გულის მანკები ბავშვთა ასაკში
გააზიარე:
გული მაინც ფეთქავს
გული მეტისმეტად ფაქიზი ორგანოა. არა მხოლოდ ფაქიზი – ერთგული და შრომისმოყვარეც. ის მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთგულად გვემსახურება, გაუჩერებლად ფეთქავს, არ იცის, რა არის დაღლა. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, ადამიანს მკერდში ჯანმრთელი გული უცემდეს. თუმცა ხდება ხოლმე, რომ ეს ნატიფი ორგანო სტრუქტურას იცვლის, რაც, ბუნებრივია, მის მუშაობაზე ერთობ ნეგატიურად აისახება. ასე ყალიბდება გულის მანკი – პათოლოგია, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. ხშირად პაწია უკვე დაზიანებული ორგანოთი იბადება. სწორედ ამას უწოდებენ გულის თანდაყოლილ მანკს, რომელსაც, თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, გულის დაავადებათა საერთო სტრუქტურაში ძალზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.
გულის თანდაყოლილი მანკების სიხშირის, მათი გამოვლენის გზებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ გვესაუბრება ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის პრეზიდენტი, გულის ქირურგი ირაკლი მეტრეველი
ბატონო ირაკლი, რამდენად გავრცელებული პრობლემაა თანდაყოლილი მანკები?
– გულის თანდაყოლილი მანკები მეტად გავრცელებული გახლავთ. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ცოცხლადშობილთა 0,7-1,7%-ს გულის თანდაყოლილი მანკი აღენიშნება. ამათგან მკურნალობის გარეშე 14-22% – სიცოცხლის პირველი კვირის, 19-17% – პირველი თვის, ხოლო 30-80% – პირველი წლის განმავლობაში კვდება. ამდენად, გულის მანკი ძალზე საყურადღებო დაავადება გახლავთ, რომელსაც დროული გამოვლენა და მკურნალობა სჭირდება.
რა იწვევს გულის თანდაყოლილ მანკს?
– გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბების კონკრეტული მიზეზის დასახელება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება გამოვყოთ ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ნაყოფზე მუცლადყოფნის პერიოდში მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, ორსულობის პერიოდში გადატანილი სხვადასხვა ინფექცია, მაგალითად, წითელა, ჩუტყვავილა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია; გარდა ამისა, ნაყოფის გულის სტრუქტურული დეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთი მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ.
შესაძლებელია თუ არა, ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდშივე გამოუვლინდეს გულის მანკი? სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს თუ არა გამოკვლევა, რომელიც ნაყოფის გულის სტრუქტურას შეისწავლის?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, გულის მანკი ნაყოფს ექოსკოპიური გამოკვლევის დროს გამოუვლინდეს. დეფექტის აღმოჩენა მუცლადყოფნის მე-18-19 კვირიდან არის შესაძლებელი. თუკი ექოსკოპიური კვლევისას ექიმს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნაყოფს გულის მანკი აქვს, ქალს ჩვენთან გზავნის. აქ ორსულს ხელმეორედ ვიკვლევთ, ვაფასებთ მდგომარეობას და წინასწარ ვუხსნით, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მისი შვილი მომავალში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვურჩიო ექიმებსა და თავად ორსულებს, რომ გულის თანდაყოლილ მანკზე ეჭვის შემთხვევაში თავი შეიკავონ აბორტისგან. ჯერ ერთი, რომ გულის თანდაყოლილი მანკი ქირურგიულ კორექციას ექვემდებარება და მეორე, რომ გამოკვლევისას სპეციალისტი, ვინც მანკი გამოავლინა, შეცდომისგან დაზღვეული არ გახლავთ.
რა ნიშნები ავლენს გულის თანდაყოლილ მანკს?
– კლინიკური სურათი მანკის ანატომიურ თავისებურებაზე გახლავთ დამოკიდებული, თუმცა ციანოზი (კანის საფარველის გალურჯება), ზრდაში ჩამორჩენა, საერთო სისუსტე, ქოშინი თითქმის ყოველთვის ვლინდება.
ისიც შეიძლება, თანდაყოლილი მანკი თანმდევი სიმპტომების გარეშე არსებობდეს. ამ დროს ეჭვი მანკზე შუილის მოსმენის შედეგად ჩნდება. ასეთ შემთხვევაში გულის თანდაყოლილი ნაკლოვანება დიდი ხნის განმავლობაში არ იჩენს. ბავშვს არც გარეგნულად ეტყობა რამე ნიშანი და არც ზედაპირული გასინჯვით ისმის საეჭვო ხმა. ასეთ “ჩუმ” მანკებს (მათ რიცხვში ხშირად ხვდება წინაგულთაშუა მეორადი ძგიდის დეფექტი) პედატრები უმეტესად შემთხვევითი გასინჯვის დროს აღმოაჩენენ ხოლმე, უპირატესად სკოლამდელ ასაკში.
როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, თანდაყოლილი მანკი მრავალნაირია...
– ზოგადად, განასხვავებენ გულის თანდაყოლილი მანკის ოთხმოცდაათამდე ნაირსახეობას, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ძგიდის (მაგალითად, წინაგულთაშუა ან პარკუჭთაშუა ძგიდის) დეფექტით, ფილტვის ვენების ანომალიით, მარცხენა ან მარჯვენა გულის პათოლოგიით (ე.წ. ფალოს ტეტრადა, აორტის სტენოზი და ა.შ.), მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციით და ა.შ.
რა ასაკში უკეთდება ბავშვს ოპერაცია?
– თუ მძიმე მანკთან გვაქვს საქმე, ოპერაცია შეიძლება დაბადებისთანავე გავუკეთოთ. ნაკლოვანების ტიპზეა დამოკიდებული შედეგიც. თუკი ოპერაციული ჩარევის შედეგად გულის სტრუქტურის აღდგენა სრულად მოხერხდა ანუ მივიღეთ სრულყოფილად მოფუნქციონირე ორგანო, ბავშვი ნორმალური ჯანმრთელობის, აბსოლუტურად ჩვეულებრივი შესაძლებლობის, სრულფასოვანი ადამიანი ხდება, რომელსაც თანატოლების მსგავსად შეუძლია სწავლა და ფიზიკური დატვირთვა.
თუმცა არსებობს განსაკუთრებით მძიმე მანკები, რომელთა კორექციას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და ცხოვრების ხარისხი ცოტათი მაინც გავუუმჯობესოთ. ასე ვიქცევით, მაგალითად, მაშინ, როცა გულს ერთი პარკუჭი არ აქვს. ამ დროს ტარდება რამდენიმე ოპერაცია (ე.წ. ფონტენის გზა), რომლის მიზანიც გულის სისხლის მიმოქცევის ერთპარკუჭოვან სისტემაზე გადართვა გახლავთ. საბოლოო კორექციის შედეგად სწორედ ამ ერთადერთი პარკუჭის საშუალებით მიეწოდება სისხლი მთელ ორგანიზმს, ხოლო ფილტვებში ის თვითნებურად მიედინება.
სჭირდება თუ არა ნაოპერაციევ ბავშვს ხშირი კონტროლი?
– გულის მანკის კორექციის შემდეგ ბავშვს კონტროლი, ბუნებრივია, დასჭირდება. თუკი ოპერაციის შედეგად სტრუქტურულად სრულფასოვან გულს მივიღებთ, კონტროლის მიზნით კარდიოლოგი ბავშვს ჯერ ერთი კვირის შემდეგ სინჯავს, მომდევნო გასინჯვა ერთი თვის შემდეგ ტარდება, მერე კი ექიმს ყოველ ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ უნდა ვეწვიოთ.
. გულის მანკის ოპერაცია, სავარაუდოდ, ძვირადღირებული სიამოვნება უნდა იყოს. დანახარჯების დაფარვა მთლიანად მშობელს უხდება თუ სახელმწიფოც ეხმარება?
– თანდაყოლილი მანკის ოპერაციას 18 წლამდე მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. შეძენილი მანკები, აგრეთვე – თანდაყოლილი მანკები, რომელთა კორექციაც 18 წლის შემდეგ ხდება, თანაგადახდით ანაზღაურდება – საფასურის 25%-ს პაციენტი იხდის.
როგორ არის მოწყობილი გული
გული ოთხი განყოფილებისგან: ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან – შედგება. როგორც წინაგულებს, ასევე პარკუჭებს შორის მოთავსებულია ძგიდე, რომელიც ხელს უშლის არტერიული (ჟანგბადით მდიდარი) და ვენური (ჟანგბადით ღარიბი) სისხლის ერთმანეთთან შერევას. წინაგულები ერთმანეთისგან სარქვლებით არის გამოყოფილი. სწორედ მათი წყალობითაა, სისხლი ერთი მიმართულებით – წინაგულიდან პარკუჭისკენ რომ მიედინება. ასე იმიტომ ხდება, რომ წინაგულების შეკუმშვისას სისხლის ნაკადი სარქვლებს აწვება, ისინიც იღება და ნაკადს პარკუჭისკენ ატარებს; შემდეგ, როცა უკვე პარკუჭები იწყებენ შეკუმშვას, სარქველთა კარები იკეტება და სისხლის უკუდინებას ეწინააღმდეგება.
მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის “ჩამონტაჟებულ” სარქველს მიტრალური (ორკარიანი) ეწოდება, ხოლო მარჯვენას – სამკარიანი.
გარდა ამისა, სარქვლები მოთავსებულია გულიდან გამომავალ სისხლძარღვებში – აორტასა და ფილტვის არტერიაში, და ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გულის ნორმალური მუშაობა ბევრად არის დამოკიდებული მის სტრუქტურაზე. თუკი ეს უკანასკნელი რამე მიზეზით დაირღვა (ვთქვათ, სარქველი დეფექტის გამო არასრულად იხურება, სისხლძარღვია ძლიერ შევიწროებული და ა.შ.), ვლინდება მანკი.
გულის მანკი ორსულობის მეორე-მერვე კვირას ყალიბდება.
თანდაყოლილი მანკების ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ბრონქიტი, პნევმონია (ფილტვების ანთება), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ენდოკარდიტი (გულის მომფენი ფურცლის ანთება).
ინა ვაჩიბერიძე