რა არის სტრესი და როგორ დავძლიოთ ის?

გააზიარე:

ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ვიყენებთ სიტყვა “სტრესს”. ამ დროს, წესისამებრ, ვგულისხმობთ ძლიერ მღელვარებას და დეპრესიულ ფონს. გვინდა, რუბრიკით “გამოყენებითი ფსიქოლოგია” ცნების მეცნიერული განმარტება და თავად ამ მდგომარეობასთან გამკლავების სტრატეგიები გაგაცნოთ.

 

რა არის სტრესი

სტრესი, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. მისი დაკვირვებით, ცოცხალი ორგანიზმი გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს განსაზღვრული რეაქციით ეპასუხება და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოერგოს მათ. 1936 წელს ჟურნალ “Nature-ში” სელიემ გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია “ადაპტაციური სინდრომის” შესახებ. სწორედ ეს პუბლიკაცია მიიჩნევა სტრესის შესწავლის პირველ მცდელობად.

ტერმინი ინგლისური წარმოშობისაა. ინგლისურ ენაში სიტყვა სტრესს წნეხს, ზეწოლას ნიშნავს. ეს ტერმინი სელიემ გეოლოგიიდან ისესხა. გეოლოგები ასე აღნიშნავენ დაძაბულობას დედამიწის პლასტებს შორის. ბიოლოგიასა და მედიცინაში კი “სტრესი” ორგანიზმის დაძაბულობას გამოხატავს. ამ ტერმინს შეხვდებით მეცნიერების არაერთ დარგში, მათ შორის – სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში, ამიტომ ზუსტად უნდა განისაზღვროს მისი მნიშვნელობა.

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში სელიემ შეამჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ გარეგან გამღიზიანებელზე ერთნაირი პირველადი რეაქციით – ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრესი უნდა გავიგოთ როგორც უბრალო ემოციური ან ნერვული დაძაბულობა (მიუხედავად იმისა, რომ ერთიცა და მეორეც სტრესია). ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს ორგანიზმის არასპეციფიკურ (ე.ი. სხვადასხვა გამღიზიანებლის პასუხად – ერთსა და იმავე) რეაქციას გარემო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტირებაა საჭირო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფისიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ასეთი პრობლემა მრავალადაა.

ფსიქოლოგიაში სტრესის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ: ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულს, ინფორმაციულს, მოტივაციურს, პიროვნული ფაქტორებით გამოწვეულს და სხვა.

თანამედროვე სამეცნიერო წრეებში მიღებული განმარტების თანახმად, სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ წარმოიშობა ორგანიზმში.

როგორც ვხედავთ, ამჟამად მიღებული დეფინიცია სელიესეული განმარტებისგან დიდად არ განსხვავდება.

 

სტრესის გამომწვევი ფაქტორები

სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ამ ფაქტორებს სტრესორებს უწოდებენ. ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს – ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა უბრალოდ “ძალების მოსინჯვის” შესაძლებლობა იყოს, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია სტრესი. მაგალითად, ხმაურიანი, ხალხმრავალი ბარმა პატარა ბავშვს შესაძლოა სტრესის მიზეზად ექცეს, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული გარემოა, სასურველიც კი. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა...

მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სპეციალურ ლიტერატურაში მაინც გამოყოფენ სტრესორთა რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ზოგადი ნიშნებით გამოირჩევა და უმრავლესობისთვის სტრესორად აღიქმება. ესენია:

* სახიფათო სამუშაოსთან (საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, ხანძრის ჩაქრობასთან და სხვა) დაკავშირებული სიტუაციები;

* რთულ (ხმაურიან ან მტვრიან, დროის დეფიციტის, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების) პირობებში მუშაობა;

* მოულოდნელი ფაქტორები, რომელთა ფონზე სამოქმედოდ ადამიანი მზად არ არის.

აქედან გამომდინარე, სტრესის შესწავლისას გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალური – ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები, რომელთა საშუალებითაც იგი აანალიზებს მასზე მოქმედი გამღიზიანებლისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელობას.

საინტერესო შედეგი აჩვენა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ 2014 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომლის მიზანიც მოსახლეობის სტრესული მდგომარეობის გამომწვევი ფაქტორების დადგენა იყო. კვლევის თანახმად, გამოკითხულ ამერიკელთა სამი მეოთხედი განიცდის სტრესს და ეს უმთავრესად ფინანსებს უკავშირდება.

 

რეაქცია

სტრესორების მიმოხილვისას აღინიშნა, რომ საერთო ნიშნების გამოყოფა და მათზე განზოგადებული მსჯელობა რთულია. ყველა ადამიანი თავისებურია და საგანგებო კვლევების გარეშე ძნელი სათქმელია, როგორი რეაქცია ექნება ამა თუ იმ პიროვნებას ამა თუ იმ გამღიზიანებელზე. თუმცა მაინც მოხერხდა რამდენიმე საერთო კანონზომიერების დადგენა. მაგალითად, გაირკვა, რომ ადამიანზე ამა თუ იმ სტრესორის გავლენა შინაგან და გარეგან ფაქტორებზეა დამოკიდებული. შინაგანი ფაქტორები გულისხმობს ორგანიზმის გენეტიკურ განწყობას, ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო გარეგანი – მედიკამენტებს, დიეტას, კვების რაციონს და სხვა. ყოვლეივე ამის გათვალისწინებით, ერთმა და იმავე სიტუაციამ ერთ ადამიანში შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს, მეორეში – ფრუსტრაცია, მესამეში – შინაგანი კონფლიქტი და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, სტრესი ნეგატიური ემოციური გამოცდილებაა, რომელსაც თან ახლავს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური, კოგნიტიური (შემეცნებითი) და ქცევითი ცვლილებები.

 

სტრესის სიმპტომები

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის დაკარგვით. ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, დიარეა, თრობისადმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები... სპეციალისტები ამ სიმპტომებს სტრესის ფიზიკურ, ქცევით და ემოციურ ნიშნებად ყოფენ.

 

სტრესის დაძლევის სტრატეგიები

თავდაპირველად უნდა ირწმუნოთ, რომ სტრესის დამოუკიდებლად დაძლევა სავსებით შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მდგომარეობის გაანალიზება და მიზეზის პოვნა, შემდეგ – ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებისა და ქცევის გააზრება და უკუგდება. სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, გამაბრუებელი ნივთიერებები ამთავითვე გამორიცხეთ “საბრძოლო არსენალიდან”. დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღებასაც ერიდეთ. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: სწორი კვება, საჭირო რაოდენობის წყლის სმა, ყოველდღიური სეირნობა, ვარჯიში, სწორი ძილი, დასვენება, სუფთა ჰაერზე მეტი ხნის გატარება, ოჯახთან, მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, ჰობი, ახალი ინტერესები სტრესის დაძლევას უწყობს ხელს. შესაძლოა, დაგეხმაროთ მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, აბაზანის მიღება, გამოფენაზე ან თეატრში წასვლა...

 

პრევენცია

როგორ ავიცილოთ თავიდან სტრესული სიტუაციები?

დააკვირდით საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, იკვლიეთ შინაგანი იმპულსები. გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენა ნეგატიურადაც შეგვიძლია შევაფასოთ და პოზიტიურადაც.

ნუ იკისრებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და შესაბამისად იმოქმედეთ.

ისწავლეთ დროის სწორად განაწილება. ჩამოწერეთ, რას აკეთებთ დღის განმავლობაში, შეამოწმეთ, მოიძებნება თუ არა თქვენს განრიგში დრო დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის. თუ არა – გამონახეთ.

თავი არიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ, უსიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავენ.

აუცილებლად გამოუშვით გარეთ დაგროვილი უარყოფითი ემოცია. ამის გაკეთება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი – სპორტით (რომელიც ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს), დღიურის წერით (სადაც ყველაფერს ისე ჩაიწერთ, როგორც გრძნობთ, შეულამაზებლად და უცენზუროდ). თუ გეტირებათ, თავის შეკავების ნაცვლად განმარტოვდით და იტირეთ.

გახსოვდეთ, ყველანი მგრძნობიარე, მოაზროვნე და მოწყვლადი არსებები ვართ. ხშირად გვიხარია, გვწყინს ან ვბრაზობთ, ხშირად ვერ ვუმკლავდებით სირთულეებს, მაგრამ დასვენება, მოდუნება, ემოციური დაძაბულობის მოხსნა აუცლებელია და ეს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. როგორც ჰანს სელიე იტყოდა, “სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს”.

ნინო ლომიძე

გააზიარე: