წითელი ღვინო – ჯანმრთელობის ელექსირი

გააზიარე:

წითელი ღვინის სასარგებლო თვისებების შესახებ ლეგენდები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ჩვენი წინაპრები მას დღეგრძელობისა და ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნევდნენ. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ერთი ჭიქა წითელი ღვინის ყოველდღიურ მიღებას დღესაც ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს. მოდი, გავიგოთ, რას გვეუბნება თანამედროვე კვლევები – ნამდვილად აქვს ამ მოსაზრებას სამეცნიერო საფუძველი თუ ეს მხოლოდ ლამაზი მითია?

 

რა არის

წითელი ღვინო მუქი ფერის ყურძნის დაწურვისა და მისი ფერმენტაციის შედეგად მიიღება. ფერმენტაციის დროს ყურძნის წვენში შემავალი ბუნებრივი შაქრები ალკოჰოლად გარდაიქმნება. ეს პროცესი ძირითადად თავისთავად მიმდინარეობს განსაზღვრულ ტემპერატურულ გარემოში, თუმცა ზოგჯერ ღვინის მწარმოებლები მის დასაჩქარებლად დაწურულ ყურძენს სპეციალურ საფუარსაც ამატებენ. ფერმენტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ხდება ღვინის დაძველება ქვევრში, უჟანგავი ლითონის ჭურჭელში, მუხის კასრში.

წითელი ღვინის არაერთი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ფერითა და გემოვნური თვისებებით განსხვავდება. მსოფლიოში გავრცელებული წითელი ღვინის სახეობებია შირაზი, მერლო, კაბერნე სოვინიონი, შავი პინო და სხვა. საქართველო, როგორც მეღვინეობის დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა, მდიდარია წითელი ღვინის სახეობებით. ჩვენში გავრცელებული ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული წითელი ღვინოებია ქინძმარაული, საფერავი, ხვანჭკარა, მუკუზანი... წითელ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 12-15%-ია. დადგენილია, რომ წითელი ღვინის ზომიერ მიღებას, მძლავრი ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

 

მთავარი ფლაგმანი

მთავარი მოქმედი პირები, რომელთა საშუალებითაც წითელი ღვინო თავის სასარგებლო თვისებებს ავლენს, მასში შემავალი ანტიოქსიდანტები, იგივე ანტიდამჟანგავებია. ანტიქოსიდანტები ხელს უშლის ორგანიზმში ჟანგვითი რეაქციების მიმდინარეობას და აფერხებს უჯრედების დაბერებასა და დაზიანებას. წითელ ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები, არაერთი სასარგებლო თვისებითაა ცნობილი. ამ ნივთიერებათაგან გამოირჩევა რესვერატროლი. ის ყურძნის კანში მოიპოვება, საიდანაც ღვინოში გადადის. მას შესწევს უნარი, ებრძოლოს ანთებით პროცესებს, თრომბების წარმოქმნას, შეამციროს სიმსივნური პროცესების განვითარების რისკი, მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია. საცდელ ცხოველებში რესვერატროლმა სიცოცხლის გახანგრძლივების უნარი გამოავლინა. მას შეუძლია გაააქტიუროს გენები, რომლებიც დაბერების პროცესს აფერხებს.

თვითონ ყურძნის ან მისი წვენის მიღება რესვერატროლის მიღების კიდევ ერთი გზაა. წითელი და შავი ყურძნის ნატურალურ წვენს გულის ჯანმრთელობისთვის წითელი ღვინის მსგავსი სარგებლობის მოტანა შეუძლია. რესვერატროლს სხვა მცენარეებიც შეიცავს, მათ შორის – მიწის თხილი, შავი და წითელი მოცვი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ისევე სასარგებლოა თუ არა ყურძენი ან რესვერატროლის შემცველი სხვა ხილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც წითელი ღვინო. ნიადაგისა და კლიმატური პირობების თავისებურებათა გამო საკვებსა და წითელ ღვინოში რესვერატროლის შემცველობა შესაძლოა სხვადასხვა იყოს. ზოგიერთი მკვლევარი რესვერატროლის საკვები დანამატის სახით მიღებასაც უწევს რეკომენდაციას. ამ საკვები დანამატის მიღებით გამოწვეული ზიანი კვლევებს ჯერჯერობით არ გამოუვლენია. თუმცა დანამატის სახით რესვერატროლის უმეტესი ნაწილის ათვისება ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია.

 

წითელი თუ თეთრი?

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ მაინცდამაინც წითელი ღვინო, რატომ თეთრი არა, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

მთავარი განსხვავება, რა თქმა უნდა, მათ მისაღებად გამოყენებული ყურძნის ფერი და ჯიშებია. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში მათი დაყენების მეთოდებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, თეთრი ევროპული ტიპის ღვინის მისაღებად ყურძნის ნაწურს თავიდანვე ან მალევე აცლიან კანს, კურკებსა და ღეროებს და ასე ახდენენ მის ფერმენტაციას. ამის შედეგად ყურძნის კანში არსებული რესვერატროლი ღვინოში ვეღარ გადადის. წითელი ღვინის ფერმენტაცია კი ბოლომდე კანთან, კურკებსა და ღეროებთან ერთად ხდება, ამიტომ ყველა სასარგებლო ნივთიერება, რომლებსაც ყურძნის ეს კომპონენტები შეიცავს, ხვდება ღვინოშიც. ამ ნივთიერებებს თეთრი ღვინოც შეიცავს, მაგრამ გაცილებით ნაკლებს.

თეთრი და წითელი ღვინოები ერთმანეთისგან ენერგეტიკული ღირებულებითაც განსხვავდება. ერთი ჭიქის შემადგენლობა ასეთია:

 

               

როგორც ცხრილიდან ჩანს, ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა წითელ ღვინოში ოდნავ უფრო მაღალია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი ღვინო ნაკლები კალორიულობით გამოირჩევა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წითელი ღვინო უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

 

წითელი ღვინო და ჯანმრთელობა

კვლევები მოწმობს, რომ წითელ ღვინოს ჩვენი ორგანიზმის დაცვა და არაერთი დაავადების პრევენცია შეუძლია.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ადამიანებს, რომლებიც დღეში დაახლოებით 150 მლ წითელ ღვინოს იღებენ, გულის დაავადებათა განვითარების 32%-ით დაბალი რისკი აქვთ.

წითელ ღვინოს შეუძლია:

* გაზარდოს სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL), იმავე "კარგი" ქოლესტეროლის დონე;

* შეამციროს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), იმავე "საშიში" ქოლესტეროლის დონე და ამით არტერიების დაზიანების პრევენცია მოახდინოს;

* ხელი შეუშალოს სისხლში თრომბების წარმოქმნას;

* გააუმჯობესოს ენდოთელიუმის (სისხლძარღვების ამომფენი შრის) უჯრედების ფუნქცია.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებსი ორგანიზმში, რომლებიც დღეში 1-2 ჭიქა წითელ ღვინოს სვამდნენ, HDL-ის ანუ სასარგებლო ქოლესტეროლის დონემ 4 კვირაში 11-16%-ით მეტად მოიმატა, ვიდრე მათ ორგანიზმში, ვინც ღვინის ნაცვლად წყალს ან წყლისა და ყურძნის ექსტრაქტის ნაზავს იღებდა.

წითელი ღვინო სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უკვე ემუქრება გულის პათოლოგიების მაღალი რისკი, მაგალითად, ხანში შესულთათვის. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ დღეში 1-2 ჭიქა წითელი ღვინის კვირაში 3-4-ჯერ მიღებას შეუძლია, შუახნის მამაკაცებთან ინსულტის განვითარების რისკი შეამციროს. ერთმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ დღეში 2-3 ჭიქა დეალკოჰოლიზებული (ალკოჰოლგამოცლილი) წითელი ღვინო არტერიულ წნევას არეგულირებს. წითელი ღვინის ზომიერი მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს.

 

ნერვული სისტემა

კვლევებმა აჩვენა, რომ წითელ ღვინოს ტვინის უჯრედების ასაკობრივი განლევისა და ცვეთის პროცესების შენელება შეუძლია. ამის მიზეზიც, სავარაუდოდ, მასში შემავალი რესვერატროლისა და მისი მსგავსი ნივთიერებების ანტიანთებითი და ანტიოქსიდაციური მოქმედებაა. რესვერატროლმა ასევე გამოავლინა უნარი, შეაფერხოს ცილოვანი ნაერთების – ბეტა-ამილოიდების – ფორმირება. სწორედ ბეტა-ამილოდების ფორმირების პროცესი ასრულებს გადამწყვეტ როლს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში. მკვლევართა თქმით, დღეში 1-3 ჭიქა წითელი ღვინის მიღება ამცირებს დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

 

გუნება-განწყობილება

შუხნისა და ხანში შესულ ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მას, ვინც კვირაში 2-7 ჭიქა წითელ ღვინოს იღებს, დეპრესიის შედარებით დაბალი ალბათობა აქვს.

 

ონკოლოგიური დაავადებები

კვლევების თანახმად, წითელი ღვინის ზომიერ მიღებას ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის შემცირებაც შეუძლია, მათ შორის – კოლინჯის, საკვერცხეებისა და პროსტატის სიმსივნეებისა. დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ წითელი ღვინის მომხმარებლებში ფილტვის კიბო შედარებით იშვიათია. ფართომასშტაბიანი კვლევები ჩატარდა კიბოს სამკურნალოდ რესვერატროლის გამოყენების ეფექტურიანობასთან დაკავშირებითაც, თუმცა შედეგები ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა.

 

ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტი

დღეში 2 ჭიქა დეალკოჰოლიზებული წითელი ღვინის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს ინსულინრეზისტენტობა და მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წითელ ღვინოს არა მხოლოდ დიაბეტის რისკის შემცირება, არამედ მის გართულებათა თავიდან აცილებაც შეუძლია.

 

ძვალსახსროვანი სისტემა

ერთი კვლევის თანახმად, წითელი ღვინის მომხმარებლებს ლუდის მომხმარებლებთან შედარებით დაბალი აქვთ ოსტეოართრიტის განვითარების რიკი. მკვლევრები ფიქრობენ, რომ რესვერატროლს შესწევს ხრტილების დაზიანების პრევენციის უნარიც, რის გამოც მას სახსრების ტკივილის შემცირება შეუძლია.

 

ზედმეტი ალკოჰოლი

აშკარაა, რომ წითელ ღვინოს დიდი სარგებლობა მაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ოქროს გასაღები, რა თქმა უნდა, მისი ზომიერი მიღებაა. უნდა გვახსოვდეს რომ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას შეუძლია, ჯანმრთელობას გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს. უპირველეს ყოვლისა, ის დამოკიდებულებას იწვევს. მისი რეგულარული და ხშირი მიღება შესაძლოა ალკოჰოლიზმის განვითარების საფუძველი გახდეს. ჭარბი ალკოჰოლი არათუ არ ამცირებს, არამედ საგრძნობლად ზრდის ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარების რისკს. გარდა ამისა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება საფუძვლად უდევს:

* ღვიძლის ციროზსა და პანკრეასის დაავადებებს – კვლევები მოწმობს, რომ ალკოჰოლის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად ზრდის ციროზის განვითარების ალბათობას, ციროზი კი ღვიძლის დაზიანების შორს წასული, სიცოცხლისთვის საშიში ფორმაა;

* ინსულტსა და გულის შეტევებს;

* ნაადრევ სიკვდილიანობას;

* არტერიულ ჰიპერტენზიას;

* ზოგიერთი ტიპის სიმსივნეს;

* ავტოსაგზაო შემთხვევებს, ძალადობას, აგრესიას, სუიციდს;

* წონის მატებასა და სიმსუქნეს. ბევრ სასარგებლო ნივთიერებასთან ერთად წითელი ღვინო შეიცავს თითქმის ორჯერ მეტ კალორიას, ვიდრე თუნდაც ლუდი ან ტკბილი გაზიანი სასმელები. მისმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ მიღებამ შესაძლოა წონის მნიშვნელოვან მატებამდე მიგვიყვანოს.

* დეპრესიას. დადგენილია, რომ ალკოჰოლის რეგულარულ მომხმარებლებს დეპრესიული მდგომარეობის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე არამსმელებს;

* იმუნური სისტემის სისუსტეს.

 

როდის იკრძალება

თავი არიდეთ ალკოჰოლიანი სასმელების, მათ შორის – წითელი ღვინის მიღებას, თუ:

* ხართ ორსულად;

* გაქვთ ალკოჰოლიზმის პირადი ან ოჯახური ისტორია;

* გაქვთ ალკოჰოლის მოხმარებასთან ასოცირებული ღვიძლის ან პანკრეასის რომელიმე პათოლოგია;

* გაქვთ გულის უკმარისობა;

* ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემის გამო მუდმივად იღებთ რომელიმე მედიკამენტს, განსაკუთრებით – ასპირინს.

ალკოჰოლის მოხმარების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ კონკრეტულად თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური რჩევებისთვის მიმართეთ ექიმს.

 

რამდენი?

თუ წითელ ღვინოს სვამთ, ზომიერება არ დაგავიწყდეთ. ეს ნიშნავს:

* დღეში არა უმეტეს 1 ჭიქისა – ყველა ასაკის ქალებისთვის;

* დღეში არა უმეტეს 1 ჭიქისა – 65 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის;

* დღეში არა უმეტეს 2 ჭიქისა – 65 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის.

მამაკაცებისთვის წითელი ღვინის მოხმარების შედარებით მაღალი ლიმიტი იმით არის განპირობებული, რომ ფიზიოლოგიურად მათი წონა ქალებთან შედარებით მეტია და მათ ალკოჰოლის მეტაბოლიზმისთვის საჭირო უფრო მეტი ფერმენტი აქვთ.

ასევე რეკომენდებულია, კვირაში 1-2 დღე წითელი ღვინის მიღებისგან შევისვენოთ.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: