ქართული ფარმაკოლოგიის ამაგდარი

გააზიარე:

ერთ-ერთ ინტერვიუში პროფესორმა გივი თურმანაულმა აღნიშნა, სტუდენტებს რომ ვხედავ, გული მინათდებაო. რა გასაკვირია, რომ ის სტუდენტებსაც გამორჩეულად უყვარდათ, ისე, რომ ზოგიერთმა მათგანმა საყვარელ პროფესორს ლექსიც კი მიუძღვნა:

“ვაჟას ფესვებზე გაზრდილი ვაჟას ქუჩაზე დადიხარ,

ვაი-ქართველებს არ ჰგავხარ, ნაღდი ქართველი კაცი ხარ.

ბატონო გივი, მოგიწევთ ოთხი თვე ჩვენი ატანა,

ამაზე მეტიც გინახავთ, ცხოვრებამ სად არ გატარათ.

თუ ვერ გაბარებთ სემინარს, ნუ გაბრაზდებით ძალიან,

სიზარმაცეს რომ ვერ ვჯაბნით, ბლოკატორების ბრალია”.

ბატონი გივის მეუღლე, ქალბატონი ეთერი, სათუთად ინახავს სტუდენტების ლექსებსა თუ ჩანაწერებს. ის გვიამბობს: “იშვიათი დამოკიდებულება ჰქონდა სტუდენტების მიმართ, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მათთან ურთიერთობა, ისინიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით პასუხობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაკოლოგია რთული საგანია, გივის დამსახურებით მას მაინც განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდნენ. გივი ჭეშმარიტი პროფესიონალი იყო. როგორც ამბობენ, მას ჰქონდა უნარი, დაეინტერესებინა სტუდენტი ამა თუ იმ საკითხით. თავად სტუდენტები იხსენებდნენ, რომ მათ მიმართ იყო მეგობრულიც, ლოიალურიც, კოლეგიალურიც და, იმავდროულად, მომთხოვნიც, აფასებდა მათ მონდომებასა და წესიერებას. ყოველთვის სტუდენტის მხარეს იყო, რაც მათ სწავლის სურვილს უღვივებდა. მის აუდიტორიაში ყოველთვის სიწყნარე და საინტერესო გარემო სუფევდა. იუმორის მოყვარულ ლექტორს იუმორითვე პასუხობდნენ:

“აბა, ამდენი დიდების მნახველს, რა დაგვავიწყებს თქვენს დიად სახელს,

თქვენს ტკბილ ხუმრობას, ახსნას ჩინებულს, ამ წლის მანძილზე წარმოჩინებულს.

ქეთოს და კოტეს ნიშნების წერას, თქვენი ნათქვამის ყოველთვის გვჯერა,

წიგნების ყდიდან მოღიმარ სახეს და გამოცდაზე დაგებულ მახეს”.

გიორგი (გივი) სიმონის ძე თურმანაული დუშეთში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა 1935 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მონაწილეობდა უნგრეთის ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1964 წელს, წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “ბავშვობიდან მაინტერესებდა გულის ფიზიოლოგია. მერე იმის სურვილი არ მასვენებდა, აღმომეჩინა ან შემექმნა წამალი, რომელიც გულის დაავადებებს განკურნავდა. მას შემდეგ ვიღვწი და სულ დაუკმაყოფილებლობის გრძობა მაქვს. სამედიცინო ისნტიტუტში რომ ჩავირიცხე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. სიაში ჩემი გვარი რომ ამოვიკითხე, თვალებს არ დავუჯერე. კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი. არ მახსოვს, მელიქიშვილიდან ფილარმონიამდე როგორ ჩამოვედი, მერე კი უკან ავბრუნდი, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რომ იქ ნამდვილად ჩემი სახელი და გვარი ეწერა”.

ინსტიტუტის დასრულებისთანავე გივი თურმანაული უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტურაში ჩაირიცხა. იქვე მუშაობდა ასისტენტად, შემდეგ – დოცენტად, 1983 წელს კი ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს. მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. იყო საქართველოსა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. გამოაქვეყნა 150-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის – 30-მდე ფუნდამენტური და დამხმარე სახელმძღვანელო. ჯანდაცვის სისტემაში დანერგა 12 პრაქტიკული რეკომენდაცია. არის სამი გამოგონების ავტორი.

ქალბატონი ეთერი განსაკუთრებული სიამაყით დასძენს: “გივი თურმანაულის კალამს ეკუთვნის წიგნი სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის 90-წლიანი ისტორიის შესახებ. ის თავისი კუთხისა და ვაჟა-ფშაველას დიდი მოტრფიალე იყო. ამ დიდმა სიყვარულმა დააწერინა წიგნი თავისი გვარის წარმომავლობაზეც, ხოლო მისი ბოლო, ათასსამასგვერდიანი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო უახლოეს მომავალში დაიბეჭდება. გივი თურმანაული სამედიცინო ფარმაკოლოგიაში პირველი და ერთადერთი ქართველი აკადემიკოსია”.

სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრაზე ბატონი გივის ძალისხმევით სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სრულყოფილი ბაზა შეიქმნა. მისივე ხელმძღვანელობით 1988 წელს დაარსდა ქრონოფარმაკოლოგიის ლაბორატორია. 1982 წლიდან 2002 წლამდე ბატონი გივი ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე გახლდათ, მერე კი ესტაფეტა თავის ღირსეულ მოწაფეს, პროფესორ ნიკოლოზ გონგაძეს, გადაულოცა.

ბატონი ნიკოლოზი დიდი სიყვარულით იხსენებს გივი თურმანაულთან შეხვედრას: “სამედიცინო უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. მართალია, პრაქტიკულ მედიცინაში ვგეგმავდი მოღვაწობას, მაგრამ, ბედად, თავი ფარმაკოლოგიის კათედრაზე ამოვყავი. თავდაპირველად უხელფასოდ ვმუშაობდი, კათედრას ვეცნობოდი. სწორედ მაშინ დავუახლოვდი ბატონ გივის, რომელიც მანამდე ჩემი მასწავლებელი გახლდათ. გივი თურმანაულმა მაზიარა თეორიული მედიცინის სიღრმეებს. თავად შესანიშნავი ექსპერიმენტატორი იყო, კარგი ხელი ჰქონდა, შეეძლო, საათები გაეტარებინა ლაბორატორიებში და ცხოველებზე ექსპერიმენტები ეტარებინა.

გამორჩეული პიროვნება გახლდათ თავისი შინაგანი სისადავით, სიმშვიდითა და კულტურით. ხმას არასოდეს აუწევდა. ყოველთვის ახალგაზრდების მხარეს იჭერდა, უსამართლოდ არავის მოექცეოდა. გამოცდაზე სტრესის მოსახსნელად სტუდენტებს ხილითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა. ერთხელ ახლობელმა სთხოვა, იქნებ ჩემს შვილს გამოცდაზე დაეხმაროო. ზეპირი გამოცდა იყო. ნაცნობმა ახალგაზრდამ ბილეთი აიღო, მაგრამ საკითხები არ იცოდა. ბატონი გივი გაეხუმრა და ხილი შესთავაზა. მოგვიანებით, ნაცნობმა ამბის საკითხავად რომ დაურეკა, ბატონმა გივიმ მიუგო, ყველაფერი კარგად არის, თქვენი შვილი ვასადილეთ და ისე გავუშვით სახლშიო.

თანამშრომლების მიმართაც რბილი და მეგობრული იყო, სალამს ვერ დაასწრებდი. არასოდეს აღელდებოდა. მშვიდ, ჯანსაღ ცხოვრებას მისდევდა. არ ეწეოდა, ზედმეტს არ სვამდა, დილით ადრე დგებოდა, სეირნობდა და სწორად იკვებებოდა. ყოველ ზაფხულს დასასვენებლად მშობლიურ სოფელს – მაღაროსკარს – მიაშურებდა ხოლმე, სხვა ადგილს არ სცნობდა. მეტად სტუმართმოყვარე იყო. ფშავში თბილისიდან ხშირად სტუმრობდნენ. მეც ხშირად მისარგებლია მისი სტუმართმოყვარეობით. მაღაროსკარში უცხოელი სტუმრებიც არაერთხელ ჩაგვიყვანია. ამაყობდა, რომ ვაჟას კუთხიდან იყო. თავადაც, როგორც მთის ხალხს შეშვენის, დინჯი იყო, მაგრამ არა მრისხანე და ჯიუტი. ადვილად საურთიერთობო, საუკეთესო მსმენელი.

ია-ვარდით მოფენილი გზა არ გაუვლია. ყველაფერს თავისი ნიჭითა და შრომით მიაღწია. არაერთი ხელსაწყოს გამომგონებელი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბიოქიმიური ფარმაკოლოგია განავითარა. მანვე მისცა ბიძგი ფიტოფარმაკოლოგიის განვითარებას – მოგეხსენებათ, ხალხური მედიცინა საქართველოში ოდითგნვე არსებობდა, მაგრამ სამეცნიერო ბაზისი არ ჰქონდა. ბატონი გივის საყვარელი მიმართულება ქრონოფარმაკოლოგია გახლდათ. ის ამტკიცებდა, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში წამალი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. მძიმე წლებში, როცა ქვეყანა აირია, მან ყველაფერი გააკეთა, რათა სასწავლო პროცესს ხიბლი არ დაჰკარგვოდა. წლების განმავლობაში იყო დეკანის მოადგილე და სამეცნერო საბჭოს წევრი, თავმჯდომარეობდა დისერტაციების დაცვას, გახლდათ ღირსების ორდენის კავალერი, ვეტერანთა საბჭოს წევრი, მიუღია არაერთი მადლობა. მეზობელი ქვეყნების ფარმაკოლოგიურ წრეებში უამრავი მეგობარი ჰყავდა.

ბატონი გივის ორივე შვილი ექიმია. ერთი ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში მუშაობს, მეორე კი სტომატოლოგია. შვილიშვილი, მარიამი, ჩვენი სტუდენტია. ქალბატონმა ეთერმა ბატონ გივის სრული ჰარმონია და ოჯახური იდილია შეუქმნა, ამიტომ გივი თურმანაულის მიღწევებში დიდია მისი წვლილიც. ის ბატონი გივისთვის ცხოვრობდა”.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს ბატონ გივი თურმანაულს მისი მეგობარი და მეზობელი, ცნობილი ქართველი ქირურგი, პროფესორი გურამ ტატიშვილი: “გივი თურმანაული იყო ქართული სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. ორ ათეულ წელზე მეტხანს მოგვიწია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ერთდროულად მუშაობა. მახსოვს ბატონი გივი უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე – ყოველთვის დინჯი, თავშეკავებული, მაგრამ პრინციპული, მაღალი დონის პროფესიონალი.

იგი გახლდათ ბრწყინვალე პედაგოგი, რომელიც კარგად იცნობდა სტუდენტის ბუნებას, იოლად ახერხებდა მისი პიროვნების ამოცნობას.

არც კი ვიცი, ვინმეს თუ დაუწერია გივი თურმანაულზე მეტი სახელმძღვანელო. ზოგი მათგანი რამდენჯერმე გამოიცა და ყოველი მომდევნო გაჯერებული იყო მეცნიერული და პრაქტიკული ფარმაკოლოგიის ახალი მიღწევებით.

ბატონი გივი იყო უაღრესად წესიერი, კეთილშობილი, უანგარო პიროვნება, კეთილი და მიმტევებელი. მეუღლის, ქალბატონი ეთერის, და შვილების წყალობით შინაც ისეთი მზრუნველობით იყო გარემოცული, რომ დაუჯერებლად დიდი სამეცნიერო მემკვიდრეობის დატოვება შეძლო”.

პროფესორმა გივი თურმანაულმა ღირსეულად გააგრძელა თავისი მასწავლებლების გზა და საკუთარი სამეცნიერო სკოლა შექმნა. მას, როგორც ქართული სამედიცინო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელს, დიდხანს გაიხსენებენ მისი მეგობრები და მადლიერი მოწაფეები, ხოლო მისი სახელმძღვანელოებითა და პუბლიკაციებით კიდევ ბევრი ახალგაზრდა ეზიარება ფარმაკოლოგიის ურთულეს დარგს.

თამარ არქანია

 

 

 

 

 

 

გააზიარე: