რა აღიზიანებს ნაწლავს?

გააზიარე:

 

“კუჭი მაქვს გაღიზიანებული”, ან კიდევ “მუცლის შებერილობა მტანჯავს”, ამგვარი ჩივილები თანამედროვე ადამიანს ხშირად აწუხებს ხოლმე. ამას მოგვიანებით ყაბზობა (ხალხში შეკრულობას რომ უწოდებენ) ან ფაღარათი, მუცლის ტკივილი ემატება ხოლმე. როგორც წესი, ამ ესოდენ “დელიკატური” პრობლემის გადაწყვეტას შეწუხებული ადამიანი საკუთარი ძალებით ცდილობს: უახლოეს აფთიაქში ტკივილგამაყუჩებელს და საფაღარათო საშუალებას შეიძენს, სიმპტომებიც დროებით, როგორც წესი, ქრება, მაგრამ გადის მცირე ხანი და “კუჭი ისევ ღიზიანდება”, და ასე გრძელდება ხანგრძლივად, სანამ ადამიანი გასტროენტეროლოგის (არის ასეთი ექიმი, რომელიც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს მკურნალობს) კარებს არ მიუკაკუნებს. სპეციალისტის “განაჩენი” კი ერთობ საინტერესოა – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

როგორც სტატისტიკურმა კვლევებმა გვიჩვენა, ეს სინდრომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალზე გავრცელებული გახლავთ და შემთხვევათა 25-30%-ში გვხვდება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 2/3,  რომლებიც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნისნებით ხანგრძლივად იტანჯებიან, ექიმს არც კი მიმართავენ.

მაინც, როგორ უნდა ამოვიცნოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი? რა იწვევს? რა პრინციპით  წარმოებს მკურნალობა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოგვიგებს პროფესორი ასლან ხაბაზი.

–ტერმინი “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი” (გნს) ცნობილი იყო XIX საუკუნიდან, თუმცა, ოფიციალურად იგი მაინც 1988 წელს რომში ჩატარებულ გასტროენტეროლოგთა IX საერთაშორისო კონგრესზე დადგიდა. მანამდე მას სხვაგვარად ეძახდნენ: “სპასტიკური კოლიტი”, “ლორწოიანი კოლიტი”, “ფუნქციური კოლონოპათია”, “ნაწლავის ნევროზი” და სხვ.

ზოგადად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ადგილი აქვს ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციური მოშლილობას. ამ დროს თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორებიც გახლავთ ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, რომელიც ცხრება დეფეკაციის შემდეგ, ამასთან, ამგვარი უსიამოვნებანი ხანგრძლივად გრძელდება – არანაკლებ 3 თვისა ბოლო ერთი წლის მანძილზე.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უფრო ხშირია 25-45 წლის ასაკის ქალებში, თუმცა გვხვდება ბავშვებსა და მოხუცებშიც.

. რა იწვევს ამ სინდრომის ჩამოყალიბებას?

– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ჩამოყალიბების მექანიზმი  საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ერთი ნამდვილად  ცნობილი გახლავთ – მიზეზთა შორის ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ცენტრალურ ნერვულ სისტემის მდგომარეობას, სოციალურ გარემოცვას უკავია.

გასული საუკუნის ბოლოს ეგონათ, რომ  ნაწლავის მამოძრავებელი აქტიობის ცვლილება ფუნქციურ დაავადებასთან იყო დაკავირებული.  შემდგომ დადგინდა, რომ ნაწლავის მოტორიკის დარღვევა ერთნაირად აღინიშნება ნაწლავის როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული დაავადებების დროს.

გარდა ამისა, გნს-ს განვითარების ერთ-ერთ მიზეზად ნაწლავის  ჰიპერმგრძნობელობა დაასახელეს, ანუ ზემოაღნიშნული სინდრომის დროს ნაწლავის გაღიზიანების ზღვარი დაბალია, ამიტომ განავლოვანი მასის ჩვეულებრივი (ფიზიოლოგიური) რაოდენობაც კი საკმარისი გახლავთ, რომ ტკივილი და დისკომფორტი გამოიწვიოს.

მკვლევარებმა ისი დაადგინეს, რომ ამ სინდრომის ჩამოყალიბებაში არანაკლებ “დამნაშავე” ცენტრალური ნერვული სისტემაც არის, ანუ პათოლოგია თავს უპირატესად ემოციურ პირებში იჩენს. დღეისათვის დადგენილია, რომ გნს-ით დაავადებულ ადამიანს ხშირად დამძიმებული ფსიქო-სოციალური ანამნეზი აქვს, საჭიროებს ფსიქოთერაპიულ და ფსიქიატრიულ დახმარებას. ასეთ პიროვნებას, როგორც წესი,  დაქვეითებული აქვს შრომის უნარი, ხშირად უნვითარდება დეპრესია, თავს მძიმე ავადმყოფად თვლის, თუმცაღა მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კარგად იკვებება და შენახული აქვს წონა. ამდენად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ჩამოყალიბებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორებიც არის კულტურა, პიროვნების სოციალური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური და პიროვნულ სტატუსი.

. ეგებ, უფრო დაწვრილებით მოგვიგოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ?

– იმისდა მიხედვით, უპირატესად რომელი ნიშანი ვლინდება, გნს რამდენიმე ფორმად იყოფა. ესენია:

  • უპირატესად მუცლის ტკივილითა და მეტეორიზმით მიმდინარე
  • უპირატესად დიარეით
  • უპირატესად ყაბზობით მიმდინარე.

ამგვარი დაყოფა საშუალებას გვაძლევს იოლად დავგეგმოთ გამოკვლევები და მკურნალობის ტაქტიკა.

როგორც წესი, დაავადების ნიშნები: ყრუ ან ძლიერი ხასიათის მუცლის ტკივილი, ყურყური, შებერილობა, გულისრევა, გულძმარვა, წელის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა ან მათი მონაცვლეობა თავს იჩენს ხოლმე ნერვული დაძაბულობის, ფიზიკურ დატვირთვის შემდეგ. მუცლის ტკივილი ქრება ან იკლებს დეფეკაციის შემდეგ და არასოდეს ღამით არ ვითარდება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, რომელიც უპირატესად დიარეით მიმდინარეობს, საკვების მიღებისას თავს იჩენს ხოლმე დეფეკაციის გახშირება, განავლოვანი მასა თხელი, ფაფისებრია, ზოგჯერ ლორწოვანი გამონაყოფით. აშლილობა უფრო ხშირად დილის საათებში, ერთმანეთზე მიყოლებული 3-4-ჯერ ვითარდება, ხოლო დღის მეორე ნახევარში ნაწლავთა მოქმედება აღარ შეინიშნება. მართალია, ადამიანისთვის ფაღარათის ამგვარი “კრიზები” შემაწუხებელია, მაგრამ იგი სითხეს დიდი რაოდენობით არ კარგავს და მისი ზოგადი მდგომარეობაც, შესაბამისად, არ უარესდება.

საერთოდ კი, უფრო ხშირია ყაბზობით მიმდინარე ვარიანტი. ამ დროს განავალი გამკვრივებულია, შეიცავს ლორწოს, ადამიანს აწუხებს ჭინთვა, დეფეკაციის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ისეც ხდება, რომ ყაბზობა დიარეით იცვლება ხოლმე, რასაც ადგილი აქვს მსხვილი ნაწლავის ზემო ნაწილის გადავსებისას, ცხიმიანი საკვების მიღებისას, ემოციურ სტრესული ფაქტორების ზემოქმედებისას.

. რომელი კვლევების საფუძველზე ხდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზის დასმა?

– გნს-ს დიაგნოზის დასმის მიზნით საჭიროა ჩატარდეს მინიმალური კვლევა: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, განავლის ბაქტეროლოგიური და მიკროსკოპული გამოკვლევა. რექტორომანოსკოპია, ზოგჯერ კი კოლონოსკოპია. ამ უკანასკნელს მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც თუ პაციენტი 40 წელზე მეტი ასაკისაა, ტკივილების ხანგრძლივობა 6 თვეზე მეტია და მუდმივი ხასიათისაა, ანუ აღინიშნება  ღამითაც, გარდა ამისა, ადამიანს აწუხებს სიგამხდრე და ანორექსია (სრული უმადობა).

გარდა ამისა, დიაგნოზის დასმის მიზნით შემუსავებულ იქნა რიგი კრიტერიუმებისა. ერთ-ერთი მათგანის – რომის I და II კრიტერიუმების თანახმად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ამოცნობა გამორიცხვის გზით წარმოებს. ამ შემთხვევაში  ჩივილები და ანამნეზი ასეთია:

- წონის არამოტივირებული კლება

- დაავადების სიმპტომების არსებობა ღამით

- მუდმივი ინტენსიური ტკივილები მუცლის არეში

- დაავადების დაწყება ხანშიშესულ ასაკში

- მსხვილი ნაწლავის კიბოს არსებობა ნათასავებში;

ფიზიკური კვლევისას ვლინდება:

- ცხელება, ჰეპატო და სპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება);

ლაბორატორიული მონაცემები:

- სისხლი განავალში, ლეიკოციტოზი, ანემია, აჩქარებული ედს, ბიოქიმიური ცვლილებები სისხლში.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გრძელდება არანაკლებ სამი თვისა მიმდინარე წლის განმავლობაში. როგორც წესი, მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ დაავადებათა დიაგნოსტიკაში უპირველესი როლი ანამნეზს  ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულია სხვადასხვა კრიტერიუმები, გნს-ს ამოსაცნობად უმთავრესი მნიშვნელობა ექიმის ცოდნას და გამოცდილებას ენიჭება.

. რა პრინციპით წარმოებს მკურნალობა?

– გნს მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ადამიანი უნდა შევაგუოთ იმ აზრს, რომ დაავადების სიმპტომები შეგვიძლია შევანელოთ, მაგრამ უცბად მათგან განთავისუფლება შეიძლება არ მოხდეს.

მას შემდეგ რაც დავადგენთ, თუ რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, ვნიშნავთ მედიკამენტოზურ: ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელ, ტკივილის, დიარეის საწინააღმდეგო  მკურნალობას. განსაკუთრებით რთულია ყაბზობით მიმდინარე ფორმის განკურნება. ამ შემთხვევაში ადამიანს მედიკამენტოზური თერაპიის პარალელურად სპეციალურ დიეტას ვუნიშნავთ.

. რა ტიპის დიეტას ურჩევთ ამ შემთხვევაში?

– ადამიანს, რომელსაც ყაბზობა აწუხებს, ვურჩევთ ე.წ. მეთილცელულოზის შემცველი საკვები (ხორბლის ქატო) მიირთვას. თუკი პრობლემის გადაჭრა მხოლოდ დიეტით ვერ მოხერხდება, საჭირო ხდება საფაღარათო საშუალებების დანიშვნა.

გარდა ამისა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ ფართოდ ვიყენებთ დისბაქტერიოზის სამკურნალო საშუალებებსაც, მაგალითად ენტენორმს.

. და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ჩვენს მოსახლეობას?

– იმისთვის, რომ გაიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან დავიცვათ თავი, საჭიროა ცხოვრების ჯანსაღ წესს მივსდიოთ: ვივარჯიშოთ, რაციონალურად ვიკვებოთ და ა.შ.  ხოლო თუკი ადამიანს ეს პრობლემა უკვე აწუხებს, ვურჩევთ მისდიოს ექიმის რჩევას, დაიცვას სათანადო დღის და კვების  რეჟიმი, არ მოდუნდეს და არამც და არამც არ იფიქროს, რომ მისი მდგომარეობა გამოუსწორებელია. დაიხსომეთ: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი საკმაოდ ეფექტურად იკურნება და შედეგი დიდადაა დამოკიდებული დაავადებული ადამიანისა და ექიმის შეთანხმებულ მოქმედებაზე.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: