სეზონი – ალერგია

გააზიარე:

სეზონი - ალერგია

დღეს ამ სენით ვეღარავის გააკვირვებთ. ლამის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ადამიანებს, შაქარივით ტკბილ მარწყვთან მიკარებისაც რომ ეშინიათ, აყვავებული ალვები კი ლამის სასოწარკვეთილებაში აგდებთ. თანაც მათი რიცხვი თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე იზრდება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის 20-40 პროცენტს ეს დაავადება აწუხებს.
როგორც ამბობენ, ამაში თვითონვე ვართ დამნაშავენი – ერთხელაც არ დავფიქრებულვართ, რა კვალს ამჩნევს ჩვენი საქმიანობა პლანეტას. ყველაფერი დავაბინძურეთ: ჰაერი, ნიადაგი, საკვები, სასმელი... მცენარეთა მტვერიც კი მძიმე ლითონებით არის გაჯერებული. ქიმიურმა საშუალებებმა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაშიც მყარად მოიკიდა ფეხი. წამლებსაც უფრო მეტს ვსვამთ, ხშირად – სრულიად უკონტროლოდ. აი შედეგიც: ალერგია გახშირდა და მისმა მძიმე ფორმებმაც ერთიორად იმატა.
ალერგიას ცივილიზაციის სენსაც უწოდებენ. ასეთი სნეულებანი უმთავრესად განვითარებულ ქვეყნებში – ამერიკასა და ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიაშია გავრცელებული. შეგვიძლია ვიამაყოთ: ამ მხრივ მაინცდამაინც არ ჩამოვრჩებით ცივილიზებულ მსოფლიოს.

ცოტა ისტორია
მოგეხსენებათ, ჰიპოკრატემ ჩვენთვის ცნობილი თითქმის ყველა დაავადება აღწერა, მაგრამ ერთ სნეულებას თვით მედიცინის მამაც კი გაუკვირვებია. დაბნეულობა მის ნაშრომშიც იგრძნობა: არსებობს ხალხი, ზუსტად იმავეს რომ ჭამს, რასაც ყველა, მაგრამ ტრაპეზის შემდეგ მთელი სხეული უშუპდება და წყლულებით ეფარებაო.
რომაელმა ექიმმა გალენუსმაც შეამჩნია ერთი უცნაურობა: ვარდი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც მისი დაყნოსვისთანავე ცხვირიდან სისხლი ღვარად წასკდებათ ხოლმეო.
XIX საუკუნეში უცნაური სენი ერთ ბიოლოგს დაატყდა თავს. ის კი, ნაცვლად იმისა, რომ ტანჯვა უდრტვინველად აეტანა, საკუთარ ავადმყოფობას გულდასმით დააკვირდა და დაასკვნა, რომ დამნაშავე, არც მეტი, არც ნაკლები, მისი საყვარელი ფისო ბრძანდებოდა.

განსხვავებული რეაქცია
უცხოებთან ბრძოლა რომ იმუნური სისტემის მოვალეობაა, უკვე არაერთხელ გვითქვამს. “ვინც ზუსტად ჩვენნაირი არ არის, აქ არაფერი ესაქმება, უნდა განადგურდეს!” – ასეთია იმუნური უჯრედების დევიზი.
მაგრამ ზოგჯერ ორგანიზმი სრულიად უვნებელ ნაწილაკებსაც მოსისხლე მტრებად მიიჩნევს და სასტიკ ომს უცხადებს. ერთ-ერთი მიზეზი გენეტიკური განწყობაა: თუ დედა ან მამა ალერგიულია, ბავშვს ასეთი რეაქციებისკენ მიდრეკილების 48%-იანი ალბათობა აქვს, ხოლო თუ ორივე მშობელი ალერგიულია, საფრთხე 70%-ს აღწევს.
ალერგიის გამოვლინებანი საკმაოდ მრავალფეროვანია: ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება და თვით ანაფილაქსიური შოკიც კი. ყველა ამ პათოლოგიურ მდგომარეობას საფუძვლად ერთი და იგივე მექანიზმი უდევს, რომელიც სქემატურად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: თავდაპირველად ორგანიზმი უცხო აგენტს ხვდება, რომლის მიმართაც იმუნიტეტი განსხვავებულ და მეტისმეტად ფაქიზ მგრძნობელობას იჩენს. ერთი შეხედვით არაფერი გვაწუხებს, მაგრამ იმუნურმა სისტემამ უკვე დაიწყო ჯარისკაცების გამოზრდა. ეს მამაცი მეომრები სპეციფიკური კლასის ანტისხეულები არიან, რომელთაც ევალებათ, კარგად შეისწავლონ ხსენებული აგენტი, თუ ისევ გაბედა მათ ტერიტორიაზე შეჭრა, ამოიცნონ და ბრძოლა გამოუცხადონ. ჯარისკაცები მთელ ორგანიზმს მოედებიან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი პოხიერ უჯრედებზე კონცენტრირდებიან. ამ ფაზას სენსიბილიზაციას (ერთგვარ ალერგიულ მზადყოფნას) უწოდებენ. განმეორებითი კონტაქტი უკვე ხილულ ცვლილებებს, ალერგიულ დაავადებას იწვევს. ანტისხეულებს ბუზი სპილოდ ეჩვენებათ და მტვრის პაწაწკინტელა ნამცეცს შურდულის ნაცვლად ქვემეხს ესვრიან. გააქტიურებული პოხიერი უჯრედები ათავისუფლებენ ჰისტამინსა და სხვა სპეციფიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვების განვლადობის მატებას, ქავილს, გამონაყარს და მსგავს რეაქციებს განაპირობებს.

უდანაშაულო დამნაშავენი
ალერგიული რეაქცია ნებისმიერმა ნაწილაკმა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგი ადამიანი მხოლოდ ერთი ნივთიერების მიმართ არის ალერგიული, ზოგი – რამდენიმეს მიმართ. მოდით, მოკლედ შევეხოთ ყველაზე გავრცელებულ ალერგენებს და მათთვის თავის არიდების გზებიც შევიტყოთ.

მცენარეული მტვერი
მის მიმართ ალერგია უმეტესად რინიტისა და კონიუნქტივიტის ნიშნით ვლინდება და სეზონურობა ახასიათებს, ვინაიდან გამწვავება დამნაშავე მცენარის ყვავილობას ემთხვევა. თუ თქვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ადრეული გაზაფხულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალერგიას რომელიმე ხემცენარე იწვევს – ფიჭვი, ჭადარი, ალვა, კაკალი, ევკალიპტი, წაბლი, მურყანი. მაისიდან ივლისამდე მარცვლოვნები ყვავილობენ: ჭვავი, ტიმოთელა, შვრია, სათითურა, – ზაფხულის მიწურული და შემოდგომა კი სარეველათა ყვავილობის დროა.
კონკრეტული დამნაშავის საპოვნელად ექიმებს ალერგიული სინჯების ჩატარება დასჭირდებათ. თუ გეცოდინებათ, როდის უფრო მეტად გაწუხებთ ალერგია, ძებნას საგრძნობლად გაუადვილებთ.
მტერს თქვენამდე მოღწევა რომ გაუძნელდეს, სულ უბრალო რამ არის საჭირო:
. ეცადეთ, მძიმე პერიოდი სხვა კლიმატურ პირობებში გაატაროთ, სადაც თქვენმა მტერმა უკვე დაიყვავილა ან აყვავებას ჯერ არ აპირებს. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, კანიდან და თმიდან ალერგენის მოსაცილებლად ყოველ საღამოს მიიღეთ შხაპი ან აბაზანა. ერიდეთ ქუჩაში სეირნობას, განსაკუთრებით – მშრალ, ქარიან დღეებში. ასეთ ამინდში შინ შეიკეტეთ, კარ-ფანჯარა საგულდაგულოდ დაგმანეთ და კონდიციონერები აამუშავეთ, ოღონდ გახსოვდეთ: ამ უკანასკნელთ წვრილი ნაწილაკების შემაკავებელი საიმედო ფილტრი უნდა ჰქონდეთ.

ობი
ეს მიკროსკოპული პარაზიტი სოკოები სპორებს გამოყოფენ, რომლებიც მტვრის ნაწილაკების მსგავსად დაფარფატებენ ჰაერში. ამ ვაჟბატონს ვერც ერთი თავმოყვარე დიასახლისი ვერ შეეგუება, ხოლო თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია გაწუხებთ, ობს ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ.
. გააჩუქეთ ოთახის ყვავილები – ობის სოკო შესანიშნავად მრავლდება ტენიან მიწაზე.
. ხშირად გაწმინდეთ საშხაპე, ნიჟარები, აბაზანა, დროულად შეაკეთეთ მილები, რათა წყალი არ ჟონავდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სანაგვე ყუთებს, მაცივარს.

მტვერი

  • ეს პოტენციური ალერგენების მთელი ნაკრებია. რას არ შეხვდებით მასში: ქსოვილის ნაწილაკებს, ცხოველების ბეწვს, ბაქტერიებს, სოკოს სპორებს, საკვების ნამცეცებს. ეს კიდევ არაფერი; ამ ნაკრებში თურმე მიკროსკოპულ ორგანიზმებს – მტვრის ტკიპებს – ჰყვარებიათ ბინის დადება. მათ ყველაზე მეტად თბილი, ტენიანი ადგილები მოსწონთ. ეტანებიან ისეთი ქსოვილის ბოჭკოებსაც, იშვიათად რომ ირეცხება. მიმოიხედეთ – ასეთ რამეებს შინ მრავლად ნახავთ: ბალიშებს, ლეიბებს, ხალიჩებს, გობელენებს...
  • ეცადეთ, ოთახებში დაახლოებით 21ºC ტემპერატურა და 30-50% ტენიანობა შეინარჩუნოთ.

ხალიჩებსა და ფარდაგებზე, აჯობებს, საერთოდ უარი თქვათ. ხის იატაკი და ლინოლეუმი ნაკლებ მტვერს აგროვებს. ავეჯიც ხის, ტყავის ან პლასტმასის ზედაპირიანი შეარჩიეთ. თუ მთელ სახლში მისი გამოცვლა შეუძლებელია, საძინებელში მაინც მოახერხეთ – სიცოცხლის მესამედს ხომ სწორედ აქ ატარებთ.

  • მტვრის ტკიპები ვერ ძლებენ სინთეტიკურ ლეიბებსა და ბალიშებში. ამიტომაც ალერგიით დაავადებულებს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი საწოლი შეეფერებათ. 
  • თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ და 55ºC-ზე მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხეთ. ხშირად რეცხეთ ფარდებიც.
  • ყველა ზედმეტი ნივთი კარადაში ან პლასტმასის ყუთში გამოკეტეთ.
  • კვირაში ერთხელ მაინც დაალაგეთ სახლი სველი წესით. თუ ალერგიული თავად ბრძანდებით, ამ დროს პირბადე აიფარეთ ანდა ეს საქმე ოჯახის არაალერგიულ წევრს გადააბარეთ. მასვე მიანდეთ მტვერსასრუტი, რომელსაც მტვრის ნაწილაკების შემაკავებელი კარგი ფილტრი ექნება, თავად კი ოთახიდან გაბრძანდით.

ცხოველების ბეწვი
შინაური ცხოველების, ბეწვი, საოფლე ჯირკვლების გამონაყოფი და ნერწყვში შემავალი ცილები ზოგიერთ ადამანში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთი ალერგია რომ განვითარდეს, ზოგჯერ წლებია საჭირო, სიმპტომების გაქრობას კი კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვეც კი შეიძლება დასჭირდეს.
თუ ძაღლი, კატა ან თუთიყუში გააშვილეთ, ნუ იფიქრებთ, რომ ბინა ცხოველებისგან გაათავისუფლეთ. დაუპატიჟებელი სტუმრები – თაგვები, ვირთხები, ტარაკნები – მაინც მოგაგნებენ, მათი ექსკრემენტები კი არანაკლებ ძლიერი ალერგენებია, ასე რომ, ბრძოლა მათთანაც მოგიწევთ.

საკვები
ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად ხამანწკები, არაქისი, თხილი, თაფლი, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული იწვევს. გარდა ამისა, ბავშვებს ალერგია უვითარდებათ რძის, კვერცხის, მარცვლეულის მიმართ. ძლიერი ალერგენებია საღებავებითა და კონსერვანტებით გაჯერებული საკვებიც.
ძალზე ძლიერი და საშიში ალერგენია მწერების შხამი. ნაკბენს ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილიც კი მოსდევს.
არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც თავად არ იწვევს ალერგიას, მაგრამ მის სიმპტომებს აღრმავებს, ამიტომ მათაც უნდა ერიდოთ. ყველაზე ძლიერი გამღიზიანებელი თამბაქოს კვამლია, თუმცა არანაკლებ საშიშია:

  • აეროზოლები;
  • დაბინძურებული ჰაერი;
  • ძლიერი ტენიანობა;
  • მძაფრსუნიანი ნივთიერებები;
  • ქარი;
  • კვამლი.

ბრძოლის მეთოდები
ბრძოლის საუკეთესო გზა ალერგენებისთვის თავის არიდებაა, თუმცა ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი, ამიტომ ექიმისა და წამლის დაუხმარებლად წარმატებას ძნელად თუ მიაღწევთ.
სპეციფიკური ანტიალერგიული მკურნალობისას ჯერ ალერგენს გამოავლენენ, შემდეგ კი ძალიან მცირე დოზების შეყვანით მის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის შემცირებას ცდილობენ, არასპეციფიკური საშუალებები კი ზოგადად ორგანიზმზე მოქმედებს და ალერგიის გამოვლინებებს ამცირებს, განურჩევლად იმისა, თუ რომელმა გამღიზიანებელმა გამოიწვია დაავადება. ამ ჯგუფში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ე.წ. ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს (ალერფასტს, ფენკაროლს, ცეტეკს), რომლებიც ალერგიის მედიატორების გამოვლენას უშლიან ხელს.
მედიცინას საკმაო არსენალი მოეპოვება, ასე რომ, განკურნებისა თუ არა, დაავადების კარგი კონტროლის იმედი ნამდვილად გქონდეთ. 

ეკა ჩერქეზიშვილი

გააზიარე: