ინ ვიტრო – დეტალური ინფორმაცია

გააზიარე:

კაცობრიობა შთამომავლობით გრძელდება. ალბათ ამიტომ, შვილების ყოლის სურვილი თითქოს ინსტიქტად გადმოგვეცემა. იშვიათია წყვილი, საკუთარი შვილის ყოლა რომ არ სურდეს, შვილის მსურველი, მაგრამ უშვილო წყვილი კი – გაცილებით მეტი. მედიცინაც უხსოვარი დროიდან ცდილობს უშვილობის დაძლევას და გასაკვირი არ არის, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება ამ სფეროსაც დაეტყო. როგორც ამბობენ, ინ ვიტრო განაყოფირება ხშირად ამართლებს, თუმცა ბიოეთიკური, რელიგიური თუ სხვა მოსაზრებით ახალი სიცოცხლის ჩასახვის არაბუნებრივ გზას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს.

რა თქმა უნდა, ყველა წყვილს აქვს არჩევანის უფლება. სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოება ამ მხრივ აშკარად განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას და ინ ვიტრო განაყოფიერების მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ხშირად მხოლოდ ზერელე წარმოდგენა აქვთ ამ პროცედურის შესახებ.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმ ემბრიოლოგს ქეთი ტუხაშვილს ვთხოვეთ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დეტალურად აეხსნა, რა ხდება ინ ვიტრო განაყოფიერების დროს.

 

– უნაყოფობის დიაგნოზს იმ წყვილებს უსვამენ, სადაც, 12 თვის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, ქალი არ ორსულდება. ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა მეთოდით უმკლავდება. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს შორის ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ინ ვიტრო განაყოფიერება, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა გენეზის უნაყოფობის დროს. სამწუხაროდ, ამ პროცედურისა და მისი ეტაპების შესახებ ბევრს არცთუ სრულყოფილი წარმოდგენა აქვს.

ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას არა ბუნებრივ პირობებში ანუ ქალის ორგანიზმში, არამედ ხელოვნურად შექმნილ გარემოში – ლაბორატორიაში.

ხელოვნური განაყოფიერება კლინიკური ემბრიოლოგიისა და მედიცინის მაღალტექნოლოგიური მიღწევების წყალობით გახდა ხელმისაწვდომი. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა ემბრიოლოგიური პროცედურები, რომლებსაც ემბრიოლოგები სპეციალურ ლაბორატორიაში ატარებენ. მათი ამოცანა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ემბრიონის მიღებაა, რისთვისაც სხვადასხვა მანიპულაციას – IVF-ს, ICSI-ს, IMSI-ს, PGD-ს, ემბრიონებისა და ოოციტების კრიოკონსერვაციას – მიმართავენ.

ინ ვიტრო პროცედურა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:

1. საკვერცხეების სტიმულაცია

ინ ვიტრო პროცედურის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა მომწიფებული კვერცხუჯრედების მიღება, რაც ქალის ორგანიზმის მედიკამენტური სტიმულაციით მიიღწევა. პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე, მკურნალობის სქემასა და პრეპარატების დოზირებას ექიმი რეპროდუქტოლოგი ადგენს. ჰორმონული სტიმულაციის მიზანია, ერთი მხრივ, მომწიფებული და ხარისხიანი კვერცხუჯრედების მიღება, მეორე მხრივ კი საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მომზადება ემბრიონის გადასატანად. სტიმულაციის პროცესი ულტრაბგერის საშუალებით კონტროლდება.

 

2. ფოლიკულების პუნქცია

როდესაც ფოლიკულები მომწიფდება ანუ სასურველ ზომას მიაღწევს, იწყება ინ ვიტრო პროცედურის მომდევნო ეტაპი – ფოლიკულების შიგთავსის ასპირაცია (ამოსრუტვა) და კვერცხუჯრედების მიღება. ეს პროცედურა ტრანსვაგინალური პუნქციის საშუალებით, ულტრაბგერითი კონტროლით ტარდება. მიღებული სითხე გადაეცემა ემბრიოლოგიურ ლაბორატორიას, სადაც ემბრიოლოგი კვერცხუჯრედებს ნახულობს, წმენდს, სპეციალურ სითხეში ათავსებს და აფასებს მათი მომწიფების ხარისხს. კვერცხუჯრედები ინკუბატორში რამდენიმე საათის განმავლობაში ინახება.

ამ პერიოდში მუშავდება სპერმა. თანამედროვე სპეციალური ხსნარების დახმარებით შესაძლებელია მორფოლოგიურად სრულფასოვანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამოცალკევება სათესლე სითხიდან და ბაქტერიებისა და მკვდარი სპერმატოზოიდებისგან მათი გაწმენდა.

 

3. ხელოვნური განაყოფიერება

ხელოვნური განაყოფიერების დროს ექიმი ემბრიოლოგი სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეერთებით იღებს ემბრიონს. კვერცხუჯრედის განაყოფიერების დაფიქსირება პროცედურის პირველი ეტაპის წარმატებული დასასრულია.

სპერმის ხარისხის შესაბამისად, ტარდება ან ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), ან ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI).

ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის (IVF) სპერმის მაჩვენებლები – კონცენტრაცია, მოძრაობა – ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. კვერცხუჯრედებს დამუშავებული სპერმა ემატება და ინკუბატორში 17-20 საათს ყოვნდება. ამ ხნის განმავლობაში სპერმატოზოიდები ბუნებრივი პროცესის ანალოგიურად არღვევენ კვერცხუჯრედების გარსს და ანაყოფიერებენ მათ.

თუ სპერმის ხარისხი დაბალია, კვერცხუჯრედებს უტარდება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI). ამ დროს ერთი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდია საჭირო. ემბრიოლოგი სპეციალური მიკროინექტორის დახმარებით არღვევს კვერცხუჯრედის გარსის მთლიანობას და სპერმატოზოიდი მასში მექანიკურად შეჰყავს. მამაკაცის უნაყოფობის სახე (ოლიგოსპერმია, ასთენოსპერმია, ოლიგოასთენოსპერმია) ICSI-ს შედეგზე გავლენას ფაქტობრივად არ ახდენს. მთავარია, ცოცხალი სპერმატოზოიდების გარკვეული რაოდენობა მაინც იქნეს მიღებული.

– შესაძლებელია თუ არა განაყოფიერება აზოოსპერმიის შემთხვევაში, როდესაც სპერმაში არ არის სპერმატოზოიდები?

– დიახ, ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, გენეტიკური შთამომავლობა აზოოსპერმიის მქონე მამაკაცებსაც ჰყავდეთ. ამ შემთხვევაში გასანაყოფიერებლად სათესლე ჯირკვლიდან ქირურგიული მეთოდით აღებული სპერმატოზოიდები გამოიყენება.

– რა ხდება შემდეგ, როგორ ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი?

– ადამიანის ემბრიონის განვითარება საკმაოდ რთული და საინტერესო პროცესია. დედისეული და მამისეული გენები ერთმანეთს ერევა და წარმოიქმნება უნიკალური გენეტიკური კომპლექტი. ლაბორატორიაში ემბრიონი ემბრიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კვერცხუჯრედებზე სპერმის დამატებიდან 17-20 საათის განმავლობაში ემბრიოლოგი განაყოფიერებული კვერცხუჯრედების – ზიგოტების – რაოდენობასა და ხარისხს აფასებს. ამ ეტაპზე ნორმალურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ერთი უჯრედია, რომელსაც დედისეული და მამისეული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ორი პრონუკლეუსი (ბირთვი) აქვს. ოოციტი იყოფა და ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრების მქონე მეორე პოლარული სხეულაკი უჩნდება (პირველი პოლარული სხეულაკი კვერცხუჯრედს მომწიფების პერიოდშივე უყალიბდება). ამ დროს განაყოფიერების ყველა ნიშანი უკვე გამოვლენილია. განაყოფიერებიდან 30 საათის შემდეგ ზიგოტა გაიყოფა. წარმოიქმნება უჯრედები გეომეტრიული პროგრესიით – ორი, ოთხი, რვა და ა.შ.

დადგენილია, რომ ჯერ კიდევ გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედში იწყება მომავალი ემბრიონის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებების სინთეზი, ინკუბატორში კი ის საკვებ ხსნარებში სათანადო ტემპერატურულ და ოსმოსურ პირობებშია მოთავსებული.

განაყოფიერებიდან 48 საათის შემდეგ ემბრიოლოგი კვლავ აფასებს ემბრიონის ხარისხს, აკვირდება გარეგან ფორმას, დაყოფის სიხშირეს, უჯრედების რიცხვს, ზომას, ფორმას, ფრაგმენტაციის ხარისხს, სიხშირეს, ემბრიონის გარსის სისქეს, სიცოცხლისუნარიანობას. ამ მონაცემების მიხედვით ემბრიონები სხვადასხვა ჯგუფში ხვდებიან.

ემბრიონის ყველა უჯრედი ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია. მათ პოლიპოტენტურობა ახასიათებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელ უჯრედებს სხვადასხვა ქსოვილის წარმოქმნის უნარი შესწევთ. როდესაც უჯრედების რაოდენობა რვაზე მეტია, ეს უნარი ქრება, ამიტომ რვაუჯრედიან ემბრიონს უპრობლემოდ უტარდება სადიაგნოსტიკო ბიოფსია. სწორედ რვაუჯრედიანი ემბრიონის გაყოფის შედეგად ხდება შესაძლებელი ერთი კვერცხუჯრედისეული ჰომოლოგიური ტყუპების განვითარება.

უნდა ითქვას, რომ გაყოფის დროს ემბრიონის ზომა არ იზრდება, პირიქით, გარკვეულწილად მცირდება კიდეც. როდესაც უჯრედების რაოდენობა განსაზღვრულ რიცხვს მიაღწევს, დაყოფის ინტენსივობა მცირდება. ოთხი დღის ემბრიონს მორულა ეწოდება. მასში უჯრედები კომპაქტურადაა განლაგებული. მორულის გარეთა შრე ინტენსიურად ამარაგებს უჯრედებს იონებითა და წყლით. ამის წყალობით გარკვეული ხნის შემდეგ უჯრედშორისი სივრცე იზრდება და ემბრიონი ბლასტოცისტის სტადიაზე გადადის.

ემბრიონი უკვე მზადაა იმპლანტაციისთვის. ბლასტოცისტი შედგება უჯრედების თხელი გარსისა და შიდა უჯრედული მასისგან, საიდანაც ჩანასახის ქსოვილები ვითარდება.

ემბრიონის ინ ვიტრო განვითარება, წესისამებრ,  3-5 დღე გრძელდება. მერე ის სპეციალური კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს. ამის შემდეგ ორსულობა ბუნებრივი პროცესის ანალოგიურად გრძელდება.

– როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე ემბრიონს ამზადებთ. რა ბედი ეწევა დანარჩენებს?

– თანამედროვე სტანდარტებით, საშვილოსნოში ორზე მეტი ემბრიონი არ გადააქვთ, რაც მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკს ამცირებს. დარჩენილ ემბრიონებს კრიოკონსერვაციას უკეთებენ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემბრიონი გადის გაყინვის პროცედურას, რომლის შემდეგაც შესაძლებელია მისი გადატანა საშვილოსნოს ღრუში და ქალის დაორსულება.

კრიოკონსერვაცია ხელოვნურ განაყოფიერებასთან შედარებით ახალი პროცედურაა. მანამდე ემბრიონის გაყინვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ცოცხალი უჯრედის შიგთავსის 80% წყალია, რომელიც გაყინვის დროს ფართოვდება და ყინულის კრისტალებად იქცევა, რაც დამაზიანებლად მოქმედებს ცოცხალ უჯრედზე.

დღეს არსებობს ისეთი კრიოსაკონსერვაციო ხსნარები, რომლებიც მაქსიმალურად იცავს ემბრიონს დაზიანებისგან. ეს ხსნარები უჯრედებიდან გარკვეული რაოდენობის წყალს გამოდევნის და დარჩენილ სითხეს არა ყინულის კრისტალებად, არამედ გელისებრ ნივთიერებად აქცევს. ემბრიონის გაყინვა და გამოდნობა საკმაოდ ხანმოკლე პროცედურებია და ემბრიონის დაზიანების მინიმალური ეფექტით გამოირჩევა.

– რა საჭიროა ემბრიონის გაყინვა და რამდენ ხანს შეიძლება მათი შენახვა?

– გაყინული ემბრიონების გამოდნობას და გადატანას არაერთი უპირატესობა აქვს. ამ მეთოდის წყალობით ქალს რამდენიმეჯერ ეძლევა საშუალება, ნაკლები მედიკამენტური მკურნალობისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე მიიღოს სრული ხელოვნური განაყოფიერების ანალოგიური შედეგი.

ემბრიონების გამოდნობა ხდება იმ დროს, როდესაც მათ საშვილოსნოს ღრუში გადატანას გეგმავენ. გაყინული ემბრიონების შენახვის მაქსიმალური ვადა 10 წელია.

ამჟამად შესაძლებელია არა მარტო ემბრიონების, არამედ კვერცხუჯრედების გაყინვაც. ოოციტების გაყინვა ზრდის შანსს, ქალმა არარეპროდუქციულ ასაკშიც იყოლიოს შვილი. ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე ხდება ოოციტების კრიოკონსერვაცია, რაც შემდგომში ჯანსაღი შთამომავლობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

– რას ნიშნავს დონაცია და სუროგაცია?

– ხანდახან უნაყოფობის დაძლევა მხოლოდ დონორის სასქესო უჯრედებით – სპერმით ან კვერცხუჯრედებით არის შესაძლებელი. როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი განაყოფიერების საშუალებას არ იძლევა, ის შეიძლება დონორის კვერცხუჯრედით შეიცვალოს. კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამის შედეგად მსოფლიოში პირველი ბავშვი 1982 წელს ავსტრალიაში, Monash IVF ცენტრში დაიბადა. თავდაპირველად კვერცხუჯრედის რეციპიენტებს (მიმღებებს) წარმოადგენდნენ საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მქონე ქალები, ბოლო ხანს კი ამ პროგრამის გამოყენების ჩვენებები გაფართოვდა და მოიცვა როგორც პოსტკასტრაციული (ქირურგიული ან ქიმიოთერაპიის შემდგომი) მდგომარეობის მქონე, ისე ე.წ. Poor responder (სტიმულაციაზე ცუდი პასუხის მქონე) პაციენტები,  ანუ ყველა ის ქალი, რომელთა საკვერცხეებში არ მწიფდება ოოციტები ან რომელთა კვერცხუჯრედები ჯანმრთელი ემბრიონების განვითარების საშუალებას არ იძლევა. ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით ასეთი პაციენტებისთვის ერთადერთი გამოსავალია.

კვერცხუჯრედის დონორი შეიძლება გახდეს 21-დან 35 წლამდე ასაკის ქალი. გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს, რომ ის სავსებით ჯანმრთელია როგორც რეპროდუქტოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. დონორის კვერცხუჯრედები ინ ვიტრო მეთოდით ნაყოფიერდება.

მედიკამენტური სტიმულაცია უტარდება დონორ ქალს, ხოლო დედა-რეციპიენტის საშვილოსნოს ღრუ იმპლატანციისთვის მზადდება. დონორი ქალისგან მიღებული ოოციტები ინ ვიტრო პირობებში ნაყოფიერდება პარტნიორის სპერმით, ხოლო მიღებული ემბრიონები რეციპიენტის საშვილოსნოში გადააქვთ.

– ეს კვერცხუჯრედის დონაციაა. როდის ხდება საჭირო სპერმის დონაცია?

– უნაყოფო მამაკაცების გარკვეულ ნაწილს რეპროდუქციული პათოლოგია აღენიშნება და ზოგჯერ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებსაც კი არ შეუძლია მათი პრობლემის მოგვარება - გენეტიკური შთამომავლობის მიცემა. დაახლოებით რვა უშვილო წყვილიდან ერთს სამედიცინო ჩვენებით სპერმის დონორის გამოყენება სჭირდება.

დონორის სპერმით სარგებლობენ ქალებიც, რომელთაც არ ჰყავთ პარტნიორები, მაგრამ შვილის გაჩენა სურთ.

კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაციის შედეგად მიღებული ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივ პოპულაციაში ბუნებრივად დამდგარი ორსულობის დროს.

– როდის წარმოიშობა სუროგატი დედის დახმარების საჭიროება?

– სუროგატი დედები უნაყოფო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარებიან. მათ ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. სუროგატი დედის დახმარება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც:

* ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ);

* მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობასთან;

* ჭირს ორსულობის ბოლომდე მიყვანა (მიომური, ადენომიოზური კვანძები, ჩვეული აბორტის მქონე პაციენტების საშვილოსნო);

* პრობლემურია ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;

* ქალს არ აქვს დაორსულების საშუალება (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადება, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.).

სუროგაციის პროგრამით მედიკამენტური სტიმულაცია უტარდება ბიოლოგიურ დედას, მისი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება მეუღლის სპერმატოზოიდით და მიღებული ემბრიონები წინასწარ მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაგვაქვს. ორსულობა  ბუნებრივად გრძელდება. დაბადებული ბავშვი გენეტიკურად საკუთარი მშობლების შვილია. ხელოვნური განაყოფიერების საკითხი განსაკუთრებით რთული და სათუთი თემაა ბიოსამედიცინო ეთიკის დარგში. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კანონმდებლობით (1997 წელს მიღებული კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) ნებადართულია.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: