონ ან შეასუსტონ. მაშასადამე, გრძნობს რეცეპტორი, მაგრამ აღიქვამს ცენტრალური ნერვული სისტემა. ამიტომ ის, ვისაც ცენტრალური ნერვული სისტემა სერიოზულად აქვს დაზიანებული, ზოგჯერ ძლიერ ტკივილსაც კი ვერ გრძნობს.

ნოციცეპტური ტკივილი, თავის მხრივ, შესაძლოა სომატური ან ვისცერული იყოს. პირველი კანის, კუნთების, ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანების შედეგია. მუდმივია, ერთ უბანში ლოკალიზდება და მბურღავი, მღრღნელი ხასიათი აქვს. ასეთ ტკივილს იწვევს, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადება.

სომატურ ტკივილს ხშირად ანთებაც ახლავს თან. მართალია, ანთებითი რეაქცია ტრავმაზე ორგანიზმის ნორმალური პასუხია, მაგრამ როცა ის მუდმივია, დროთა განმავლობაში ქრონიკული ტკივილის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამგვარი სომატური ნოციცეპტური ტკივილის მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს სახსრების ტკივილი გამოდგება. სომატური ტკივილი კარგად ემორჩილება ანალგეტიკებსა და ტკივილის მართვის არამედიკამენტურ მეთოდებს.

ვისცერული ტკივილი შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანების შედეგია. ის მკაფიოდ იშვიათადაა ლოკალიზებული. ღრმაა, შეტევითი ხასიათისა, გადაეცემა კანის ზედაპირს. მისი მართვა უმეტესად ოპიოიდებით ხდება.

ნეიროპათიული ტკივილი ნერვულ სისტემაში მომხდარი ცვლილებების შედეგია. ის ვითარდება როგორც ტრავმის, ისე ავადმყოფობის ფონზე. ასეთ ტკივილის აღწერენ როგორც უჩვეულოს, ადარებენ ელექტრულ იმპულსებს, წვის შეგრძნებას. ტკივილი ვრცელდება შესაბამისი ნერვის გასწვრივ. ნეიროპათიული ტკივილის მაგალითებია დიაბეტური ნეიროპათია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სარტყლისებრი ლიქენი.

ნეიროპათიული ტკივილი არ რეაგირებს ფართოდ გავრცელებულ ანალგეტიკებზე, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მედიკამენტებზე, ძნელად ემორჩილება ოპიოიდებს. მის სამართავად უმთავრესად ანტიდეპრესანტებს და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებენ.

პაციენტებს, რომლებიც ქრონიკულ ტკივილს უჩივიან, განსაზღვრულ დონეზე აღენიშნებათ ფსიქოლოგიური დარღვევებიც – შფოთვა, დეპრესია... ეს დარღვევები ტკივილის არა მხოლოდ შედეგი, არამედ მიზეზიც შეიძლება იყოს. ზოგჯერ ფსიქოლოგიური პრობლემები ტკივილის მთავარი წყაროც კია. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს ამ დროს არ სტკივა – ის ნამდვილ ტკივილს გრძნობს; უბრალოდ, ამ ტკივილის არა ორგანული, არამედ ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. იშვიათად ვხვდებით პაციენტებს, რომლებიც ტკივილის ძალზე ოსტატურ იმიტაციას ეწევიან, თუმცა ეს სხვა თემაა. მთავარი ის გახლავთ, რომ ტკივილის ხასიათითა და სიმძაფრით ფსიქოგენური ტკივილი დანარჩენებისგან არ განსხვავდება. ეს ნათლად წარმოაჩენს, რამდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს ფსიქიკას ჩვენსავე ორგანიზმზე. ამიტომ ექიმმა მკურნალობისას პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს.

 

თავის ტკივილი

 თავის ტკივილი არც ისეთი უბრალო რამაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. განვითარებულ ქვეყნებში ის სამსახურისა და სასწავლებლის გაცდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე... ტკივილის თავისებურების გარკვევა ექიმს მისი მიზეზის პოვნასა და მკურნალობის დანიშვნაში ეხმარება.

 

პირველადი ტკივილი

თავის ტკივილი პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. პირველადს ტკივილის აღმქმელი სტრუქტურების ჰიპერაქტიურობა განაპირობებს. ის შეიძლება უკავშირდებოდეს ტვინის ქიმიურ აქტივობას, თავის ქალას გარშემო არსებულ ნერვებსა და სისხლძარღვებს, თავისა და კისრის კუნთებს, გენეტიკურ მიდრეკილებას. მეორეული ტკივილი ამა თუ იმ დაავადების შედეგია.

 

დაძაბულობის თავის ტკივილი

პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა დაძაბულობის თავის ტკივილია. მას მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. დაჭიმულობა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით, მაგალითად, კომპიუტერთან ან მიკროსკოპთან მუშაობისას, ანდა მძიმე ტვირთის აწევით.

ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ.

ამ ტიპის თავის ტკივილი ხშირად წარმოიშობა ემოციური დაძაბულობის (შფოთვის, სტრესის, დეპრესიის) დროს.

ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის ძილის უკმარისობა, კვების გამოტოვება, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ვირუსული ინფექცია, სინუსიტი.

დაძაბულობის თავის ტკივილი შესაძლოა შაკიკს და თავის ტვინის ზოგიერთ დაავადებასაც ახლდეს თან.

 

როგორ ვლინდება

დაძაბულობის თავის ტკივილი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. გვხვდება ბავშვებთანაც. მას ადარებენ ზეწოლას, მჭიდრო სალტის ან ვიწრო ქუდის მოჭერას. ის უმეტესად ორმხრივია და ხშირად ვრცელდება თავიდან კისერზე ან, პირიქით, კისრიდან მთელ თავზე. წესისამებრ, ყრუ ან საშუალო ინტენსივობისაა და ზოგჯერ სულ 30 წუთი გრძელდება, ზოგჯერ კი მთელი კვირა. სხვა სიმპტომები არ ახლავს თან, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა დაერთოს სინათლის ან ხმაურის აუტანლობა, უმადობა. გაძლიერდეს სტრესის, დაღლილობის, ხმაურის ან მკვეთრი სინათლის ფონზე, გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ღებინება და გულისრევა დაძაბულობის თავის ტკივილს არ ახასიათებს.

 

რა ვიღონოთ

დაძაბულობის თავის ტკივილისგან თავის დასაღწევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა ერიდოთ მის გამომწვევებს, რომლებსაც მედიცინაში ტრიგერებს უწოდებენ, ან შეასუსტოთ მაინც მათი ზემოქმედება. თავის ტკივილის დღიურის წარმოება ტრიგერების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

ტკივილის დროს მოეშვით, დაისვენეთ, მსუბუქად დაიზილეთ თავი და კისერი, მიიღეთ თბილი აბაზანა, გაისეირნეთ, ივარჯიშეთ... საზოგადოდაც, ხშირად ივარჯიშეთ და ბევრი იარეთ ფეხით – დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი უფრო ხშირად ფიზიკურად პასიურ ადამიანებს უტევს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ გამაყუჩებელი (ასპირინი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი, კუნთების რომელიმე რელაქსატორი). ოღონდ გაითვალისწინეთ: ეს ყველაფერი ეფექტურია იშვიათი, ეპიზოდური ტკივილის დროს. თუ ტკივილი ხშირად გაწუხებთ, უმჯობესია, მის მიზეზს უმკურნალოთ.

ექიმი ზოგჯერ პროფილაქტიკურ მკურნალობას ნიშნავს. პროფილაქტიკური მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების ყოველდღიურ მიღებას ტკივილისადმი ორგანიზმის მიდრეკილების შესამცირებლად.

შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს ფიზიოთერაპია, ტრანსკუტანეული ელქტრული სტიმულაცია, რელაქსაციური თერაპია, იოგა, აკუპუნქტურა.

ხშირად დაძაბულობის თავის ტკივილი თავისთავად, მკურნალობის გარეშეც გაივლის.

 

შაკიკი

მსოფლიოს მოსახლეობის მეათედზე მეტს შაკიკი აწუხებს. ის ქალებში სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. შაკიკი მემკვიდრეობითია და უმეტესად ბავშვობის ან მოზარდ ასაკში იჩენს თავს.

შაკიკს შეტევითი, ძლიერი, მოპულსირე ან მფეთქავი თავის ტკივილი ახასიათებს, რომელიც რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ 1-2-ჯერ გამეორდეს, შესაძლოა, თვეში რამდენმეჯერმეც. ხშირად თან ახლავს გულისრევა ან ღებინება (რომელიც ტკივილს ამსუბუქებს), სინათლისა და ხმაურის აუტანლობა.

შაკიკით დაავადებულთა მესამედი წინასწარ გრძნობს შეტევის მოახლოებას, რადგან ტკივილს აურა უძღვის წინ. აურა ერთგვარი სიგნალია, რომელიც საშუალოდ 10-30 წუთს გრძელდება. ის უმეტესად გამოიხატება თვალწინ შავი ლაქების, მოციმციმე წერტილების, ფერადი ზიგზაგების გაჩენით, უფრო იშვიათად – ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნებით, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ხელის რომელიმე თითიდან იწყება, თანდათან მთელ კიდურს მოედება და იმავე მხარეს ენასა და სახესაც ითრევს. ზოგჯერ აურის გამოხატულებაა მეტყველების დარღვევა, სიტყვების სწორად შერჩევის გაძნელება.

გამოყოფენ შაკიკის შეტევის ოთხ სტადიას: პროდრომულს, აურას, თავის ტკივილისას და ტერმინალურს, – თუმცა შეტევა ოთხივე სტადიას ყოველთვის არ გაივლის.

 

მიზეზები

მეცნიერებს დიდხანს მიაჩნდათ, რომ შაკიკის შეტევას თავის სისხლძარღვების გაფართოება და შევიწროება ედო საფუძვლად. დღეს ეს თეორია უარყოფილია და შეტევის მიზეზად ადამიანის გენტიკური თავისებურებები მიიჩნევა.

შაკიკის სიხშირე დამოკიდებულია ტრიგერებზე – შეტევის გამშვებ მექანიზმებზე. შეტევას პროვოცირებას უწევს გადაღლილობა, შფოთვა, საზოგადოდ, სტრესი, ასევე – მენსტრუაცია, ორსულობა და მენოპაუზა.

ტრიგერების ზუსტად განსაზღვრა ხშირად ძნელია. გამშვები მექანიზმის როლი შესაძლოა შეასრულოს:

  • კვებამ – ზოგიერთმა საკვებმა, ალკოჰოლმა, შიმშილმა (საკვების დაგვიანებით ან არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ), კოფეინის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ, გაუწყლოებამ;
  • ძილმა (მავნებელია როგორც გამოუძინებლობა, ისე ზედმეტი ძილი);
  • სხვა ცხოვრებისეულმა სიტუაციებმა – ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ, შორ მანძილზე მგზავრობამ, განსაკუთრებით – დროის სარტყლის შეცვლამ;
  • გარეგანმა ფაქტორებმა – ძლიერმა ან მოციმციმე სინათლემ, მძაფრმა არომატებმა და ამინდის მკვეთრმა ცვლილებამ;
  • ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა – ემოციურმა სტრესმა ან სტრესის შემდგომი რელაქსაციის პერიოდმა;
  • ჰორმონულმა ფაქტორებმა – მენსტრუაციამ; ჰორმონული კონტრაცეპციის შეწყვეტამ ან ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ.

ყველაზე გავრცელებული ტრიგერია შიმშილი, განსაკუთრებით – ახალგაზრდებთან, ამიტომ შაკიკისადმი მიდრეკილმა ბავშვებმა არაფრით არ უნდა გამოტოვონ საუზმე.

 

მკურნალობა

შაკიკის მკურნალობის ორი გზა არსებობს: შეტევის პრევენცია და მისი შემსუბუქება. პრევენცია გულისხმობს როგორც წამლების გამოყენებას, ისე ცხოვრების წესის შეცვლას: ფიზიკურ აქტიურობას, რელაქსაციას, ნორმალური წონის მიღწევასა და შენარჩუნებას...

შეტევის დროს სასურველია ბნელ და წყნარ ოთახში განმარტოება.

შეტევის სამკურნალოდ რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტებს იყენებენ: ტკივილგამაყუჩებლებს, გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, შაკიკის საწინააღმდეგო სპეციფიკურ საშუალებებს (ტრიპტანებს) და სხვა.

თუ შეტევა ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება, შეიძლება მკურნალობაში ჰორმონული პრეპარატების ჩართვაც.

 

კლასტერული ტკივილი

კლასტერული ტკივილი თავის ცალმხრივი, ხანმოკლე და ძლიერი ტკივილია, რომელიც, წესისამებრ, თვალბუდის არეს მოიცავს. შეტევა უმეტესად დღის ან ღამის ერთსა და იმავე მონაკვეთში ვითარდება, ზოგჯერ – დღეში რამდენჯერმეც, და ერთი კვირიდან ერთ წლამდე გასტანს. ამ ტიპის ტკივილი ათასიდან საშუალოდ ორ-სამ ადამიანს აწუხებს, ხოლო მამაკაცებთან ქალებზე ხუთჯერ ხშირად გვხვდება. დაავადების აღმოცენება ყველაზე მეტად 20-დან 40 წლამდეა მოსალოდნელი, თუმცა შეიძლება, ნებისმიერ სხვა ასაკშიც იჩინოს თავი.

ტკივილის შეტევა ადამიანს უმეტესად ღამით, ჩაძინებიდან ერთი-სამი საათის შემდეგ აღვიძებს, თუმცა შესაძლოა, მღვიძარეასც დაეწყოს. შეტევისას ავადმყოფი აგზნებული მიმოდის ოთახში, ხშირად სახლიდანაც გადის. მტკივან მხარეს თვალი წითლდება. იწყება ცრემლდენა. თვალის ნაპრალი შესაძლოა შევიწროვდეს. ნესტო დახშულია ან ქიიდანაც სითხე დის. წითლდება კანიც. სახის მეორე მხარე უცვლელი რჩება.

 

მიზეზები

კლასტერული თავის ტკივილის ზუსტი მიზეზი უცნობია. მას უკავშირებენ ჰისტამინისა და სეროტონინის გამოთავისუფლებას, ასევე – ამ პროცესში ჰიპოთალამუსის მონაწილეობას. ტრიგერად შესაძლოა მოგვევლინოს:

  • ალკოჰოლი;
  • თამბაქო;
  • დიდ სიმაღლეზე (მაგალითად, საჰაერო ტრანსპორტში) ყოფნა;
  • მკვეთრი სინათლე;
  • ფიზიკური გადაძაბვა;
  • სითბო (ისეთ შენობაში ყოფნა, სადაც მაღალი ტემპერატურაა ან ცხელი აბაზანის მიღება);
  • ნიტრიტების მაღალი შემცველობის მქონე საკვები ( ბეკონი, დაკონსერვებული ხორცი);
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • კოკაინი.

 

მკურნალობა

კლასტერული ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ და ტკივილის პრევენციისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს. ხშირად 100%-იანი ჟანგბადის ინჰალაციას მიმართავენ.

 

მეორეული ტკივილი

თავის ტკივილის მიზეზად შეიძლება იქცეს ინტოქსიკაცია, მათ შორის – ვირუსულიც, დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), მაღალი და დაბალი არტერიული წნევა, შუა ყურის ანთება, სინუსიტი, გლაუკომა, სამწვერა ნერვის ანთება, ვენების თრომბოზი, არტერიოვენური მალფორმაცია, ტვინის სიმსივნე, პანიკური შეტევა, მედიკამენტის დოზის გადაჭარბება...

 

მედიკამენტური ტკივილი

ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ: ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, კოდეინი თუ სხვა, – ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად. იგივე ეფექტი აქვს კოფეინის (ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, კოფეინის შემცველი ტაბლეტები) ჭარბ მიღებასაც.

ამ ტიპის თავის ტკივილის ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა მიჩვევის როლი აშკარაა. საყურადღებოა, რომ მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ტაბლეტების რაოდენობა, არამედ მიღების სიხშირე – გამაყუჩებლის კვირაში მხოლოდ 1-2 დღე მიღებისას წამლისმიერი თავის ტკივილის განვითარების ალბათობა ნაკლებია, ხოლო სამ დღეზე მეტხანს მიღებისას, თუნდაც მცირე დოზებით – დიდი.

ყველაფერი, წესისამებრ, იწყება დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილით ან შაკიკის იშვიათი შეტევებით. ტკივილის გახშირებასთან ერთად ადამიანიც უფრო და უფრო ხშირად იღებს ტკივილგამაყუჩებლებს, ვიდრე ორივე – ტკივილიცა და წამლის სმაც – ყოველდღიურ მოვლენებად არ იქცევა. ტკივილი სხვადასხვაგვარია, უმეტესად – ყრუ. დღის განმავლობაში დროდადრო მკვეთრად ძლიერდება, ჩნდება განცდა, რომ აღარასოდეს გაყუჩდება. ყველაზე ძლიერია დილაობით, გაღვიძებისას. ხშირად ახლავს თან დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, გაღიზიანებადობა და ძილის დარღვევა.

როცა ადამიანი წამლის მიღების სიხშირის შემცირებას ცდილობს, თავს იჩენს მოხსნის სინდრომი, რომელიც ტკივილის მომატებით მჟღავნდება და ავადმყოფიც იძულებული ხდება, კიდევ უფრო მეტი მედიკამენტი მიიღოს. საბოლოოდ ყალიბდება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე იოლია.

მედიკამენტების მუდმივმა მიღებამ შესაძლოა ადამიანს თირკმელები ან ღვიძლი დაუზიანოს.

 

გამოსავალი

ერთადერთი გამოსავალია თავის ტკივილის საწინააღმდეგო წამლებზე მთლიანად უარის თქმა. უკეთესობას მალევე იგრძნობთ, თუმცა მდგომარეობის საბოლოო გამოსწორებას ზოგჯერ სამი თვეც კი სჭირდება. წამლის მიღებას ან ერთბაშად წყვეტენ, ან 2-3 კვირის განმავლობაში თანდათან ამცირებენ დოზას. ავადმყოფს ურჩევენ სითხეების (ოღონდ არა კოფეინის შემცველის) უხვად მიღებას. წამლის ერთბაშად შეწყვეტისას ვითარდება მოხსნის სინდრომი – თავის უფრო ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შფოთვა და ძილის დარღვევა, თუმცა ეს უსიამოვნებები 48 საათში, უარეს შემთხვევაში – ორიოდე კვირაში გაივლის.

წამლის მოსახსნელად შესაფერისი დრო უნდა შეირჩეს. ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, რამდენიმე დღე მუშაობა ვერ შეძლოს.

 

საშიში ტკივილი

მეორეული თავის ტკივილი შესაძლოა ისეთი მძიმე დაავადების ნიშანიც იყოს, როგორიცაა ინსულტი, მენინგიტი ან ენცეფალიტი, ამიტომ საეჭვო შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

საეჭვოა უეცარი ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს:

  • მეტყველების აღქმის გაძნელება;
  • ორიენტაციის დარღვევა;
  • გულის წასვლა;
  • მაღალი (39-40 0ც) ტემპერატურა;
  • სხეულის ცალი მხარის დაბუჟება, სისუსტე ან დამბლა;
  • კისრის კუნთების რიგიდულობა;
  • მხედველობის დარღვევა;
  • მეტყველების დარღვევა;
  • სიარულის დარღვევა;
  • გულისრევა ან ღებინება.

 

ნაყინის თავის ტკივილი

მეორეული ტკივილებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ნაყინის თავის ტკივილი. ის ვითარდება ცივი საჭმლის ან სასმლის მიღებისას, ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას, ცივ წყალში ჩაყვინთვისას. ამ ტიპის ტკივილს ერთი კარგი თვისება აქვს: ისევე მალე გაივლის, როგორც დაიწყო.

ტკივილი ძლიერი და მწვავეა, შუბლის არეშია ლოკალიზებული, 20-60 წამში აღწევს პიკს და ხუთ წუთზე მეტხანს იშვიათად გასტანს. ექიმის ჩარევას ამ ტიპის ტკივილი არ მოითხოვს.

ნაყინის თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ცივი საკვები და სასმელი ნელა უნდა მიიღოთ.

 

ჩქარა, გული მტკივა!

გული ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა – გულით გვიყვარს, გვიხარია, გვეცოდება, გვენატრება, გულში ვიხუტებთ, გულიანად ვიცინით, როცა გვეშინია, გული გვისკდება, ხოლო როცა გვაწყენინებენ, მოგვატყუებენ, გვიღალატებენ – გული გვტკივა. მეტაფიზიკურზე არანაკლებ მგრძნობიარეა “ნამდვილი”, ანატომიური გულიც. ქვემოთ სწორედ მისი ტკივილის მიზეზებზე გესაუბრებით.

 

მიზეზ-მიზეზ

გულის ტკივილი იმ სიმპტომთაგანია, რომელთა აღმოცენებისას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ზოგჯერ წამები წყვეტს. ტკივილის მიზეზი უმეტესად თავად გულის დაზიანებაა, უფრო იშვიათად – ფილტვებისა, საყლაპავისა ან გულმკერდის კედლისა: კანისა, კუნთებისა ან ძვლებისა. შესაძლოა, ტკივილის წყარო გულმკერდის ღრუს მონათესავე ორგანოც იყოს, მაგალითად, კუჭი ან ნაღვლის ბუშტი. ისეც ხდება, რომ გულის ტკივილი კისრის მიდამოს ორგანოებიდან იღებს სათავეს. ასე რომ, მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მიზეზის დაუზუსტებლად კი მკურნალობა ვერ დაინიშნება, შესაბამისად, ვერც ტკივილსა თუ მის გამომწვევ ფაქტორს ეშველება რამე, ამიტომ გულის ტკივილის დროს პირველი ამოცანა სწორედ ტკივილის მიზეზის დადგენაა.

 

გულის ტკივილი სხვადასხვანაირია  – მწვავე, გამჭოლი, მომჭერი; ზოგჯერ ერთ უბანზე ვითარდება, ზოგჯერ – რამდენიმეზე; იმატებს დატვირთვისას და სუსტდება დასვენებისას; ხდება ისეც, რომ თან ახლავს სხვა სიმპტომებიც – გულისრევა, ტაქიკარდია, ქოშინი. ტკივილის მიზეზის დადგენაში უმეტესად სწორედ ეს ნიშან-თვისებები გვეხმარება.

ვინაიდან გულის ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად გულის იშემიური დააავადებაა, მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ ამ დროს განვითარებული ტკივილის ანატომია.

 

სიღრმისეული მიზეზები

ანგინა – ეს სიტყვა “მოხრჩობას” ნიშნავს. ანგინა მხოლოდ ტონზილების, ნუშურა ჯირკვლების, ანთების შედეგი როდია – ის შეიძლება გულის მიზეზითაც განვითარდეს, ოღონდ ამ დროს პრობლემა გაცილებით რთულია, ვიდრე ნუშურების ანთება, თუნდაც დაჩირქებაა.

ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს სჭირდება. ეს ნივთიერებები დანიშნულების ადგილამდე მიაქვს სისხლს, რომელსაც გული სისხლძარღვთა მთელ ქსელში გადაქაჩავს. მაგრამ იმისთვის, რომ მთელი ორგანიზმი გამოკვებოს, თავად გულსაც ადეკვატური კვება სჭირდება. ამ ფუნქციას გვირგვინოვანი, იგივე კორონარული არტერიები ასრულებენ. გულის იშემიური დაავადების დროს კორონარულ არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქები გროვდება, რაც არტერიების შევიწროებას იწვევს.  ამის შედეგად ირღვევა გულის სისხლმომარაგება. ამ მდგომარეობას გულის კუნთის, მიოკარდიუმის, იშემია ეწოდება. “ანგინა” კი გულის იშემიით გამოწვეულ ტკივილს, იმავე სტენოკარდიას აღნიშნავს. სტენოკარდია უმეტესად ფიზიკური აქტიურობის შემდეგ იჩენს თავს, როდესაც ჟანგბადზე გულის მოთხოვნა იმატებს, ხოლო მის დასაკმაყოფილებლად იმატებს გულის შეკუმშვათა რაოდენობა და წნევაც. როდესაც მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ვითარდება სტენოკარდია.

მიოკარდიუმის ინფარქტი არტერიის სრული დახშობით გამოწვეული გულის კუნთის სიკვდილია. ის მაშინ ვითარდება, როდესაც სისხლით მომარაგება 15 წუთზე მეტი ხნით წყდება. ინფარქტის დროს ადამიანი გრძნობს დისკომფორტს, სტენოკარდიის მსგავს შეტევას, თუმცა გაცილებით ინტენსიურსა და ხანგრძლივს.

 

იშემიურ ტკივილს ამოვიცნობთ:

  • ხასიათით. ტკივილს ადარებენ ზეწოლის, მოჭერის, მოხრჩობის შეგრძნებას. ამ მდგომარეობას ვიწრო ბიუსტჰალტერის სინდრომსაც ეძახიან. მამაკაცებისა რა მოგახსენოთ, ქალები კი, ვფიქრობთ, იოლად მიხვდებიან, რა ტიპის ტკივილზეა საუბარი. მდგომარეობის აღსაწერად პაციენტები იყენებენ სიტყვებს “გახვრეტა”, “მოჭერა”, “გაგლეჯა”, “აუტანელი”, იშვათად – “ჩხვლეტა”, “შემაწუხებელი”.
  • გავრცელებით. იშემიური ტკივილი, წესისამებრ, მთელ გულზე ვრცელდება. თუ პაციენტი თითით კონკრეტულ ადგილზე მიუთითებს, გულის იშემია ნაკლებსავარაუდოა.
  • გადაცემით. იშემიური ტკივილი ხშირად გადაეცემა სხეულის ზემოთა ნაწილებს – კისერს, ყელს, მხარს, ხელებს, კბილებსაც კი. აქვე უნდა ითქვას, რომ იშემიას გულის ტკივილი ყოველთვის არ ახლავს თან და პათოლოგიური პროცესი სხეულის სხვა ნაწილის, მაგალითად, კბილის ტკივილით მჟღავნდება. ამ შემთხვევაში იშემიას ეჭვობენ, როცა ტკივილი დატვირთვის დროს იჩენს თავს.
  • ხანგრძლივობით. იშემიური ტკივილი, წესისამებრ, ნელ-ნელა ვითარდება და თანდათან იმატებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირს. თუ ტკივილი, ვთქვათ, კიბეზე ასვლის ან სირბილის დროს აღმოცენდება და ძლიერდება, ხოლო რამდენიმეწუთიანი დასვენების შემდეგ სუსტდება, დიდი ალბათობით, საქმე ანგინასთან გვაქვს – დატვირთვის შედეგად მომატებულ ჟანგბადის მოთხოვნილებას გული ვერ აკმაყოფილებს. ამავე მიზეზით ანგინა შესაძლოა განვითარდეს სტრესის ან სიცივის ფონზე, სქესობრივი აქტის დროს და სხვა. არაგულისმიერი ტკივილი კი შესაძლოა ერთბაშად აღმოცენდეს. ის ნაკლებად უკავშირდება ფიზიკურ აქტიურობას.
  • მედიკამენტური ჩარევის ეფექტით. თუ ტკივილს ნიტროგლიცერინის მიღება აყუჩებს, იშემიის ალბათობა ამ შემთხვევაშიც დიდია. ცნობისათვის: ნიტროგლიცერინს ემორჩილება, მაგალითად, საყლაპავის სპაზმის შედეგად განვითარებული ტკივილიც, მაგრამ ამ უკანასკნელს, გულის ტკივილისგან განსხვავებით, ანტაციდების მიღებაც აცხრობს.
  • ტკივილზე სხეულის მდგომარეობის გავლენით. პოზის შეცვლისას იშემიური ტკივილის ძალა და ხასიათი არ იცვლება. მასზე არც ღრმა ჩასუნთქვა მოქმედებს, არც მტკივან უბანზე ზეწოლა. იშვიათად პაციენტს შვებას ჰგვრის ჯდომა და თავის წინ გადაწევა.
  • დამატებითი ნიშნებით. ქოშინი, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ცივი კანი, აჩქარებული და არარიტმული გულისცემა, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გულის წასვლა, დისკომფორტი მუცელში ხშირად ანგინაზე მიუთითებს.

ზოგჯერ არაიშემიური ტკივილი სტენოკარდიის კლასიკურ შეტევას ჰგავს. ამ მდგომარეობას ვარიანტული სტენოკარდია ეწოდება. ის კორონარების – გვირგვინოვანი არტერიების – დროებითი სპაზმის შედეგია. არტერიები ამ დროს, წესისამებრ, ნორმალურ მდგომარეობაშია, ცხიმოვანი ფოლაქები მათში არ შეინიშნება. ტკივილის მიზეზი სისხლძარღვების სპაზმია.

 

მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება – ასევე გულის არეში ტკივილით ვლინდება. ის ხშირად იშემიური ტკივილის იმიტაციას ქმნის. დაავადება უმეტესად ვირუსული ინფექციის შედეგია.

ზოგჯერ ტიპურ სტენოკარდიულ შეტევას იწვევს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია – გულის კუნთის გასქელებითა და გადიდებით მიმდინარე დაავადება. მას ახასიათებს სუნთქვის პრობლემებიც.

გულის არეში ტკივილს იწვევს პერიკარდიტიც – გულის პერანგის ანთება. ის ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება და სუსტდება წინ გადახრით ჯდომის დროს.

აორტის აშრევება გულის ტკივილის, საბედნიეროდ, არც ისე ხშირი, თუმცა მეტად სერიოზული მიზეზია. ტკივილი უმეტესად ერთბაშად იჩენს თავს და ზურგშია ლოკალიზებული. მას რღვევის შეგრძნებას ადარებენ. აორტა სხეულის მთავარი არტერიაა. ის კუნთოვანი უჯრედების ფენებისგან შედგება. იშვიათად ეს ფენები ერთმანეთს შორდება, რის შედეგადაც სისხლი სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოდის. ამ დაავადების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.

იქს სინდრომი სტენოკარდიის მსგავსი ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია. ის უმეტესად ქალებთან გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს პაციენტს გულის არეში ტკივილის არც ერთი ცნობილი მიზეზი არ უდასტურდება. ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი ბუნდოვანებით მოცულ სინდრომს.

 

ზედაპირზე მდებარე პრობლემები

სარტყლისებრი ლიქენი, იგივე ჰერპეს-ზოსტერი, გულმკერდის ნერვებზე მოქმედებს და ტკივილს იწვევს. ტკივილს პროვოცირებას უწევს ფიზიკური აქტიურობაც, განსაკუთრებით – თუ ლიქენი ახალი ან ადრინდელზე ინტენსიურია. ტკივილი ამ დროს უფრო ხანგრძლივია და სხვადასხვა პოზიციაში იმატებს ან იკლებს.

გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმაც, თუნდაც ახლო წარსულში გადატანილი ქირურგიული ჩარევა.

 

ვეძებთ განსხვავებებს

საყლაპავ მილსა და გულს რამდენიმე მომმარაგებელი ნერვი საერთო აქვთ, ამიტომ საყლაპავის ტკივილი ხშირად იქცევა დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ საყლაპავის სპაზმით გამოწვეული ტკივილი ნიტროგლიცერინის მიღებისას იხსნება.

გულის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (რომელსაც ხალხში გულძმარვას უწოდებენ), ეზოფაგიტი, საყლაპავის მოტორიკის დარღვევა.

გულის არეში ტკივილს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებებიც იწვევს. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაღვლის ბუშტის ანთება, პანკრეატიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მათი არასრული ჩამონათვალია. ზოგჯერ ტკივილი სხვა ორგანოდან იწყება და გულზე ვრცელდება, ზოგჯერ კი პირველივე დარტყმას გული იღებს. დიფერენციული დიაგნოსტიკის დროს აზუსტებენ, ახლავს თუ არა ტკივილს სხვა გასტროინტესტინური სიმპტომები, უკავშირდება თუ არა ის დატვირთვას. ცხადია, ითვალისწინებენ ავადმყოფობის ისტორიასაც.

 

ჰაერი, ჰაერი!..

გულის არეში ტკივილის დროს არც ფილტვები უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. როცა მიზეზი ფილტვების დაავადებაა, სუნთქვისას ტკივილი ძლიერდება.

ფილტვის ემბოლია ფილტვის არტერიებში თრომბის “მოგზაურობის” შედეგად ვითარდება, უმეტესად – ახალნაოპერაციევზე, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის ან ფრენის შემდეგ. ტკივილი ერთბაშად იჩენს თავს და თან ახლავს ქოშინი.

პნევმონიას – ფილტვების ანთებას – ტკივილთან ერთად ხველა და მაღალი ტემპერატურაც ახლავს თან.

პლევრიტი – ფილტვის გარემომცველი ქსოვილის, პლევრის,  ანთება – ვირუსული ან დაავადების, პნევმონიის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, გულმკერდის ტრავმის გართულებაა. ამ დროს ტკივილი ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება და მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის ფონზე.

პნევმოთორაქსი ფილტვების კოლაფსია. ამ დროს ჰაერი გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის არსებულ სივრცეში აღწევს. ფილტვი ვეღარ იხსნება, მასში ჰაერი ვეღარ შედის და სუნთქვა უფრო და უფრო ძნელდება.

 

გულგახეთქილები

პანიკურმა შეტევამაც შეიძლება გულის არეში ტკივილი გამოიწვიოს. ამ დროს ტკივილის მიზეზი ჰიპერვენტილაციაა, შედეგი კი – იმდენად თვალსაჩინო, რომ პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზეც კი ჩანს. პანიკური შეტევა ერთბაშად იწყება, ხოლო პიკს ათიოდე წუთში აღწევს. ამ დროს აღმოცენებული ტკივილი ძალიან ჰგავს სტენოკარდიას. დიფერენცირებაში გვეხმარება კანკალი, შემცივნება, ორიენტაციის დაკარგვა, პარესთეზია – დაბუჟების, სიცივისა და სიცხის უცნაური შეგრძნება

 

ვიკვლევთ გულდასმით

ალბათ თავადაც ხვდებით, ტკივილის ხასიათისა და თანმხლები სიმპტომების ანალიზი მიზეზის დასადგენად არ კმარა. დიაგნოსტიკაში გადამყვეტი როლი ეკისრება ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს – ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში სპეციფიკური ფერმენტების განსაზღვრა, სტრესტესტი – გამოკვლევა დატვირთის ფონზე, გულმკერდის რადიოგრაფია, რადიონუკლიდური გამოკვლევა. შესაძლოა, საჭირო გახდეს გულის კათეტერიზაცია ანუ კორონარული ანგიოგრაფიაც.

 

როდისაა ვითარება საშიში?

მდგომარეობის სერიოზულობაზე მიუთითებს ნორმალური აქტიურობის შეზღუდვა, ცივი ოფლი, ღებინება, გულისრევა, ჰაერის მკვეთრი უკმარისობა, ტკივილის თანდათანობითი გაძლიერება, ხველა სისხლიანი ნახველით, წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა, ძლიერი შიში. ვითარება ნაკლებსაშიშია, როცა ტკივილი კარგადაა შემოსაზღვრული ან ინტენსივობაზე გავლენას ახდენს სუნთქვა, პოზის შეცვლა, საკვების მიღება, პალპაცია (ხელით გასინჯვა).

ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათაგან სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს მწვავე კორონარული სინდრომი (სტენოკარდია, ინფარქტი), აორტის აშრევება, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, პნევმოთორაქსი და პერიკარდიტი.

 

როდის მივმართოთ ექიმს

უმეტესობას ჰგონია, რომ გულის შეტევას უეცარი ინტენსიური ტკივილი ახლავს თან. სინამდვილეში ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ შეტევა სუსტი ტკივილით ან დისკომფორტით იწყება და ნელ-ნელა იკრებს ძალას. დადგენილია, რომ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს გულმკერდის ტკივილის მართვა გაცილებით ეფექტურია, თუ მას სიმპტომების გაჩენისთანავე დავიწყებთ, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ ბევრი აგვიანებს ექიმთან ვიზიტს, ვინაიდან სიმპტომებს სერიოზულად არ მიიჩნევს ან ისინი თავისთავად უკუვითარდება.

მაშ, როგორ მოვიქცეთ გულის არეში ტკივილის დროს?

თქვენ არც ჩამოთვლილი დაავადებების პათოფიზიოლოგიის ცოდნა გევალებათ, არც დიაგნოზის დასმა და არც მკურნალობის გზების ძიება. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, ტკივილის აღმოცენებისთანავე ნიტროგლიცერინის მიღება და სასწრაფო დახმარების გამოძახებაა. თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ არაფერი გემუქრებათ, ნუ დაელოდებით სიმპტომების გაქრობას – აკრიფეთ 112 და თქვენი გული პროფესიონალებს ანდეთ.

 

მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

 

არ მეგულება ადამიანი, მუცელი ერთხელ მაინც რომ არ ასტკივებოდეს, თუმცა ტკივილიც არის და ტკივილიც. ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, ამა თუ იმ ხარისხის ტკივილის ატანა თითქმის ყველას შეგვიძლია. როცა ტკივილის ინტენსივობა ჩვენი ამტანობის ზღურბლს გადალახავს, ან სასწრაფო დახმარებას ვიძახებთ, ან თავად მივდივართ ექიმთან.

ტკივილთან ერთად დიდია გაურკვევლობით გამოწვეული სტრესი: “რა მჭირს? რამე ხომ არ გამისკდა? ოპერაცია ხომ არ დამჭირდება?” სანამ ექიმი ამ კითხვებზე გვიპასუხებდეს, ტკივილის მიზეზი უნდა დაადგინოს.

მოგეხსენებათ, მუცლის ღრუში უამრავი ორგანოა. მუცლის ტკივილი ნებისმიერი მათგანის პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს. დამეთანხმებით, სპეციალისტები რთული ამოცანის პირისპირ დგანან.

ალბათ გაინტერესებთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს, როდის არ ღირს ვიზიტის გადადება.

მაშინ, როდესაც:

  • ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მოძრაობა გიჭირთ;
  • მუცელზე შეხებისას ტკივილი იმატებს;
  • ტკივილს თან ახლავს:
  • ტემპერატურის მატება;
  • სისხლიანი განავალი;
  • უწყვეტი გულისრევა და ღებინება;
  • წონის კლება;
  • კანისა და ლორწოვანის გაყვითლება;
  • მუცლის შებერვა.

 

საიდან დავიწყოთ?

მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დიაგნოსტიკის უამრავი მაღალტექნოლოგიური საშუალება არსებობს, პაციენტის გამოკითხვა და ანამნეზის შეკრება ვერაფერმა შეცვალა. მნიშვნელოვანია ტკივილთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი: სად გტკივათ? სადმე ხომ არ გადაეცემა ტკივილის შეგრძნება? როგორია ტკივილი – მწვავე თუ ყრუ? რამდენად ძლიერია? 10 ქულიდან რამდენით შეაფასებდით? როდის დაიწყო? რას უკავშირებთ მის დაწყებას? როგორ დაიწყო – ერთბაშად თუ თანდათანობით? სხვა სიმპტომიც ხომ არ ახლავს თან?

მომდევნო საფეხური პაციენტის გასინჯვაა. ექიმი შეამოწმებს, მუცელი რბილია თუ დაჭიმული, ხომ არ შეინიშნება მწვავე მუცლისთვის – პერიტონიტისთვის – დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

ინფორმაციის დაწვრილებით შეკრებისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ გამოცდილი ექიმი მეტ-ნაკლები სიზუსტით ივარაუდებს ტკივილის მიზეზს, თუმცა დიაგნოზის დასადასტურებლად რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება დასჭირდება. აუცილებელთა ჩამონათვალში შედის სისხლის საერთო ანალიზი და მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია. შესაძლოა, სხვა გამოკვლევებიც გახდეს საჭირო.

ჩვენ მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს მიმოვიხილავთ.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მუცლის ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად მეტეორიზმი – აირებით ნაწლავების გადაბერვა – ან კუნთის დაჭიმვაა. არც ერთი მათგანი არ არის საშიში და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში მალევე გაივლის. უფრო ყურადსაღები მიზეზების ჩამონათვალი კი ასეთია:

აპენდიციტი. ეს აპენდიქსის ანუ ჭიანაწლავის ანთებაა. მისთვის მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილია დამახასიათებელი. ისეც ხდება, რომ ტკივილი ჭიპის ირგვლივ იწყება და აპენდიქსის საპროექციო არეში მერეღა გადაინაცვლებს. აპენდიციტის დროს ტკივილი, წესისამებრ, პროგრესირებს და მწვავდება. იმატებს მოძრაობისა და ხველის დროს.

აპენდიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაგვემართოს, თუმცა ყველაზე ხშირად 10-დან 30 წლამდე ასაკში გვხვდება. ამ დროს სისხლის საერთო ანალიზი ანთებით ცვლილებებს აჩვენებს. ზოგჯერ ულტრასონოგრაფიითაცაა შესაძლებელი ანთებითი აპენდიქსის დანახვა. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა – ანთებითი ჭიანაწლავის ამოკვეთა. დაგვიანებულ შემთხვევებში მოსალოდნელია გართულებები – აპენდიქსის გახეთქვა ან დაჩირქება.

გასტრიტი და დუოდენიტი – შესაბამისად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ანთება. მისი გამწვავება შესაძლოა გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, ალკოჰოლმა, ზოგიერთმა ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებამ. ტკივილი ერთბაშადაც შეიძლება წარმოიშვას და თანდათანობითაც. ხშირად ანთებითი პროცესის შედეგად ჩნდება წყლული. გასტრიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმში (კუჭის არეში), ბოყინი, გულძმარვა, ღებინება, სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა ნახევარში.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. სიმპტომები გასტრიტისას ჰგავს. ავადმყოფობა, წესისამებრ, ქრონიკულია და დროდადრო მწვავდება.

გასტრიტის, დუოდენიტისა და წყლულის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ფიბროსკოპია.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ პირნაღებ მასაში ან განავალში სისხლი აღმოაჩინეთ ან მელენა – კუპრისფერი განავალი– შეამჩნიეთ, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ კი მოემზადეთ ხანგრძლივი დიეტისა და მკურნალობისთვის.

ქოლეცისტიტი. ნაღვლის ბუშტის ანთება, გასტრიტის მსგავსად, საკმაოდ გავცელებული პრობლემაა. მისთვის დამახასიათებელია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ხშირად მხარში ან ზურგში გადაეცემა. შეხებისას ტკივილი იმატებს. თან ახლავს გულისრევა, ღებინება და ცხელება. ეს სიმპტომები, წესისამებრ, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. ქოლეცისტიტის მიზეზი ყველაზე ხშირად ნაღველკენჭოვანი დაავადებაა.

ნაღველკენჭოვანი დაავადება. მთავარი, რაც ნაღვლის ბუშტის კენჭების შესახებ უნდა იცოდეთ, ის არის, რომ მათ ვერავითარი მედიკამენტური მკურნალობა ვერ აქრობს. კენჭების მოცილების ერთადერთი გზა ნაღვლის ბუშტის ამოკვეთაა. ოპერაცია უმჯობესია რემისიის პერიოდში ჩატარდეს და არა გამწვავებისას. გამწვავება კი საკმაოდ ხშირია. დროდადრო კენჭები ნაღვლის დენას აფერხებს, ის ნაღვლის ბუშტში ყოვნდება და ანთებით ცვლილებებს იწვევს. სწორედ კალკულოზური ქოლეცისტიტია ნაღველკენჭოვანი დაავადების ყველაზე ხშირი გართულება. უფრო მძიმე გართულებების საფრთხეც არსებობს – თუ კენჭი სადინარში გაიჭედა, ამან შესაძლოა ნაღვლის ბუშტის გახეთქვაც კი გამოიწვიოს. დიაგნოზის დასმაში დიდ დახმარებას გვიწევს ულტრასონოგრაფია: თუ ექოსკოპიამ კენჭი გამოავლინა, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ოპერაციული მკურნალობის თაობაზე. თუ პრობლემა მწვავეა, შესაძლოა, სასწრაფო ოპერაციის ჩატარებაც კი გახდეს საჭირო.

პანკრეატიტი – პანკრეასის, იმავე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. მას ახასიათებს ტკივილი მუცლის ზედა მესამედში, რომელიც ზურგში გადაეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ცხელება და ტკივილი მუცლის შეხებისას. სიმპტომები მძიმდება საკვების მიღების შემდეგ.

რა ხდება პანკრეატიტის დროს? პანკრეასის მიერ გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტები მანამდე აქტიურდება, სანამ ჯირკვალს დატოვებს, რის გამოც თავად პანკრეასის ქსოვილის ანთებას იწვევს.

რამ შეიძლება ხელი შეუწყოს პანკრეატიტის განვითარებას? ცნობილია, რომ მისი რისკფაქტორებია ნაღველკენჭოვანი დაავადება, ალკოჰოლიზმი, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება და სხვა სამედიცინო მდგომარეობები.

პანკრეატიტის დიაგნოსტიკაში ყველაზე უკეთ ლაბორატორიული მონაცემები გვეხმარება. მწვავე პანკრეატიტის დროს სისხლში მომატებულია პანკრეასის ფერმენტების დონე. გარდა ამისა, საჭიროა ექოსკოპია, ზოგჯერ – კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც. მკურნალობის მთავარი პრინციპი პანკრეასის დამზოგველი დიეტა და ტკივილის გაყუჩებაა.

გაუვალობა – მწვავე ქირურგიული პრობლემა, რომლის დროსაც განსაზღვრულ მიზეზთა გამო ნაწლავი იხშობა და შიგთავსი მასში ვეღარ გადაადგილდება. გაუვალობის მიზეზი შესაძლოა იყოს ქირურგიული ჩარევის ან ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული შეხორცება, თიაქარი, დივერტიკულიტი ან ნაწლავის სიმსივნე. გაუვალობისთვის დამახასიათებელია მუცლის დიფუზური მოვლითი ტკივილი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება. პაციენტი ვერ გადის კუჭში, ვერც აირებზე. დიაგნოზის დასმაში ექიმს ეხმარება მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია და ექოსკოპია, ზოგჯერ – კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ნაწილობრივი გაუვალობის დროს ხშირად ოყნა და ნაწლავების სტიმულაციაც ეფექტურია. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, ქირურგიული ჩარევა ხდება.

მუცლის აორტის ანევრიზმა. ეს ჩამოთვლილთაგან ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ამ დროს მუცლის აორტის კედელზე წარმოიშობა პარკისმაგვარი გამობერილობა. რაც უფრო დიდია ანევრიზმა, მით უფრო საყურადღებოა სიტუაცია. ანევრიზმის წარმოშობის რისკფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი, თამბაქოს წევა, სისხლძარღვოვანი პრობლემები. მას ახასიათებს პულსაციის შეგრძნება ჭიპთან და მუცლის ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა. განსაკუთრებით ვუფრთხით აორტის ანევრიზმის გართულებებს – მის აშრევებასა და გახეთქვას (რასაც მედიცინაში რუპტურას უწოდებენ). დაიხსომეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და მათი შემჩნევისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს: მუცლის ან ზურგის უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად ფეხში გადაეცემა, ოფლიანობა, თავბრუხვევა, პულსის აჩქარება, გულისრევა და წნევის ვარდნა. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ულტრასონოგრაფიით, თუმცა ოქროს სტანდარტი კომპიუტერული ტომოგრაფიაა. გართულებების შემთხვევაში მოწოდებულია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა, მშვიდ პერიოდში კი, ანევრიზმის ზომის გათვალისწინებით, შესაძლებელია ლოდინის ტაქტიკის არჩევა ან ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვა.

საკვერცხის ცისტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი პრობლემაა. მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით – რეპროდუქციულ ასაკში, ფუნქციურია და მალევე გაიწოვება. იშვიათად, თუ ცისტამ დიდ ზომას მიაღწია, წარმოიშობა გართულების – ცისტის გახეთქვის ან საკვერცხის შემოგრეხის – საფრთხე. ამ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი. ცისტა, წესისამებრ, ჩივილებს არ იწვევს, მაგრამ თუ საკვერცხე შემოიგრიხა ან წარმონაქმნი გასკდა, მოსალოდნელია ძლიერი პროგრესირებადი ტკივილი მუცლის ქვედა ნახევარში. დიაგნოსტიკისთვის ტარდება მცირე მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. აუცილებელია გარეორსულობის გამორიცხვა. გაურთულებელი ცისტის დროს მედიკამენტური მკურნალობა უმეტესად ეფექტურია, გართულების შემთხვევაში კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

თირკმლის ჭვალი, იგივე თირკმლის კოლიკა. თირკმლის კენჭი, სანამ თირკმლიდან გამოსვლას არ დააპირებს, უმტკივნეულოა, მაგრამ თუ დაიძრა, თირკმელი დატოვა და შარდსაწვეთს გაუყვა, სურათი იცვლება. შარდსაწვეთი ვიწრო მილია, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს. სწორედ ამ ვიწრო გზის გავლაა პაციენტისთვის ყველაზე მტკივნეული. ტკივილი, წესისამებრ, ცალ მხარესაა ლოკალიზებული და საზარდულისკენ ვრცელდება. ის მოვლითი ხასიათისა. მტკივნეულია შარდვაც. შარდი შესაძლოა მოწითალო, ვარდისფერი ან ყავისფერი იყოს. ტკივილს ხშირად თან ახლავს გულისრევა და ღებინება. სიმპტომები იმდენად ტიპობრივია, რომ მიზეზის ამოცნობა ძნელი არ არის. დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება საშარდე გზების ულტრასონოგრაფია და შარდის ანალიზი. მკურნალობა უმეტესად კონსერვატიულია და სპაზმის მომხსნელი საშუალებების მიღებას გულისხმობს, რათა საშარდე გზები გაფართოვდეს და კენჭი ადვილად გამოვიდეს გარეთ. აუცილებელია სითხის უხვი მიღება და ტკივილის სინდრომის მოხსნაც. იშვიათად, თუ კენჭი დიდი ზომისაა, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი გარეგანი ზემოქმედებით დაშლა – ლითოტრიფსია და ქირურგიული ჩარევაც კი.

 

ყველაფერი ზურგის ტკივილის შესახებ

 

ზურგის ტკივილს პრობლემად არავინ მიიჩნევს, ექიმსაც იშვიათად თუ მიმართავს ვინმე. არადა, ჩემი ნება რომ იყოს, მას ყველაზე შემაწუხებელი ტკივილების სათავეში მოვაქცევდი... ალბათ არც თქვენთვის იქნება უცხო მთელი დღის მუშაობის შემდეგ ატკივებული ზურგით შინ დაბრუნება. როცა ტკივილი მუდმივი ან აუტანელი ხდება, ცხადია, საკუთარი თავის იმედად დარჩენა არ ღირს – დროა, ექიმს მიმართოთ.

ზურგის ტკივილზე საუბრისას ზოგი კუნთების ტკივილს გულისხმობს, ზოგი – ჩხვლეტის შეგრძნებას, ზოგს ტკივილი ფეხებში გადაეცემა, ზოგს კი მოძრაობაში უშლის ხელს.

თუ ტკივილმა ორი კვირის განმავლობაში არ გაიარა, ექიმთან უნდა მიხვიდეთ. კიდევ უფრო ადრე უნდა მიმართოთ სპეციალისტს, თუ ტკივილი ტრავმას მოჰყვა, თუ მას დაერთო ნაწლავების ან შარდის ბუშტის პრობლემები ან ცხელება. ექიმთან ვიზიტს ნურც მაშინ გადადებთ, თუ:

  • ტკივილი მწვავეა და მოსვენების შემდეგაც რჩება;
  • გადაეცემა ერთ ან ორივე ფეხს, განსაკუთრებით – წვივებს;
  • თან ახლავს კიდურების სისუსტე, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
  • თან ახლავს წონის უმიზეზო კარგვა.

ყურადღებაა საჭირო მაშინაც, როცა პაციენტი 50 წელსაა გადაცილებული, აქვს სიმსივნე, ოსტეოპოროზი, იყენებდა სტეროიდებს ან ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს.

ზურგის ტკივილი შესაძლოა ერთბაშად დაიწყოს და ექვს კვირამდე გასტანოს. თუ ის სამ თვეზე მეტია გრძელდება, ქრონიკულს უწოდებენ.

 

რისი ბრალია?

ზურგის ტკივილს ხშირად წინ უძღვის მძიმე ტვირთის აწევა ან ტრავმა, თუმცა შესაძლოა, სპეციფიკური მიზეზის გარეშეც აღმოცენდეს.

ზურგის ტკივილის მიზეზთაგან აღსანიშნავია:

  • კუნთის ან იოგის დაჭიმვა. მძიმე ტვირთის აწევის ან უხერხული მოძრაობის შედეგად შესაძლოა დაიჭიმოს ზურგის კუნთები ან იოგოვანი აპარატი. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ფიზიკურად მოუმზადებელ პირებს ემართებათ.
  • მალათაშუა დისკოების რუპტურა (გაგლეჯა) ან პროლაფსი (გამოვარდნა). მალათაშუა დისკოები ხერხემლის მალებს შორის მდებარეობს და მოძრაობის დროს ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს ანუ მალებს ზედმეტი ტრავმისგან იცავს. უხერხული მოძრაობისას დისკო შესაძლოა გამოვარდეს, გაიხეს და ნერვს დააწვეს, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს, თუმცა იშვიათად ისეც ხდება, რომ დისკოს დაზიანებას ზურგის ტკივილი არ ახლავს თან.
  • ოსტეოპოროზი. თუ ძვლოვანი სისტემა მეტისმეტად მყიფე და სუსტი გახდა, ხერხემლის სვეტის შემადგენლობაში შემავალმა მალამ შესაძლოა კომპრესიული – ზეწოლით გამოწვეული – მოტეხილობა განიცადოს.
  • რადიკულოპათია. ამ უკანასკნელს ნერვის ფესვზე ზეწოლა, მისი ანთება ან დაზიანება იწვევს. ამ დროს ტკივილთან ერთად მოსალოდნელია დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება არეში, რომელსაც აღნიშნული ნერვი აინერვირებს. რადიკულოპათია ხშირია სპინალური სტენოზის, დისკოს თიაქრის ან რუპტურის დროს.
  • იშიასი. ეს გახლავთ რადიკულოპათიის ფორმა, რომელსაც საჯდომ ნერვზე ზეწოლა განაპირობებს. მისთვის დამახასიათებელია წელის შოკური ან მწველი ტკივილი, რომელსაც დუნდულებისა და რომელიმე ფეხის ტკივილიც ახლავს თან. ტკივილი ზოგჯერ ტერფსაც კი სწვდება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, როცა ნერვზე ზეწოლა ძლიერია, ტკივილთან ერთად შეინიშნება კიდურის დაბუჟება და კუნთოვანი სისუსტეც. იშიასს უმეტესად სპინალური სტენოზი და მალათაშუა დისკოს თიაქარი იწვევს, იშვიათად – სიმსივნური წარმონაქმნი ან ცისტა, რომელიც საჯდომ ნერვს ან მის ფესვს აწვება.
  • სპონდილოლისთეზი. ამ დროს მალა წინ არის წანაცვლებული მის ქვემოთ მდებარე მალის მიმართ. ეს პათოლოგია ხშირად გვხვდება მალათაშუა სახსრების დეგენერაციული დაავადების დროს, მისი “საყვარელი” ადგილი კი წელის მეხუთე მალასა და გავას შორის მდებარე მონაკვეთია. მწყობრიდან გამოვარდნილი მალა რომელიმე ნერვს აწვება და ტკივილს იწვევს.
  • ართრიტი. ოსტეოართრიტი ყველაზე მეტად ხერხემლის წელის მონაკვეთს აზიანებს. მან შესაძლოა გამოიწვიოს ხერხემლის არხის დავიწროებაც – ე.წ. სპინალური სტენოზი, რომლის შედეგადაც ზურგის ტვინზე ზეწოლა იზრდება და საბოლოოდ ტკივილს, კიდურების სისუსტეს და მგრძნობელობის დაქვეითებასაც კი იწვევს.
  • ტანდეგობის დარღვევა, მაგალითად, სკოლიოზი.

ეს ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზების ჩამონათვალია. ახლა ის ფაქტორები გავიცნოთ, რომლებიც ტკივილის აღმოცენებას უწყობს ხელს:

  • ასაკი. ზურგის ტკივილმა შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეაწუხოს, თუმცა უმეტესად 30-40 წლის შემდეგ გვხვდება.
  • ფიზიკური მოუმზადებლობა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ზურგის ტკივილს არასპორტული ადამიანები უფრო ხშირად უჩივიან, ვინაიდან მათი კუნთოვანი აპარატისთვის მცირედი დატვირთვაც კი მატვრამირებელია.
  • ოკუპაციური ფაქტორები. ზოგიერთი საქმიანობა ფიზიკურ დატვირთვას, მაგალითად, მძიმე ტვირთის თრევას მოითხოვს. ცუდ დღეში არიან ოფისის თანამშრომლებიც, რომლებიც მთელი დღე მოუხერხებელ მაგიდასთან სხედან.
  • ორსულობა. გარდა იმისა, რომ ქალი წონას იმატებს, ცვლილებებს განიცდის მენჯის აღნაგობაც.
  • ჭარბი წონა. ზურგისთვის ის დამატებითი ტვირთია, რომელსაც ზოგჯერ ვეღარ უძლებს.

გენეტიკა. ზოგიერთი გენეტიკური დაავადების, მაგალითად, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ვითარდება ხერხემლის სახრის ანთება და ანკილოზი, რაც უმტკივნეულოდ, ბუნებრივია, ვერ ჩაივლის.

ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – ართრიტის ზოგიერთი ფორმა და სიმსივნე. ზურგის ტკივილი მათი საგანგაშო სიმპტომია.

 

ვეძებთ მიზეზს

ტკივილის ხასიათისა და განვითარების მექანიზმის გახსენება თქვენს ექიმს დაეხმარება, სწორი მიმართულებით განაგრძოს კვლევა. თუ თქვენი ნაამბობი და გასინჯვა საკმარისი არ აღმოჩნდა, რამდენიმე აპარატული გამოკვლევის ჩატერებაც მოგიწევთ. ხერხემლის რენტგენოგრაფია ნათელს ჰფენს ძვალსახსროვანი სისტემის მდგომარეობას – ავლენს მოტეხილობას, ანთებას. თუმცა ზურგის ტვინის, იოგების, მალათაშუა დისკოებისა და კუნთების შესაფასებლად რენტგენი გამოუსადეგარია. ამისთვის უფრო დახვეწილი მეთოდები – კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არსებობს. სისხლის ანალიზი ანთებით პროცესს ავლენს, ელექტრომიოგრაფიით კი ნერვისა და კუნთის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი. იშვიათად ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ძვლის სკანირებას სიმსივნური პროცესის ან კომპრესიული მოტეხილობის გამოსავლენად.

 

როგორ მოვერიოთ ტკივილს

ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, მაგალითად, იბუპროფენი. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ექიმმა შესაძლოა კუნთების მომადუნებელი საშუალება გამოგიწეროთ. ძალიან ეფექტურია ადგილობრივი საშუალებები – კრემები და მალამოები. ქრონიკული ტკივილის დროს შესაძლოა ანტიდეპრესანტის მცირე დოზაც დაგინიშნონ. გახსოვდეთ: ამ წამლების თვითნებური მიღება არ შეიძლება!

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა. მალათაშუა დისკოის დაზიანებისა და სპინალური სტენოზის დროს ოპერაციის საჭიროება კვალიფიციურმა ნეიროქირურგმა უნდა შეაფასოს.

ზურგისა და წელის ტკივილის დროს შედეგიანია ალტერნატიული მედიცინაც. არჩევანი ფართოა: აკუპუნქტურა, მასაჟი, იოგა... ოღონდ გახსოვდეთ: ის, რაც თქვენს ნაცნობს გამოადგა, თქვენთან შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს ეფექტური. ამიტომ ყველა საშუალება მოსინჯეთ, ყური მიუგდეთ საკუთარ შეგრძნებებს და მკურნალობის მეთოდი ისე აირჩიეთ.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

როგორ მოვიქცეთ, რომ ტკივილი თავიდან ავიცილოთ? ცხადია, საყოველთაო რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ მრავალსაუკუოვანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც უფრო აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, მით უფრო იშვიათად უჩივის ავადმყოფობას, მათ შორის – ზურგისა და წელის ტკივილს. რეგულარულად ივარჯიშეთ, მისდიეთ აერობიკას, მუდმივად ტონუსში ამყოფეთ სხეული, შეინარჩუნეთ ზომიერი წონა და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ზურგის ტკივილი არასოდეს შეგახსენებთ თავს.

 

რა გვატკივებს ფეხებს

ფეხების ტკივილი სხვადასხვანაირია. ზოგი აცივებას ეხმიანება ამგვარად, ზოგი – დათბობას, ზოგისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ზოგს დღის ბოლოს ახსენებს თავს ფეხების სიმძიმე, ზოგს კი სიარული უჭირს...

 

რისი ბრალია

ფეხების ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა კუნთების სპაზმია, იგივე კრამპი. ის, წესისამებრ, უხერხული მოძრაობის ან გადაღლის შემდეგ იჩენს თავს. სპაზმის მიზეზი შესაძლოა იყოს დეჰიდრატაცია, კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დეფიციტი, რომელიმე პრეპარატის, მაგალითად, დიურეტიკის ან სტატინის ხანგრძლივი გამოყენება. ამ დროს ტკივილის მოსახსნელად მიკროელემენტების დეფიციტის აღმოფხვრაა საჭირო.

ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთის ან იოგის არა მხოლოდ დაჭიმვა, არამედ გაგლეჯაც. ცხადია, არც მოტეხილობაა გამორიცხული. ტრავმის კიდევ ერთი უსიამოვნო შედეგია მყესის ანთება – ტენდინიტი. ექიმის ჩარევა სამივე შემთხვევაში აუცილებელია. სავარაუდოდ, გირჩევენ დასვენებას, დაგინიშნავენ ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ თერაპიას. თუ მდგომარეობა მძიმე აღმოჩნდა, შესაძლოა, თაბაშირის დადება ან ქირურგიული ჩარევაც დაგჭირდეთ.

ფეხების ტკივილზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სახსრების ტკივილს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ართრიტია – სახსრის ანთება, რომელსაც, თავის მხრივ, არაერთი მიზეზი აქვს.

ოსტეოართრიტის დროს სახსარში შემავალი ძვლების დაბოლოებებზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება ან სრულიად განილევა, რის შედეგადაც თავს იჩენს სახსრის ტკივილი და იზღუდება მოძრაობა. სახსრებს აზიანებს ფსორიაზი, სისტემური წითელი მგლურა, პოდაგრა და სკლეროდერმიაც. ართრიტი შესაძლოა ინფექციური წარმოშობისაც იყოს.

რევმატოიდული ართრიტი იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქციის შედეგია. ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა თავისივე სახსრებს ესხმის თავს. ანთებითი რეაქციაც არ აყოვნებს: თავს იჩენს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის ფუნქცია სუსტდება, ზოგჯერ სრულიად ქრება. რევმატოიდული ართრიტი უმეტესად მტევნებსა და ტერფებს აზიანებს, თანაც – ორივე მხარეს.

ოსტეოართროზი სახსრების კიდევ ერთი გავრცელებული, თუმცა არაანთებითი დაავადებაა. მედიცინაში მას სახსრის არაანთებით დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებას უწოდებენ, ხალხში კი – მარილებს. ოსტეოართროზის დროს სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის, ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება და მცირე ზომის კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრის დეფორმაციას, რომელსაც ხშირად რეაქტიული სინოვიტიც – სასახსრე სითხის ანთებაც – მოჰყვება. ოსტეოართროზი უმეტესად მოიცავს ხერხემლის სვეტს, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებს.

კუნთოვანი ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ფიბრომიალგია – შემაერთებელი და კუნთოვანი ქროვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადება. ამ დროს ანთებით პროცესში სახსარიც არის ჩართული.

 

როგორ გავუმკლავდეთ

ართრიტი კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. მთავარი, რა თქმა უნდა, წამლებია, მაგრამ ფიზიკური და საკურორტო თერაპიის გარეშე ფონს ვერ გავალთ. თუ გვსურს, მკურნალობა შედეგიანი იყოს, სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას უნდა მივმართოთ. იმის მიხედვით, რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ექიმმა შესაძლოა გვირჩიოს მსუბუქი ვარჯიში, ცეკვა, აერობიკა, ძალისმიერი ვარჯიში, ველოსიპედით სიარული ან ცურვა.

ართრიტის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ჰიდროთერაპია – თბილ წყალში ვარჯიში და რელაქსაცია. ამ დროს კუნთები დუნდება, ტკივილი იკლებს და სახსარიც უფრო მობილური ხდება. შედეგიანია რელაქსაციის მეთოდიც, რომელიც კუნთების კუმშვა-მოდუნების მონაცვლეობაზეა დაფუძნებული. ზოგჯერ ცხელ და ცივ აპლიკაციებსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს. ცხელი კომპრესი აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიმოქცევას, მატებს მას მოქნილობას, ცივი კი ნერვს აბუჟებს, ტკივილს ასუსტებს, ანთების ჩაცხრობას და კუნთოვანი სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს.

მტკივან კუნთებს განსაკუთრებით უხდება სწორად შერჩეული მასაჟი.

 

ვენები და მათი პრობლემები

ფეხების ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადებაა. პრობლემა ძალზე აქტუალურია. ამის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ აშშ-ის მოსახლეობის 60%-ზე მეტს ქვედა კიდურების ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აქვს.

ქრონიკული ვენური დაავადება ფართო ცნებაა და ქვედა კიდურების ვენური სისტემის ყოველგვარ კლინიკურ პათოლოგიას გულისხმობს – როგორც ვიზუალურს (მაგალითად, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას), ისე სიმპტომურს, როცა პაციენტს მხოლოდ სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება აწუხებს.

პათოლოგიური პროცესი ასე მიმდინარეობს: ვენების ტონუსი მცირდება, კედლები ელასტიკურობას კარგავს, ვენები თანდათან ფართოვდება და ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის გადასროლა უჭირს; ამ დროს იშლება ვენის სარქვლების ფუნქციაც, ისინი კი დიდ როლს ასრულებენ სისხლის მიმოქცევაში; ამის შედეგად ვენები უფრო მეტად ფართოვდება და სისხლი ვენურ სისტემაში ყოვნდება, რაც უფრო მეტად აზიანებს მათ. ასე იკვრება მანკიერი წრე, გამოსავალი კი მხოლოდ სწორი მკურნალობაა.

დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა მდედრობითი სქესი, დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა, ჰორმონული პრეპარატების არასწორი მიღება, ორსულობა, მენოპაუზა, ასაკი, სიმსუქნე, კვების არასწორი რეჟიმი, კიდურების ტრავმული დაზიანება, ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა.

დაავადებას ახასიათებს ქვედა კიდურების ტკივილი, ფეხების ადვილად დაღლა, ქავილი, სიმძიმის შეგრძნება, რომელიც საღამოობით ძლიერდება. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. გართულებულ შემთხვევებში ქვედა კიდურებზე კანი მუქდება, ჩნდება გამონაყარი, ზოგჯერ – წყლულებიც, რომელთა მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

თანამედროვე მედიცინის პირობებში ამგვარი გართულებები მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა ექიმს და არ დაიწყო მკურნალობა. გახსოვდეთ: მკურნალობის დროული დაწყება მხოლოდ გართულებებს კი არ აგაცილებთ თავიდან, არამედ თქვენი ცხოვრების ხარისხსაც საგრძნობლად აამაღლებს.

მკურნალობა ანგიოლოგის საქმეა. ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოზის დასმა პაციენტის გასინჯვისა და მისი ჩივილების მოსმენის შემდეგ ძნელი არ არის, თუმცა რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება მაინც მოგიწევთ. მათ შორის უმთავრესია ქვედა კიდურების ვენათა ულტრასონოგრაფია, რომელსაც ხალხში დოპლერულ კვლევასაც ეძახიან.

ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: კონსერვატიული, რომელიც გულისხმობს მედიკამენტურ და კომპრესიულ თერაპიას და მაკორექტირებელი. ეს უკანასკნელი მოიცავს სკლეროთერაპიას, ამბულატორულ მინიფლებექტომიას და ქირურგიულ ოპერაციას. ზოგჯერ მათ კომბინაციასაც იყენებენ. არჩევანი ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლის ხარისხზეა დამოკიდებული. ვენოტონური საშუალებები ზრდის ვენების ტონუსს და, ამის კვალობაზე, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ქვედა კიდურებიდან ლიმფის გადენას, რაც ფეხების შეშუპებას ამცირებს.

დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მართვა, ცხადია, კარგი გამოსავალია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესითა და განსაზღვრული უნარ-ჩვევების გამომუშავებით მისი თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი.

ქრონიკული ვენური დაავადების მსუბუქი ფორმების დროს დისკომფორტის მოსახსნელად და გართულების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

  • რეგულარულად ივარჯიშეთ, ისეირნეთ, ირბინეთ;
  • აკონტროლეთ წონა;
  • ერიდეთ დიდხანს გაუნძრევლად ჯდომას და დგომას. თუ ერთ ადგილას დიდხანს დგომა მოგიხდათ, რამდენიმე წუთში ერთხელ რამდენჯერმე აიწიეთ ფეხის წვერებზე; თუ დიდხანს ზიხართ სამუშაო ადგილას, დროდადრო ადექით და გაიარ-გამოიარეთ;
  • ჯდომისას ფეხს ფეხზე ნუ გადაიდებთ;
  • გეცვათ ოდნავ ელასტიკური წინდები, მაგრამ არა მეტისმეტად მჭიდრო;
  • მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით;
  • იკვებეთ ჯანსაღად.

დაბოლოს, მარტივი და პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც ამ შემაწუხებელი დაავადებით იტანჯება: დღეში სამ-ოთხჯერ 30 წუთით ფეხები გულის დონეზე მაღლა ასწიეთ – ეს დააცხრობს კიდურების შეშუპებას და გააუმჯობესებს ვენური სისხლის ნაკადს. გახსოვდეთ, ფეხების ოდნავ შემაღლებულ ადგილას შემოწყობა ვერაფერს გარგებთ – ისინი აუცილებლად გულის დონეზე მაღლა უნდა გეწყოთ.

 

აი, უკვე ყველაფერი იცით ქვედა კიდურების ტკივილის მიზეზთა შესახებ. მთავარია, ტკივილს არ წაუყრუოთ, დროულად მიმართოთ სპეციალისტს და მისდიოთ მის რჩევებს. თუ ასე მოიქცევით, სულ მალე ადრინდელივით მსუბუქი და მოქნილი ნაბიჯით ივლით.

 

 

ტკივილის მართვის ხელოვნება

 

ონკოლოგიური დაავადება – ეს დიაგნოზი ნებისმიერი სქესისა თუ სოციალური მდგომარეობის პაციენტისთვის ერთნაირად მძიმე მოსასმენია. მიუხედავად მედიცინის განვითარებისა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში მიღწეული დიდი პროგრესისა, დიაგნოზი “ავთვისებიანი სიმსივნე” ადამიანს შიშის ზარს სცემს. ეს უმთავრესად იმ რთული და ტკივილიანი გზის ბრალია, რომელიც ავადმყოფს ელის. გარდაუვალია თუ არა ტკივილი ონკოლოგიური დაავადების დროს? არის თუ არა ის დაუძლეველი პრობლემა? მედიცინა ერთმნიშვნელოვნად გვპასუხობს: არა! მაშ, რატომ ცხოვრობენ ჩვენ ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც მძიმე სენთან ერთად ძლიერ ტკივილთან ბრძოლაც უწევთ, რატომ ასოცირდება ჩვენში ავთვისებიანი დაავადება გაუყუჩებელ ტკივილთან? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ პალიატიური მზრუნველობისა და ტკივილის მართვის საერთაშორისო ექსპერტს, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ თამარ რუხაძეს ვესტუმრეთ. მან ჩვენთან საუბარი ასე დაიწყო:

 

– ადამიანის უფლებაა, არ სტკიოდეს. XXI საუკუნეში ამისთვის ყოველგვარი პირობა არსებობს. ტკივილის სამართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ფარმაკოლოგიური, ისე ინტერვენციული მეთოდები და მათი კომბინაცია. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ვიპოვოთ ის ოპტიმალური საშუალება, რომელიც პაციენტს სრულიად გაუყუჩებს ტკივილს.

– მაშასადამე, ყოველგვარი ტკივილის მართვაა შესაძლებელი?

– დიახ, ასეა. დაუბალანსებელი ტკივილი, გარდა იმისა, რომ მტანჯველია, სხვა პრობლემებსაც წარმოშობს: პაციენტი ვეღარ იძინებს, ვეღარ ჭამს, ვეღარ ისვენებს, გამუდმებით განიცდის სტრესს... ეს მის ზოგად მდგომარეობასაც ამძიმებს და, ამის კვალობაზე, ავადმყოფობის მიმდინარეობასაც, ამიტომ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ ავადმყოფობის უმტკივნეულო მიმდინარეობა, რათა პაციენტი არ ამოვარდეს ცხოვრების რიტმიდან და ღირსეულად განვლოს ეს რთული პერიოდი.

 

რატომ გვტკივა

– რა იწვევს ონკოლოგიური დაავადების დროს ტკივილს და რაზეა დამოკიდებული მისი ხასიათი?

– ტკივილის განვითარება უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, სად, რომელ ქსოვილსა თუ ორგანოშია მისი წყარო. სიმსივნე ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნია, რომელსაც ძალზე მდიდარი სისხლმომარაგება აქვს. ინტენსიური ზრდის შედეგად ის ჩაიზრდება ჯანმრთელ ქსოვილებში და აღიზიანებს ნოციცეპტორებს – ტკივილის აღმქმელ რეცეპტორებს, რომლებსაც იმპულსი თავის ტვინამდე მიაქვთ. იმისდა მიხედვით, სად მიმდინარეობს ავთვისებიანი პროცესი, ტკივილიც სხვადასხვანაირად იწყება.

 

ძლიერი ტკივილი = მძიმე მდგომარეობას?

– ამრიგად, ტკივილის ინტენსივობა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მდგომარეობის სიმძიმეზე?

– პათოლოგიური პროცესი შესაძლოა თავად ნერვულ დაბოლოებაშიც აღმოცენდეს. აქედან მომდინარე ტკივილი ძალზე ინტენსიურია და სწრაფად ვრცელდება. მაშასადამე, პათოლოგიური დაზიანება მცირეა, ტკივილი კი ძლიერი. მაგალითად, ძვლისაზრდელა ძალიან მდიდარია ნერვული დაბოლოებებით. არსებობს ისეთი ორგანოებიც, რომლებშიც ტკივილის რეცეტორები საერთოდ არ არის. მაგალითად, ღვიძლი, თავის ტვინი... ნოციცეპტორებს   ღვიძლის კაფსულა და მენინგეალური გარსი შეიცავს. თუ ეს კაფსულა არ დაიჭიმა, ღვიძლი არ აგვტკივდება; თუ მენინგეალური გარსი არ დაზიანდა, თავის ტვინში ახალწარმონაქმნის არსებობას ვერც კი ვიგრძნობთ. ტკივილი ყოველთვის არ შეესატყვისება დაავადების სიმძიმეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პათოლოგიურ დაზიანებასთან ერთად იმატებს ტკივილის ინტენსივობა და იცვლება მისი ხასიათი.

 

ტკივილის შეფასება

– ტკივილის შეგრძნება ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს – ის, რაც ერთისთვის მტკივნეულია, მეორისთვის შესაძლოა მხოლოდ დისკომფორტის მომგვრელი იყოს, ამიტომ ექიმისთვის ამოსავალი პაციენტის სუბიექტური შეფასებაა. როდესაც ავადმყოფი ვერ ამყარებს ვერბალურ კავშირს, ტკივილის ხასიათსა და სიძლიერეზე ობიექტური მაჩვნებლების: პულსის, წნევის, პაციენტის გამომეტყველების, – მიხედვით ვმსჯელობთ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ფსიქოლოგიური ტკივილიც. ის განსაკუთრებით ხშირად სწორედ ონკოლოგიურ პაციენტებთან გვხვდება. ზოგჯერ ტკივილის მიზეზი მკურნალობის სირთულის ან სიკვდილის შიშია. უცხოურ სამედიცინო დოკუმენტაციაში ვხვდებით ასეთ ტერმინს: “ტოტალური ტკივილის შეფასება”. ეს ცნება მოიაზრებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტკივილს, რადგან ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ამის კვალობაზე, ტკივილს უნდა მართავდეს მულტიდისციპლინური გუნდი, მათ შორის – ფსიქოლოგიც.

 

ტკივილის სტიგმის წინააღმდეგ

– ონკოლოგიური დაავადების თანხმლები ტკივილი საზოგადოებაში სტიგმატიზებულია. ეს სტიგმა უფრო ძლიერი გახლდათ 10-15 წლის წინ, როდესაც ონკოლოგიური დაავადება უკურნებლად მიიჩნეოდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა – ავთვისებიანი დაავადებები უმეტესად გვიან ვლინდებოდა, როდესაც მდგომარეობის კარდინალურად შეცვლა შეუძლებელი იყო. დღეს ვითარება შედარებით უკეთესია. საზოგადოება ნელ-ნელა ეცნობა ონკოლოგიურ დაავადებებს, წინ მიდის მედიცინაც და ამ დაავადებების მქონე პაციენტთა განკურნების შემთხვევებიც იმატებს.

– ესე იგი ტკივილი გარდაუვალი არ არის? მაგრამ დღესაც ვხედავთ ადამიანებს, რომელბიც ტკივილით იტანჯებიან...

– სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ამის მიზეზია არა მედიცინის უძლურება, არამედ ტკივილის არასწორი შეფასება და არაადეკვატური მართვა. ამას ხელს უწყობს საზოგადოების მცირე ინფორმირება და სტიგმაც, თუმცა პრობლემას სამედიცინო პერსონალთანაც ვაწყდებით და იმ ნორმატიულ დოკუმენტებთანაც, რომელთა მეშვეობითაც ტკივილის მართვა ხდება.

 

ტკივილის მართვის პრინციპები

– რა პრინციპებს უნდა ემყარებოდეს ტკივილის მართვა?

– ამოსავალი პრინციპია ტკივილის ლოკალიზაციის, ინტენსივობის, ხანგრძლივობისა და მუდმივობის დროული და სწორი შეფასება, რათა ამოვიცნოთ მისი განვითარების მექანიზმი, სწორად და რაციონალურად გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური საშუალებები.

უპირველესი ამოცანა ტკივილის შეფასებაა. როგორც მოგახსენეთ, ის სუბიექტურ ინფორმაციას ემყარება. პაციენტის სუბიექტური შეგრძნებები ობიექტურ ჩარჩოში უნდა მოექცეს. ამისთვის ჯანმომ 1986 წელს შემოგვთავაზა ტკივილის მართვის სამსაფეხურიანი მოდელი, რომელიც ტკივილის შეფასების ათბალიან სკალასაა მორგებული: 3 ქულამდე ტკივილი მსუბუქად მიიჩნევა, 4-6 ქულა საშუალო სიმძიმის ტკივილს შეესაბამება, ხოლო 7-10 ქულა – ძლიერს. თითოეული საფეხურისთვის მოწოდებულია ეფექტური მედიკამენტი. გარდა ამისა, არსებობს კოანალგეტიკებიც – დამხმარე მედიკამენტები, რომლებიც შეგვიძლია სამივე საფეხურზე გამოვიყენოთ.

ტკივილის მექანიზმის გაშიფვრა საშუალებას გვაძლევს, მის მართვაში ჩავრთოთ ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც უშუალოდ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება არ გააჩნია, მაგრამ ძალზე გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსანტები, სპაზმოლიზური საშუალებები, თუნდაც ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა.

– როდის იყენებენ არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს?

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები პირველ ეტაპზე, მსუბუქი ტკივილის დროს ინიშნება. ისინი მრავლადაა ფარმაცევტულ ბაზარზე, რასაც უარყოფითი მხარეც აქვს – ფართო ხელმისაწვდომობის გამო ამ ჯგუფის პრეპარატებს ხშირად ურეჟიმოდ, განუსაზღვრელი დოზითა და ხანგრძლივობით იღებენ. ამის შედეგად ხშირად იჩენს თავს გვერდითი ეფექტები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს პაციენტს: იწვევს ანემიას, თირკმლის უკმარისობას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის იმგვარ დაზიანებას, რომ საქმე სისხლდენამდე მიდის... ამას დაავადების პროგრესირებას მიაწერენ ხოლმე, სინამდვილეში კი წამლის არასწორი გამოყენების შედეგია.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მსუბუქი ტკივილის დროს. მომდევნო ეტაპებზე მათ მხოლოდ დამხმარე მედიკამენტების ფუნქცია აქვთ.

 

ტკივილი იმატებს – წამალი იცვლება

– მეორე საფეხურზე, საშუალო სიმძიმის ტკივილის დროს, მსუბუქ ოპიოიდებს იყენებენ. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ძალზე მცირეა – სულ 2-3 მედიკამენტია ხელმისაწვდომი. ამავე ეტაპზე შეიძლება არასტეროიდებისა და მსუბუქი ოპიოიდების კომბინირებული ვარიანტების გამოყენებაც.

მესამე ეტაპზე, როდესაც ტკივილი ძლიერია, მკურნალობაში ძლიერ ოპიოიდებს რთავენ. ესენი გახლავთ პრეპარატები, რომლებსაც ყველაზე ნაკლები გვერდითი ეფექტი ახასიათებს, თუმცა მოსახლეობაში ყველაზე დიდ შიშს იწვევს და ყველაზე მეტად არის სტიგმატიზებული.

 

მითები ძლიერ ოპოიდებზე

– ძლიერი ოპიოიდების სწორი გამოყენება და ადმინისტრირება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ქვეყნები, სადაც ისინი თითქმის მიუწვდომელია და მათ მოსაპოვებლად ავადმყოფს რთული ბარიერების გადალახვა უწევს. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. თუმცა სხვა ქვეყნებში საპირისპირო პრობლემებია – ძლიერი ოპიოიდების ხელმისაწვდომობა მათ გადაჭარბებულ გამოყენებას უწყობს ხელს.

 

მითი #1 – მორფინის მიღება სიკვდილის მოახლოებას მოასწავებს

– არც ისე დიდი ხნის წინ პაციენტის მორფინზე გადაყვანა სიკვდილის მოახლოების მომასწავებლად მიაჩნდათ. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ძლიერ ოპიოიდებს უკეთებენ არა სულთმობრძავს, არამედ იმას, ვისაც ძლიერი ტკივილი ტანჯავს. თუ კიბოს საწინააღმდეგო თერაპიით, მაგალითად, სხივურით, ტკივილის კუპირება მოხერხდა, ძლიერი ოპიოიდის დოზა შეიძლება არათუ შემცირდეს, არამედ მოიხსნას კიდეც.

 

მითი #2 – მორფინს არაერთი გვერდითი ეფექტი ახასიათებს

– მორფინი უნდა დაინიშნოს მაშინ, როდესაც საჭიროა და იმ დოზით, რომელიც ტკივილს გვერდითი ეფექტების გარეშე ხსნის. უმეტესად ასეც ხდება. თუმცა გვერდითი ეფექტები ყოველთვის არ არის მედიკამენტის მოხსნისა და მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი. მეტად მნიშვნელოვანია მათი დროული და სწორი შეფასება და სათანადო მართვა. დაავადების სიმპტომი გვერდით ეფექტად არ უნდა შეფასდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა პაციენტს ძლიერი ტკივილის დროს არარაციონალურად აძლევენ არასტეროიდების დიდ დოზას, რომელიც, ბუნებრივია, ტკივილს არ აყუჩებს. რამდენიმეკვირიანი ტანჯვის შემდეგ მას ენიშნება ძლიერი ოპიოიდი, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ხსნის და პაციენტს ხანგრძლივი, ზოგჯერ რამდენიმეკვირიანი უძილობის შემდეგ უეცრად ეძინება. ოჯახის წევრებს და ზოგჯერ სამედიცინო პერსონალსაც ჰგონიათ, რომ დოზა გადაჭარბებული იყო და ავადმყოფს მდგომარეობა დაუმძიმდა. იწყება შიში, შფოთვა, წამლის შეწყვეტაზე საუბარი... სინამდვილეში კი ხანგრძლივი ტკივილით დაღლილ პაციენტს მხოლოდ დაეძინა.

 

მითი #3 – არსებობს მორფინის მაქსიმალური დოზა

– მორფინი ბუნებრივი ალკალოიდია. მისი არც მინიმალური დოზა არსებობს, არც მაქსიმალური, განსხვავებით მრავალი სხვა მედიკამენტისგან, რომელთა მინიმალური და მაქსიმალური თერაპიული დოზები, ეფექტური დოზები და ა.შ. დადგენილია. სწორია დოზა, რომელიც აყუჩებს სწორად შეფასებულ ტკივილს. თუ ტკივილი არასწორად შეფასდა, როგორც არ უნდა გაიზარდოს მორფინის დოზა, ტკივილის მართვის ეფექტურობა პროპორციულად ვერ გაიზრდება და შესაძლოა, მძიმე გვერდითმა ეფექტებმაც იჩინოს თავი. მაგალითად, უპირატესად ნეიროპათიული ძლიერი ტკივილი ეფექტურად იმართება კოანალგეტიკებით და ძლიერი ოპიოიდის დოზის გაზრდა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

 

როდის უნდა გაიზარდოს მორფინის დოზა?

– მაშინ, როდესაც ტკივილის ინტენსივობა იმატებს და ამ საფეხურზე მოწოდებული სხვა მედიკამენტებით მისი ეფექტური მართვა ვეღარ ხერხდება. საზოგადოდ, ტკივილის მატების კვალდაკვალ ძლიერი ოპიოიდის დოზასაც ვზრდით, ამან კი შესაძლოა წამლისადმი ტოლერანტობა ანუ მიჩვევა გამოიწვიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილის ინტენსივობა არ იმატებს, მაგრამ წამლის უწინდელი დოზა მას ვეღარ აყუჩებს. ამ დროსაც გვიხდება ოპიოიდის დოზის გაზრდა, რათა მისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შევინარჩუნოთ. ზოგს ეს დაავადების პროგრესირების ნიშნად მიაჩნია. სინამდვილეში მხოლოდ მიჩვევასთან გვაქვს საქმე. ოღონდ წამლისადმი ტოლერანტობა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეაფასოს და დამატებითი დოზაც მანვე შეარჩიოს.

 

მითი #4 – ტკივილგამაყუჩებელი მხოლოდ ტკივილის დროს უნდა მივცეთ

– ვინაიდან ტკივილი მუდმივია, სისხლის პლაზმაშიც მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ მედიკამენტის განსაზღვრული კონცენტრაცია. მკურნალობის სქემისა და რეჟიმის შედგენის მთელი ხელოვნებაც სწორედ ისაა, რომ წამლის ფარმაკოკინეტიკისა და დინამიკის გათვალისწინებით მისი საჭირო დოზითა და პერიოდულობით მიღება უზრუნველვყოთ. როდესაც ქრონიკულ ტკივილს სტიქიურად ვაყუჩებთ ანუ წამალს მაშინ ვაძლევთ, როდესაც ტკივილის შეგრძნება ჩნდება, ხელოვნურად ვზრდით წამალზე პაციენტის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას და ხელს ვუწყობთ მიჩვევის განვითარებას. ეს შეცდომა ხშირად მოსდით პაციენტის მომვლელებს. ვთქვათ, ავადმყოფს დანიშნული აქვს მორფინის ინექცია 4 საათში ერთხელ. ბოლო ინექციიდან გასულია 3 საათი და პაციენტს დაეძინა. მოდის ინექციის დრო. მომვლელი ერიდება პაციენტის გაღვიძებას და ინექციას არ უკეთებს. შედეგად პლაზმაში მცირდება წამლის კონცენტრაცია და პაციენტი მალე ძლიერი ტკივილით იღვიძებს. გეგმურისგან განსხვავებით, ამჯერად ტკივილის გაყუჩებას უფრო მეტი დრო და წამლის უფრო დიდი დოზა დასჭირდება.

 

მითი #5 – მორფინი ყოველთვის იწვევს დამოკიდებულებას

– მორფინის მიმართ არსებული სტიგმის მთავარი მიზეზია მოარული აზრი, რომ ის წამალზე დამოკიდებულებას იწვევს. სინამდვილეში ხშირად ერთმანეთში ურევენ ტოლერანტობისა და დამოკიდებულების ცნებებს. თუ მედიკამენტი ადეკვატურადაა დანიშნული და დანიშნულებაც სწორად სრულდება, დამოკიდებულება, როგორც წესი, არ ვითარდება. დამოკიდებულების განვითარებას აფასებს სპეციალისტი შესაბამისი ინდიკატორებით, რომელთა შორისაა პაციენტის ლტოლვა ანუ წამალზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ეს მკაფიოდ წარმოაჩნს, რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის პრინციპების ზედმიწევნით დაცვა.

– რა გზით ჯობია მორფინის მიღება?

– ქრონიკული პაციენტებისთვის უმჯობესია ტაბლეტირებული ფორმა. ის სტაბილურად გროვდება პლაზმაში და დიდხანს ინარჩუნებს სასურველ დონეს. მდორედ ხდება მისი გამოყოფაც. შესაძლებელია ასეთი ფორმის 8-12-საათიანი ინტერვალებით მიღება, მაშინ როდესაც საინექციო ფორმის ეფექტი მხოლოდ 4 საათს გასტანს. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ დგას მორფინის ტაბლეტირებული ფორმის ხელმისაწვდომობისა და სწორად გამოყენების პრობლემა.

 

ტკივილის გაყუჩების არამედიკამენტური საშუალებები

– როდესაც ტკივილი რეფრაქტერულია ანუ განსაზღვრული მედიკამენტის აუტანლობითაა გამოწვეული ან ტოლერანტობა იმდენად მაღალია, რომ წამლის შეცვლის საშუალება აღარ გვაქვს, არამედიკამნეტურ მეთოდებზე – ადგილობრივ ან რეგიონულ ანესთეზიაზე გადავდივართ. ონკოლოგიურ პაციენტებთან განსაკუთრებით ეფექტურია სხივური თერაპია. ზოგჯერ ტკივილის გაყუჩებას ხელს უწყობს ცივი ან ცხელი სათბური, პოზიციის შეცვლა...

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტკივილის მართვა რეალობაა. ამაში თუ რამე ხელს გვიშლის, ეს, უწინარეს ყოვლისა, არასწორი დამოკიდებულება, განათლების ნაკლებობა და დაუდევრობაა. ექიმები ტკივილს ხშირად არც კი აქცევენ ყურადღებას, თითქოს ასეც უნდა იყოს, პაციენტი კი იტანჯება... ავთვისებიანი პროცესის შეჩერება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია, გავაყუჩოთ ტკივილი და ამით პაციენტს სიცოცხლის ხარისხი ავუმაღლოთ.

მარი აშუღაშვილი, გვანცა გოგოლაძე, თამარ არქანია

 

 

 

გააზიარე: