ხევსურეთი – საქართველოს მთების მშვენება
გააზიარე:
თუ ლაშქრობის სიყვარულით უკვე მოიწამლეთ, გვინდა, გაგახაროთ – დადგა ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ტურების სეზონი. დროა, საქართველოს მთიანეთს ეწვიოთ და მისი ენით აუწერელი სილამაზით დატკბეთ.
ამჯერად მეგზურობას ხევსურეთში გაგიწევთ. მხარეში, რომელიც არაერთხელ მოხვედრილა არა მარტო ქართველი მოლაშქრეების, არამედ მსოფლიო მოგზაურების ყურადღების ცენტრში.
ხევსურეთის დალაშქვრა რამდენიმე მარშრუტითაა შესაძლებელი. თქვენი ნებაა, რომელს აირჩევთ.
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი
სანამ უშუალოდ მარშრუტებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით ხევსურეთის ღირშესანიშნავ ადგილებს, მის ფლორასა და ფაუნას გააგცნობთ.
ხევსურეთი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზეა შეფენილი. მას სწორედ კავკასიონის ქედი ყოფს ორად: ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარედ, რომელიც პირიქითა ხევსურეთის სახელითაა ცნობილი და სამხრეთ-დასავლეთ მხარედ, რომელსაც პირაქეთა ხევსურეთს უწოდებენ.
პირიქითა ხევსურეთი მიღმახევის, შატილისა და არხოტის ხეობებისგან შედგება, პირაქეთა ხევსურეთი კი არაგვის ხეობაშია განლაგებული.
ხევსურეთში, კერძოდ, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, არაერთი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლია, რომლებიც ქართული ყოფითი კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენს. ოდესღაც ისინი საქართველოს საზღვრის დაცვასაც ემსახურებოდა. ეს ძეგლებია ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი, არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორის აკლდამები...
ჰავა და კლიმატი ხევსურეთში არაერთგვაროვანია. პირიქითა ხევსურეთი ზღვის დონიდან 2800-4500 მ სიმაღლეზეა და ალპურ ზოლს ეკუთვნის. აქ მთელი წლის განმავლობაში ცივა. ზამთარი
სუსხიანია, თოვლიან-ყინვიანი. იანვრის ტემპერატურა -12°-დან -18°-მდე აღწევს. გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა – ადრე. ზაფხული გრილია (ივლისის საშუალო ტემპერატურა +10°-დან
+14°-მდეა), ხანმოკლე და ნესტიანი. პირაქეთა ხევსურეთში საშუალო წლიური ტემპერატურა +11 გრადუსია. ზაფხული თბილია, შემოდგომა – მზიანი.
ხევსურეთის მთის კალთები ფოთლოვანი ტყეებითაა შემოსილი. პირაქეთა ხევსურეთში ხარობს მუხა, ვერხვი, წიფელი, დგნალი, ტირიფი, მურყანი, არყი, ცაცხვი, ცირცელი, კაკალი, მსახალი, ვაშლი, ტყემალი, თხილი, ბალი, თელა, ღვია, ფიჭვი, უთხოვარი. პირიქითა ხევსურეთი ტყით შედარებით ღარიბია, თუმცა მის ზედა ნაწილში მაინც შეხვდებით ფიჭვსა და არყს, შედარებით
ქვემოთ კი – ცაცხვს, ცირცელს, დგნალს, თელას, კირცხალას, ქორაფს, იფანს... ამ მხარეში მრავლადაა სუბალპური და ალპური მდელოები.
ხევსურეთის კლდე-ტყეებში უამრავი ფრინველი ბუდობს: არწივი, სვავი, ყაჯარი, ბორა, იხვი, მტრედი, შაშვი, ჩხიკვი, ოფოფი, ყვავი, ბუ, მერცხალი, ქეროზა, პრანწია, მადოულიკა, კუდიტრისა, მწყერი, ტოროლა, როჭო, შურთხი, კაკაბი, ძერა, ორბი, სამურია, კუდბეჭედა. ცხოველებიდან გავრცელებულია მგელი, დათვი, ტურა, მელა, კურდღელი, კვერნა, მაჩვი, ტყის კატა, ციყვი, კინდოლი, ავაზა, არჩვი, ჯიხვი.
შატილი, ანატორის აკლდამები, მუცო
სანამ მარშრუტს შეარჩევდეთ, საკუთარი შესაძლებლობები გათვალეთ. თუ ლაშქრობის დიდი გამოცდილება არ გაგაჩნიათ, რთულ მარშრუტს ნუ შეეჭიდებით. იმისთვის, რომ ყველა საინტერესო ადგილი მოინახულოთ და სრულყოფილად დატკბეთ ხევსურეთის მშვენიერებით, გირჩევთ, გამყოლის ან გიდის მომსახურებით ისარგებლოთ.
ახალბედა მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაცადი მარშრუტი შატილი-ანატორის აკლდამები-მუცოა.
მოგზაურობა შატილიდან იწყება (აქვე გეტყვით, რომ შატილისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, დილის 9 საათზე, სამგორის მეტროსადგურთან არსებული ავტოსადგურიდან გადის).
პირველი აღფრთოვანება ჯერ კიდევ შატილისკენ მიმავალ გზაზე დაგეუფლებათ, როცა საკუთარი თვალით იხილავთ ხევსურეთის თვალუწვდენელი მთების სიდიადეს, თუმცა თავად შატილთან შედარებით ეს შთაბეჭდილება არაფერია. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. ციხე-ქალაქი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა საქართველოში ჩრდილოეთიდან შემომავალ ბილიკებს. ციხე-ქალაქის კიდეებს ერთმანეთთან მიჯრით ნაგები ციხე-სახლების რიგი მიუყვება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანისა და ბუნების ხელს ერთად აღუმართავს მიუვალი კედელი, რომელიც საიმედო ფარად ადგას შატილს.
გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაზე გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. განაშენიანება ტერასულია. სოფელში ბრტყელსახურავიანი შენობები და კოშკური საცხოვრებლები ჭარბობს. სოფელს შენობებს შორის, მთელ სიმაღლეზე, მიუყვება ვიწრო ქვის კიბე. სახლებს შორის აქა-იქ შემორჩენილია ფიცარნაგებით შეკრული გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევისას მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად იყო შესაძლებელი.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.
შემდეგი გაჩერება ანატორის აკლდამებია. ნასოფლარი შატილიდან სამ კილომეტრზე მდებარეობს. ანატორის სალოცავი წარმართულ და ქრისტიანულ რწმენათა საოცარ შერწყმას წარმოადგენს. შატილის უძველესი მოსახლეობა ანატორის ჯვრის ყმა იყო, თავად ანატორის ჯვარი კი ხევსურეთში წმინდა ნადირის – ჯიხვის, არჩვის, შვლისა და სხვათა – მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. ანატორის ჯვარი ქისტების სალოცავიც იყო. მისი ნიში ქისტურ სოფელ ჯარეგოშიც იდგა.
ანატორის ნასოფლარი მოიცავს ერთმანეთთან მიჯრით ნაგებ, ქვის სიპებით თავშეკრულ აკლდამებს. გადმოცემით, ეს აკლდამები იმ ანატორელებს ეკუთვნით, რომლებიც ერთ-ერთი მათგანის მიერ ანატორის ჯვართან უდიერი მოპყრობის გამო ჟამს გაუწყვეტია.
ანატორის აკლდამების შემდეგ მუცოს უნდა ეწვიოთ. სოფელი მდინარე არდოტის წყალთან – არღუნის მარჯვენა შენაკადთან – მდებარეობს. სამწუხაროდ, დღეს მუცოში მხოლოდ ერთი ოჯახი სახლობს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი თავისი არქიტექტურითა და გაუმეორებელი ბუნებრივი სილამაზით დღემდე აოცებს მნახველს. მუცოში ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევებია შემორჩენილი. ნაგებობებს შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკიცაა.
მუცო ორ ძირითად ნაწილად იყოფა. ზედა ნაწილში უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი მდებარეობს, შედარებით ქვემოთ კი – ახალი დაიაურთ უბანი. გადმოცემით, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ხატისთვის შეწირულ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, საგანძური დღესაც ინახება მუცოს სიახლოვეს, მაღალ მთებში, და რჩეულს ელის.
ხევსურეთის დალაშქვრის გამოცდილი მსურველებისთვის რამდენიმე შედარებით რთული მარშრუტიცაა შემუშავებული, მაგრამ გახსოვდეთ, ხევსურეთში ლაშქრობისას საკუთარი თავისა და გამძლეობის იმედი უნდა გქნონდეთ. საავტომობილო გზა აქ თითქმის არ არსებობს, ასე რომ, თუ სათანადო გამოცდილება არ გაგაჩნიათ, რთულ ტურს ნუ შეეჭიდებით.
ჯუთა-როშკა-დათვისჯვრის უღელტეხილი 41-კილომეტრიანი მარშრუტია, რომელიც ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მდებარე სოფელ ჯუთიდან იწყება. სვლას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განვაგრძობთ. გზას ჭაუხის კლდოვან მასივამდე მივყავართ, სადაც ხევსურეთის უმაღლესი მწვერვალი ასათიანი (3842 მ ზღვის დონიდან) მდებარეობს. შემდეგ ჭაუხის ქედის თხემს ჩრდილოეთიდან შემოვუვლით. როდესაც მასივს ჩრდილოეთით მოვექცევით და დაახლოებით 2900 მეტრის სიმაღლეზე აღმოვჩნდებით, დაახლოებით 300-მეტრიანი აღმართის ავლის შემდეგ ქედის გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭაუხის უღელტეხილისკენ (3338 მ ზღვის დონიდან) გავემართებით, საიდანაც ულამაზესი პანორამა იშლება. აქედან მოჩანს ჭაუხის მასივის სამხრეთი ნაწილი, ყაზბეგის მწვერვალი, არხოტისთავისა და საძელეს უღელტეხილები, აბუდელაურის მცირე მყინვარული ტბები (2650 მ ზღვის დონიდან). ქედიდან ტრასა ქვემოთ ეშვება, მდინარე აბუდელაურის ხეობას მიუყვება და სოფელ როშკასთან მიდის. როშკის ცენტრიდან მარშრუტი მდინარე აბუდელაურზე გადებული პატარა ხიდით სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში გადადის და აღმოსავლეთით მიემართება. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ხევსურეთის არაგვს მივაღწევთ. აქედან ტრასა დასავლეთით იღებს გეზს, გადაკვეთს მცირე წარაფს და სოფელ ჭიემდე (1900 მ ზღვის დონიდან) მიდის. დაახლოებით სამ კილომეტრზე ლურჯი ტრასა ქედზე ადის, თითქმის 2300 მეტრ სიმაღლეზე. ჭიედან 11 კილომეტრის გავლის შემდეგ კი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე აღმოჩნდებით. კიდევ სამი კილომეტრის გავლის შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილს (2676 მ ზღვის დონიდან) მიადგებით, საიდანაც გაუყვებით შატილისაკენ მიმავალ მთავარ გზას.
არაგვის ხიდი-როშკა-საძელეს უღელტეხილი – ეს 17-კილომეტრიანი მარშრუტი შედარებით მარტივია, თანაც გარკვეულ მანძილზე გრუნტის გზას მიჰყვება და როშკამდე ჯიპითაც კი შეიძლება
მისვლა. როშკიდან გზას ჩრდილო-დასავლეთით უნდა გაუყვეთ – როშკის ხევის გასწვრივ ტაფობამდე, რომელიც საძელეს უღელტეხილის ძირშია. აქედან შედარებით ციცაბო აღმართი იწყება, რომელსაც საძილეს უღელტეხილამდე მივყავართ. უკან იმავე გზას გამოვუყვებით და როშკამდე ჩამოვალთ.
ხიდი არაგვზე-აყნელი-სანაღელეს უღელტეხილი-გუდანი-ჭიე – ეს 8-კილომეტრიანი მარშრუტი ერთდღიანი, მსუბუქი და ადვილად დასაძლევია. ლაშქრობა არაგვის ხიდიდან იწყება, პატარა ხიდამდე ეშვება და საშუალო სიხშირის ტყით დაფარულ ფერდობს მიუყვება. რამდენიმე ასეული მეტრის ავლის შემდეგ გუდან-ატაბეს გზას მიადგებით, საიდანაც ჯერ სოფელ აყნელისკენ, მერე კი სანაღელეს უღელტეხილისკენ გაემართებით. უღელტეხილიდან მარშრუტი სამხრეთით, გუდანისკენ უხვევს, გუდანიდან გამოსული, კვეთს მთავარ გზას და მდინარე გუდანისჭალას. დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის გავლის შემდეგ კი სოფელ ჭიეს მიაღწევთ.
რა თქმა უნდა, ხევსურეთში მდებარე, სალაშქრო ადგილები ჩვენ მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე სოფლითა და ძეგლით არ შემოიფარგლება, მაგრამ, იმედი გვაქვს, ერთგვარი შთაბეჭდილება
შეგექმნათ და, რაც მთავარია, სურვილი გაგიჩნდათ, მოინახულოთ ეს უმშვენიერესი მხარე.
დაბოლოს, ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ:
* ხევსურეთში სალაშქროდ მკვიდრი მოსახლეობისგან შეგიძლიათ ცხენები დაიქირაოთ. ერთი ცხენის დაქირავება 50 ლარი ღირს.
* ხევსურეთში არ არის რესტორანი, მაგრამ თუ ტრადიციული კერძების გასინჯვა გსურთ, შეგიძლიათ, შატილში, კორშაში ან მაღაროსკარში ე. წ. სასადილო სახლებს ეწვიოთ.
* გაითვალისწინეთ: ხევსურული ტრადიციით, სალოცავთან ხმაური აკრძალულია. ქალებს წმინდა ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.
* პირაქეთა ხევსურეთში კარგი დასაბანაკებელი ადგილებია სოფელ ხახმატთან, დათვისჯვრისა და როშკის სიახლოვეს, პირიქითა ხევსურეთში – კისტან-ლებაისკარში, შატილში (არღუნის მიდამოებში), მუცოს, მარდოტის მახლობლად და სხვა.
ნინო ბაზერაშვილი