ბავშვობისა და დიდობის ზღვარზე

გააზიარე:

ცვლილებების დროა

სქესობრივი მომწიფების დარღვევები

ფრთხილად, გარდატეხა იწყება

ინფორმაციული საფრთხეები

როცა ზედმეტი წონა განსაკუთრებით ზედმეტია

 

ცვლილებების დროა

ერთ დღესაც, შინ დაბრუნებულმა, აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მოზარდი ქალიშვილი იღლიიდან ახალამოწვერილი თმის მოცილებას ცდილობს, ვაჟს კი დღის ბოლოს ისეთი სუნი ასდის, თითქოს მთელი დღე მზის გულზე ემუშაოს? მოემზადეთ, მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იწყება!

სქესობრივი მომწიფება ცხოვრების ის პერიოდია, როცა ჩვენი შვილები იზრდებიან, იცვლებიან და ზოგჯერ ხმამაღლაც გვეპასუხებიან. თუ საკუთარ წარსულს გადაავლებთ თვალს, გაგახსენდებათ, რომ ეს პერიოდი სულაც არ ყოფილა იოლი. პირიქით – გარეგნობასა და ფსიქიკაში იმდენი რამ იცვლება, რომ საკუთარ თავს ვეღარ სცნობ, გიჩნდება უამრავი კითხვა, პასუხები კი არ გაქვს. ალბათ ისიც გახსოვთ, როგორ გჭირდებოდათ მაშინ მშობლების მხარდაჭერა, მათთან საუბარი...

შვილების დახმარება რომ შევძლოთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, რა ხდება მათ თავს.

სქესობრივი მომწიფების ნიშნების შესახებ ყურმოკვრით ალბათ ყველას გაგვიგონია. მედიცინაში სრულიად ჩაუხედავმა ადამიანმაც კი იცის, რომ ამ დროს იღლიებში და ბოქვენზე ამოდის თმა, იწყება მენსტრუაცია, იმატებს ოფლიანობა, ჩნდება დამახასიათებელი სუნი, ვაჟებს ხმა უბოხდებათ, გოგონებს მკერდი ეზრდებათ... მოდი, იმ ფიზიოლოგიურ პროცესებსაც გავეცნოთ, რომლებიც ამ ცვლილებებს უდევს საფუძვლად.

 

ყველაფრის თავიდათავი ჰორმონებია. მას შემდეგ, რაც გოგონა 8 წელს გადააბიჯებს, ვაჟი კი 9-10 წელს, სქესობრივი მომწიფებაც იწყება (ექიმები ცხოვრების ამ ეტაპს პუბერტატულ პერიოდს ან, უფრო მარტივად, პუბერტატს უწოდებენ). იცოდით, რომ ამ პროცესს თავის ტვინის ერთ-ერთი უბანი – ჰიპოთალამუსი “დირიჟორობს”? საქმე ის გახლავთ, რომ ამ ასაკში ჰიპოთალამუსში იწყება გონადოტროპინის გამომათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) წარმოქმნა, რომელიც თავის ტვინში არსებულ ჯირკვალზე – ჰიპოფიზზე მოქმედებს. ჰიპოფიზი, თავის მხრივ, გამოყოფს ორ სასქესო ჰორმონს: მალუთეინიზებელს (LH) და ფოლიკულმასტიმულირებელს (FSH). ამის რა მოხდება ამის შემდეგ, მოზარდის სქესზეა დამოკიდებული:

* ვაჟებთან ჰორმონები სისხლის ნაკადს სათესლე ჯირკვლებისკენ მიჰყვებიან; როცა დანიშნულების ადგილს მიაღწევენ, სპერმისა და ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებენ.

* გოგონებთან ჰორმონები საკვერცხეებს აღწევენ და კვერცხუჯრედების მომწიფებასა და გამოთავისუფლებას და ჰორმონ ესტროგენის წარმოქმნას აძლევენ ბიძგს, ეს უკანასკნელი კი ქალის სხეულის მომწიფებას და ორსულობისთვის მომზადებას იწყებს.

ამავე დროს როგორც გოგონების, ისე ვაჟების თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებენ ანდროგენებს, რომელთა დამსახურებითად იღლიებში და ბოქვენზე ამოდის თმა.

 

რას ველოდეთ?

ვაჟებთან ფიზიკური ცვლილებები, წესისამებრ, სათესლეების გადიდებით და ბოქვენის არეში თმის ამოსვლით იწყება, რასაც სიმაღლის მკვეთრი მატება ახლავს თან. ეს ე.წ. ნახტომი 10-დან 16 წლამდეა მოსალოდნელი. ცნობილია, რომ ვაჟები სიმაღლეში ზრდას გოგონებზე 1-2 წლით გვიან იწყებენ. ამასთან, კიდურები უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე დანარჩენი სხეული. სხეულის ფორმები თანდათან ეცვლებათ – მხრები უფართოვდებათ, ემატებათ წონა და კუნთოვანი მასა.

პუბერტატულ პერიოდში ვაჟების 50%-თან მოსალოდნელია დვრილების შესივება და მათი მგრძნობელობის მომატება. ბევრი ამას მეტისმეტად განიცდის. აუხსენით მათ, რომ სარძევე ქსოვილის ამ განვითარებასა და შეშუპებას გინეკომასტია ეწოდება, ის დროებითია და ექვსიოდე თვეში თავისთავად გაივლის.

ხმაში გაჩენილი პირველი ხრინწი იმის მანიშნებელია, რომ თქვენს ვაჟს მალე ხმაც დაუბოხდება. ბოქვენის მიდამოში თმის ამოსვლას სათესლეებისა და პენისის ზრდა მოჰყვება. ერექცია ხშირდება. ხდება პირველი პოლუცია – სპერმის უნებლიე გამოყოფა. ამ ასაკში ბევრს მეტისმეტად აღელვებს პენისის ზომა. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ყველაფერი რიგზე აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სქესობრივი განვითარება შედარებით გვიან დაეწყოთ, ვიდრე მის მეგობრებს.

 

გოგონებთან სქესობრივი მომწიფება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო ადრე, 8-დან 13 წლამდე იწყება. მათ უმეტესობასთან სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანი მკერდის ზრდაა, შედარებით მცირე ნაწილს კი ბოქვენის მიდამოში უფრო ადრე ამოსდის თმა. როცა მკერდი ზრდას დაიწყებს, ერთი ან ორივე დვრილის ქვეშ გაჩნდება მცირე ზომის მკვრივი, მგრძნობიარე კვანძები, ე.წ. კვირტები. მერე და მერე ჯირკვლოვანი ქსოვილი იზრდება და რბილდება. მუქი თმა ჩნდება სასირცხო ბაგეებზე, მოგვიანებით კი იღლიებშიც.

სქესობრივი მომწიფების პირველ ნიშნებს 1-2 წელიწადში სიმაღლეში შესამჩნევი ზრდა მოჰყვება. ფორმები მრგვალდება და ქალური ხდება – ცხიმოვანი ქსოვილი უპირატესად მკერდის, დუნდულებისა და თეძოების არეში ვითარდება. სქესობრივი მომწიფების კულმინაციაა მენარქე – პირველი მენსტრუაცია. იმის მიხედვით, როდის დაიწყო გოგონას სქესობრივი განვითარება, სხვადასხვაა მენარქეს ვადაც – სხვადასხვა პოპულაციაში ის 9-დან 16 წლამდე მერყეობს. საქართველოში გოგონებს პირველი მენსტრუაცია უმეტესად 12-13 წლის ასაკში მოსდით.

 

ჩვეული პრობლემები

სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ ცვლილებებს ხშირად ემოციური პრობლემებიც სდევს თან.

ზოგიერთ გოგონას ახარებს მკერდის ზრდა და ბიუსჰალტერსაც დიდი ენთუზიაზმით ირგებს, ზოგს კი ეჩვენება, რომ ყველა წამოზრდილ მკერდზე უყურებს და ამის გამო კომპლექსდება. დაახლოებით იგივე ხდება ვაჟებთანაც – ზოგი მათგანი აღტაცებით ეუფლება წვერის პარსვის ხელოვნებას, ზოგს კი აწუხებს სახეზე ამოსული თმა.

მოგეხსენებათ, ბიჭებს უნებლიე ერექცია ჯერ კიდევ ჩვილი ასაკიდან აქვთ, თუმცა ეაკულაციას პირველად სწორედ სქესობრივი მომწიფების პერიოდში, 11-15 წლის ასაკში განიცდიან. ის, წესისამებრ, სპონტანურია, უკავშირდება სექსუალურ ფანტაზიებს ან ძილის დროს ხდება. თუ ეაკულაცია ძილის დროს მოხდა და ბიჭმა ამის შესახებ არაფერი იცის, შესაძლოა ეგონოს, რომ შარდი გაეპარა, ამიტომ მან ადრევე უნდა იცოდეს, რა ცვლილები ელის.

 

აკნე

მივადექით თინეიჯერთა მთავარ პრობლემას –გამონაყარს. აკნეს კანის მცირე ზომის ცხიმწარმომქმნელი ჯირკვლები იწვევს. სქესობრივი მომწიფების დროს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონები აიძულებენ ცხიმოვან ჯირკვლებს, ცხიმი უხვად გამოყონ. ჭარბი ცხიმი ფორებს ახშობს, ამის შედეგად კი გამონაყარი ჩნდება.

აკნეს პრევენციის საუკეთესო გზა კანის ხშირი გასუფთავებაა. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დღეში ორჯერ ბანა თბილი წყლითა და მსუბუქი საპნით. სახეს უხეში ნაჭრით ნუ შეიმშრალებთ, თორემ კანი უფრო მეტად გაგიღიზიანდებათ. თუ მაკიაჟს ან მზისგან დამცავ კრემს ხმარობთ, შეამოწმეთ, ნამდვილად არაკომედოგენური და არაალერგიულია თუ არა (ეს იმას ნიშნავს, რომ ფორებს არ ახშობს და ხელს არ უწყობს აკნეს განვითარებას).

ბევრს სჯერა, რომ აკნეს უხდება მზე. მართალია, ნამზეური გარკვეული ხნით აცხრობს და აუჩინარებს გამონაყარს, მაგრამ მის გაქრობას ნუ ელით. ზოგიერთი მოზარდი აღნიშნავს, რომ მზეზე კანიდან მეტი ცხიმი გამოეყოფა და გამონაყარი გაქრობის ნაცვლად ემატება.

თუ თმისთვის სპრეის ან გელს ხმარობთ, თმა სახეს მოარიდეთ, რათა ფიქასატორი კანზე არ მოგხვდეთ და ფორების დახშობას არ შეიწყოს ხელი.

აკნეს შედარებით მძიმე შემთხვევების დროს იყენებენ სპეციალურ პრეპარატებს. ზოგი მათგანი ურეცეპტოდ იყიდება, ზოგს კი ექიმი გამოგიწერთ. სალიცილის მჟავასა და ბენზოლის პეროქსიდის შემცველი ლოსიონები და კრემები ეფექტურია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდაც. ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას, ნუ გამოიყენებთ ნებადართულზე მეტს, თორემ შესაძლოა სახის კანი მეტისმეტად გამოგიშრეთ.

ზოგი მოზარდი ამჩნევს, რომ გამონაყარი უჩნდება ან უმწვავდება განსაზღვრული საკვების მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში მცირე ხნით ამოიღეთ რაციონიდან ეს საკვები და დააკვირდით, რა მოხდება.

ზოგჯერ, სწორი მოვლის, ხშირი ბანისა და მალამოების გამოყენების მიუხედავად, აკნე არ ქრება. ნუ გაგიკვირდებათ – ეს ამ ასაკში ნორმალურია.

დაკვირვებული გოგონები ამჩნევენ, რომ გამონაყარი უმეტესად მენსტრუაციის დაწყებამდე იჩენს თავს. ამას პრემენსტრუალური აკნე ეწოდება და 10-დან 7 ქალს აწუხებს. თუ

აკნეს კონტროლი თავად ვერ მოახერხეთ, მიმართეთ დერმატოლოგს. ექიმმა შესაძლოა წამლები, მათ შორის – ანტიბიოტიკები ან კონტრაცეპტივები, გამოგიწეროთ.

არაფრით არ შეიძლება გამონაყარის შეხება, მოქავება, გამორწყვა – შესაძლოა, კანზე ნაწიბური დაგრჩეთ.

 

ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი

რა მოვუხერხოთ ჭარბ ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს? უპირველეს ყოვლისა, აუხსენით მოზარდს, რომ ეს მისი კი არა, ასაკის ბრალია. სასქესო ჰორმონები საოფლე ჯირკვლების სტიმულაციას იწვევს, ოფლიანობას კი, მოგეხსენებათ, უსიამოვნო სუნიც ახლავს თან.

თუ მოზარდი მაშინაც კი ოფლიანდება, როცა არც სცხელა და არც ღელავს, ჯობს, ექიმს გაესაუბროთ. ჰიპერჰიდროზი – ჭარბი ოფლიანობა – უწყინარი მდგომარეობაა, თუმცა შესაძლოა, რომელიმე დაავადებას, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციას, ახლდეს თან. არ არსებობს საშუალება, რომელიც მოზარდი ასაკისთვის დამახასიათებელ ოფლიანობას შეამცირებს, მაგრამ შეგვიძლია, თავი დავაღწიოთ უსიამოვნო სუნს. საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაშიც ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვაა. ტანი ყოველდღე უნდა დავიბანოთ, მერე კი კარგად გავიმშრალოთ, რადგან უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები ნესტში უფრო კარგად მრავლდება და მეტხანს ცოცხლობს.

მოზარდს უნდა ვასწვალოთ დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის გამოყენებაც. არსებობს ორი ვარიანტი: ჩვეულებრივი დეოდორანტი და დეოდორანტი ანტიპერსპირანტით. პირველი უსიამოვნო სუნისგან იცავს, მეორე კი სუნთან ერთან ოფლის გამოყოფასაც ამცირებს. არჩევანი ფართოა: დეოდორანტები სხვადასხვა სურნელით, სასხურებელი, ბურთულიანი, მშრალი, გელისებრი... შეგიძლიათ, ყველა მოსინჯოთ, სანამ ყველაზე მოხერხებულს არ მიაგნებთ. თუ მეტისმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, ჯობს, აარჩიოთ უსუნო, ჰიპოალერგენული საშუალება.

სამოსი ყოველდღე გამოიცვალეთ. ამასთან, ნატურალური ქსოვილისა შეარჩიეთ, რადგან ის ხელოვნურზე უკეთ იწოვს ოფლს.

 

ზედმეტი თმა – ყველაფერი ეპილაციის შესახებ

ზედმეტი თმა ყველა ასაკში შემაწუხებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მთელი ცხოვრება უთმოდ გაატარე, ერთ დღეს კი გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ იღლიებში, ბოქვენზე, ხელებსა და ფეხებზე ბუსუსების ტყე ამოგსვლია. ვაჟებთან ამას სახის თმიანობაც ემატება. ღმერთმა ნუ ქნას, ბაკენბარდებსა და საულვაშეზე თმა გოგონას ამოუვიდეს – ამ შემთხვევაში საქმე ძალზე სერიოზულადაა.

ყველა ოჯახში დგება დღე, როცა უნდა გადაწყდეს, ზედმეტი თმის მოცილების რომელი საშუალება გამოიყენოს მოზარდმა. არჩევანი ფართოა: გაპარსვა, ლაზერული ეპილაცია, ელექტროეპილაცია, სადეპილაციო კრემი, ცვილი... რომელია საუკეთესო? ამ კითხვაზე იმდენი პასუხი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა ამქვეყნად. იმის გასარკვევად, რომელი მეთოდი აჯობებს ჩვენთვის, თმის სტრუქტურა უნდა შევისწავლოთ.

თმა სხეულის სხვადასხვა უბანში სხვადასხვანაირია, თუმცა მისი ძირითადი კომპონენტი ყველგან კერატინია. სხეულზე ორი ტიპის თმა იზრდება: 1. რბილი და მოკლე, რომლითაც დაფარულია გულმკერდი, ზურგი და სახე; ზოგს ის უფრო მუქი და შესამჩნევი აქვს, განსაკუთრებით – შავგვრემან გოგონებს; 2. ძირითადი – მუქი, მაგარი და გრძელი. სწორედ ასეთი თმა იზრდება თავზე, ხოლო სქესობრივი მომწიფების შემდეგ – იღლიებსა და ბოქვენის მიდამოშიც. ვაჟებს ძირითადი ტიპის თმა სახეზე და სხეულის სხვა უბნებზეც: გულმკერდზე, ფეხებზე, ზოგჯერ ზურგზეც – ეზრდებათ.

არსებობს პრობლემა, რომელსაც ჭარბთმიანობა ეწოდება, მედიცინის ენაზე – ჰირსუტიზმი. ის შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომმა და ჰორმონულმა დარღვევებმა. ამ დროს სახეზე, განსაკუთრებით – ზედა ტუჩსა და ნიკაპზე, ასევე – გულმკერდზე, მუცელსა და ზურგზე, ჩნდება უხეში თმა. სანამ საოჯახო კონსილიუმი გადაწყვეტს, რომელი მეთოდი გამოიყენოს მის მოსაცილებლად, მოდი, უკეთ გავიცნოთ თითოეული მათგანი.

პარსვა თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. საპარსი შეიძლება ელექტრონულიც იყოს და ჩვეულებრივიც. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ვაჟები – სახის, ხოლო გოგონები – იღლიების, ფეხებისა და ბიკინის ზონის გასაპარსავად. ეფექტი 1-3 დღეს გასტანს. მოზარდ ვაჟს აუცილებლად დასჭირდება მამის რჩევები პარსვის პროცედურისა და საპარსის სუფთად შენახვის შესახებ. მამებო, ასწავლეთ მათ, არასოდეს გამოიყენონ სხვისი საპარსი, არც თავიანთი ათხოვონ სხვებს და პერიოდულად გამოცვალონ იგი.

მიუხედავად იმისა, რომ პარსვა ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებაა, მას ბევრი გვერდითი ეფექტიც აქვს: ხშირად იჭრება კანი, ჩაბრუნდება თმა და ჩნდება გამონაყარი. თმის ჩაბრუნების თავიდან ასაცილებლად ჯობს, თმა შხაპის შემდეგ მოიპარსოთ, როცა კანი შედარებით რბილია. ხშირად გამოცვალეთ საპარსის თავი. საპარსი კრემის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს კანის გაღიზიანება. თუ შიშობთ, რომ კანს გაიჭრით, ელექტროსაპარსი გამოიყენეთ. ბევრი არ აკვირდება, რა მიმართულებით იპარსავს თმას. თუ გსურთ, არ ჩაგიბრუნდეთ, იმ მიმართულებით უნდა მოიპარსოთ, რა მიმართულებითაც იზრდება.

პუტვა თმის მოცილების მეორე, ასევე გავრცელებული მეთოდია, რომელსაც სპეციალური ხელსაწყო – პინცეტი სჭირდება. მისი ეფექტი 3-8 კვირას ძლებს. პუტვა არა მხოლოდ ეფექტური, არამედ იაფიცაა. მისი მთავარი ნაკლი პროცედურის ხანგრძლივობაა. არსებობს მსგავსი ეფექტის მქონე ხელსაწყო – ელექტროეპილატორი, რომელიც არც ისე ძვირია და თმაც გაცილებით სწრაფად მოგაცილეთ. სამწუხაროდ, ეპილატორით და პინცეტით თმის მოცილება მტკივნეული პროცედურაა. გარდა ამისა, თუ თმა კანქვეშ გაწყდა, მოსალოდნელია მისი ჩაბრუნება. თმის მოცილების შემდეგ შესაძლოა კნზე წითელი წერტილები შეამჩნიოთ. ნუ შეშინდებით, ეს შეშუპებული და გაღიზიანებული ფოლიკულებია. გაღიზიანება მალე გაივლის. ოღონდ პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად დაამუშავეთ პინცეტი და ეპილატორი სპირტით – ეს შეამცირებს ინფექციის შეჭრის რისკს.

დეპილატორი ერთგვარი კრემი ან სითხეა, რომელიც კანის ზედაპირიდან თმას აშორებს. ის თმის პროტეინზე მოქმედებს და ღერებს შლის. შედეგს, თმის ზრდის სისწრაფის კვალობაზე, რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე შეინარჩუნებთ. დეპილატორი სწრაფია, იაფი და ნებისმიერ აფთიაქსა თუ მაღაზიაში იყიდება. ის განსაკუთრებით მოხერხებულია ფეხებიდან, იღლიებიდან და ბიკინის მიდამოდან თმის მოსაცილებლად. სპეციალური ფორმულით შექმნილი ზოგიერთი დეპილატორის გამოყენება სახისა და ნიკაპისთვისაც შეიძლება. უხეშ თმას ის ვერ აცილებს. ზოგიერთ სადეპილაციო კრემს უსიამოვნო, მძაფრი სუნი აქვს და შესაძლოა, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.

აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია და კრემი იმ რაოდენობითა და ხანგრძლივობით წაისვით კანზე, როგორც შეფუთვაზეა მითითებული. სანამ ბიკინის მიდამოდან თმის მოშორებას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, შეიძლება თუ არა კრემის ამ დანიშნულებით გამოყენება.

უფრო და უფრო პოპულარული ხდება ცვილით ეპილაცია. წებოვანი ცვილი უნდა გადავანაწილოთ კანის იმ უბანზე, სადაც არასასურველი თმა იზრდება, ზემოდან სპეციალური ნაჭერი დავაფაროთ და სწრაფად ავიძროთ. ნაჭერს ცვილთან ერთად თმის ძირები და კანის მკვდარი უჯრედებიც აჰყვება. შეიძლება როგორც ცივი, ისე თბილი ცვილის გამოყენება. პროცედურა შინაც შეიძლება ჩაიტაროთ და სილამაზის ცენტრშიც. ეფექტი საკმაოდ დიდხანს – 3-6 კვირას გრძელდება. გარდა ამისა, ცვილის გამოყენების შემდეგ კანი გლუვია, ამოსული თმა კი – რბილი.

ნაკლი ის არის, რომ ცვილით თმსი მოცილება მტკივნეულია. ამასთან, პროფესიონალის მომსახურება არც ისე იაფია. ზედმეტად მგძნობიარე ან ახალგარუჯული კანის ამ გზით ეპილაცია მიზანშეწონილი არ არის. დაბოლოს, გაითვალისწინეთ – შედეგის მისაღებად თმის ღერი 6 მმ სიგრძისა მაინც უნდა იყოს.

ცვილი განსაკუთრებით ეფექტურია ფეხებისთვის, ბიკინის მიდამოსა და წარბებისთვის.

ელექტროეპილაციას დახელოვნებული სპეციალისტის გარეშე ვერ ჩაიტარებთ. პროფესიონალი ყოველი თმის ფოლიკულში სპეციალური ნემსით სათითაოდ უშვებს ელექტროიმპულსს და კლავს ბოლქვს. ეს ეპილაციის ყველაზე ხანგრძლივი მეთოდია. მცირე უბნის, მაგალითად, საულვაშის ეპიალაციას შესაძლოა რამდენიმე საათი დასჭირდეს. ამიტომ მას უპირატესად მცირე ზომის არეებისთვის იყენებენ. სამაგიეროდ, ძალზე შედეგიანია – რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, სამუდამოდ ქრება.

ეს მეთოდიც მტკივნეულია. თუ კანი მგრძნობიარეა, შესაძლოა, შეწითლდეს, შესივდეს, ფუფხი და ნაწიბურებიც კი გაუჩნდეს. ელექტროეპილაცია სტერილურ პირობებს მოითხოვს.

ლაზერული ეპილაციის დროს თმის ბოლქვზე ლაზერის სხივი მოქმედებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ღია ფერის კანისა და მუქი თმის მქონე პირებისთვის. შედეგიც რამდენიმე სეანსის შემდეგ მიიღწევა და სამუდამოა, თუმცა 6-12 თვეში ერთხელ პროცედურის ჩატარება მაინც მოგიწევთ.

ლაზერული ეპილაცია ელექტროეპილაციაზე ნაკლებმტკივნეულია და უფრო სწრაფიც. მისი გვერდითი ეფექტებია სიწითლე და შესივება. ასეთ დროს პროცედურის შემდეგ მიზანშეწონილია ცივი საფენების დადება. თუ გსურთ, ეპილაციამ უეკთესი შედეგი გამოიღოს, პროცედურამდე მოერიდეთ მზეს.

რა ასაკიდან შეიძლება ეპილაციის ჩატარება? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ 11 წლის გოგონა საკმარისად მოწიფულია, აცნობიერებს ეპილაციის სირთულეებს და ზედმეტი თმა თვითშეფასებას უქვეითებს, ცხადია, მის მოშორებას ალტერნატივა არ გააჩნია. როცა ზედმეტ თმას უფრო მეტი უსიამოვნება მოაქვს, ვიდრე ეპილაციას – უნდა მოვიშოროთ!

 

ესაუბრეთ მათ

მოზარდები, ცხადია, ხედავენ და გრძნობენ, რომ მათ თავს რაღაც ხდება. აუცილებლად ესაუბრეთ მათ სქესობრივი მომწიფების შესახებ. აუხსენით ორგანიზმში მიმდინარე პროცესების არსი – ისინი უკვე საკმაოდ დიდები არიან, რათა ყველაფერი გაიგონ. გაითვალისწინეთ, ერთ ხანგრძლივ საუბარს ბევრი ხანმოკლე სჯობია. დროდადრო ჰკითხეთ, როგორ მიმდინარეობს ცვლილებები, ხომ არაფერი აშინებთ, რაიმე კითხვა ხომ არ გასჩენიათ... ყველა კითხვაზე, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად უპასუხეთ, რათა წინასწარ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ.

 

სქესობრივი მომწიფების დარღვევები

ნაადრევი სქესობრივი მომწიფება

 

როგორ მოვიქცეთ, თუ სქესობრივი მომწიფების ნიშნებმა დროზე ადრე იჩინა თავი? ვის მივმართოთ, თუ ჩვენს ხუთი წლის გოგონას მკერდი წამოეზარდა? თუ არაფერი ვიღონეთ, როგორ გაგრძელდება ბავშვის განვითარება?

მედიცინაში ნამდვილად არსებობს ტერმინი “ნაადრევი სქესობრივი მომწიფება”. ის გულისხმობს, რომ სქესობრივი მომწიფება გოგონებს – 7-8 წლამდე, ვაჟებს კი 9 წლამდე ეწყებათ. ამ ასაკის ბავშვები ასეთი ცვლილებებისთვის, წესისამებრ, არ არიან მზად, ეს მათთვის ემოციურადაც და ფიზიკურადაც რთულია და ზოგჯერ ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს.

 

როგორ ამოვიცნოთ

გოგონებთან ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე მეტყველებს:

•           მკერდის გაზრდა;

•           თმის გაჩენა ბოქვენზე და იღლიის ფოსოში;

•           სიმაღლეში სწრაფი ზრდა – ე.წ. ნახტომი;

•           მენსტრუაციის დაწყება;

•           აკნე;

•           ოფლის მძაფრი სუნი.

ვაჟებთან:

•           სათესლეებისა და პენისის ზრდა;

•           თმა ბოქვენზე, იღლიებში და სახეზე;

•           სიმაღლეში სწრაფი ზრდა;

•           ხმის დაბოხება;

•           აკნე;

•           ოფლის მძაფრი სუნი.


გვხვდება ნაწილობრივი ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც. ამ დროს მხოლოდ რამდენიმე ნიშანი იჩენს თავს. მაგალითად, 6 თვიდან 3 წლამდე ბევრ გოგონას ეზრდება მკერდი, რომელიც შემდეგ ან თავისთავად დგება მწყობრში, ან სხვა ცვლილებები მოსდევს. ზოგ ბავშვს – როგორც ბიჭებს, ისე გოგონებსაც – ნაადრევად უჩნდება თმა ბოქვენზე და იღლიებში, თუმცა სქესობრივი მომწიფების სხვა ნიშნები ჯერ არ ჩანს.

ასეა თუ ისე, ბავშვს, რომელსაც სქესობრივი მომწიფების ერთი ნიშანი მაინც გამოაჩნდა, პროფესიონალის კონსულტაცია სჭირდება. აქვე დაგამშვიდებთ: მკურნალობა იშვიათადაა საჭირო, თუ ორგანიზმი მწყობრშია, სქესობრივი მომწიფების სხვა ნიშნები დაწესებულ დროს გამომჟღავნდება.

 

რა შეიძლება მოგვიტანოს ნაადრევმა მომწიფებამ?

ცნობილია, რომ სქესობრივი მომწიფების დასრულებისას სიმაღლეში ზრდაც წყდება. ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისას ორგანიზმი ზრდასაც ნაადრევად წყვეტს და მოზარდი ვერ აღწევს პოტენციურ სიმაღლეს. ნაადრევი ნახტომის გამო განსაზღვრულ ეტაპზე შესაძლოა თანატოლებს გაუსწროს კიდეც, მაგრამ მალე ზრდის ტემპი დაიკლებს, მერე შეწყდება კიდეც და საბოლოო ჯამში ნაადრევად მომწიფებული მოზარდი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ნორმალური სქესობრივი მომწიფების შემთხვევაში იქნებოდა.

ნაადრევმა სქესობრივმა მოწიფებამ შესაძლოა ემოციური და სოციალური პრობლემებიც გამოიწვიოს მაგალითად, გოგონებს რცხვენიათ ისეთი ფიზიკური ცვლილებების, როგორებიცაა მენსტრუაცია ან მკერდის გაზრდა მაშინ, როდესაც არც ერთ მათ თანატოლს ასეთი ცვლილებები ჯერ არ დასწყებია. ზოგჯერ ბავშვები დასცინიან ნაადრევად “დაქალებულ” ან “დაკაცებულ” თანატოლებს. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ემოციურ მდგომარეობას – მოზარდები ჭირვეულობენ, იოლად ღიზიანდებიან, ხშირად გამოხატავენ აგრესიას.

 

ვსაუბრობთ მიზეზებზე

ნაადრევი მომწიფების მიზეზი ზოგჯერ ტვინის სიმსივნე, ტრავმა ან ინფექციაა. არ არის გამორცხული, პრობლემის წყარო საკვერცხეებში ან ფარისებრ ჯირკვალში იყოს საძიებელი. თუმცა გოგონებთან მიზეზი უმეტესად უცნობი რჩება. ვაჟებთან ვითარება მეტ-ნაკლებად ნათელია: ათიდან 5 შემთხვევაში ნაადრევი სქესობრივი მომწიფება გენეტიკურია (გოგონებთან ეს მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია). თუ მამასაც ნაადრევად დაეწყო სქესობრივი მომწიფება, მოსალოდნელია, შვილსაც იგივე თავისებურება გამოჰყვეს. და არამხოლოდ მამისგან – ზოგჯერ დედის მამისგანაც კი.

გამოცდილ ექიმს დიაგნოზის დასმა არ გაუჭირდება. მთავარია, ბავშვი დროულად მივიყვანოთ მასთან.

კარგი ექიმი გასინჯვითაც საკმაო ინფორმაციას მიიღებს, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ანალიზი და ჰორმონების დონის განსაზღვრა. მაჯის რენტგენოგრაფია გიჩვენებთ, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ძვლის მომწიფება და ზრდა. ზოგიერთი სერიოზული პათოლოგიის, მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნის ან საკვერცხეებისა თუ სათესლეების პრობლემების გასამორიცხავად ექიმმა შესაძლოა კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანდა ულტრაბგერითი გამოკვლევა დაგინიშნოთ.

თუ ექიმი მიიჩნევს, რომ ნაადრევ მომწიფებასთან გვაქვს საქმე, ბავშვთა ენდოკრინოლოგთან გაგგზავნით. აქ მკურნალობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად და სასქესო ჰორმონების დონის დასარეგულირებლად, რათა სქესობრივი მომწიფების ტემპი შენელდეს. ზოგჯერ ძირითადი მიზეზის აღმოფხვრაც საკმარისია, რათა ორგანიზმი თავისთავად ჩადგეს მწყობრში.

მკურნალობის შედეგად მკერდის ზრდა წყდება, პატარავდება სათესლეები და პენისი, იკლებს სიმაღლეში ზრდის ტემპი, იცვლება ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ქცევა ასაკის შესაფერისი ხდება.

 

ნაგვიანევი სქესობრივი მომწიფება

რაკი ნაადრევი სქესობრივი მომწიფება არსებობს, ლოგიკურია, ნაგვიანევიც არსებობდეს. თუ თქვენმა ქალიშვილმა უკვე გადააბიჯა13 წელს ან ვაჟმა ცხოვრების 15 წელი განვლო, სქესობრივი მომწიფების გარეგანი ნიშნები კი არ ჩანს, დროა, ექიმს მიმართოთ – შესაძლოა, საქმე სქესობრივი მომწიფების შეფერხებასთან გვქონდეს.

 

რისი ბრალია

დაგვიანებულ სქესობრივ მომწიფებას არაერთი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირია სქესობრივი მომწიფების დაგვიანების კონსტიტუციური ანუ ოჯახური ტიპი. შვილი ხშირად იმეორებს მშობლის სქესობრივი განვითარების ტემპს. თუმცა ის, რომ შესაძლოა, მშობლებსაც გვიან დასწყებოდათ სქესობრივი მომწიფება, სხვა პათოლოგიას არ გამორიცხავს.

სქესობრივი მომწიფების შეფერხება შესაძლოა გამოიწვიოს უამრავმა – როგორც ენდოკრინულმა, ისე არაენდოკრინულმა – დაავადებამ. მაგალითად, უშუალოდ იმ ენდოკრინული ჯირკვლებისამ, რომლებიც სქესობრივი მომწიფების დაწყებასა და რეგულაციაზე აგებენ პასუხს. არცთუ იშვიათია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ან ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული სქესობრივი მომწიფების დარღვევები. დაგვიანებული სქესობრივი მომწიფების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ზოგიერთი ქრონიკული სნეულება: დიაბეტი, ცისტური ფიბროზი, თირკმელის ქრონიკული დაავადება, ასთმა. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი აღნიშნული დაავადებების სწორი მართვაა. კიდევ ერთი მიზეზია ქრომოსომული დაავადებები, რომელთა დროსაც სქესობრივი მომწიფება დაგვიანებული და არასრულფასოვანია. დაბოლოს, სქესობრივი მომწიფების დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა სტრესმა, მკაცრმა დიეტამ, მალნუტრიციამ, აქტიურმა სპორტმა. გაგიკვირდებათ და სქესობრივი მომწიფების დასაწყისში, სანამ მენსტრუალური ციკლი მოწესრიგდება, მასზე მგზავრობა და კლიმატის შეცვლაც კი ახდენს გავლენას.

 

როგორ მოვიქცეთ?

ეჭვის შემთხვევაში შვილი ბავშვთა ენდოკრინოლოგთან უნდა მივიყვანოთ. მართალია, განგაში ხშირად ცრუა, მაგრამ ნებაზე მიშვებას და მერე სინანულს თავის დაზღვევა სჯობია. ექიმი შეაფასებს, ნამდვილად დაგვაინებულია თუ არა სქესობრივი მომოწიფება. ამისთვის უამრავი ობიექტური მარკერი არსებობს. მათი მეშვეობით არკვევენ, დაწყებულია თუ არა სქესობრივი განვითარების პროცესი, სქესობრივი მომწიფების რომელ სტადიაზე იმყოფება პაციენტი, მიმდინარეობს თუ არა პროცესი სწორი თანმიმდევრობით. თუ ობიექტური შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვის სქესობრივი განვითარება ნამდვილად სცდება ნორმის ფარგლებს, ექიმი მიზეზის ძიებას დაიწყებს.

ამ დროს მეტად მნიშვნელოვანია ძვლოვანი ასაკის განსაზღვრა არააქტიური მტევნის რენტგენოგრამით. სქესობრივი მომწიფების შეფერხებისას ძვლოვანი ასაკი შესაძლოა უსწრებდეს, შეესაბამებოდეს ან ჩამორჩებოდეს საპასპორტო ასაკს. ამ გამოკვლევის შედეგად ადგენენ, რომელ მათგანთან გვაქვს საქმე. ხშირად საჭიროა სასქესო ჰორმონების გამოკვლევაც და პარალელურად – სხვა იმ დაავადებების გამორიცხვაც, რომლებმაც შესაძლოა სქესობრივი მომწიფება შეაფერხოს.

დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. პროცესის ნებაზე მიშვებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის მომავალზე. სქესობრივი მომწიფების შეფერხების დროს, წესისამებრ, არც სიმაღლეში ზრდის პროგნოზია კარგი; ზრდასრულ ასაკში მოსალოდნელია რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა; ხშირია ფსიქოემოციური ხასიათის პრობლემები.

დროული დიაგნოსტიკის მიზანი, ცხადია, დროული და ეფექტური მკურნალობაა. თუ პრობლემის მიზეზი მძიმე პათოლოგია, უწინარესად მიზეზს უნდა მივხედოთ. ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობაა საჭირო, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით ან ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული დარღვევისას კი ჰორმონული ბალანსის აღდგენის შემდეგ პრობლემა ხშირად თავისთავად გაივლის. იგივე ეფექტი აქვს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების სწორ მართვას.

სამწუხაროდ, ზოგიერთი დაავადება მკურნალობას არ ემორჩილება. მაგალითად, ტერნერის სინდრომი – ქრომოსომული დაავადებაა, რომლის დროსაც გოგონას ერთი X ქრომოსომა აკლია. ამ დროს საკვერცხეები უმეტესად ატროფირებულია, შემაერთებელი ქსოვილითაა ჩანაცვლებული, მენსტრუალური ციკლი კი არასრულფასოვანია. ჩანაცვლებითი თერაპიით შესაძლოა გარეგნული სქესობრივი ნიშნების ჩამოყალიბება მოხერხდეს, შვილოსნობის ფუნქცია კი, წესისამებრ, დარღვეული რჩება.

ამრიგად, უკვე კარგად იცნობთ სქესობრივი მომწიფების ნიშნებს, ისიც იცით, რა ასაკიდან იწყება ნორმალური სქესობრივი განვითარება და როდის უნდა ვიეჭვოთ მისი არასწორი მიმდინარეობა. გახსოვდეთ, პრობლემის დროული აღმოჩენა მისი მოგვარების საწინდარია. ასე რომ, იყავით ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პროფესიონალს – საქმე ხომ თქვენი შვილის მომავალს ეხება.

 


ფრთხილად, გარდატეხა იწყება

თქვენი შვილი უკვე დიდია – სკოლაში მარტო დადის, დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებს, საჭმელსაც თვითონ ჭამს, თვითონ იცვამს, თვითონ ბანაობს და აღარც მისი ეზოში მარტო გაშვებისა გეშინიათ. ის-ის იყო, შვებით ამოისუნთქეთ, რომ ნამდვილი სირთულეები სწორედ მაშინ დაიწყო...

გარდატეხის ასაკი – მოზარდობის პერიოდისთვის ეს სახელწოდება შემთხვევით არ შეურჩევიათ. ამ დროს მოზარდის ფსიქიკაში (და არამხოლოდ ფსიქიკაში) მართლაც გარდამტეხი ცვლილებები ხდება.

დარწმუნებული ვარ, თავადაც ხშირად დაგიჩივლიათ და სხვა მშობლების ჩივილიც გაგიგონიათ, შვილს ვეღარ ვცნობო. ემოციური მდგომარეობის ცვლილება გარდატეხის ასაკის თანმხლები ერთადერთი სირთულე არ არის, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი ნამდვილადაა. რაც მთავარია, უფროსები სწორედ მას მიიჩნევენ ყოველგვარი უსიამოვნების წყაროდ.

რისი ბრალია ეს ცვლილება და როგორ მოვიქცეთ, რომ ეს რთული პერიოდი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავლახოთ?

გარდატეხის ასაკსა და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი თინა ნორაკიძე გვესაუბრება.

 

– რა ასაკიდან იწყება გარდამავალი პერიოდი?

– საშუალოდ – 12 წლიდან. საზოგადოდ, ეს ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე პრობლემურად 13-14 წლის ასაკი მიიჩნევა. სკოლის მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლასები ყველაზე რთულია.

– რას გულისხმობს ეს სირთულე, როგორ იცვლება მოზარდის ხასიათი, რა თავისებურებები იჩენს თავს და რამდენად უკავშირდება ეს ცვლილებები ფიზიოლოგიურ გარდაქმნებს?

– სირთულეების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემოციური არასტაბილურობაა. მოზარდებს სწრაფად ეცვლებათ განწყობა ერთი უკიდურესობიდან მეორემდე. ემოციური ლაბილურობა უმთავრესად ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებებით არის განპირობებული. ამავე ასაკში ხდება საკუთარი თავის, სქესის იდენტიფიკაცია, იმატებს ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ. ამას მოსდევს სხვადასხვა ფსიქოლოგიური კომპლექსი. მოზარდებს სურთ, უკეთ გამოიყურებოდნენ, ისეთივე ლამაზები იყვნენ, როგორებსაც ხედავენ ცნობილ ადამიანებს ჟურნალის გარეკანსა თუ ტელეეკრანზე, მოექცნენ ყურადღების ცენტრში და, რაც მთავარია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი იპოვონ. ამრიგად, წინა პლანზე წამოიწევს პიროვნების სოციალური როლი.

გარდამავალი ასაკი ექსპერიმენტების პერიოდიცაა. ექსპერიმენტები, ერთი მხრივ, ყურადღების ცენტრში მოქცევის იოლი გზაა; მეორე მხრივ, მოზარდები მართლაც მიისწრაფვიან სიახლეებისკენ. იცვლიან თმის ფერსა და ჩაცმის სტილს, იწყებენ თამბაქოს წევას, სმას, ხშირად სარისკოდ იქცევიან...

მოზარდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ესმით მათი მშობლებს, რამდენად სცემენ პატივს მათ პიროვნებას და თუ სათანადო პატივისცემა ვერ იგრძნეს, მშობლებთან დისტანციას ზრდიან. მოზარდებისთვის მშობლები აღარ არიან ავტორიტეტები, ამ ადგილს იკავებს სხვა, ზოგჯერ – მათივე თანატოლი, რომელიც უსმენს მათ, პატივისცემით ეპყრობა და ძლიერების, თავდაჯერების მაგალითს აძლევს.

მოზარდები ძნელად თოკავენ ემოციებს, ამიტომ ხშირად მოსდით უთანხმოება თანატოლებთან, უფროსებთან – მშობლებთან, მასწავლებლებთან, რომლებიც აღზრდის განსაზღვრულ სტილს არიან შეჩვეულნი და ახალ მოცემულობასთან ადაპტირება უჭირთ. ამ პრობლემას გოგონები და ვაჟები სხვადასხვანაირად ეკიდებიან. დახმარებისთვის უმთავრესად გოგონები მოგვმართავენ. ვაჟები, წესისამებრ, თვითონვე ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, უმეტესად – ჩხუბით. გოგონებიც ჩხუბობენ და ხელითაც ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში უფრო ავტოაგრესიისკენ, თვითდაზიანებისკენ არიან მიდრეკილნი. თუ ოჯახში ძალადობაა, გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვი გრძნობს რომ შეუძლია, ამ ძალადობას პასუხი გასცეს, ან აგრესიას აგრესიითვე პასუხობს, ან შინიდან გარბის. შინიდან გაქცევას გამოსავლად მიიჩნევენ ზემზრუნველობის შემთხვევაშიც, ასე რომ, პრობლემა მხოლოდ მოზარდებში არ არის საძიებელი – უფროსების ქცევაც შეიძლება იყოს მისი წყარო.

– ახალი მოცემულობა ახსენეთ. მართლა ასეთი რადიკალურია ცვლილება? შესაძლებელია თუ არა მისი მასშტაბის პროგნოზირება?

– გავიხსენოთ, რა ახდენს გავლენას ხასიათის ფორმირებაზე. უპირველეს ყოვლისა, გენეტიკა, შემდეგ – გარემო და პიროვნული გამოცდილება, დაბოლოს – აღზრდის სტილი, რომლითაც მშობლები ხელმძღვანელობენ. იმის მიხედვით, როგორი ხასიათი აქვს ბავშვს, როგორი ატმოსფეროა ოჯახში, ხომ არ გადაუტანია მცირე ასაკში ძლიერი სტრესი და სხვა, გარკვეულწილად შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენად რთული იქნება გარდამავალი პერიოდი, ვინაიდან ყველა ამ ფაქტორის გავლენა სწორედ გარდატეხის ასაკში მწვავდება.

პატარაობისას გადატანილმა ძლიერმა სტრესმა ფსიქიკურ მდგომარეობაზე შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს. მაგალითად, როცა მშობლები შორდებიან ერთმანეთს, პატარები ამას საკუთარ თავს აბრალებენ: “მამა იმიტომ წავიდა სახლიდან, რომ დედა გავაბრაზე, საჭმელი არ შევჭამე, სათამაშო გავტეხე”... თუ ბავშვს ყველაფერს ავუხსნით, დანაშაულის განცდა აღარ ექნება და სტრესს უფრო იოლად დაძლევს.

აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ხასიათი არ იცვლება, თუმცა შეგვიძლია, მისი ზოგიერთი შტრიხი შევარბილოთ ან, პირიქით, გავაძლიეროთ. მაგალითად, თუ ბავშვი მეტისმეტად ემოციურად პასუხობს ყოველგვარ გამღიზიანებელს, შეგვიძლია ვასწავლოთ ემოციის მართვა და ამგვარად შევცვალოთ მისი გამოხატვის მასშტაბი და სიმწვავე.

– უფრო დაწვრილებით, როგორ უნდა იყოს მოზარდის მშობლების ტაქტიკა?

– ხატოვნად ასეთი მაგალითი მოგვყავს ხოლმე: წარმოიდგინეთ, რომ ხელში ჩიტი გვიჭირავს; თუ ხელი მაგრად მოვუჭირეთ, დაიხრჩობა, ხოლო თუ გავუშვით, გაგვიფრინდება. მოზარდსაც ასევე უნდა მოვექცეთ, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. როცა მშობელი მეტისმეტად ზრუნავს შვილზე, არიდებს ყოველგვარ დაბრკოლებას, აგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ბავშვმა თავად უნდა მოაგვაროს, ბავშვს თვითშეფასება უქვეითდება და უჩნდება უსუსურობის, უსარგებლობის, უმაქნისობის განცდა. ამავე დროს წინა პლანზე წამოიწევს მეორე ასპექტიც: მოზარდს სწყურია თავისუფლება, მაგრამ აშინებს პასუხისმგებლობა, არადა თავისუფლებას პასუხისმგებლობაც ახლავს თან. ეს კონფლიქტი ძალზე სერიოზულია მოზარდისთვის. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა გავუღვივოთ თავდაჯერება, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობის აღება ვასწავლოთ. სხვაგვარად ის სრულფასოვანი პიროვნება ვერ გახდება.

– რა შეცდომა მოსდით მშობლებს ამ პერიოდში?

– ნაცვლად იმისა, რომ შვილს საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგონ და პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებაში დაეხმარონ, მშობლები უმეტესად ისე იქცევიან, რომ საპირისპირო შედეგს იღებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები, მართალია, ამ პერიოდში იჩენს თავს, მაგრამ სათავეს უფრო ადრეული ბავშვობიდან იღებს. როგორ ჩაივლის გარდამავალი პერიოდი, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ მივედით იქამდე. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მშობლები არ არიან შვილების მეგობრები, ამიტომ ბავშვები, როცა სირთულეებს ეჯახებიან, მათ არ მიმართავენ – არ სჯერათ, რომ მშობლები მოუსმენენ, გაუგებენ და დაეხმარებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არ ენდობიან მშობლებს. ნდობის მოპვება კი ისეთი მარტივი და ბანალური ამბებით უნდა დავიწყოთ, როგორიც არის დანაპირების შესრულება. არამც და არამც არ შეიძლება, ბავშვს რამეს დავპირდეთ და არ შევუსრულოთ, განურჩევლად იმისა, ნეგატიური იქნება ეს დაპირება თუ პოზიტიური. ჩვენს სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, თუ ბავშვს სადმე წაყვანას შევპირდით, მაგრამ ვერ ვახერხებთ, ჯობს ვუთხრათ, რომ ძალიან დავიღალეთ ან ფული არ გვაქვს, ვიდრე მოვატყუოთ. ერთი სიტყვით, რასაც ბავშვისგან ვითხოვთ, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ – თუ არ გვინდა, გვატყუებდეს, არც ჩვენ უნდა მოვატყუოთ.

სრულიად დაუშვებელია მოზარდის სხვა ბავშვებთან შედარება. ამით მას არასრულფასოვნების კომპლექსს გავუღვივებთ. შენიშვნის მიცემის დროს აქცენტი უნდა დავსვათ არა თვისებებზე, არამედ ქცევაზე. მაგალითად, ის კი არ უნდა ვუთხრათ, ზარმაცი ხარო, არამედ – “ბოლო დროს შენმა მოსწრებამ იკლო”, “მერამდენე დღეა, საშინაო დავალება არ შეგისრულებია”. ეს ფაქტია, ფაქტს კი ვერსად გავექცევით. ეს ფაქტი, ცხადია, იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვმა იზარმაცა, მაგრამ ასეთ შეფასებას მაინც უნდა ვერიდოთ. თუ ბავშვს გამუდმებით ვუმეორეთ, რომ ზარმაცია, ერთ მშვენიერ დღეს გვეტყვის: მე ხომ ზარმაცი ვარ, რას ელი ჩემგან, ნუღარაფერს მომთხოვო.

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ ოჯახის წევრებს შორის არ არის ემოციური სიახლოვე. ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ერთად ცხოვრებას არ ნიშნავს. ვეკითხები ხოლმე მშობლებს: რას აკეთებთ შვილთან ერთად სასიამოვნოს ყოველდღე, თუნდაც კვირაში ერთხელ? უმეტესობა ვერაფერს მპასუხობს. გამოდის, რომ მშობლებთან ურთიერთობა ბავშვისთვის მხოლოდ საყვედურთან, სასჯელთან ასოცირდება. ეს ყველაფერი სათავეს ადრეული ასაკიდან იღებს. ჩვენც ამავე ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, თორემ გარდამავალ პერიოდში რამის შეცვლა ძალიან გაგვიჭირდება.

– მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მოზარდმა რამე დააშავა? ალბათ, არც დაუსჯელობა ივარგებს...

– დასჯის მრავალი მეთოდი არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენში ყველაზე გავრცელებულია ცემა. მშობლებს მხოლოდ ორი ალტერნატივა წარმოუდგენიათ: მოზარდი ან ნებაზე უნდა მივუშვათ და ყველაფრის უფლება მივცეთ, ან ვცემოთ. ცემა გამოსავალი არ არის, ამ გზით ბავშვს ვერ გამოვასწორებთ. აგრესია აგრესიას იწვევს, ბავშვს ძლიერი უარყოფითი ემოცია უგროვდება, რაც მის ქცევაზეც აისახება. დასჯა აუცილებელია, მაგრამ ის შედეგზე უნდა იყოს ორინეტირებული. მერწმუნეთ, როდესაც შვილთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, პატივს ვცემთ მის პიროვნებას, ყურს ვუგდებთ მის აზრს და გასაგები ენით ვუხსნით, რატომ არ უნდა მოიქცეს ასე, დიდია ალბათობა, დანაშაულამდე საქმე აღარც კი მივიდეს. თუ მაინც შევეჯახეთ ბავშვის უსაქციელობას, შეგვიძლია, დასჯის ნიშნად რამდენიმე ხნით ავუკრძალოთ საყვარელი საქმიანობა, აღარ გავუშვათ კინოში ან მეგობართან... საზოგადოდ, სასჯელი “დანაშაულის” ადეკვატური და ინდივიდუალური უნდა იყოს და არამცც დარა არმც არ უტოლდებოდეს ძალადობას. მოზარდს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ სასჯელი მისივე უსაქციელობის ლოგიკური შედეგი კი არა, არამედ მშობლის უმართავი ემოციების გამოხატულებაა.

– მშობლებისადმი შვილების უნდობლობას ხშირად ფასეულობათა შორის არსებული განსხვავებაც წარმოშობს. მაგალითად, კონფლიქტის მოგვარება უფროს და უმცროს თაობებს სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ და როცა სირთულეებს შეჯახებული მოზარდი მშობლების რჩევისამებრ იქცევა, ეს ზოგჯერ აღრმავებს კიდეც კონფლიქტს. ამის შედეგად მშობლებსა და შვილებს დისტანცია კიდევ უფრო იზრდება...

– რჩევის მიცემა იმას ნიშნავს, რომ შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. თუ ჩვენი რჩევისამებრ მოიქცა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, მოზარდი ყველაფერს ჩვენ გადმოგვაბრალებს და მართალიც იქნება. ჩვენ მის მაგივრად კი არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, არამედ სიტუაციის ანალიზსა და იმის გააზრებაში უნდა დავეხმაროთ, რა შედეგი მოჰყვება მის ამა თუ იმ ნაბიჯს. არჩევანი მოზარდმა თავად უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელიც თავად იქნება. მშობლებს დახმარებად მიაჩნიათ, როცა შვილებს თავად უგვარებენ ყველა პრობლემას. თუ მართლა გვინდა დახმარება, პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება უნდა ვასწავლოთ. ასე მოზარდი ცხოვრებას უფრო მომზადებული შეხვდება. იგივე მოგვეთხოვება პროფესიის არჩევის დროსაც – ბავშვმა მხარდაჭერა უნდა იგრძნოს და არა ძალადობა, ჩვენი სურვილები თავს არ უნდა მოვახვიოთ.

– თავადაც ბრძანეთ – მოზარდებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა, თანატოლთა პატივისცემა. რა ქნას მან, ვისაც საამისო უნარი არ შესწევს, ვინც ხვდება, რომ არ შეუძლია ლიდერობა? როგორ მოვიქცეთ, რომ მოზარდს ამის გამო თვითშეფასება არ დაუქვეითდეს?

– მართალია, ლიდერობა არ შეუძლია, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს რაღაცის ნიჭი. ყველასთვის მოიძებნება სფერო, სადაც ის წარმატებას მიაღწევს. მშობლები შვილს სწორედ ამ სფეროს პოვნაში უნდა დაეხმარონ.

– უნდა შევურჩიოთ თუ არა შვილს მეგობრები?

– “შერჩევა” უმართებულო ნათქვამია, მაგრამ ყურადღება ნამდვილად გვმართებს. უნდა ვიცნობდეთ მის მეგობრებს, ვიცოდეთ, სად დადის ჩვენი შვილი და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ეს შეიძლება ყოველგვარი ჰიპერკონტროლის, მიყურადების, კუდში დევნის გარეშეც მოვახერხოთ. მშობლებს ხშირად არ მოსწონთ შვილების მეგობრები, მაგრამ აქვე უნდა დაფიქრდნენ იმაზეც, რაც აძლევს ეს წრე მათ შვილს ისეთს, რასაც თავად ვერ აძლევენ. მეგობრები მოზარდს იღებენ ისეთს, როგორიც არის, უსმენენ, უნახავენ საიდუმლოს... მოზარდიც, ბუნებრივია, იმას ირჩევს სამეგობროდ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს.

– გარდატეხის ასაკზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხოთ სქესობრივ მომწიფებას. რა ასაკიდან უნდა ვესაუბროთ შვილს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე? საერთოდ, უნდა ვესაუბროთ თუ არა?

– ბავშვთან ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი, ოღონდ ასაკის შესაბამისი, მისთვის გასაგები ენით. “ჯერ პატარაა და ვერ გაიგებს, რომ გაიზრდება, მერე ვეტყვი”  მცადარი მიდგომაა. ბავშვი იგრძნობს, რომ რაღაცას უმალავენ და მშობლებისადმი ნდობას დაკარგავს. რაც არ უნდა გვკითხოს შვილმა, პასუხს არ უნდა გავექცნეთ, პირიქით, შვილს ყოველნაირად უნდა დავეხმაროთ პასუხის პოვნაში.

– სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას მოზარდები უმეტესად ინტერნეტით იღებენ. წესისამებრ, ეს ინფორმაცია უკონტროლოა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

– მოზარდ ასაკში ბუნებრივად იზრდება ინტერესი სქესის, საზოგადოდ, სქესობრივი ცხოვრების მიმართ. უმჯობესია, თვითონვე დავუკმაყოფილოთ შვილს ეს ინტერესი, რათა ალტერნატიული გზებით არ ეცადოს კითხვებზე პასუხის პოვნას – ასეთი გზები ხომ უმეტესად დამახინჯებულ ინფორმაციას შეიცავს. თუ ამ საკითხებზე საუბარი გვიჭირს, შეგვიძლია, შვილს სანდო ლიტერატურა შევთავაზოთ ან უბრალოდ გამოსაჩენ ადგილას დავუდოთ წიგნი რომელსაც აუცილებლად წაიკითხავს.

– გამოდის, რომ გარდატეხის ასაკის პრობლემების უმეტესობა მშობლების შეცდომებს უკავშირდება. თუ მშობელმა შეცდომების თავიდან აცილება მოახერხა, გარდამავალი პერიოდი სირთულეების გარეშე ჩაივლის?

– ცხადია, ერთმნიშვნელოვნად ასე ვერ ვიტყვით. დარწმუნებული ვარ, თავადაც გეცოდინებათ შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე ოჯახში გაზრდილი ბავშვებიდან ზოგი იოლად გადალახავს გარდამავალ პერიოდს, ზოგი კი დიდი სირთულეებით. როგორც ზემოთ გითხარით, ამ პერიოდის მიმდინარეობა მხოლოდ მშობლების ქცევით არ განისაზღვრება, მაგრამ მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ დედ-მამა შვილის მოკავშირე და მეგობარია, გარდამავალი ასაკი, დიდი ალბათობით, რადიკალური ცვლილებების, მძიმე ქარტეხილების გარეშე ჩაივლის.

 

ინფორმაციული საფრთხეები

ორგანიზმის გამართულ მუშაობაზე, მის სწორ ფუნქციობაზე დიდ გავლენას ახდენს განწყობა. გავლენა განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც საქმე ეხება სექსუალურ ქცევას. მცდარი ან შეუსაბამო ფორმით მიღებული ინფორმაცია, მეტადრე – პუბერტატულ ასაკში, შესაძლოა სქესობრივი დისფუნქციის მიზეზად იქცეს. რა ვიღონოთ მშობლებმა, როგორ დავიცვათ შვილები საეჭვო “ცოდნისგან”? როგორ ვაჩვენოთ მათ სწორი გზა? ამ კითხვებით ექიმ სექსოლოგ მაია ჭავჭანიძეს მივმართეთ.

 

– ადამიანის, მეტადრე – მოზარდის, სექსუალობა კომპლექსური, მრავალგანზომილებიანი და ბოლომდე შეუსწავლელი ფენომენია. მისი ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. ბევრი გაიხსენებს საბავშვო ბაღში შეყვარებულობას პლატონურ–რომანტიკული ოცნებებით, მოგვიანებით – ეროტიკულ ფანტაზიებს, პუბერტატული პერიოდის პიკზე კი (ჭაბუკური ჰიპერსექსუალობის ფაზაში) – გენიტალიებზე ფოკუსირებული წარმოსახვითი სცენების მოჭარბებას.

სექსუალობის ფიზიოლოგიური პარამეტრების გამოვლენა (პოლუცია, ერექცია, ეაკულაცია, მასტურბაცია ბიჭებსა თუ გოგონებთან) სწორედ პუბერტატულ ასაკში იწყება და ამ პერიოდში მოზარდი უკვე მათ სექსუალურ „დანიშნულებასაც“ აცნობიერებს. ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღების სურვილით ის ინტერნეტს – ფორუმებს, პორნოსიუჟეტებს, ეროტიკულ ფილმებს მიმართავს. ინტერნეტს არც ტელესივრცე ჩამორჩება – ისიც გაჯერებულია უხარისხო და ცრუ წარმოდგენების ხელმშეწყობი ტელეგადაცემებით.

ეს ინფორმაცია უმეტესად მცდარი და დამახინჯებულია. პროფესიონალთა მიერ დაწერილი წიგნები და აკადემიური რჩევები კი მოზარდებისთვის, სამწუხაროდ, ნაკლებსაინტერესო და მოსაწყენია. ეს გასაგებიცაა – ვირტუალური სივრცის ცდუნებას დღეს ზრდასრული ადამიანიც კი ვერ უძლებს.

– როგორ მივხვდეთ, რომ მოზარდს სექსოლოგის დახმარება სჭირდება?

– რეალური სქესობრივი დისფუნქციები, წესისამებრ, წყვილთან ვლინდება (ერექციისა და ეაკულაციის დარღვევა მამაკაცებთან, ვაგინიზმი და ანორგაზმია ქალებთან), პარტნიორის გაჩენამდე სქესობრივი დარღვევის გამოვლენა შეუძლებელია, თუმცა სწორედ პუბერტატულ ასაკში შეიძლება შეიქმნას წინასწარი განწყობა დისფუნქციის მიმართ. კარგი მაგალითია მცირე ზომის ასოს სინდრომი, როცა მოზარდი უსაფუძვლოდ შიშობს, რომ პატარა ასო აქვს და წინასწარ ელის მარცხს. ადვილი მისახვედრია, რომ ეს წარმოდგენა პორნოგრაფიული სიუჟეტებიდან იღებს სათავეს. აქვე განვმარტავ: პათოლოგიად მიიჩნევა მხოლოდ მიკროპენისი, რაც ადრეულ ბავშვობაშივეა შესამჩნევი და ენდოკრინოლოგის ჩარევას მოითხოვს.

– სახელდობრ, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდების არასწორმა ინფორმირებამ?

– დავაზუსტებ – პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ არა მარტო თავად მოზარდის, არამედ მშობლების არასათანადო ინფორმირებულობის გამოც. უფროსების უტაქტო გამონათქვამებმა და დასჯამ შესაძლოა სქესობრივი დისფუნქციის ხელშემწყობ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, თუ ვაჟს იმით დავაშინებთ, რომ თვითსტიმულაცია იმპოტენციას იწვევს, მომავალში შესაძლოა ეს მართლაც ექცეს სქესობრივი წარუმატებლობის მიზეზად.

– ბევრს მიაჩნია, რომ როცა მოზარდი დაკავებულია, სექსუალური თემატიკით ნაკლებად დაინტერესდება, რაც ბევრ საფრთხეს აგვაცილებს თავიდან.

– ეს მეტისმეტად ზერელე წარმოდგენაა. ჩვენ მშვიდად ვართ, როცა ბავშვი მთელ დღეს ქუჩაში არ ატარებს, გვიხარია, როცა კომპიუტერთან ზის და მაგალითად, პრეზენტაციას ამზადებს ინგლისურ ენაზე, მაგრამ რა ვიცით, იქნებ შიგადაშიგ პორნომასალასაც უყურებს? რა თქმა უნდა, ეს არ არის დანაშაული – ამ თემისადმი მოზარდის ინტერესი ჩვეულებრივი რამაა და ამის გამჟღავნებას არ უნდა მოჰყვეს მშობლების უარყოფითი რეაქცია. ცუდი ის არის, რომ არ ვიცით, რა შთაბეჭდილებას მოახდენს ესა თუ ის სიუჟეტი მოზარდზე, რეალობად აღიქვამს დადგმულ სცენებს თუ მიხვდება, რომ “ასე მხოლოდ კინოში ხდება”.

ინტერნეტით მოზღვავებულ მახინჯ და მდარე სექსუალურ გზავნილებს ვერ გავაკონტროლებთ. უნდა ვეცადოთ, ნეიტრალური (არა მაინცდამაინც სექსუალური) მაგალითებით ავუხსნათ შვილს, რომ ყველაფერი არც ინტერნეტს დაეჯერება, ტაქტიანად ჩავუნერგოთ, ისწავლოს ინფორმაციის გადამოწმება.

– როგორ მოვახერხოთ, რომ მოზარდმა მართებული ინფორმაცია მიიღოს?

– ეს საკითხი ბევრ მშობელს აღელვებს. ჩვენ, ექიმებიც, გამუდმებით ვფიქრობთ ამაზე. თუმცა ყველასათვის გამოსადეგი რეცეპტები არ არსებობს. საქმე ის არის, რომ პუბერტატულ ასაკში ყველა ბავშვი განსაკუთრებულად თავისებურია; სხვადასხვანაირია მათი გონებრივი შესაძლებლობლები, ფსიქოსექსუალური და ინტელექტუალური განვითარების დონე, ემოციური სფერო და კომუნიკაციის უნარი. ამასთან, სექსუალობაზე მშობლებთან საუბარს მოზარდები, წესისამებრ, გაურბიან. არც სქესობრივი ფუნქციის პარამეტრების ობიექტური შეფასების მეთოდები არსებობს, ვერც მოზარდის ფანტაზიებისა და ოცნებების შინაარსს ამოვიცნობთ... ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, როდის რა ინფორმაცია მივაწოდოთ და რა დოზით.

რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ მშობლების ზედმეტი ცნობისმოყვარეობა აღიზიანებს მოზარდს. ის თავს უკვე “დიდად” მიიჩნევს და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის.

ჩვენს პრაქტიკაში კარგი შედეგი გამოიღო სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებში მშობლების გათვითცნობიერებამ. უკვე ბევრი ხვდება, რომ შვილის სწორი ფსიქოსექსუალური აღზრდისთვის, უპირველეს ყოვლისა, თავად სჭირდება სპეციალისტთან ზოგიერთი ნიუანსის გარკვევა. ეს მართლაც ეფექტური ტაქტიკაა: როცა მშობლებს ადეკვატური ინფორმაცია აქვთ, იციან, მოზარდის როგორი ქცევა წაახალისონ და რა არ შეიმჩნიონ, როგორი კომენტარები გააკეთონ, მაგალითად, ფილმის ერთად ყურებისას ეროტიკულ ეპიზოდზე, როგორ შეაფასონ მდარე ტელეგადაცემები, სადაც სქესობრივ საკითხებს წარმოუდგენელი უცოდინრობით განიხილავენ.

ამრიგად, თუ მშობელი იზრუნებს საკუთარ სექსუალურ განათლებაზე და კლინიკური სექსოლოგიის თანამედროვე შეხედულებებს გაეცნობა, ის მუდამ მზად იქნება შვილთან ამ საკითხებზე სასაუბროდ. სქესობრივი ფუნქციისა და ქცევის მიმართ მშობლების რაციონალურ, არაგამკიცხავ დამოკიდებულებას კარგად გრძნობს შვილი და იზრდება ალბათობა, რომ სწორედ მათთან ეძებოს კითხვებზე პასუხი, გათვითცნობიერებული მშობლები კი ნამდვილად შეძლებენ, მოზარდს გაწონასწორებული და კომპეტენტური პასუხი გასცენ, ამასთან, გასაგები ენით და ტყუილების გარეშე.

 

როცა ზედმეტი წონა განსაკუთრებით ზედმეტია

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანი ყველაფერს მეტისმეტად ემოციურად აღიქვამს. ამჯერად გვსურს, მოზარდთა წონასთან დაკავშირებულ საკითხებზე შევაჩეროთ ყურადღება.

ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში წონის მატება ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მოზარდებისთვის ეს ფაქტორი ცრემლებისა და სტრესის წყაროდ იქცევა. იწყება მკაცრი დიეტა, ღებინების ხელოვნური გამოწვევა, გასახდომი აბაბის ყლაპვა, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. მოზარდებს არ ესმით, რომ წონა შეიძლება თავისთავად დაუბრუნდეს სასურველ ნიშნულს, ამიტომ, ნაცვლად იმისა, მშვიდად შეხვდნენ დროებით ცვლილებებს, ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა სასწორზე სასურველი ციფრები დაიბრუნონ.

თუმცა არც ის არის გამორიცხული, წონის მატებამ ამ პერიოდში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბოს და ერთ დროს კაფანდარა გოგონა ან ბიჭი ჭარბწონიანთა რიგებში მოხვდეს. ასე რომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღი რაციონია. თუ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილს ამჩნევთ, რომ საგრძნობლად მოიმატა წონა და ამას ძალიან განიცდის (ან პირიქით, ეს ამბავი სულ არ ანაღვლებს), მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რათა ინდივიდუალური დიეტა დაუნიშნოს ან თავად შეუდგინეთ სათანადო მენიუ. უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

საკვების რომელიმე სახეობის რაციონიდან ამოღება მართებული არ იქნება _ ორგანიზმს თანაბრად სჭირდება როგორც ცილა, ისე ცხიმი და ნახშირწყლებიც. დადგენილია, რომ მენიუში ცილის წილი დაახლოებით 20% უნდა იყოს, ცხიმისა _ 30%, ნახშირწყლებისა კი 50-55%.

გაითვალისწინეთ: მოზარდისთვის არამც და არამც არ შეიძლება დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამა. დღიური რაციონი 4-5 ულუფად მაინც უნდა გადანაწილდეს. დღეში ერთხელ ან ორჯერ მაძღრისად დანაყრება წონას კი არ დააკლებინებს მოზარდს, პირიქით, მის მომატებას შეუწყობს ხელს. ზრდასრულ ადამიანს არაფერი დაუშავდება, თუ უვახშმოდ დაიძინა, მოზარდისთვის ვახშამი აუცილებელია, ოღონდ მსუბუქი.

არ შეიძლება ბავშვის ერთგვაროვანი, თუნდაც საუკეთესო ხარისხის პროდუქტით კვება (მხოლოდ ხილით ან მხოლოდ ბოსტნეულით, მიუხედავად იმისა, რომ ხილ-ბოსტნეული უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს). რაც შეეხება ფასტფუდს, ამ ტიპის საკვების მიღება ორ კვირაში ერთხელ თუა ნებადართული, ისიც _ მცირე რაოდენობით. უნდა შევამციროთ მოზარდის რაციონში ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების წილი (ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს შოკოლადი, ნამცხვარი, ტკბილი გამაგრილებელი სასმელები) და მიირთვას მეტი ხილი, ბოსტნეული, მოხარშული მჭლე ხორცი, ყველი, ხაჭო, თევზი.

გთავაზობთ საგანგებოდ მოზარდებისთვის განკუთვნილი დიეტის რამდენიმე ნიმუშს.

 

პირველი ვარიანტი

12-დან 15 წლამდე

 

პირველი დღე

საუზმე: წიწიბურას რძიანი ფაფა (უცხიმოდ და უშაქროდ) – 100 გრამი; ქათმის ან ინდაურის გრილზე შემწვარი ფილე – 150 გრამი

მეორე საუზმე: ფინჯანი რძე და მსხვილად დაფქული რუხი პურის ორცხობილა – 20 გრამი

სადილი: ბარდის სქელი წვნიანი, მსხვილად დაფქული რუხი პურის ორცხობილა – 20 გრამი, ყველის ნაჭერი – 50 გრამი, 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი

სამხარი: ნატურალური იოგურტი ან მაწონი -150 გრამი, 1 ცალი ვაშლი

ვახშამი: ქერქიანად გამომცხვარი 1 ცალი კარტოფილი მწვანილით, პომიდვრითა და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით

 

მეორე დღე

საუზმე: შვრიის ან ბრინჯის რძიანი ფაფა და ოდნავ დამტკბარი ჩაი

მეორე საუზმე: ნატურალური იოგურტი ან მაწონი -150 გრამი, 1 ცალი ვაშლი

სადილი: წითელი სამარხვო ბორშჩი – 150 გრამი, მოხარშული ქათმის ფილე _ 150 გრამი

სამხარი: ფინჯანი კეფირი და თაფლიანი ორცხობილა

ვახშამი: მოშუშული ბოსტნეული და ფინჯანი რძე

 

მესამე დღე

საუზმე: 150 გრამი სპაგეტი ყველითა და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, ჩაი

მეორე საუზმე: ფინჯანი რძე და თაფლიანი ორცხობილა

სადილი: ვინეგრეტი მაიონეზის გარეშე (ზეითუნის ზეთით) – 150 გრამი, მოხარშული ქათმის ფილე – 150 გრამი, პომიდვრის წვენი

სამხარი: ნებისმიერი თხილეული – 40 გრამი

ვახშამი: გრილზე შემწვარი თევზი და ბოსტნეულის სალათა

 

მეოთხე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მსხვილად დაფქული რუხი პურის ორცხობილა ცოტაოდენი კარაქით და ფორთოხლის ნატურალური წვენი

მეორე საუზმე: ბანანი

სადილი: მოხარშული ძროხის ან ხბოს ხორცი – 200 გრამი, უმი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით – 150 გრამი, ჩირის კომპოტი

სამხარი: ხილი (არჩევით) – 2 კივი ან 3 მანდარინი ან 1 ფორთოხალი

ვახშამი: ხაჭო – 150 გრამი, 1 კოვზი თაფლი და ფინჯანი რძე

 

მეხუთე დღე

საუზმე: შვრიის ან ბრინჯის რძიანი ფაფა და ოდნავ დამტკბარი ჩაი

მეორე საუზმე: ნატურალური წვენი და ორცხობილა უცხიმო ლორით

სადილი: 1 კოვზ ზეითუნის ზეთში ჩაშუშული ქათმის ფილე და ბოსტნეული – 250 გრამი

სამხარი: ვაშლი

ვახშამი: მუნდირში გამომცხვარი 1 ცალი კარტოფილი ყველით (250 გრამი).

მეექვსე დღეს დაასვენეთ _ მიირთვას ყველაფერი, რაც სურს, ოღონდ ცოტ-ცოტა.

 

მეორე ვარიანტი

16-დან 18 წლამდე

 

პირველი დღე

საუზმე: ოდნავ დამტკბარი ჩაი ან სუსტი ყავა, თაფლიანი და ყველიანი ორცხობილა, 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი

მეორე საუზმე: ნატურალური იოგურტი ან მაწონი – 150 გრამი, 1 ცალი ვაშლი

სადილი: სპაგეტი – 150 გრამი, ახალი ბოსტნეულის სალათა 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით -150 გრამი

სამხარი: ფინჯანი უცხიმო კეფირი

ვახშამი: გრილზე შემწვარი თევზი – 150 გრამი, ფინჯანი პომიდვრის წვენი

 

მეორე დღე

საუზმე: ხაჭო სხვადასხვა ხილის ჩირით – 200 გრამი, ფინჯანი თაფლიანი რძე

მეორე საუზმე: ნატურალური იოგურტი ან მაწონი -150 გრამი;

სადილი: მოხარშული ქათმის ფილე – 150 გრამი, ჩაშუშული კომბოსტო და ყაბაყი – 150 გრამი

სამხარი: 1 ცალი ვაშლი ან მსხალი;

ვახშამი: ქერქიანად გამომცხვარი 1 ცალი კარტოფილი პომიდვრითა და ტკბილი წიწაკით

 

მესამე დღე

საუზმე: წიწიბურას რძიანი ფაფა უცხიმოდ და უშაქროდ – 150 გრამი, ჩაი ან ყავა

მეორე საუზმე: ფინჯანი უცხიმო კეფირი და ნებისმიერი თხილეული – 40 გრამი

სადილი: ნახევარი გრეიპფრუტი, მოხარშული ბრინჯი სოკოსთან ერთად, თევზი – 150 გრამი, ორცხობილა და უცხიმო ყველი – 30 გრამი

სამხარი: ერთი ცალი ფორთოხალი

ვახშამი: უცხიმო ხაჭო და არაჟანი გარგარის ჩირთან ერთად – 200 გრამი, ფინჯანი რძე.

 

მეოთხე დღე

საუზმე: 2 კვერცხის ომლეტი ყველით, მსხვილად დაფქვილი რუხი პურის ორცხობილა, ჩაი ან ყავა

მეორე საუზმე: იოგურტი და ვაშლი

სადილი: წითელი სამარხვო ბორში – 150 გრამი, მოხარშული ძროხის ხორცი 150 გრამი

სამხარი: უცხიმო კეფირი – 150 გრამი

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით – 200 გრამი, ფინჯანი რძე

 

მეხუთე დღე

საუზმე: შვრიის ან ბრინჯის რძიანი ფაფა და ოდნავ დამტკბარი ჩაი ან ყავა

მეორე საუზმე: ორცხობილა უცხიმო ყველით და 1 ცალი პომიდორი

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი – 200 გრამი; ქათმის ფილე – 150 გრამი, კეფირი – 100 გრამი

სამხარი: იოგურტი

ვახშამი: ფოლგაში გამომცხვარი თევზის ფილე სანელებლებით – 200 გრამი

 

მარი აშუღაშვილი

თამარ არქანია

გვანცა გოგოლაძე

ნინო ბაზერაშვილი

 

გააზიარე: