თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ
გააზიარე:
გიყვართ ექსტრიმი? გსურთ, ნახოთ ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები, გაეცნოთ მთის ტრადიციებს, მიირთვათ დამბალ-ხაჭო და ხაჭო-ერბო, ეზიაროთ ყველაზე ვრცელი დაცული ტერიტორიის მშვენიერებას? თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, ისღა დაგრჩენიათ, სალაშქროდ აღიჭურვოთ და თუშეთისკენ გაუდგეთ გზას. ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ყველაზე, ყველაზე
ჩვენი სტატიის შესავალი, ცოტა არ იყოს, ტურისტული სააგენტოს სარეკლამო განცხადებასავით ჟღერს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით – თუშეთში მართლაც ყველაფერია, რაც ასე ხიბლავთ ლაშქრობის, მოგზაურობის, ფოკლორის და უბრალოდ სილამაზის მოყვარულებს. ჩვენი სიტყვების დასტურად რამდენიმე ფაქტიც კმარა:
* თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა (რომელსაც ძნელად თუ დაარქმევთ საავტომობილოს) მსოფლიოს ყველაზე სახიფათო და ექსტრემალური გზების ტოპათეულში შედის.
* თუშეთი საქართველოს ის ნაწილია, რომელიც მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და ევროპის ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიად ითვლება.
* თუშეთის ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემური სახეობაა, ხოლო 11 მათგანი მხოლოდ საქართველოში მოიპოვება.
* საქართველოში ერთადერთი დაცული ლანდშაფტი ფუნქციონირებს და ეს თუშეთის ლანდშაფტია, რომლის შექმნაც ამ უნიკალური სოფლების ტრადიციული იერსახის შენარჩუნებამ განაპირობა.
* თუშეთში რომ მოხვდეთ, საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელი – აბანოს უღელტეხილი უნდა გადაიაროთ, რომელიც ზღვის დონიდან 2926 მეტრზე მდებარეობს.
მივემგზავრებით თუშეთში
თუშეთის შეცნობა გზიდანვე იწყება, სწორედ იმ გზიდან, რომელზე გავლასაც სუსტი გულის პატრონები ნამდვილად ვერ შეძლებენ. ვიწრო სერპანტინი ციცაბო ფერდობებს მიუყვება. აქ ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდს ვერც კი აუქცევს, ამიტომ ნატრობ, შემხვედრი მანქანა არ გამოჩნდეს, რომ თვალუწვდენელ უფსკრულში გადაჩეხვას გადაურჩე. თუმცა ირგვლივ ისეთი სილამაზეა, ისეთი ენით აუწერელი მშვენიერება, რომ ძნელია, ცდუნებას გაუძლო და ვერტმფრენით მგზავრობას დათანხმდე. ეს ხიფათით აღსავსე და მომნუსხველი სილამაზის გზა სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალომდე მიდის. აბანოს უღელტეხილი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვეა გახსნილი და ამ ხნის განმავლობაშიც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისგან. ადგილობრივი მოსახლეობა მის გადავლას ივლის-სექტემბერში გვირჩევს.
სანამ გზაში ვართ, მოდი, თუშეთის შესახებ მოგიყვებით.
ეს ულამაზესი კუთხე საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრზე მდებარეობს, სოფლები კი 1900-დან 2400 მეტრამდე სიმაღლეზეა გაშენებული. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი ესაზღვრება, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთი, დასავლეთით – ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი.
თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა: პირიქითა, გომეწრის, წოვათას და ჩაღმის თემებად. სწორედ ჩაღმის თემს ეკუთვნის თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალო.
მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული კუთხე უამრავი ხევითაა დაღარული, საიდან ჩამონადენი წყლებიც თუშეთის ორ მთავარ მდინარეში – პირიქითა ალაზანსა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანში – იყრის თავს. ეს ორი მდინარე სოფელ შენაქოს მახლობლად ერთმანეთს ერთვის, სცდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გაივლის დაღესტანს და კასპიის ზღვაში ჩაედინება.
თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰექტარია.
თუშეთის ტყეების საერთო ფართობი 32000 ჰექტარს შეადგენს. აქ შეხვდებით ტყის ტიპებს, რომლებიც სხვაგან თითქმის არსადაა აღნუსხული: არყნარ-ფიჭვნარს სუბალპური ბალახეულით, ბუჩქნარიან არყნარ-ცაცხვნარს, დეკიან ფიჭვნარს და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე ხარობს, რაც კავკასიისთვის უნიკალურია.
თუშეთში ნახავთ უამრავ პატარა ტბას, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობისაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავესთან) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს შეხვდებით შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებთან. კალოანის ხევის სათავესთან მდებარე მყინვარული წარმოშობის ტბა მთელი წელი გაყინულია.
თუშეთის ტერიტორიაზე ჭაობებსაც წააწყდებით, რომლებიც პატარა ტბების დაშრობის შედეგად უნდა იყოს გაჩენილი.
თუშეთში უხვადაა სამკურნალო-მინერალური წყლები. ჩიღოს წყალი ძალიან მარილიანია და ქლორიდებს შეიცავს. ვეძის გორის ძირას გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი. ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლარსა და ჭონთიოსთან ტუტე მარილიანი წყლები მოედინება. ომალოსთანაც ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლია. დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში რკინის შემცველი წყაროები დის.
მდიდარი და მრავალფეროვანია თუშეთის ცხოველთა სამყაროც. აქ შეხვდებით ნიამორს, არჩვს, აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს, ირემს, შველს. მელასა და მგელს ყველგან ნახავთ, მათ შორის – ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაც. ასევე ხშირად წააწყდებით მურა დათვის კვალს. თუშეთში მრავლად ბინადრობს ფოცხვერიც.
ველურ ბიომრავალფეროვნებასთან ერთად, თუშეთი მდიდარია შინაურ ცხოველთა ჯიშებითაც. რეგიონი სამი ენდემური ჯიშის წარმოშობის კერაა. ესენია მუხლმაგარი თუშური ცხენი (რომლით გასეირნებასაც აქვე შემოგთავაზებენ), მეცხვარის ერთგული თანაშემწე – ქართული ნაგაზი და თუშური ცხვარი.
თუშეთი მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. ამ მხარის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩებით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვიათი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალას ნახვაც შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულებს, მთის მწყერჩიტებსა და წითელფრთიან კლდეცოციებს შეხვდებით. თუშეთის მიუვალი კლდეები ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება.
თუმცა თუშეთის მთავარი სამკაული არც მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვანი სამყაროა და არც თვალწარმტაცი ბუნება – ის მიმზიდველია, უწინარესად, ძველი სოფლები და ნასოფლარებით, რომელთა უმრავლესობაში დღემდეა შემონახული გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკები.
ჭონთიო, ჰეღო, ნაკუდართა, ინდურთა, წარო, ეთელთა, საგირთა, შავწყალა – ეს ის სოფლებია, რომლებიც XIX საუკუნის მიწურულს დაიცალა და ისტორიული იერი დაკონსერვებული სახით შემოინახა. ყველა ამ სოფელში ნახავთ თუშურ კოშკებს. ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თავშესაფრებს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და ლეკების თავდასხმების დროს. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება.
თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველესი დროიდანვე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებს ფუტკრის სკის ყაიდის ნაგებობებიც, რომლებიც ასე მრავლადაა ამ მხარეში.
აი, გზაც მიილია. უკვე ომალოში ვართ. აქედან, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, აგეურთა-დიკლო-შენაქოს მხარეს წახვიდეთ, ალპურ მდელოებს დიკლოს მთისკენ გაუყვეთ და დაღესტნის სასაზღვრო გალავნის – ბაცი-ბუცის ქედს გახედოთ. თუ გზას სონეხის მთისკენ გააგრძელებთ, მისი წვერიდან თუშეთის ოთხივე ხეობას და 14 სოფელს დაინახავთ. ომალოდან შეგიძლიათ გაუყვეთ ხოშანეს ხევს, ოღონეს მეცხვარეთა სადგომი გაიაროთ და ორეთში მწვანედ მოხასხასე ტბა უძირო ნახოთ, ორეთიდან კი მთელ თუშეთს მოავლოთ თვალი – მწვერვალ თებულოდან დიკლოს მთამდე.
ომალოდან პირიქითის გზას თუ დაადგებით, სალოცავ სახეოდან ბილიკი ულამაზეს სოფელ დოჭუმდე მიგიყვანთ. აქ თუშური არქიტექტურის ულამაზეს ნიმუშებს ნახავთ – სამსართულიან სახლებს, დარბაზებსა და საქვაბეს. თუ დართლოსკენ წახვალთ, ჯერ თუშეთის სავიზიტო ბარათად ქცეული ეს სოფელი გაგაოცებთ და მოგხიბლავთ, პირამიდისებურად რომ შეფენილა მთაზე, მერე – მის თავზე წამომართული კვავლო. მერე შემოგხვდებათ ჭეშო და ფარსმა და თუ ნაყაიჩოს უღელტეხილს გადაივლით, გომეწრის ხეობაში აღმოჩნდებით. აქ შეგიძილიათ სოფელ ვერხოვანში გაჩერდეთ ან წოვათის ნასოფლარებისკენ გააგრძელოთ გზა. ფარსმიდან გირევისკენ თუ წახვალთ, ნაკუდართას, ჰეღოს, დაქიურთას და სასაზღვრო სოფელი ჭონთიოსაც მოინახულებთ.
როცა ამ ყველაფერს ნახავთ და განიცდით, გაეცნობით თუშთა მომთაბარე და რომანტიკულ ცხოვრების წესს, დაესწრებით საზაფხულო ხატობა-დღეობებს, მოისმენთ გარმონზე დამღერებულ თუშურ სიმღერებს და თუში ქალების მოქსოვილ ნაბად-ფარდაგების სიჭრელით მოინუსხებით, მიხვდებით, რატომ ვერ უძლებენ სტუმრები ცდუნებას, კვლავ და კვლავ ესტუმრონ ამ საოცარ მხარეს.
მათთვის, ვინც თუშეთს პირველად უნდა ეწვიოს
ახლა კი თქვენს ყურადღებას ისეთ დეტალებზე შევაჩერებთ, რომელთა ცოდნაც აუცილებელია თუშეთის სტუმრებისთვის.
* თუშეთში ღორი ტაბუდადებული ცხოველია, ამიტომ ღორის მწვადების შეწვას თუშეთის ტერიტორიაზე არ გირჩევთ.
* თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ბენზინ გასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, პურის საცხობი, ბანკი`ბანკომატი და სხვა.
* გირჩევთ, აუცილებლად წაიყოლოთ თბილი ტანსაცმელი, მოხერხებული სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და სამთო-საველე აღჭურვილობა.
ახლა კი – მოკლედ იმ მარშრუტების შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ადგილების სანახავად (აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ მარშრუტზე დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდიან ვიზიტორთა ცენტრში, რომელიც სოფელ ქვემო ომალოში მდებარეობს. აქვე ცხენებისა და კვალიფიციური გამყოლის დაქირავებასაც შეძლებთ).
1. მარშრუტი “ვიზიტორთა ცენტრი”. მარშრუტის სახეობა – საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 3 სთ; მარშრუტის სიგრძე – 1 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი.
2. მარშრუტი “კესელო-ქუე”. მარშრუტის სახეობა – საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 8 სთ; მარშრუტის სიგრძე – 10 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი.
3. მარშრუტი “ორეთი”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო, საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 2 დღე; მარშრუტის სიგრძე – 18 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
4. მარშრუტი “სიყვარულის ციხე”. მარშრუტის სახეობა – საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 5 სთ; მარშრუტის სიგრძე – 8 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
5. მარშრუტი “დიკლო”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო, საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 3 დღე; მარშრუტის სიგრძე – 34 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
6. მარშრუტი “დიკლო”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 3 დღე; მარშრუტის სიგრძე – 34 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
7. მარშრუტი “დართლო-კვავლო”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო, საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 1 დღე; მარშრუტის სიგრძე – 13 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
8. მარშრუტი “გონთაი”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო, საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 1-2 დღე; მარშრუტის სიგრძე – 36 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
9. მარშრუტი “წოვათა”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 5 დღე; მარშრუტის სიგრძე – 80 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
10. მარშრუტი “დოჭუ”. მარშრუტის სახეობა – საცხენოსნო, საფეხმავლო; მოგზაურობის ხანგრძლივობა – 2 დღე; მარშრუტის სიგრძე – 22 კმ; ფუნქციონირების პერიოდი – ივნისი-სექტემბერი.
ნინო ბაზერაშვილი