ეს მოწამვლა არ არის, მხოლოდ ფერმენტების დეფიციტია დისაქარიდაზების უკმარისობა

გააზიარე:

ნახშირწყლები ადამიანისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მაგრამ ხდება ისეც, რომ დისაქარიდების შემცველი საკვების – რძის, ტკბილეულის, სოკოს და სხვათა – მიღების შემდეგ მოწამვლის ნიშნები: შებერილობა, კუჭის აშლილობა, მუცლის ძლიერი ტკივილი, – იჩენს თავს. რა თქმა უნდა, ეს მოწამვლა არ არის. უსიამოვნო სიმპტომები ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტების – დისაქარიდაზების – უკმარისობის ბრალია.

ამ მდგომარეობის შესახებ თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიული ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვესაუბრება.

 

– ნახშირწყლებს რამდენიმე ჯგუფად: მონოსაქარიდებად, დისაქარიდებად და პოლისაქარიდებად, – ყოფენ. გლუკოზა და ფრუქტოზა, მაგალითად, მონოსაქარიდებია. დისაქარიდების ჯგუფში შედის ლაქტოზა – რძის შაქარი, საქაროზა – ლერწმის შაქარი, მალტოზა – ბადაგის შაქარი და ტრეჰალოზა – სოკოს შაქარი. პოლისაქარიდების კლასიკური მაგალითია სახამებელი, რომელიც განსაკუთრებით ბევრია კარტოფილსა და ხორბლის ფქვილში.

დისაქარიდებს მონოსაქარიდებად ნაწლავებში გამომუშავებული ფერმენტები – დისაქარიდაზები შლის.

 

  • რძის აუტანლობა

– ზოგი ბავშვის დედა ამჩნევს, რომ მის შვილს ხშირად ეშლება კუჭი, უგროვდება აირები, ებერება მუცელი, ჭირვეულობს; ზრდასრული ადამიანები აღნიშნავენ, რომ რძის დალევა ცუდად ხდით – მუცლის მოვლითი ტკივილები ეწყებათ, განავალი უთხელდებათ, გულისრევის შეგრძნება უჩნდებათ... ამ უსიამოვნებათა მიზეზი ლაქტაზის – რძის შაქრის დამშლელი ფერმენტის – დეფიციტია.

ლაქტოზა კლასიკური დისაქარიდია. ის რძეს ოდნავ მოტკბო გემოს აძლევს და მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა, მაგრამ ზემოხსენებული პრობლემის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ვერ ინელებს.

ფერმენტი ლაქტაზა წვრილი ნაწლავის უჯრედის, ენტეროციტის, კედელზეა ლოკალიზებული (ამიტომ არის, რომ დისაქარიდის მონოსაქარიდად დაშლას კონტაქტურ, მემბრანულ მონელებასაც უწოდებენ). მისი მეშვეობით ლაქტოზა ორ მონოსაქარიდად – გლუკოზად და გალაქტოზად – იშლება.

ლაქტაზის დეფიციტი შესაძლოა თანდაყოლილიც იყოს და შეძენილიც. ამ დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობას ლაქტოზისადმი ინტოლერანტობას უწოდებენ.

დადგენილია, რომ კავკასიელებს ლაქტოზისადმი ინტოლერანტობა უმეტესად 5 წლიდან უვითარდებათ, აფროამერიკელებთან კი ის 2 წლიდანვე იჩენს თავს. პრობლემა ძალზე გავრცელებულია აზიელებს (80-100%), აფრიკელებსა და ინდიელებს (70-80%) შორის, ჩრდილ– და დასავლეთევროპელებთან კი გაცილებით იშვიათად გვხვდება (10-20%). საქართველოში ზუსტი სტატისტიკური აღრიცხვა არ ჩატარებულა, მაგრამ თუ გარშემო მყოფებს დაწვრილებით გამოკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ბევრი ვერ იტანს რძეს, არაჟანს, მაწონს, კეფირს, ნაყინს, მათი მიღებიდან ერთი-ორი საათის შემდეგ ეწყება მუცლის ტკივილი, ყურყური და სხვა. მართალია, ეს მდგომარეობა სასიკვდილო არ არის, მაგრამ ძალზე შემაწუხებელი და დამთრგუნველია.

ჩამოთვლილ სიმპტომებს ხშირად კოლიტს აბრალებენ, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. არსობრივად სულ სხვა მდგომარეობაა რძის ალერგიაც, რომელსაც რძეში შემავალი ცილა კაზეინი იწვევს.

საინტერესოა, რომ ლაქტოზისადმი ინტოლერანტობა შესაძლოა განვითარდეს ინფექციური დაავადების, მაგალითად, დიზენტერიის, ნაღვლის ბუშტის, კუჭის, წვრილი ნაწლავის ოპერაციის შემდეგ, ცელიაკიის ან კრონის დაავადების დროს.

ლაქტაზის დეფიციტის მქონე ადამიანთა უმეტესობას თავისუფლად შეუძლია ერთი ჭიქა რძის დალევა – მის შემადგენლობაში შემავალი 10 გრამამდე ლაქტოზა არავითარ უსიამოვნებას არ მოგაყენებთ, ერთ ჭიქაზე მეტმა კი შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.

ნაკლებსარისკოა ყველის, იოგურტის, თხის რძის, ნაყინის, ლაქტოზისგან გაწმენდილი რძის, სოიის ან ბრინჯის რძის მიღება.

ლაქტოზის შემცველი რძის ნაწარმის რაციონიდან ამოღება ცხოვრებას ამსუბუქებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კალციუმის, დ ვიტამინის, რიბოფლავინისა და სხვადასხვა ცილის დეფიციტის თავიდან აცილებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს შეიძლება მოვახერხოთ როგორც მედიკამენტებით, ისე საკვებითაც. მაგალითად, კალციუმით მდიდარია ყველი, მწვანილი, სარდინი, ორაგული, ბროკოლი...

  • ცხოვრება უშაქროდ

ზოგი ვერ ითვისებს საქაროზას – ლერწმისა და ჭარხლის შაქარს. ასეთ ადამიანებს საქარაზის უკმარისობა აქვთ – იმ ფერმენტისა, რომელიც საქაროზას გლუკოზად და ფრუქტოზად შლის (ეს უკანასკნელი ხილის შაქარია და გლუკოზაზე 5-10–ჯერ ტკბილია). არსებობს მალტოზის (ბადაგის შაქრის) დამშლელი ფერმენტის, იზომალტაზის, დეფიციტიც. საქაროზისა და მალტოზის აუტანლობა ხშირად კომბინირებულად გვხვდება. საინტერესოა, რომ მალტოზა სახამებლის შემადგენელი ნაწილია, სახამებელს კი დიდი რაოდენობით შეიცავს მარცვლეული, ასე რომ, მალტაზის უკმარისობის მქონე პირები მარცვლეულსაც ვერ ინელებენ.

ეს პრობლემა ევროპაში 5000-დან ერთ ადამიანს აწუხებს, ხოლო გრელანდიაში, ალასკაზე და კანადაში – თითქმის ყოველ მეოცეს.

საქარაზა-იზომალტაზის თანდაყოლილი უკმარისობის შემთხვევაში დაავადების ნიშნები თავს მაშინვე იჩენს, როგორც კი ჩვილის რაციონში შეიტანენ ხილს, ხილის წვენს ან ფაფას.

ასეთი ადამიანები უნდა ერიდონ შაქარს და მის შემცველ საკვებს: ნამცხვრებს და ტკბილეულს, ასევე – ხილსა და მარცვლეულს. მსუბუქად გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში შეუძლიათ დააკვირდნენ, სახელდობრ რა სწყენთ და უმთავრესად სწორედ ეს პროდუქტი შეზღუდონ.

 

  • სოკოსმიერი განსაცდელი

– ბევრი ძალიან უფრთხის სოკოთი მოწამვლას, მაგრამ შესაძლოა, ერთსა და იმავე სუფრაზე სოკოს კერძი რამდენიმე კაცმა მიირთვას, მოწამვლის ნიშნები კი მხოლოდ ერთს გამოაჩნდეს. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ “მოწამლულს” სინამდვილეში ტრეჰალაზის – სოკოში არსებული დისაქარიდის, ტრეჰალოზის, გადამამუშავებელი ფერმენტის – უკმარისობა აქვს.

ტრეჰალაზა ტრეჰალოზას გლუკოზად შლის. ამ ფერმენტის დეფიციტის მქონე ადამიანებს სოკოს ჭამის შემდეგ მუცელი ებერებათ, კუჭი ეშლებათ, ცივი ოფლი ასხამთ... თუ ადამიანს ტრეჰალაზის უკმარისობა დაუდასტურდა, სოკოს უნდა ერიდოს.

 

  • როგორ ადგენენ

– წინათ გამოკვლევას ასე ვატარებდით: არსებობდა ნახშირწყლების ნაკრები, რომელიც ქიმიური რეაქტივების მაღაზიაში იყიდებოდა; რომელი ნახშირწყლის დამშლელი ფერმენტის ნაკლებობასაც ვეჭვობდით, პაციენტს იმ ნახშირწყალს ვასმევდით. ამასთან, ვზომავდით სისხლში გლუკოზის დონეს ნახშირწყლის მიღებამდე და მისი მიღებიდან 30, 60, 90 წუთის, დასასრულ კი 2 საათის შემდეგ. როგორც აღვნიშნეთ, დისაქარიდი მონოსაქარიდებად იშლება და გლუკოზას წარმოქმნის. თუ ნახშირწყლის მიღების შემდეგ გლუკოზის მაჩვენებელმა 20%-ით მაინც არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში კონკრეტული შაქრის დამშლელი ფერმენტის დეფიციტია.

ახლა თითქმის ყველა ოჯახშია გლუკომეტრი, ამიტომ თუ ადამიანი ეჭვობს, რომ რომელიმე დისაქარიდის დამშლელი ფერმენტის უკმარისობა აქვს, შეუძლია, მიიღოს საეჭვო ნახშირწყალი და მიღებამდე და მიღების შემდეგ ზემოხსენებული სქემით გადაამოწმოს სისხლში გლუკოზის შემცველობა.

მეცნიერული გზა სხვაგვარია. ყველაზე ზუსტ მეთოდად მიიჩნევა წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოფსიით მიღებული მასალის შესწავლა (ბიოფსია ენდოსკოპიურად ტარდება), თუმცა ჩვენში პაციენტები ამაზე იშვიათად თანხმდებიან. არსებობს სასუნთქი ტესტებიც, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა ნახშირწყლისადმი ინტოლერანტობას ადგენენ. მიმართავენ გენეტიკურ ტესტებსაც თანდაყოლილი უკმარისობის დასადგენად. ასევე შეიძლება, პაციენტს გადააყლაპონ ნახშირწყლის იზოტოპური ფხვნილი, რომელიც წყალბადის იზოტოპურ იონებს შეიცავს და ორგანიზმში ამ უკანასკნელთა სიჭარბეს სპეციალური აპარატით დააკვირდნენ.

 

  • ხელოვნური დისაქარიდი

ბოლო ხანს ფარმაკოლოგიაში იყენებენ სინთეზურ დისაქარიდ ლაქტულოზას, რომელიც მრავალი საფაღარათო წამლის შემადგენლობაში შედის.

ვინაიდან ეს ნახშირწყალი ხელოვნურია, მისი დამშლელი ფერმენტი არც ერთი ადამიანის ორგანიზმში არ მოიპოვება. ამიტომ არის, რომ მისი მიღების შემდეგ (0,5–2 საათში) იწყება მეტეორიზმი, თხელდება განავალი და სხვა.

ასეთ პრეპარატებს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ციროზის თანმხლები ენცეფალოპათიის დროს, როდესაც ღვიძლის ანტიტოქსიკური ფუნქციის შემცირების გამო შხამიანი ნაერთები პირდაპირ ტვინში ხვდება. თუმცა ხელოვნური ნახშირწყალი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია – იწვევს აირებს, ყურყურს, ძლიერ დისკომფორტს, შიშს, ფსიქიკურ განცდებს, ამიტომ პირადად მე მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ზემოხსენებული პრობლემების შემთხვევაში საფაღარათო საშუალებად რძე გამოვიყენოთ, მეტადრე – თუ პაცეინტს მისი აუტანლობა აქვს: შედეგს ბუნებრივი საშუალებით მივიღებთ.

 

  • ქართველი მეცნიერები

– აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართველმა ექიმებმა დიდი წვლილი შეიტანეს დისაქარიდაზული უკმარისობის შესწავლაში. აკაკი გახოკიძემ, რომელიც 49 წლისა გარდაიცვალა, ბრწყინვალე ნაშრომები დატოვა. დღესაც კი, მისი გარდაცვალებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მისი ნაშრომები ციტირების ინდექსით მთელ მსოფლიოში ყველაზე წინ არის.

ახალგაზრდა გარდაიცვალა ნუგზარ ხაინდრავაც – შესანიშნავი ექიმი, კოლოსალური მნიშვნელობის ნაშრომების ავტორი, რომელთა დარი ამ სფეროში არც ერთ ექიმს დღემდე არაფერი დაუწერია.

 

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: