მასტოპათია – “კეთილი” კვანძის ამბავი

გააზიარე:

სტატისტიკის თანახმად, პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ექიმები მასტოპათიას უწოდებენ, ქალების 80%-ს აღენიშნება, მამოლოგთა ნაწილი კი (მამოლოგი სპეციალისტია, რომელიც სარძევე ჯირკვლის პრობლემებს შეისწავლის) იმ აზრს ემხრობა, რომ ამა თუ იმ სახით გამოხატული მასტოპათია ყველა ქალს აქვს.
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა. თავისთავად საშიში არ გახლავთ, მაგრამ ზრდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს. მასტოპათიით დაავადებულ ქალბატონებს წარმონაქმნის ავთვისებიანი გადაგვარების ალბათობა ხუთჯერ მეტი აქვთ. ასე რომ, ერთი შეხედვით კეთილზნიანი მასტოპათია მთლად სანდოც არ ყოფილა. 
როგორ? რატომ?
მასტოპათია ორგვარია:
. დიფუზური _ პათოლოგიური ცვლილები ჯირკვლის მთელ ქსოვილს მოიცავს, თავს იჩენს ძალზე მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ხელით გასინჯვისას ძუძუს ქსოვილს არაერთგვაროვნებას, მარცვლოვანებას  სძენს;
. კვანძოვანი _ ამ დროს ჯირკვლის ქსოვილში ერთეული ან მრავლობითი სხვადასხვა ზომის კვანძი წარმოიქმნება, რომელთაც ხელითაც იოლად აღმოაჩენთ.

პათოლოგიის ჩამოყალიბებაში ბრალი უმთავრესად მაინც მემკვიდრეობას მიუძღვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც:

. საშვილოსნოს დანამატების ანთება. ამ დროს ქალური ჰორმონების გამომუშავება ირღვევა. ცნობილია, რომ მასტოპათიის განვითარებაში ერთ-ერთ წამყვან როლს სწორედ ჰორმონული დისბალანსი ასრულებს;
. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების) შემთხვევაში მასტოპათიის ჩამოყალიბების რისკი თითქმის 4-ჯერ იზრდება.
. ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები _ ამ დროს არცთუ იშვიათად ირღვევა ჰორმონული (ესტროგენების) ბალანსი;
. ჭარბი წონა, დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ზოგიერთი ავტორის აზრით, მასტოპათია საკმაოდ ხშირად სდევს თან ამ ტრიადას;
. იოდდეფიციტური მდგომარეობა. ამ დროს ირღვევა ჰორმონთა წარმოქმნა;
. ხშირი სტრესი, ნევროზი, დეპრესია;
. მაიონიზებელი რადიაცია. ცნობილია, რომ  რადიაციული გამოსხივება ხელს უწყობს სიმსივნური პროცესების ჩამოყალიბებას;
. სარძევე ჯირკვლის ტრავმა. მასტოპათია რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელი როდია, ქალმა ძუძუს ძლიერი დაჟეჟილობა მიიღოს; სავსებით საკმარისია უმნიშვნელო ზემოქმედებაც _ ზეწოლა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უხეში ბიუსტჰალტერის დიდხანს (ზოგჯერ ღამითაც) ტარება და ა.შ.

როგორ ვლინდება

მასტოპათიის მთავარი ნიშანი მკერდში ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნებაა, რომელიც წინარემენსტრუაციულ პერიოდში კიდევ უფრო ძლიერდება. საკმარისია, მენსტრუაცია დაიწყოს, რომ დაბერილი სარძევე ჯირკვლები იჩუტება, ტკივილი და დისკომფორტი თანდათან ქრება. ამიტომაც გვირჩევენ სპეციალისტები, მკერდის თვითგასინჯვა მენსტრუაციის დაწყებიდან მეხუთე-მეექვსე დღისთვის გადავდოთ.
მასტოპათიის დროს ტკივილი ზოგჯერ მხარში, ზურგსა და წინამხარში გადაეცემა. ისიც შეიძლება, ქალს  დვრილიდან გამონადენი აღენიშებოდეს. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

დედობის მადლი
არაერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შვილოსნობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სარძევე ჯირკვალზე. ქალებს, რომლებსაც ორი და მეტი შვილი 
ჰყავთ, ინარჩუნებენ ლაქტაციას (რძეს) და არ იკეთებენ ხელოვნურ აბორტს, მასტოპათია, ისევე როგორც ძუძუს კიბო, ნაკლებად ემუქრებათ. თქვენ 
წარმოიდგინეთ, იმასაც ჰქონია მნიშვნელობა, როდის ეზიარება ქალი დედობის მადლს – შვილოსნობისთვის (და, ამის კვალობაზე, მასტოპათიის პრევენციისთვის) საუკეთესო პერიოდი 20-25 წლის ასაკი ყოფილა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ორგანომ – მათ შორის, რასაკვირველია, სარძევე ჯირკვალმაც – თავისი ფუნქცია უთუოდ უნდა შეასრულოს. გარდა იმისა, რომ პაწიასთვის დედის რძე მეტად სასარგებლოა, ლაქტაცია და ძუძუს წოვება თვით ქალის ჯანმრთელობისთვის გახლავთ მარგებელი.
ხელოვნური აბორტი მასტოპათიის ჩამოყალიბების ალბათობას საგრძნობლად ზრდის. დაითვალეს კიდეც: ქალებს, რომლებსაც 3 აბორტი აქვთ გაკეთებული, ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნე 7-8-ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ.

რით ვუშველოთ
მასტოპათიის ფორმის კვალობაზე, მკურნალობის ტაქტიკა სხვადასხვაგვარია. შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა (კვანძის ამოკვეთა) გახდეს საჭირო, შესაძლოა, მედიკამენტური თერაპია დაინიშნოს... არც ის გახლავთ გამორიცხული, მკურნალობა სრულებით არ  დაგვჭირდეს და პათოლოგიურ პროცესზე პერიოდული დაკვირვებით შემოვიფარგლოთ.
მეტად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა (სწორი კვება, ვიტამინების მიღება, თამბაქოზე უარის თქმა და ა.შ.). ქალი, რომელსაც მასტოპათია აქვს, უნდა ერიდოს აგრესიულ ფაქტორებს: ფიზიოპროცედურებს, გარუჯვას (პლაჟზე თუ სოლარიუმში) და ა.შ.

ლამაზი და ჯანმრთელი მკერდის 3 კანონი
ამერიკელმა სპეციალისტებმა რომ არ გვითხრან, ისედაც კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუს კიბოსა და მასტოპათიის პროფილაქტიკას,  მაგრამ მოდით, მაინც გადავავლოთ თვალი იმ წესებს, ოკეანისგაღმელი მამოლოგები რომ გვთავაზობენ:
1. იკვებეთ გონივრულად. კვების კორექცია მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს საკვები კომპონენტები, რომლებიც ჰორმონულ ბალანსს აწესრიგებს.
. უპირატესობა მიანიჭეთ უჯრედისის შემცველ საკვებს, უმთავრესად – ხილსა და ბოსტნეულს. მეტად სასარგებლოა მარცვლეული და პარკოსნები.
. აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებიც. განსაკუთრებით მარგებელია C, B ჯგუფის ვიტამინების, ასევე – მაგნიუმისა და კალციუმის შემცველი საკვები.
. მინიმუმამდე დაიყვანეთ რაციონში ცხოველური ცხიმის შემცველობა. გაიმდიდრეთ მენიუ მცენარეული ცხიმით.
. ნაკლები მიირთვით კოფეინის შემცველი საკვები – კოლა, ყავა, შოკოლადი. ერიდეთ კოფეინშემცველ მედიკამენტებს.
. შეზღუდეთ მარილის მოხმარებაც. იგი ხელს უწყობს შეშუპებას, მათ შორის – სარძევე ჯირკვლის ქსოვილისას, ამიტომ სასურველია, მისი მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ, განსაკუთრებით – მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე, როდესაც მკერდი უამისოდაც დიდდება.
2. სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი. ფიზიკური ზეწოლა, ისეთი უმნიშვნელოც კი, როგორიც ლიფს აქვს, ძუძუსთვის არამც და არამც არ გახლავთ სასარგებლო. განსაკუთრებით მავნებელია ლითონის ჩხირებით აღჭურვილი, ასევე – უხეშნაკერებიანი და დიდი იარლიყის მქონე ბიუსტჰალტერი.
თუკი ქალს მასტოპათია ან მკერდთან დაკავშირებული სხვა პრობლემა აწუხებს, სასურველია, რბილი, ბუნებრივი მასალის ბიუსტჰალტერი ატაროს. ამ თვალსაზრისით იდეალურია რბილი, სპორტული ლიფი.
3. გონივრულად მიიღეთ მედიკამენტები. ექიმის დანიშნულების გარეშე არამც და არამც არ გაეკაროთ ჰორმონულ პრეპარატებს. კონტრაცეპტივების შერჩევის დროსაც დიდი გულისყურის გამოჩენა გმართებთ. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ზოგ შემთხვევაში რგებს მასტოპათიას, ხოლო ზოგჯერ შეიძლება გააღრმაოს კიდეც პათოლოგიური პროცესი.
ზოგადად კი, იზრუნეთ იმუნიტეტის მოძლიერებაზე, სასიამოვნო განწყობის შექმნაზე, ხელი მოჰკიდეთ სპორტს, დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვები.

გააზიარე: