ორსულობა და წამალი – ორმაგი საფრთხე, ორმაგი სიფრთხილე

გააზიარე:

 

ორსულობის ტესტი ორ ხაზს აჩვენებს? გიხაროდეთ – ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ხაზია. ეს ხაზები იმის დასტურია, რომ ამიერიდან ორნი ხართ და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ორმაგად გმართებთ.

როდესაც საქმე კვებას, ფიზიკურ აქტიურობას, ძილ-ღვიძილს, დასვენებას ეხება, თითქოს ყველაფერი ნათელია. მაგრამ რა ვუყოთ წამლებს? გავაორმაგოთ მათი მიღება თუ, პირიქით, ორმაგად შევზღუდოთ? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გირჩევთ, ინტერვიუ გაორმაგებული ყურადღებით წაიკითხოთ.

გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, თამარ კეზელი.

– ლათინური დევიზი “ჯერ დაფიქრდი და მერე იმოქმედე” საუკეთესოდ მიესადაგება ორსულობისა და ლაქტაციის დროს წამლის გამოყენებას. ორსულობისა  და ლაქტაციის პერიოდში წამალი ერთდროულად მოქმედებს ორ ორგანიზმზე – ორსულსა და ნაყოფზე, დედასა და ჩვილზე, ამიტომ ის ძალზე ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ.

მოგეხსენებათ, ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია და უმეტესად გაურთულებლად მიმდინარეობს, ამიტომ ორსულთა დიდ ნაწილს წამალი საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც წამლის გამოყენება აუცილებელია. 9 თვე საკმაოდ ბევრი დროა და ჯანმრთელი ორსულიც შეიძლება რაიმე პრობლემას შეეჯახოს – გაცივდეს, ტემპერატურამ აუწიოს, სურდოს გამო სუნთქვა გაუძნელდეს... ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც კი სჭირდება. სხვაგვარადაა საქმე, როდესაც ქალს დაორსულებამდე აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება – მაგალითად, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა – და წამალს მუდმივად იღებს. ამ შემთხვევაში ექიმს უხდება მკურნალობის რეჟიმის კორექცია, წამლის დოზის შეცვლა, ზოგჯერ – თავად მედიკამენტისაც, ამიტომ ქრონიკულ ავადმყოფებთან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის დაგეგმვას – ეს საგრძნობლად ამცირებს გართულებებისა და უსიამოვნებების რისკს.

– როგორ მოქმედებს ორსულობისას მიღებული წამლები, რატომ არის საჭირო ასეთი სიფრთხილე მათ მიმართ?

– მთავარი ის გახლავთ, რომ დედის მიერ მიღებულმა წამალმა შესაძლოა ნაყოფზეც იმოქმედოს. ამ კუთხით განასხვავებენ სამგვარ ზემოქმედებას: ემბრიოტოქსიკურს, ტერატოგენურს და ფეტოტოქსიკურს. უშუალო ზემოქმედებასთან ერთად წამალმა შესაძლოა შეცვალოს პლაცენტის ფუნქციაც, მაგალითად, შეავიწროოს სისხლძარღვები და დედასა და შვილს შორის აირებისა და საკვები ნივთიერებების მიმოცვლა დაარღვიოს ან პროვოცირება გაუწიოს მიომეტრიუმის – საშვილოსნოს კუნთების – შეკუმშვას, რაც ნაყოფის ჰიპოქსიას – ჟანგბადოვან შიმშილს – გამოიწვევს.

– რას ნიშნავს ემბრიოტოქსიკურობა, ტერატოგენურობა და ფეტოტოქსიკურობა? რაზეა დამოკიდებული, როგორი ზემოქმედება ექნება წამალს?

– მთავარი ფაქტორი, რომელზეც წამლის ზემოქმედებაა დამოკიდებული, ორსულობის ვადაა.

არსებობს პრეპარატების მთელი წყება, რომელთა მიღებდან 6 თვის განმავლობაში ჩასახვას ქალიც და მამაკაციც უნდა ერიდონ. მათ რიცხვში შედის კორტიკოსტეროიდები, ციტოტოქსიკური საშუალებები, რეტინოიდები, ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი.

ადამიანის ორგანიზმი ძალიან კარგად არის მოწყობილი – სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა, ბოლო მენსტრუაციიდან დაახელოებით 11 დღის განმავლობაში, ნაყოფზე წამლის ზემოქმედება “სულ ან არაფერი” პრინციპს ექვემდებარება. ესე იგი ჩანასახი ან დაიღუპება (სწორედ ამას გულისხმობს ემბრიოტოქსიკური ზემოქმედება), ან წამალი მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

მე-11 დღიდან მე-3 კვირამდე იწყება ორგანოგენეზის – ჩანასახის ორგანოთა ჩამოყალიბების – პერიოდი. ტერატოგენულ მოქმედებას წამალი სწორედ ამ პერიოდში ამჟღავნებს და ნაყოფის სიმახინჯებს იწვევს.

გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ამ გავლენას საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. ყველაფერი პრეპარატ ტალიდომიდით დაიწყო. ეს მედიკამენტი 1954 წელს გერმანიაში შექმნეს. 1956 წელს მისი შემქმნელი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელმა წამალი თავის ორსულ ცოლს მისცა, რადგან იცოდა, რომ ტალიდომიდი აუმჯობესებდა ძილს. რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლ-ქმარს უყურო გოგონა გაუჩნდა. მაშინ ეს ფაქტი ტალიდომიდთან არავის დაუკავშირებია. 1959 წელს ტალიდომიდი 46 ქვეყანაში გავრცელდა. ის შეიქმნა როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ორწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მას არ ჰქონდა ანტიკონვულსიური მოქმედება, სამაგიეროდ, პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი მიღების შემდეგ უკეთ ეძინათ, ამიტომ ლიცენზია მოიპოვა და სხვადასხვა კომბინირებული პრეპარატის – ასთმის, სურდოს, ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების – შემადგენლობაში შევიდა. ასე გავცელდა ტალიდომიდი მთელ ევროპაში. ამავე ეფექტის გამო ის ძალზე პოპულარული გახდა ორსულებში. მალევე, 1961 წელს, ევროპაში ტერატოგენობამ იფეთქა – 10 000-მდე ბავშვი სხვადასხვა სიმახინჯით დაიბადა და გერმანელმა და ავსტრალიელმა ექიმებმა ერთდროულად მიაქციეს ყურადღება ტალიდომიდთან მიზეზშედეგობრივ კავშირს. 1970 წელს დასრულდა სასამართლო, რომელმაც მწარმოებელ კომპანიას მსხვერპლთა მატერიალური დახმარება დააკისრა. სწორედ აქედან დაიწყო წამლის რეგისტრაციის დროს ტერატოგენული ეფექტის გათვალისწინება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ამერიკის მარეგულირებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრენსის ქეისლიმ, ბევრი იბრძოლა, რომ ტალიდომიდი ამერიკის ბაზარზე არ შესულიყო და მაღწია კიდეც, რის გამოც თანამემამულებმა მას მოგვიანებით ბიუსტი დაუდგეს.

ორსულობის მე-4-დან მე-9 კვირამდე მიღებული წამლები, პლაცენტური ბარიერი რომც გადალახონ, ნაყოფის სიმახინჯეებს აღარ იწვევენ, მაგრამ იწვევენ ორგანოებისა და ქსოვილების ზრდაში ჩამორჩენას და, შესაბამისად, მათი ფუნქციის დარღვევას. მე-9 კვირიდან მშობიარობამდე კი წამლის გავლენა ფეტოტოქსიკურია – ის ნაყოფის მეტაბოლიზმზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე, მენტალურ ფუნქციაზე ტოვებს კვალს.

ტალიდომიდის ტრაგედიის შემდეგ შვეიცარიელებმა წამლის უსაფრთხოების პირველი კლასიფიკაცია შექმნეს, მაგრამ ის სრულყოფილი არ იყო. ორ წელიწადში FDA-მ – ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგანტომ – შეიმუშავა სხვა კლასიფიკაცია, რომელმაც უფრო მოიკიდა ფეხი. ჩვენც უმთავრესად აღნიშნული კლასიფიკაციით ვსარგებლობთ. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, წამლები A, B, C, D და X ჯგუფებად იყოფა. A ჯგუფის წამლები ორსულებისთვის უვნებელია. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ძალზე შეზღუდულია – ამ ჯგუფში სულ სამი პრეპარატი: პარაცეტამოლი, ფოლიუმის მჟავა და რეჰიდრატაციული პერორალური ხსნარები, – ხვდება. B ჯგუფი (ინგლისური სიტყვიდან Best – “საუკეთესო”) ორსულთათვის საუკეთესოა, ვინაიდან დამტკიცებულია, რომ ნაყოფზე არასასურველ გავლენას არ ახდენს. C ინგლისურ სიტყვა Caution-ს შეესაბამება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საფრთხე არსებობს. ამ ჯგუფის წამლებთან აუცილებელია რისკის შეფასება. D ჯგუფი სახიფათოა (Danger), ესე იგი არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს წამლები ნაყოფზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება X ჯგუფის წამლებს, ორსულობის პერიოდში მათი მიღება მკაცრად იკრძალება.

ზოგიერთ წამალს ორი კატეგორია აქვს მინიჭებული. მაგალითად, A და C. ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულობის სხვადასხვა პერიოდში ის სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნება: მე-3 ტრიმესტრისთვის – A-ს, მაგრამ პირველისთვის – C-ს.

– რომელი წამალი შეიძლება მიიღოს ორსულმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე?

– მე მიმაჩნია, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი წამლის მიღება არ შეიძლება. თვითმკურნალობა ყველაზე მავნეა. მითია, თითქოს მცენარეული საშუალებები სრულიად უვნებელი იყოს. მცენარეული წარმოშობის წამლებიც შეიცავს ქიმიურ მოლეკულებს, რომლებსაც მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია. მცენარეული წარმოშობისაა გლიკოზიდები, რომლებიც გულს აჩერებს, ოპიოიდები – მორფინი და ჰეროინი, რომელთა მავნე თვისებები საყოველთაოდაა ცნობილი, ატროპინი, რომელიც ძლიერი შხამია. ასე რომ, “ბალახეული” არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უვნებელს. და კიდევ – აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორსულობისას ვიტამინებით გატაცებაც დაუშვებელია.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ვიტამინების მიღებაც ჩვენებისამებრ უნდა მოხდეს. ვიტამინი უვნებელი საშუალებები არ არის და თუ უკონტროლოდ მივიღეთ, შესაძლოა, ნაყოფსაც კი ავნოს. თავად განსაჯეთ: კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და სხვა სიმახინჯეები ხშირად A ვიტამინის სიჭარბის ფონზე ვითარდება, C ვიტამინი, რომელიც ასეთი უსაფრთხო გვგონია, ქრომოსომულ დეფექტებს იწვევს და ა.შ. ერთადერთი ვიტამინი, რომელიც ორსულმა შეიძლება რუტინულად, ყოველგვარი ჩვენების გარეშე მიიღოს, ფოლიუმის მჟავაა. მისი მიღება განსაკუთრებით საჭიროა იმ პერიოდში, როდესაც წამლები ტერატოგენულ ეფექტს ამჟღავნებს, ვინაიდან ამ დროს უჯრედები ინტენსიურად მრავლდება, ნებისმიერ უჯრედს კი გამრავლებისთვის ფოლიუმის მჟავა სჭირდება. მით უმეტეს, ხსენებულ პერიოდს ხშირად ახლავს თან ტოქსიკოზი და ორსული საკვებთან ერთად სათანადო რაოდენობის ფოლიუმის მჟავას ვერ იღებს. არც ერთი სხვა წამალი, არც ქიმიური სინთეზის გზით მიღებული, არც მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობისა, ორსულმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღოს.

– ვიტამინებისა არ იყოს, არცთუ იშვიათია ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობაც, განსაკუთრებით – გაციების დროს. რა გავლენას ახდენს ანტიბიოტიკები ორსულობაზე?

– მთავარი შეცდომა, რაც მოსახლეობას და არცთუ იშვიათად ექიმებსაც მოსდით, გაციების დროს ანტიბიოტიკების დანიშვნაა. არც ერთ ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკი არ სჭირდება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიობიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიაზე! არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია საუბრის ცალკე თემაა, ორსულობის პერიოდში ნებადართული ანტიბიოტიკების ჩამონათვალი კი არცთუ დიდია. საზოგადოდ, ანტიბიოტიკების ზემოქმედების მექანიზმი უჯრედულ ფუნქციებზე ზემოქმედებას უკავშირდება. ზოგი უჯრედული კომპონენტი ბაქტერიებს და ადამიანებს მსგავსი გვაქვს, ამიტომ ანტიბიოტიკებმა შესაძლოა იმოქმედოს დნმ-ს, ცილების სინთეზზე, მეტაბოლიზმზე და ა. შ. ამიტომ ანტიბიოტიკებიც, ისევე როგორც სხვა წამლები, რამდენიმე ჯგუფად იყოფა. A და B ანუ უსაფრთხო ჯგუფებს მიეკუთვნება ე.წ. კედლის სინთეზის ინჰიბიტორები – პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ცეფალოსპორინები. ბაქტერიის უჯრედს კედელი აქვს, ადამიანისას კი მემბრანა, ამიტომ კედლის სინთეზის დამთრგუნველი პრეპარატები ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არც მათი მიღება შეიძლება. ერთია მოქმედების მექანიზმი, მეორე კი დოზა და ხანგრძლივობა, რომელსაც ასევე შეუძლია, წამლის ეფექტი შეცვალოს.

ფთორქინოლონები ძალიან საშიშია ორსულისთვის – დნმ-ს ჯაჭვზე მოქმედებს, ამიტომ შესაძლოა, ტერატოგენული გავლენა მოახდინოს და ართროპათია გამოიწვიოს.

საშიშია საქართველოში ბისეპტოლის სახელით ცნობილი ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაციაც, ვინაიდან ძვლის ტვინის სისხლმბად ფუნქციას აქვეითებს და ნაყოფზეც ტერატოგენულ გავლენას ახდენს.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტეტრაციკლინები ხელს უშლის ნაყოფის ჩონჩხის განვითარებასა და ზრდას, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში ჩანასახოვან კბილებს ყვითლად ღებავს.

ამინოგლიკოზიდები, განსაკუთრებით – სტრეპტომიცინი, სმენისა და ვესტიბულური ფუნქციის დარღვევას იწვევს.

საქართველოში ლევომიცეტინის სახელით არის ლევომიცეტინის სახელით ცნობილი ქლორამფენიკოლი დედის ორგანიზმში ანემიას იწვევს, ნაყოფისაში კი – ნაცრისფერი ახალშობილის სინდრომს. საქმე ის არის, რომ ახალშობილს არ გააჩნია ამ პრეპარატის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტი, წამალი მის ორგანიზმში გროვდება და იწვევს ჰიპოტენზიას (არტერიული წნევის დაქვეითებას), სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო ციანოზს (ტუჩების, ფრჩხილებისა და კანის სილურჯეს), იშვიათად – სიკვდილსაც კი.

– რატომ ცვლიან ორსულობისას წამლის დოზას და, საზოგადოდ, რაზეა ის დამოკიდებული?

– ორსულობისას მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრების გამო წამლის ფარმაკოკინეტიკა სრულიად იცვლება. ფარმაკოკინეტიკა – ეს არის წამლის გზა ორგანიზმში მოხვედრიდან გამოყოფამდე. არსებობს ოთხი ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პროცესი: 1. წამალი უნდა შეიწოვოს, 2. სისხლთან ერთად გადაადგილდეს და მიაგნოს სამიზნეს, 3. გარდაიქმნის ადვილად გამოსაყოფ ნაერთებად და 4. ამა თუ იმ გზით ორგანიზმიდან გამოიყოს. ორსულობა ოთხივე პროცესზე ახდენს გავლენას:

* საინჰალაციო წამლების შეწოვა იზრდება, ტაბლეტებისა, კაფსულებისა, დრაჟეებისა, პირიქით, მცირდება; მცირდება რექტალური გზით შეყვანილი წამლის შეწოვაც მენჯზე ნაყოფის ზეწოლის გამო; კანქვეშ შეყვანილი მედიკამენტები პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება, ცხიმში ხსნადი წამლები კი, პირიქით, ცხიმისკენ გადანაწილდება და ერთგვარ დეპოებს ქმნის, ვინაიდან ორსულობის დასასრულისთვის კანქვეშა ცხიმი 3-5 კგ-ითაა მომატებული.

* შეწოვის შემდგომ წამლის პიკური კონცენტრაცია ქვეითდება. ხშირად სისხლში იკლებს ალბუმინების კონცენტრაცია, წამლის ტრანსპორტირებას კი სწორედ ალბუმინი ახდენს. მისი დაქვეითება იწვევს წამლის თავისუფალი, ალბუმინთან დაუკავშირებელი ფრაქციების მატებას, ეს კი სახიფათოა, ვინაიდან თავისუფალი წამალი უფრო აქტიურია და უფრო ადვილად გადადის ქსოვილებში, ვიდრე ალბუმინთან დაკავშირებული. ამასთან, რაც უფრო დიდია ორსულობის ვადა, მით უფრო მეტია ქალის ორგანიზმში სითხე. პრაქტიკულად, ჩნდება მესამე წყლოვანი საკანი და, ამის კვალობაზე, წამლის გადანაწილებაც იზრდება, რის გამოც პლაზმაში ვეღარ იქმნება მაღალი კონცენტრაცია.

* მეტაბოლიზმი ჩქარდება. ჩქარდება თირკმელების მიერ წამლის გამოყოფაც – ორსულობასთან დაკავშირებული კარდიოვასკულური ცვლილებების გამო თირკმელში უფრო მეტი სისხლი გაივლის, ფილტრაციაც თითქმის 70%-ითაა მომატებული, რაც წამლის ნახევარდაშლის პერიოდს ამოკლებს.

ორსულობის ეს ფარმაკოკინეტიკური გავლენა ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დოზირების რეჟიმის შერჩევისას.

– ალბათ, იცვლება წამალთაშორისი ურთიერთქმედებაც...

– რა თქმა უნდა, იცვლება და ესეც გასათვალისწინებელია. ორსულობისას განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ რამდენიმე წამლის ერთდროულად დანიშვნას, რადგან ორი მათგანი მაინც თუ ახდენს ფარმაკოკინეტიკურ გავლენას ერთმანეთსა და ნაყოფზე, მათი ერთდროული მოქმედება შესაძლოა ძალზე საშიში აღმოჩნდეს. მაგალითად, ერთს შესაძლოა ნაყოფზე 20%-იანი ზემოქმედება ჰქონდეს, მეორეს – 30%-იანი, მაგრამ ერთად 100%-იან ზემოქმედებად იქცეს.

– შესაძლოა თუ არა, ორსულობისას არასწორად ჩატარებული თერაპიის შედეგებმა მოგვიანებით იჩინოს თავი?

– წამლის გვერდითი ეფექტები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ერთი მათგანია D კატეგორია, ინგლისური სიტყვიდან Delay, რაც სწორედ დაგვიანებულ გვერდით ეფექტებს ნიშნავს. მაგალითად, თუ ორსულობისას დედა ესტროგენებს იღებდა, 14 წლისთვის ბიჭს – სათესლის, გოგონას კი ვაგინალური კიბოს განვითარების რისკი ემუქრება. საბედნიეროდ, დაგვიანებული გვერდითი ეფექტები ცოტაა, მაგრამ ანამნეზის შეკრებისას ორსულობის დროს დედის მიერ მიღებულ წამლებს სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ.

სამედიცინო ეთიკა უფლებას არ იძლევა, წამლის კლინიკური კვლევა ორსულებზე ჩატარდეს. შესაბამისად, ორსულობის პერიოდში წამლის არასასურველი გავლენა მხოლოდ სკრინინგის გზით შეიძლება გამოვლინდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შვედეთში, უპსალაში, აქვს გვერდითი ეფექტების შემსწავლელი ცენტრი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იყრის თავს ინფორმაცია არასასურველი ეფექტების შესახებ, ხდება მონაცემების დეტალური შესწავლა და წამალთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა, ამიტომ აუცილებელია, ყველა არასასურველი მოვლენა უპსალის ცენტრს ეცნობოს.

– როგორია რეკომენდაციები ლაქტაციის პერიოდში?

– სარძევე ჯირკვალი წამლის ერთ-ერთი გამომყოფი ორგანოა. ეს იმას ნიშნავს, რომ რძეში იქმნება წამლის განსაზღვრული კონცენტრაცია და ამ წამალს ძუძუს წოვისას ახალშობილიც იღებს. საბედნიეროდ, წამლების უმრავლესობა იმდენად მცირე კონცენტრაციით გადადის რძეში, რომ ახალშობილზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღება ლაქტაციის პერიოდში მკაცრად იკრძალება. ამ წამლების შესახებ მკურნალი ექიმი ქალს აუცილებლად გააფრთხილებს. საზოგადო რეკომენდაცია კი ასეთია – წამლის ფარმაკოკინეტიკის მიხედვით უნდა დავიცვათ ინტერვალი წამლის მიღებასა და ბავშვის კვებას შორის. წამლების ნახევარდაშლის პერიოდი უმეტესად 6-8 საათია, ამიტომ მათი მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ ახალშობილის კვება უკვე შეიძლება, პიკის მომენტში კი უმჯობესია რძე გამოიწუროს და გადაიღვაროს.

– წამლის შეყვანის გზას თუ აქვს მნიშვნელობა?

– რა თქმა უნდა, აქვს. ორსულებსა და მეძუძურ ქალებთან უპირატესობა ადგილობრივ ფორმებს ენიჭება, ვინაიდან გარეგანი გამოყენებისას სისხლში უფრო ნაკლები ხვდება და რისკიც შესატყვისად მცირდება. სამწუხაროდ, ყველა პრეპარატის ადგილობრივი ფორმა არ არსებობს, მაგრამ იქ, სადაც არის შესაძლებელია, სისტემური მედიკამენტი ადგილობრივით შეიცვლოს, უმჯობესია, ეს უკანასკნელი გამოვიყენოთ.

– დაბოლოს, რა ზოგად რეკომენდაციებს მისცემდით ორსულებს?

– მაქსიმალურად ერიდონ წამლის მიღებას, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში.

ერიდონ ყოველგვარ არააპრობირებულ წამალს – მცენარეული წარმოშობის, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რომლებიც სათანადოდ შესწავლილი არ არის.

მინიმუმამდე დაიყვანონ წამლების რაოდენობა.

ეცადონ, დაიცვან მონოთერაპიის პრინციპი – “ერთი წამალი ერთ დაავადებას”.

არ შეიძლება ტერატოგენული მოქმედების ორი წამლის ერთდროული გამოყენება.

მიიღონ წამლები მინიმალური ეფექტური დოზითა და ხანგრძლივობით.

აკრძალონ თვითმკურნალობა.

გვანცა გოგოლაძე

 

 

 

გააზიარე: