მწვანე ტბისა და სტუმართმოყვარე აჭარლების ამბავი
გააზიარე:
საქართველოში საოცარ ადგილებს თვლა არ აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შესახებ თავად ქართველებმაც კი ბევრი არაფერი ვიცით.
გიორგი ისაკაძე ახალგაზრდა ფოტოხელოვანია, რომელიც ხშირად დადის არცთუ პოპულარულ, მაგრამ უმშვენიერეს ადგილებში და მათ განუმეორებლობას ფირზე აღბეჭდავს.
ცოტა ხნის წინ გიორგი აჭარის მთიანეთს, კერძოდ, მწვანე ტბას ესტუმრა და ამ რეგიონის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.
- – გიორგი, ვისგან გაიგე მწვანე ტბის შესახებ და რატომ გაგიჩნდა მისი მონახულების სურვილი?
– მწვანე ტბა, საზოგადოდ, მთიანი აჭარა არც ისე პოპულარული ტურისტული მარშრუტია საქართველოში – უპირველეს ყოვლისა, ცუდი გზებისა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, მაგრამ შთაბეჭდილებები, რომლებიც იქ საკმაოდ ხანმოკლე სტუმრობამ დამიტოვა, მთელი სიცოცხლე გამყვება.
მწვანე ტბა პირველად მეც სურათებზე ვნახე. მილიონჯერ მაინც დავათვალიერე ამ საოცარი ადგილების ფოტოები... რამდენიმე წელი ვგეგმავდი მთიან აჭარაში მოგზაურობას, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერა და ვერ მოვახერხე, წელს კი რაღაცნაირად გამოვნახე დრო და წასვლა გადავწყვიტე. გზები არ ვიცოდი, ამიტომ მივმართე “გუგლს” და ყველა ნაცნობს, ვინც კი მთიან აჭარაში ყოფილა. მეგობრების რჩევით, ჩემი მარშრუტი გოდერძით, მწვანე ტბითა და ბეშუმით შემოიფარგლა.
მეუღლესა და უახლოეს მეგობართან ერთად გავემგზავრე. საკმაოდ კარგი თანამგზავრები აღმოვჩნდით და ჩვენი საერთო შთაბეჭდილებებიც ერთიმეორეზე უფრო ამაღელვებელი იყო.
- – გაგიჭირდათ დანიშნულების ადგილამდე მისვლა? რომელი ტრანსპორტით მგზავრობდით? ფეხით თუა ბევრი სასიარულო?
– შვიდი მანქანა გამოვიცვალეთ: გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენში და ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილამდე. ვიმგზავრეთ ავტოსტოპითაც, გავიცანით ბევრი ხალხი, მოვისმინეთ მათი ამბები და ჩვენსასაც მოვუყევით.
ფეხით სავალი არც ისე ბევრია. გოდერძის უღელტეხილამდე, როგორც გითხარით, ტრანსპორტით მივედით, ხოლო იქიდან მწვანე ტბამდე და უკან სულ 14 კილომეტრის გავლა მოგვიწია საკმაოდ მარტივ გზაზე.
საერთოდ, ეს მარშრუტი არ არის რთული, ახალბედა მოლაშქრეც იოლად დაძლევს. არც განსაკუთრებული აღჭურვილობაა საჭირო: ზურგჩანთა, კარავი, პარალონი, საძილე ტომარა. მწვანე ტბის მიდამოებში კოცონის დანთება და საკვების მომზადებაც ადვილად შეიძლება. შთაბეჭდილებები კი სამუდამოდ გაგყვებათ.
- – რომელი სეზონია საუკეთესო მწვანე ტბაზე სტუმრობისთვის?
– ჩვენ ზაფხულში ვიყავით, როდესაც ყველაფერი მწვანედ ხასხასებს, თუმცა სიამოვნებით წავიდოდი შემოდგომაზეც, როდესაც ტბის ნაპირები აფერადდება. ზამთარშიც კარგი იქნებოდა, შესაბამისი პირობები და ინფრასტრუქტურა რომ იყოს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ამ ადგილებში ძალიან დიდი თოვლი მოდის და ტურისტები თითქმის არ დადიან. თავად მკვიდრი მოსახლეობაც დაბლობ სოფლებში იზამთრებს.
- – აღგვიწერეთ გზა მწვანე ტბამდე და თქვენი შთაბეჭილებები.
– პირველი შთაბეჭდილება გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი გზაა, საიდანაც საოცარი ხედები იშლება. უღელტეხილზე პირველი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, იყვნენ ბავშვები, რომლებიც ნაძვის “კევს” ყიდიდნენ. საოცრად მოძრავები და ენერგიულები, რაც ქალაქელ ბავშვებში იშვიათია. გამოველაპარაკეთ – ძალიან მეგობრულები აღმოჩნდნენ. თითოეულ მათგანს სახასიათო გარეგნობა ჰქონდა და, რა თქმა უნდა, პორტრეტებიც გადავუღე.
უღელტეხილიდან მწვანე ტბისკენ მიმავალ გზაზეც ისეთი ლამაზი პეიზაჟები დაგვხვდა, რომ ვერც კი გავიგეთ, როგორ გავიარეთ შვიდი კილომეტრი. ვისაც კი გამოველაპარაკეთ, ყველამ ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი. გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბისკენ მხოლოდ ერთი ბილიკი მიდის და შეუძლებელია, დაიბნე, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო ამ სტუმართმოყვარე ხალხთან ურთიერთობა, რომ ყოველ შემხვედრს გზას ვეკითხებოდით. ისინიც გულმოდგინედ გვიხსნიდნენ და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, რომ მათი კუთხით დავინტერესდით.
მოუწესრიგებელი გზების გამო აჭარის მთიანეთს არც ისე ბევრი სტუმარი ჰყავს. გვითხრეს, ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობა გაიზარდაო, მაგრამ უგზობის გამო ბევრი მაინც იკავებს თავს მთიანი აჭარის მონახულებისგან.
შთაბეჭდილებით სავსეები გავცდით უკანასკნელ სოფელს და მივუახლოვდით მწვანე ტბას. ვიცოდით, რომ იქ იყო, თუმცა არ ჩანდა. გავუყევით ბილიკს და ტყეებს შორის, ტაფობში, დავინახეთ კამკამა წყალი, რომელიც სარკესავით ირეკლავდა გარემოს.
დავბანაკდით, გავშალეთ კარავი და შებინდებამდე პეიზაჟით ვტკბებოდით, მერე ვარსკვლავებისა და ირმის ნახტომის გადაღების დროც მოვიდა.
ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ღამის ცამ მოახდინა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ირმის ნახტომი რომ დაინახოთ, სუფთა ჰაერი, კარგი ამინდი და მაქსიმალური სიბნელეა საჭირო. მთიან აჭარაში, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვია, ვიდრე ქალაქებში და ჰაერიც სუფთაა, მწვანე ტბა კი სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრზეა, ტყის სიღრმეში, სადაც ხეები ტბამდე არ უშვებენ სინათლეს. ამინდშიც ბედმა გაგვიღიმა – საშუალება მოგვეცა, ულამაზესი ღამის ცა გვენახა მწვანე ტბის ულამაზეს მიდამოებთან ერთად.
მეორე დღეს ბეშუმში წასვლა გვქონდა დაგეგმილი. დილით, როდესაც კოცონის დანთება დავაპირეთ გასათბობად და საუზმის მოსამზადებლად, აღმოჩნდა, რომ წყალი გამოგვლეოდა. ვერც წყაროს მივაგენით, ამიტომ ბარგი ჩავალაგეთ და უახლოესი სოფლისკენ წავედით, ერთ-ერთ სახლს მივადექით და მოხუც ქალს ადუღებული წყალი ვთხოვეთ ჩაისთვის. გაუხარდა სტუმარი, გაზქურა გამოიტანა და თავისი ნახელავი უგემრიელესი ნამცხვრებითაც გაგვიმასპინძლდა. მალე მისი ქმარი და სოფლის ბავშვებიც მოვიდნენ. ბევრი ვილაპარაკეთ. მოგვიყვნენ თავიანთ ცხოვრებაზე. იმაზე, რომ ზაფხულს სოფელში ატარებენ, ზამთრობით კი აქაურობა იცლება. მხოლოდ ერთხელ ბრუნდებიან კაცები, რომ სახურავები გადათოვლონ. მთიანი აჭარის მცხოვრებლებს, უკლებლივ ყველას, ერთადერთი ოცნება აქვთ: გაკეთდეს გზა, რომელიც გამოაცოცხლებს და ადამიანის ხმით აავსებს ამ მხარეს.
გოდერძის უღელტეხილამდე ფეხით მივედით, გოდერძიდან ბეშუმამდე კი – მიკროავტობუსით. არ გვეგონა, მწვანე ტბის შემდეგ აჭარაში კიდევ რამე თუ გაგვაოცებდა, მაგრამ ბეშუმი მართლაც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. უკაცრიელი ადგილების მნახველები, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ იქ ამდენი დამსვენებელი დაგვხვდებოდა. ბეშუმში ინფრასტრუქტურა შედარებით მოწესრიგებულია, ბევრი მაღაზია, გესთჰაუსი და კოტეჯია, შესაბამისად, დამსვენებლებიც იქ უფრო მიდიან.
- – რით დაგამახსოვრეს თავი ადგილობრივებმა ყველაზე მეტად?
– არ შემიძლია არ აღვნიშნო აჭარლების სტუმართმოყვარეობა და მხნეობა. მიუხედავად მკაცრი ბუნებრივი პირობებისა და არცთუ დალხენილი სოციალური მდგომარეობისა, ყველა იღიმებოდა, სიხარულით გვხვდებოდა, გვიმასპინძლდებოდა, რითაც შეეძლოთ.
უკან რომ ვბრუნდებოდით, მძღოლი ამ ოღროჩოღრო გზაზე ძალიან სწრაფად და სხიფათოდ ატარებდა მიკროავტობუსს. ჩვენ შიშით გული გვისკდებოდა, ვნატრობდით, ნეტავ ბათუმში ცოცხლებმა ჩავაღწიოთო, რამდენიმე იქაურმა კი, დანიშნულების ადგილამდე რომ მივედით, რა კომფორტულად ვიმგზავრეთო, თქვა. ამ სიტყვებშიც ჩანს აჭარლების ბუნებას, რომელმაც ასე მომხიბლა მთიან აჭარაში სტუმრობისას და ამ მიდამოებში მრავალჯერ დაბრუნების სურვილი გამიჩინა, რომელიც დღემდე არ გამქრობია.
ნინო ბაზერაშვილი