როგორ მოვემზადოთ ბაღისა და სკოლისათვის
გააზიარე:
თქვენი პატარა უკვე გაიზარდა და ბაღში ან სკოლაში წასასვლელად ემზადება. დაწესებულება საგულდაგულოდ შეარჩიეთ, რეგისტრაციაც გაიარეთ, შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, წიგნები, რვეულები, სასკოლო ჩანთა... ამ ნუსხას ერთი, შეიძლება ითქვას, მთავარი პუნქტი აკლია – ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა. ამ ფაქტორის უგულებელყოფამ შესაძლოა მთელი სამზადისი წყალში ჩაგიყაროთ.
ფსიქოლოგიური მზაობა მრავალ ნიუანსს ითვალისწინებს, რომელთა ცოდნაც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით გამოგადგებათ. სწორედ ამაზე გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ექიმი ფსიქოთერაპევტი, პედიატრი, სამედიცინო ფსიქოლოგი ლიკა თუშიშვილი.
– როგორ მოვამზადოთ ბავშვი საბავშვო ბაღში წასასვლელად?
– ბავშვი ყოველგვარ სიახლეს მომზადებული უნდა შეხვდეს. ყველა სირთულე, რომელიც საბავშვო ბაღში მისი მიყვანისას იჩენს თავს, სიახლეების შიშითაა გამოწვეული. უცხო გარემო, უცხო რეჟიმი პატარას აშფოთებს. ამიტომ ბაღთან ადაპტაციის მთავარი პრინციპია, საბავშვო ბაღში პატარა რაც შეიძლება ნაკლებ სიახლეს შეეჯახოს. ამისთვის 2-3 თვით ადრე უნდა დაიწყოთ მასთან ბაღზე საუბარი. ესაუბროთ ყოველდღე, რაც შეიძლება ბევრი, აუხსნათ, რა ელის იქ, ვინ დახვდება, რას გააკეთებს, რას ისწავლის, როგორ უნდა მოიქცეს და ა.შ. კარგი იქნება, თავად საბავშვო ბაღიც დაათვალიერებინოთ – აჩვენოთ მისი შენობა, ეზო, სათამაშო მოედანი, გააცნოთ აღმზრდელი. ასეთი გაცნობითი ტური სამ-ოთხჯერ მაინც გაიმეორეთ. ამის შემდეგ ბავშვი ბაღს უცხო გარემოდ აღარ აღიქვამს და იქ მოხვედრა ნაკლებად შეაშფოთებს. შფოთვა სრულიად ვერ გაქრება, ვინაიდან ეს არის ჯანსაღი რეაქცია გარემო ფაქტორებზე, მაგრამ დაბალი ხარისხისა იქნება და პატარას გუნება-განწყობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
მეორე, რაც ბავშვს აშფოთებს, დედასთან განშორება, მასთან კავშირის დარღვევაა, ამიტომ ბაღისთვის მომზადების დროს აქცენტი უნდა დასვათ ე. წ. “მე და შენ კონტაქტზე” – იმაზე, რომ საბავშვო ბაღში სიარული დედისა და შვილის ურთიერთობას ვერ შეცვლის. მაგალითად, უთხარით პატარას: “მე სამსახურში (ან მაღაზიაში) მივდივარ, შენ – ბაღში, საღამოს კი ისევ ერთად ვიქნებით”, ან “შენ ბაღში წახვალ, იქ გაერთობი, ითამაშებ, გაიცნობ ბავშვებს, მერე კი ისევ ერთად ვიქნებით”. ესე იგი უნდა აღნიშნოთ განშორების ფაქტი და წინადადება აცილებლად დაასრულოთ სიტყვებით “ისევ ერთად ვიქნებით”. ასე პატარა ბაღს განშორების მიზეზად აღარ აღიქვამს და მის მიმართ გაუჩნდება არა პროტესტი, არამედ ინტერესი.
ვინაიდან ბავშვს დედის დაკარგვა აშფოთებს, საჭიროა, მისი შფოთვა თავად დედამ განმუხტოს მასთან საუბრითა და თბილი ურთიერთობით. წინა პლანზე უნდა წამოსწიოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის შვილი. ცხადია, ყველა მშობელი ეფერება შვილს, მაგრამ ამ პერიოდში ხაზი სწორედ მის მნიშვნელობას უნდა გაუსვათ. პატარას არ უნდა ეგონოს, რომ ბაღში გაშვებით ის თავიდან მოიშორეს. მან უნდა იგრძნოს, რომ ბაღი მისთვისაა კარგი და სწორედ ამიტომ მიიყვანეს იქ.
– პირველ თვეებში პრობლემებს წარმოშობს საბავშვო ბაღის დღის რეჟიმი, რომელიც ზოგჯერ საგრძნობლად განსხვავდება ბავშვის ცხოვრების ჩვეული რიტმისგან...
– ამიტომ უნდა ეცადოთ, ბაღში მიყვანამდე ბავშვის ცხოვრება ამ რიტმს მიუახლოოთ. განსაკუთრებით აქტიურად – ბოლო ორ თვეს, ვინაიდან ადაპტაციისთვის სწორედ ამდენი ხანია საჭირო. რეჟიმის მიჩვევა გულისხმობს საათობრივ კვებას მაქსიმალურად მიახლოებული რაციონით. ბაღსა და ოჯახში კერძები შესაძლოა ზუსტად ერთნაირი არ იყოს; მთავარია, პატარა ყოველგვარი ტიპის საკვებს მიაჩვიოთ – ბურღულის ფაფას, წვნიანს... ერთი სიტყვით, ბაღის მენიუ მისთვის უცხო არ უნდა აღმოჩნდეს.
რეჟიმის მიჩვევა ძილ-ღვიძილის მოწესრიგებასაც გულისხმობს. პატარებს ზოგჯერ ძალიან უჭირთ დილით გაღვიძება, ზოგს კი შუადღისას ძილი არ უყვარს... ამ შემთხვევაში უნდა ეცადოთ, ბავშვი ბაღის რიტმს მოარგოთ. საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ბაღში სიარული. პირველ ეტაპზე უარყოფით განწყობას სწორედ სიახლეთა შიში იწვევს, შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებ სიახლეს შეეჯახება ბავშვი ბაღში მისვლისას, მით უფრო გაუადვილდება ადაპტაცია.
ადაპტაციის ძალიან კარგი საშუალებაა ბაღის გარემოს გათამაშება, ვინაიდან ამ ასაკში თამაში ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური გზაა. მაგალითად, შეიძლება წამოვიწყოთ როლური თამაშები თოჯინებით. ერთი თოჯინა “მასწავლებელი” იქნება, ერთი – სხვა ბავშვი, ერთიც – თავად თქვენი შვილი. ჰკითხეთ მას, როგორ მოიქცევა, თუ მოსწყურდა ან მეგობარმა სათამაშოს წართმევა დაუპირა და ა.შ. ასე, თამაშ-თამაშით სამოქმედო სქემის წარმოდგენა ბავშვს ბაღთან შეგუებას ძალზე გაუადვილებს.
– პირველი დღეები ბავშვების უმეტესობას მძიმედ გადააქვს...
– ამიტომ წინასწარ მომზადებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ გაატარებთ სააღმზრდელო პროცესის პირველ დღეებს. არსებობს გერმანული მოდელი, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს: დაახლოებით ორი კვირა მშობელი შვილთან ერთად დადის ბაღში, რჩება ჯგუფში, მასთან ერთად თამაშობს, ეკონტაქტება სხვა ბავშვებს... ბავშვი ამ ასაკში სამყაროს დედის პრიზმაში აღიქვამს. როცა ხედავს, რომ დედა თავს კარგად გრძნობს, თავადაც მშვიდდება. დანარჩენი თავად ბავშვზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დაინახეთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ პატარა ხალისით ჩაერთო თამაშში და უცხოობას ვეღარ გრძნობს, შეგიძლიათ, თამამად დატოვოთ ბაღში. თუ არა – ტაქტიკა შეცვალეთ. როგორც კი დაინახავთ, რომ ბავშვი რაღაცით დაინტერესდა, ბაღიდან წამოიყვანეთ, თუნდაც თავად წინააღმდეგი იყოს, თანაც აუცილებლად აუხსენით, რომ საქმე გაქვთ, ამიტომ ბაღში ვერ დატოვებთ. ასევე მოიქეცით მეორე დღესაც. საბოლოოდ ბავშვი თვითონვე შემოგთავაზებთ, თქვენ საქმის მოსაგვარებლად წახვიდეთ, ის კი სათამაშოდ დატოვოთ. ეს ადაპტაციის ძალიან კარგი მოდელია.
– რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ადაპტაცია?
– შევთანხმდით, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში წასაყვანად ნელ-ნელა უნდა მოვამზადოთ. თუ ეს მოსამზადებელი ეტაპი გაიარეთ, ბავშვი კი მაინც ტირის, ყურადღება მიაქციეთ, როგორ ტირის. თუ აღმზრდელი გეუბნებათ, რომ თქვენი წასვლიდან 5-10 წუთის შემდეგ პატარა წყნარდება, იწყებს სხვა ბავშვებთან თამაშს, ერთობა, მის ტირილს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ თუ ბავშვი არ ჩერდება, დათრგუნულია, არ მონაწილეობს თამაშებში და შინაც სხვანაირად იქცევა – მადა დაკარგა, ადრინდელივით ლაღი აღარ არის,, ძილში შფოთავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადაპტაცია არ მოხდა. ასეთ დროს უმჯობესია ბაღში აღარ წაიყვანოთ და ნახევარი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ სცადოთ. ორი თვე მაქსიმუმია. თუ ამ ხნის განმავლობაში ადაპტაცია არ მოხდა, ბავშვი ბაღიდან უნდა გამოვიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფსიქოემოციური დარღვევა განუვითარდეს.
– ბავშვის ბაღში მიყვანა ხშირად დედისთვისაც არანაკლები სტრესია...
– მართალი ბრძანდებით, დედები ზოგჯერ მართლაც ძალიან ღელავენ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დედა-შვილის ფსიქოემოციური კავშირი იმდენად ძლიერია, მშობლის განცდებს ბავშვიც გრძნობს. თუ მან იგრძნო, რომ საბავშვო ბაღში მისი მიყვანისას დედა შფოთავს, ეს თავად ბავშვზეც აისახება. ასე რომ, დედის სიმშვიდე ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს და აადვილებს.
– კიდევ რა შეცდომა შეიძლება მოუვიდეთ მშობლებს ამ პერიოდში?
– ხშირად მშობლები შვილს აკრძალულ წინადადებებს ეუბნებიან. მაგალითად, თუ ბავშვი ჭირვეულობს, თქმა “აღარ მოვალ”, “დაგტოვებ” არამც და არამც არ შეიძლება. ბავშვს ისედაც ეშინია და თუ მშობელმა ამაზე ყურადღება გაუმახვილა, შესაძლოა, შიშები, ღამის ენურეზი, ენკოპრეზი (შარდისა და განავლის შეუკავებლობა) და სხვა აშლილობები განუვითარდეს. “დამღალე”, “თავი ამატკივე”, “აღარ შემიძლია” – ეს წინადადებებიც უნდა ამოიღოთ სიტყვახმარებიდან, მეტადრე – ადაპტაციის პერიოდში. პირიქით, უნდა დაანახოთ შვილს, რომ მისი ბაღში სიარული გახარებთ და გჯერათ, რომ ყველაფერი გამოუვა. გაამხნევეთ ასეთნაირად: “შენ შეძლებ დამოუკიდებლად ჭამას, თამაშს, ხატვას, მერე მაჩვენებ და მე შენით ვიამაყებ”.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სირთულეები ზოგჯერ უფრო ადრინდელი პერიოდით არის განპირობებული. ორ წლამდე დედასა და შვილს შორის არსებული უმნიშვნელოვანესი ფსიქოემოციური ფენომენი, მიჯაჭვულობა, შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი ბავშვის ბაზისური უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ სწორი მიდგომით ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ბაღში მისვლამდე კონსულტაციას სპეციალისტთან გაივლით.
– ბაღის შემდეგ, შინ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
– აუცილებელია, სახლში ყოფნის პერიოდი დედა-შვილმა ერთად გაატაროს და ერთმანეთს იმ დღის შთაბეჭდილებები გაუზიაროს. ბავშვის როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის მეტად სასარგებლოა გასეირნება.
– ამბობენ, რომ თუ ბავშვი ბაღში დადიოდა, სკოლაში სიარული უფრო გაუადვილდება.
– დიახ, ასეა. არსებობს ცნება “სასკოლო მზაობა”, რომელიც სკოლისთვის სხვადასხვა სფეროს მზაობას გულისხმობს. სკოლაში მიყვანის დროისთვის ბავშვს სათანადოდ უნდა ჰქონდეს განვითარებული ნატიფი მოტორიკა (წვრილი კუნთების მოძრაობის უნარი – ხატვა, წერა, თასმების შეკვრა და ა.შ.), კოგნიტური, სააზროვნო უნარები, ნებელობა, მართვადი მოძრაობა... ბუნებრივი, აქტიური ცხოვრებიდან ბავშვი პასიურზე გადადის. ის იძულებულია, ერთ ადგილას იჯდეს 35 წუთის განამვლობაში დღეში ოთხ-ხუთჯერ, ამავე დროს იაზროვნოს, დაიმახსოვროს. ამრიგად, მისი ცხოვრების წესი მთლიანად იცვლება, ამიტომ სკოლის წინა პერიოდი სწორედ ამ წესთან ადაპატაციას უნდა დაეთმოს.
ყოველივე ამასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სოციალური ადაპტაციის უნარს – შეუძლია თუ არა კონტაქტში შესვლა, კომუნიკაცია როგორც თანატოლებთან, ისე პედაგოგებთან, ინსტრუქციების შესრულება. საბავშო ბაღში პატარა მეტ-ნაკლებად გამოიმუშავებს ამ უნარს, ამიტომ ბაღი სკოლასთან ადაპტაციაში ძალიან გვეხმარება. გახსოვდეთ, თუ ბავშვს დაერღვა სოციალური ადაპტაცია, შფოთავს, განიცდის ამას, რაც არ უნდა გონიერი იყოს, თავის შესაძლებლობებს ვერ გამოამჟღავნებს და ეს მის აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. ჯერ ემოციური ფონი უნდა მოწესრიგდეს, რათა მოსწავლემ სააზროვნო უნარების გამოვლენა შეძლოს.
– ბაღში თუ მშობელს აქვს საშუალება, პირველ დღეებში შვილთან დარჩეს, სკოლაში ეს ვერ ხერხდება...
– თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს სკოლასთან შეგუება ძალიან უჭირს და მშობლის დარჩენა გარდაუვალი ხდება. მშობელი რამდენიმე ხანს რჩება გაკვეთილებზე, მერე საკლასო ოთახიდან გადის, მაგრამ დერეფანში ელოდება შვილს. პედაგოგი ბავშვს უფლებას აძლევს, როცა მოუნდება, გახედოს დედას, რათა დარწმუნდეს, რომ ის არსად წასულა. ასე ნელ-ნელა ხდება სკოლასთან შეგუება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება პროცესში სპეციალისტის ჩართვაც.
– სწავლის დაწყების პირველ კვირებში მთავარი სირთულე მეცადინეობაა...
– ამ დროს ხშირად მშობლები უშვებენ შეცდომებს, რითაც შვილს მეცადინეობას აძულებენ. პირველ კლასში მეცადინეობა 20 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. შემდეგ ბავშვი დაახლოებით 10 წუთით უნდა დავასვენოთ. ამ ხნის განმავლობაში მან ფიზიკურად უნდა იაქტიუროს – გაირბინოს, წაივარჯიშოს. მერე ისევ 20 წუთი იმეცადინოს და ა.შ. ასეთი შესვენებების გარეშე მეცადინეობა ნაყოფიერი ვერ იქნება. მშობლები ბავშვის ფიზიოლოგიას არ ითვალისწინებენ და მას უყურადღებოს, უგულისყუროს ეძახიან ხოლმე. პირველკლასელს ყველაფერი თამაშის ფორმით უნდა მივაწოდოთ, რომ სწავლა შეუყვარდეს. ხშირად შეაქეთ პატარა, გახსოვდეთ, ის ყველაფერს მშობლებისთვის აკეთებს, ამიტომ მშობლებს მისთვის ქება არ უნდა დაენანოთ.
– როდის ჯობს მოსწავლის ამა თუ იმ წრეზე მიყვანა? ეს ადაპტაციის პროცესზეც ხომ არ ახდენს გავლენას?
– ბაღზე რაც ვთქვით, ყველაფერი ის შეიძლება ითქვას სკოლაზეც. თუ ბავშვი ბაღში ჯერ კიდევ თავისუფალია, სკოლა თვისებრივად სრულიად ახალ მოცემულობას ქმნის, ამიტომ პირველი ერთი წელი, ჯობს, ამ ახალ მოცემულობასთან შეგუებას დაეთმოს. წრეები მერე შევთავაზოთ. დაწყებით კლასებში უმჯობესია, აქცენტი ისეთ წრეებზე დავსვათ, სადაც ბავშვი ფიზიკურად დაიტვირთება. მშობელმა უნდა მოსინჯოს სხვდასხვა ვარიანტი და რომელსაც ბავშვი მოერგება, იმაზე ატაროს. დაძალება არ შეიძლება. პირადად მე დაწყებით კლასებში ინტელექტუალურ წრეებს არ ვემხრობი. პირველ-მეორე კლასელი ჯერ კიდევ პატარაა და შესაძლოა, ასეთი დატვირთვა მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდეს. შევხედოთ იმ კუთხით, რა ჯობს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. მთავარია, კოგნიტური აქტივობა ფიზიკურით დაბალანსდეს, ნებისმიერი სახის აქტივობა – დასვენებით. არ შეიძლება, მოსწავლეს არ ჰქონდეს თავისუფალი დრო, შაბათ-კვირაც მეცადინეობაში გაატაროს. შესაძლოა, კარგად ისწავლოს, მაგრამ მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ასეთი რეჟიმი ავნებს.
– რა ამოცანა უნდა დავუსახოთ ბავშვს სკოლაში მისვლისას რა უნდა იყოს მისი მიზანი?
– არ შეიძლება, ბავშვს მოვთხოვოთ, იყოს საუკეთესო, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭკვიანი. ეს იქნება შეუსრულებელი მისია და არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მისი ამოცანა უნდა იყოს სწავლა, განვითარება, ახალი ურთიერთობების დამყარება.
გვანცა გოგოლაძე