მშობლისა და თინეიჯერის ურთიერთობა

გააზიარე:

ღამეების თენების, პატარას სიცხეების, სკოლის ამბების გამოვლის შემდეგაც კი მშობლების უმეტესობას გვაშინებს სიტყვა “თინეიჯერი”. თინეიჯერობის პერიოდი ხშირად ასოცირდება საკუთარ ოთახში ჩაკეტილ, უხასიათო მოზარდთან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ერთ-ორ სიტყვას თუ გაიმეტებს მშობლებისთვის.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თინეიჯერობა ის პერიოდია, როდესაც მოზარდი ინტენსიურად იზრდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ინტელექტუალურადაც, მისი ხასიათისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ცვლილება ლოგიკურადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.
თინეიჯერობა ის პერიოდია, როდესაც მოზარდი სავსეა ცხოვრებასთან შესაჭიდებელი ენერგიით, უბრალოდ, მისთვის სწორი გეზის მისაცემად ხელის შეშველება სჭირდება და სწორედ მშობლის მოვალეობაა, სწორი მიდგომით მოიპოვოს შვილისგან უფლება, ამ გზის გავლაში მისი დახმარება მიიღოს.

  • რას უნდა ველოდეთ

მაინც როდის იწყება ეს პერიოდი? ზოგისთვის – ადრე, ზოგისთვის – გვიან. იმ ასაკის ზუსტად მითითება, როცა ბავშვის გონება მოზარდისად გადაიქცევა, შეუძლებელია.
თქვენი თინეიჯერობისთვის მომწიფებული შვილი შესაძლოა ისე იქცეოდეს, თითქოს თქვენი დახმარება არაფერში სჭირდება, არ უნდა ან ესირცხვილება. ამ პერიოდში ბავშვისთვის თანატოლი უფრო ძლიერი ავტორიტეტია და მშობლისგან თავისუფლებას და პირად სივრცეს ითხოვს. ამ დროს მისი საძინებლის კარი თითქმის მუდმივად ჩაკეტილია.
რაც არ უნდა რთული იყოს ეს თქვენთვის, ეცადეთ, არ გაუნაწყენდეთ. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი შვილისთვის დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდის დასაწყისია. დააბალანსეთ მასთან ურთიერთობა: მიეცით პირადი სივრცე, მაგრამ იმავდროულად ისევე მოსთხოვეთ ოჯახში მიღებული წესების დაცვა, როგორც აქამდე სთხოვდით. მაგალითად, თუ უნდა, დაუყენეთ საძინებლის კარზე საკეტი, მაგრამ პირობა ჩამოართვით, რომ დაკაკუნების შემდეგ აუცილებლლად გაგიღებთ კარს.


როგორც არ უნდა უარყოფდეს ამას, მშობლის მაგალითი შვილისთვის მუდამ გადამწყვეტია, ამიტომ, როგორც არ უნდა გიშლიდეთ ნერვებს და გხვდებოდეთ გულზე მისი საქციელი, ეცადეთ, ამ სტატუსის შესაფერისად მოიქცეთ. ესაუბრეთ პატივისცემით, ნუ მისცემთ თავს ბრაზის გადმონთხევის უფლებას – ეს შვილს უფრო მეტად ჩამოგაშორებთ. თავადაც დაუყვედრებლად აკეთეთ ყოველდღიური საოჯახო საქმეები და მასაც იგივე მოსთხოვეთ. თუ თავის შეცდომაზე საკუთარი ნებით მოგიყვათ, ნურასოდეს წამოაძახებთ – შესაძლოა ჩაიკეტოს და თავის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების თქვენთვის გაზიარება აღარ მოინდომოს.

  • როგორ მოვიქცეთ

თინეიჯერ შვილთან სიახლოვის შესანარჩუნებლად მარტივი ჟესტებიც კმარა:


* ოჯახური სადილები. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სადილის მომზადება სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რომ ოჯახური სადილი ძალიან დიდ როლს ასრულებს ოჯახის წევრების დაახლოებაში, შესაძლოა, საქმე შეგიმსუბუქდეთ. აქციეთ ოჯახური სადილები ტრადიციად, რომლის გამოტოვებაც ოჯახის არც ერთ წევრს არ ეპატიება. თუ საჭმლის მომზადების თავი არ გაქვთ, შეუკვეთეთ მზა საკვები და სუფრას შემოუსხედით. წესად აქციეთ, რომ ამ დროს ტელევიზორი და ტელეფონები გამორთული იყოს. თუ, ოჯახის წევრების გრაფიკიდან გამომდინარე, მსგავსი სადილებისთვის ყოველდღიურად თავის მობმა ვერ ხერხდება, დაგეგმეთ კვირაში 1 ან 2 სადილი, რომელსაც აუცილებლად ოჯახის ყველა წევრი დაესწრება. სადილის გასახალისებლად, დაე, ყველა თითო, თუნდაც უმნიშვნელო ამბავს მოჰყვეს, რომელიც იმ დღეს გადახდა თავს. სადილის დასრულების შემდეგ ყველამ ერთად აალაგეთ სუფრა – საქმის ერთად კეთება ოჯახის წევრებს ძალიან აახლოებს და ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს.


* ძილი ნებისა. მართალია, ბავშვს მიაჩნია, რომ უკვე დიდია და ძილის წინ შუბლზე კოცნა აღარ სჭირდება, მაინც ნუ დაარღვევთ ტრადიციას და, მით უმეტეს, ძილის რეჟიმს. ღამისთევა უარყოფითად აისახება ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობასა და სოციალურ ცხოვრებაზე. გახსოვდეთ: თუმცაღა თავს დიდად გაჩვენებთ და თქვენთან ჩახუტებაზე უარს ამბობს, მშობლის მხარზე ან თავზე მოფერებაც კი კმარა იმისთვის, რომ თქვენმა უკვე გაზრდილმა შვილმა ტკბილად და უშფოთველად დაიძინოს.


* მთავარი ურთიერთობაა. ნუ უგულებელყოფთ შვილთან დაახლოების ნურცერთ მიზეზს, მაგრამ ნურც მის პირად სივრცეში შეიჭრებით. ერთად გაასეირნეთ ძაღლი, ერთად ირბინეთ დილაობით, ერთად გარეცხეთ მანქანა, ერთად უყურეთ საყვარელ ტელეგადაცემას ან ფილმს... მანქანით ერთად მგზავრობაც კი დაახლოების შანსია. ამ დროს, რაკი იცის, რომ ყურადღება გზისკენ გაქვთ მიპყრობილი და თქვენთვის თვალებში ყურება არ მოუწევს, შესაძლოა, ბავშვმა რამე საწუხარი გაგიზიაროთ, რომლის თქმასაც აქამდე ვერ ბედავდა.


* გამოხატეთ სითბო. ნუ დაინანებთ მისთვის იმის თქმას, როგორ გიყვართ და აფასებთ. მშობლის სითბო ბავშვს ყველა ასაკში დაცულად აგრძნობინებს თავს. ოღონდ აქაც ბალანსის დაცვაა საჭირო, რადგან თინეიჯერს დისკომფორტს უქმნის, როდესაც მშობელი საჯაროდ გამოხატავს სიყვარულს. ჯობს, ემოციები იმ დროისთვის შეინახოთ, როდესაც მარტონი დარჩებით, ხალხში კი უფრო თავშეკავებულად გამოხატოთ გრძნობები. ნუ დაიზარებთ მის ქებას მაშინ, როდესაც ამას მართლა იმსახურებს.


* გამოამჟღავნეთ ინტერესი. ყოველთვის მოუსმინეთ მოზარდს, როცა რამის თქმა სურს. სხვაგვარად ვერ გაიგებთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს გარშემო მყოფებისა და იმ სიტუაციების მიმართ, რომლებშიც აღმოჩნდება ხოლმე. თუ ყურადღებით მოუსმენთ, არ განსჯით და გააზრებულ, დასაბუთებულ რჩევას მისცემთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მომავალშიც, რთულ სიტუაციაში, დახმარების სათხოვნელად თქვენ მოგმართავთ.


* აკონტროლეთ ელექტრომოწყობილობების გამოყენება. სმარტფონი, პლანშეტი და ლეპტოპი თინეიჯერის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მართალია, ეს მოწყობილობები მეგობრებთან კონტაქტისთვის კარგი საშუალებაა, მაგრამ იმავდროულად საგრძნობლად ამცირებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროსა და ხარისხს. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ თავად აძლევთ ბავშვს სწორ მაგალითს: თუ თქვენ თვითონ მთელი დღე ცხვირი სმარტფონში გაქვთ ჩარგული, ბავშვს ვერ მოსთხოვთ, იგივე არ გააკეთოს. ტელეფონები და სხვა ელექტრომოწობილობები გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და არასოდეს ოჯახთან ერთად სუფრასთან ჯდომისას. არ აკონტროლოთ და ამოწმოთ მისი მიმოწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბავშვის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.


* სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. თქვენი თინეიჯერი შვილის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა რამდენადმე შეცვლის კომუნიკაციას თქვენს შორის. თუ პატარას უხაროდა და შვებას გრძნობდა, როდესაც დავალებებს მის ნაცვლად ასრულებდით, თინეიჯერისთვის ეს მიუღებელია. თუ ის ისეთ პრობლემას შეეჯახა, რომლის მოგვარებას საკუთარი ძალებითაც შეძლებს, ნუ ჩაერევით, საკმარისია, გულდასმით მოუსმინოთ, გაამხნეოთ და უთხრათ, რომ ყოველთვის შეუძლია, რჩევისთვის მოგმართოთ.


მცირედი ცვლილებები ამ ასაკისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგეპაროთ:


* წონის სწრაფი კლება ან მატება;
* ძილის დარღვევა;
* ხასიათის რადიკალური ცვლილება;
* მეგობრების მიმართ გაჩენილი უეცარი აგრესია;
* სკოლის ხშირი გაცდენა;
* ნიშნების საგრძნობლად გაუარესება;
* საუბარი ან თუნდაც ხუმრობა თვითმკვლელობაზე;
* თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება;
* პრობლემები კანონთან.


ეს და სხვა მიუღებელი ქცევა, რომელიც ექვს კვირაზე მეტია გრძელდება, შესაძლოა, დიდი პრობლემის გამოხატულება იყოს. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს პრობლემები მცირე დოზით ყველა თინეიჯერის ცხოვრებაში იჩენს თავს, მაგრამ თუ წარჩინებულმა მოსწავლემ უეცრად ცუდი ნიშნების მიღება დაიწყო, ხოლო მხიარული და სოციალური ბავშვი უეცრად ოთახში ჩაიკეტა და მეგობრებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა, ეს უკვე საგანგაშოა. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგის დელიკატური ჩარევაა საჭირო.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: