რაჭა, ჩემო სიყვარულო
გააზიარე:
ჩვენმა რუბრიკამ საქართველოს არაერთ კუთხეში გამოგზაურათ და ბევრი საინტერესო, კოლორიტული ადგილი გაგაცნოთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ გამორჩეული სილამაზის მხარეში, სადაც საოცრად გულწრფელი, ალალი ადამიანები ცხოვრობენ. ალბათ მიგვიხვდით – ეს მხარე რაჭაა. ასე რომ, თუ არასოდეს ყოფილხართ იქ, არც რაჭული ლობიანი და ლორი გიგემიათ, არც იქაური გლეხის მარანში დაყენებული ხვანჭკარა გაგისინჯავთ და არც ნიკორწმინდას მშვენიერებით დამტკბარხართ, ის დროა, ზურგჩანთა მოიკიდოთ (არც კარავი დაგავიწყდეთ) და სანამ შემოდგომის მზე ჯერ კიდევ გვათბობს, რაჭისკენ გასწიოთ.
სანამ ნაქერალას უღელტეხილამდე მივალთ
რაჭაში მოგზაურობა ნაქერალას უღელტეხილიდან იწყება, თუმცა იქამდე შორი გზაა, ასე რომ, საკმაო დრო გვაქვს, რაჭა-ლეჩხუმზე ცოტა რამ გიამბოთ.
რაჭა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში მდებარეობს. მას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდილოეთით – კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით – ლიხის მთა, სამხრეთით – ნაქერალა, დასავლეთით კი – სვანეთის მთები.
ლეგენდის თანახმად, მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით და წამოუძახია: “ეს რა ჭა ყოფილაო!” სწორედ ასე დარქმევია ამ მხარეს რაჭა.
რაჭის დათოვლილი მწვერვალებისა და მთაგრეხილების, თეთრქაფმოგდებული მდინარეებისა და უფსკრულზე გადაკიდებული ჩანჩქერების, უღელტეხილებისა და ალპური საძოვრების დანახვაზე, შეუძლებელია, ჟრუანტელმა არ დაგიაროს. თუმცა რაჭა-ლეჩხუმი მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობითა და უმშვენიერესი ხედებით როდი გამოირჩევა – მისი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროც საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია.
წარუშლელ მოგონებად დაგრჩებათ აქაურებთან ურთიერთობა, მათი ყოფის, კულტურის, ფოლკლორის გაცნობა.
ნაქერალას უღელტეხილამდე რამდენიმე კილომეტრი კიდევაა დარჩენილი, ასე რომ, რაჭის სამკურნალო მინერალური წყლებისა და კურორტების შესახებაც გეტყვით რამდენიმე სიტყვას.
შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი – ეს იმ სოფლების სახელებია, სადაც 25-ზე მეტი სახეობის სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები: ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა...
რაჭა უნიკალური ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლებითაც მდიდარია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა-ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის თეოლოგისა და საეკლესიო მოღვაწის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი...
დანაშაულის ტოლფასი იქნება, არ ვახსენოთ მთელ მსოფლიოში ცნობილი რაჭული ყურძნის ჯიშები და ღვინოები: ხვანჭკარა, ალექსანდროული, ოჯალეში, თეთრა. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშიდან ამ მხარეში 300 ხარობს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო “ხვანჭკარა”, რომელსაც წინათ რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძნებისგან ამზადებდნენ.
მხარე, სადაც ყოველთვის აღმოაჩენ ახალს
როგორც იქნა, ნაქერალას უღელტეხილსაც მივადექით. სწორედ აქედან იწყება რაჭა. უღელტეხილზე ასულს, თვალწინ დასავლეთ საქართველოს ლანდშაფტი გადაგეშლებათ. უღელტხელიდან არცთუ ისე შორს, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, სალოცავი ცხრაჯვარი მდებარეობს. ამავე მიდამოებშია ახალაღმოჩენილი მურადის მღვიმე, სადაც ულამაზეს ბურთისებს სტალაქტიტებს ნახავთ.
უღელტეხილს რომ გადაივლით, შაორის წყალსაცავს მიადგებით. რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე წყალსაცავი 7 კილომეტრზე გასდევს მთავარ საავტომობილო გზას. შაორის წყალსაცავის ნაპირები მოგზაურთა და მოლაშქრეთა საყვარელი ადგილებია, რადგან აქ კარვების გაშლა, პიკნიკის მოწყობა და თევზაობაა შესაძლებელი.
რაჭა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც რელიგიური ტურიზმი იზიდავს, რადგან აქ სხვადასხვა დროის უამრავი ტაძარია თავმოყრილი.
აუცილებლად უნდა ნახოთ ნიკორწმინდა – ბაგრატ მესამის დროს აგებული ტაძარი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ არა მხოლოდ რაჭის, არამედ მთელი საქართველოს სიამაყე. ნიკორწმინდა ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მისი სილამაზესა და იდუმალებას არაერთი ქართველი თუ უცხოელი დაუტყვევებია.
ნიკორწმინდიდან ნახევარი საათის სავალზე, იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე, შეგიძლიათ, ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია და XV-XVI საუკუნეების ციხის ნანგრევები მოინახულოთ. ხოტევიდან გზა ამბროლაურისა და ონისკენ მიემართება, სადაც ორი მდინარის – ლუხუნისა და რიონის შესართავთან, სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია დგას. ბარაკონი 1750-იან წლებში როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით აიგო და ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.
თუ ბარაკონიდან ონისკენ აიღებთ გეზს, თეთრი კირქვით ნაგებ სინაგოგას მიადგებით. ის 1895 წლით თარიღდება და სიდიდით მესამეა საქართველოში თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ.
ონიდან შეგიძლიათ კურორტ უწერისკენ გასწიოთ. მთის ეს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. უწერაშივეა რაჭის ცნობილი მჟავე წყლები. ქვით ნაშენ ოთხკუთხედ აუზში ხის კიბით ჩადიხარ, მიწიდან კი მჟავე წყალი ამოჩქეფს.
გზას თუ განაგრძობთ, კურორტ შოვს მიადგებით. შოვიც, უწერის მსგავსად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. თუ გსურთ, ზაფხულის პაპანაქებას გაექცეთ, უკეთეს ადგილს ვერ იპოვით – წელიწადის ამ დროს შოვი ნამდვილი სამოთხეა, თუმცა არც შემოდგომაზეა ურიგო.
რაჭაში, ზღვის დონიდან 3129 მეტრზე, მდებარეობს ულამაზესი მწვერვალი კატიწვერა და უძირო ტბა. კატიწვერაზე ასვლა სოფელ ზემო გლოლიდან არის შესაძლებელი. უძირო ტბასთან მისვლა კი არცთუ ისე იოლია – გზა უღრან ტყეზე გადის და შეიძლება, სულ ადვილად დაიკარგოთ, მაგრამ თუ დაბრკოლებები არ გაშინებთ და გამოცდილი გამყოლიც გყავთ, ტბა აუცილებლად მოინახულეთ. სოფელ გლოლიდან რამდენიმე საათის სავალზე მთიბავების ქოხი შემოგხვდებათ, სადაც დასვენებას და წახემსებას შეძლებთ. ძალ-ღონე აუცილებლად უნდა მოიკრიბოთ, რადგან ფეხით კიდევ დიდი მანძილის გავლა მოგიწევთ. იქვე, ახლოს, პატარა წყაროცაა მთის ცივი და კამკამა წყლით. ქოხიდან უძირო ტბამდე დაახლოებით 4-5 საათის გზაა უსასრულო აღმართებით და დაღმართებით, მაგრამ ამ გზაზე ისეთი თვალწარმტაცი პეიზაჟები გადაგეშლებათ თვალწინ, ვერ მოიწყენთ.
უძირო ტბა საქართველოს ულამაზეს ტბათა ათეულში შედის და არცთუ უსაფუძვლოდ. ტბის სარკეში კავკასიონის მთაგრეხილი ირეკლება, ირგვლივ კი ფერად-ფერადი ყვავილებით მოჩითული მინდორი და არაჩვეულებრივი დასაბანაკებელი ადგილებია.
იმედია, რაჭის მონახულების სურვილი გაგიღვიძეთ, რადგან, რაც აღვწერეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სილამაზისა, რაჭაში რომ გელით.
დროს ნუ დაკარგავთ, ბარგი შეკარით და დაუყოვნებლივ გასწიეთ რაჭისკენ, სანამ ჯერ კიდევ გვათბობს ოქტომბრის სისუსტეშეპარული მზე.
ნინო ბაზერაშვილი