უმცროსი სასკოლო ასაკის პრობლემები

გააზიარე:

ჩვენ უკვე სკოლაში დავდივართ

ახალი მეგობრები, ახალი გარემო, უცხო ადამიანები, რომლებიც შენზე ზრუნავენ, გასწავლიან, მითითებებს გაძლევენ და გაქებენ კიდეც – ეს სკოლაა. სკოლა, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შენობა, სადაც გვერდიგვერდ მსხდომი გოგო-ბიჭები წერა-კითხვასა და გამრავლება-გაყოფას სწავლობენ. ეს ადამიანის სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ეს ის დროა, როცა პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამთ, ვიღებთ პირველ გადაწყვეტილებებს, ვემზადებით ცხოვრებისთვის..

ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით პირველკლასელებს უხარიათ. პირველი ჩანთა, პირველი მასწავლებელი, ადგილი მერხთან, რომელიც თითქოს  სწორედ ამ მეტიჩარა გოგონას თუ საყელოზე ბაფთაგაბანტულ ბიჭუნას ელოდა... აი, პირველი ზარიც ირეკება, პირველი გაკვეთილი იწყება...
ჰოდა, სანამ ჩვენი პატარა ჭკუის კოლოფი ანბანს გადაფურცლავს, მერე კი ციფრების მიმატება-გამოკლებას  შეუდგება, მოდით, სწავლის პროცესთან დაკავშირებული რამდენიმე ნიუანსი გავარკვიოთ.

ბევრ მშობელს აინტერესებს, როგორ მოუწყოს მოწაფეს სამუშაო კუთხე, რამდენ ხანს ამეცადინოს და ა.შ. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება პედიატრი ქეთი ნემსაძე

– სასწავლო წლის დაწყებისთანავე ბავშვის, განსაკუთრებით – პირველკლასელის, ცხოვრების წესი საგრძნობლად იცვლება. ახალი გარემო პატარას განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს... თუკი აქამდე პატარა ონავარი თავის ნებაზე დანავარდობდა აღმა-დაღმა, ამიერიდან საათობით ჯდომა უხდება, თანაც იძულებით პოზაში. ამას ერთვის დროის მკაცრი ჩარჩოები, რომელსაც სკოლა ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს უწესებს, და დაძაბული გონებრივი შრომა, რომელიც მანამდე უჩვევ მოთხოვნებს უყენებს ნერვულ სისტემას. ამგვარ დატვირთვას ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ იტანს. სწორედ ამის ბრალია მომატებული აგზნებადობა, ზოგ შემთხვევაში – მძიმე სტრესიც კი, რაც ნევროზისა და დეპრესიის წინაპირობად იქცევა.

როგორ მოიქცნენ მშობლები, რომ შვილს ახალ გარემოსთან შეგუება გაუადვილონ?

– მშობლებს შეუძლიათ, ახალ, არცთუ იშვიათად სტრესულ გარემოსთან შეგუებაში შვილს განუზომლად დიდი დახმარება გაუწიონ. არამც და არამც არ მოეკიდოთ ზერელედ თქვენი შვილის ჩივილებს. თუ სკოლაში უსიამოვნება შეექმნება, შეეცადეთ, ღრმად ჩასწვდეთ საქმის არსს და შვილთან ერთად მოაგვაროთ პრობლემა.

ბავშვის სამეცადინო კუთხის მოწყობას, ალბათ, თავისებური ცოდნა სჭირდება…

–  სამუშაო კუთხის მოწყობაზე დროულად უნდა ვიზრუნოთ. საწერი მაგიდა ბავშვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს, რათა მოზარდი მოხერხებულად იჯდეს, თუმცა ბევრი იდეალურად შერჩეულ მაგიდასთანაც მოხრილი და თავდახრილი ზის. ბავშვის პოზას მშობლებმა გამუდმებით უნდა ადევნონ თვალყური, ვინაიდან სიმაღლისთვის შეუსაბამო მაგიდა და სკამი, ისევე როგორც არასწორი ჯდომა, ხერხემლის გამრუდებას, აღნაგობის დარღვევას იწვევს და ხშირად ახლომხედველობის მიზეზადაც იქცევა. ბავშვებს სკოლაში უთუოდ ასწავლიან, როგორ უნდა ისხდნენ საწერ მაგიდასთან. არ დაიზაროთ და ეს შინაც გაუმეორეთ. 

მაინც რა პრინციპით უნდა შევურჩიოთ მოსწავლეს მაგიდა ან როგორ დავსვათ მოხერხებულად?

– საწერ მაგიდასთან ჯდომისას ზურგი აუცილებლად სკამის საზურგეს უნდა ეხებოდეს, წინამხარი იდაყვის სახსრამდე მაგიდაზე უნდა იდოს, ფეხები კი უმჯობესია პატარა სკამზე ან რაიმე საყრდენზე დავადგმევინოთ. მაგიდა მაშინ არის სწორად შერჩეული და მოხერხებული, თუ მისი ზედაპირი მასთან მჯდომი ბავშვის იდაყვზე 2-3 სმ-ით მაღლაა.

რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული წიგნი ბავშვის თვალებს? საიდან უნდა ეცემოდეს ფურცელს სინათლე კითხვის დროს?

– თვალებიდან წიგნამდე ან რვეულამდე მანძილი ასე განისაზღვრება: მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობისას ბავშვის თითი საფეთქელს უნდა სწვდებოდეს, მკერდსა და მაგიდას შორის ხელისგული უნდა ეტეოდეს, წიგნი კითხვისას 45 გრადუსით უნდა იყოს დახრილი და ბავშვის თვალებიდან 30-40 სმ-ით დაშორებული. ეცადეთ, მძლავრი (40-50 ვატიანი) მაგიდის ნათურა შეარჩიოთ და მოსწავლის მარცხნივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, წინ დადგათ. საზოგადოდ კი, მეცადინეობისას სამაგიდო ნათურასთან ერთად სასურველია ოთახის საერთო განათებაც გამოვიყენოთ.

როგორი ტანსაცმელი უნდა ჩავაცვათ სასკოლო ასაკის ბავშვს?

– დღეს უამრავ მოსწავლეს ნახავთ, რომელიც სკოლისთვის სრულიად შეუფერებლად არის ჩაცმული. საერთოდ, როცა სასკოლო  ფორმა არ არსებობს, საუკეთესო გამოსავალია მოხერხებული და მსუბუქი ფეხსაცმელი, ჯინსები და  მსგავსი თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც ბავშვს მოძრაობაში ხელს არ უშლის.

როგორ შევურჩიოთ მოწაფეს სასკოლო ჩანთა? თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია, როცა ჩანთა მშობელს მიაქვს სკოლაში?

– სასკოლო  ჩანთის სწორ შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. რეკომენდებულია ზურგჩანთა განიერი ღვედებით, თუმცა ზოგი ზურგჩანთის ტარებაზე უარს ამბობს და მშობელიც იძულებულია, ის თვითონ დაიკავოს ხელში. მცირე ასაკის ბავშვები ხშირად ხელში დასაჭერ მსუბუქ პორტფელს ამჯობინებენ... ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ დაარწმუნოთ შვილი, ზურგჩანთა ატაროს – ის უამრავ პათოლოგიას ააცილებს თავიდან.

ეგებ რამდენიმე სიტყვით იმ ჰიგიენურ ნორმებსაც შევეხოთ, რომელთა ცოდნაც პირველკლასელს მოეთხოვება...

–  პირველკლასელმა უნდა იცოდეს ხელების საპნით დაბანა და, ზოგადად, ხელების სისუფთავეზე ზრუნვა. აუცილებლად შეასწავლეთ ბავშვს საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის წესები, დაარწმუნეთ ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაში, თანაც შეეცადეთ, ეს ყოველივე მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ, განუმარტოთ, რა საფრთხე ემუქრება მას, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ხელებისა და ფრჩხილების სიბინძურემ.

ბევრი პირველი კლასიდანვე ჯიუტობს, უარს ამბობს მეცადინეობაზე, საწერ მაგიდასთან ჯდომაზე, კითხვასა და ანგარიშზე. როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში მშობლები?
– ზოგიერთ პირველკლასელს მშობლები აიძულებენ, ხანგრძლივად, საათზე მეტხანს იმეცადინოს. რაღა თქმა უნდა, პატარა ონავარს, რომელიც მეცადინეობისას ერთ პოზაში ვერ ჩერდება, მოუსვენრობისა და ცელქობის გამოც სჯიან.

გახსოვდეთ: პირველკლასელისთვის საწერ მაგიდასთან ჯდომა 40 წუთზე მეტხანს არამც და არამც არ შეიძლება. მეტისმეტმა დატვირთვამ შეიძლება გადაღლა, ემოციური სტრესი გამოიწვიოს და შემდგომში ბავშვმა საშინაო დავალებების შესრულებაზე უარი თქვას. გირჩევთ, სწავლას დროდადრო დასვენება, თამაში და გართობა შეუნაცვლოთ. არ დააძალოთ ბავშვს იმის კეთება, რაც არ სიამოვნებს. სხვაგვარად მომავალში არასწორი მიდგომის  მძიმე შედეგებთან ბრძოლა მოგიწევთ.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: