რატომ იქცევიან ბავშვები სხვადასხვანაირად შინ და სკოლაში?

გააზიარე:

ცოტა რამ თუ ანიჭებს ადამიანს უფრო მეტ სიამოვნებას, ვიდრე შვილის ქება, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მასწავლებლის პირიდან გაგონილი საქებარი სიტყვები მშობლისთვის სიამაყის ნაცვლად დაბნეულობის წყაროდ იქცეს. მიზეზი მარტივია: პედაგოგი აღწერს მშვიდ, გაწონასწორებულ, დამჯერ მოწაფეს, რომელიც ითვალისწინებს მის შენიშვნებს, ემორჩილება წესებს და არ შედის კონფლიქტში თანატოლებთან, თქვენ კი ამ დროს ფიქრობთ ონავარზე, რომელიც არავითარ წესს არ იცავს, ხოლო შენიშვნებზე აგრესიულად გეპასუხებათ და გიჩნდებათ კითხვა: ნუთუ ერთსა და იმავე ბავშვზე საუბრობთ?!

პირიქითაც ხდება: აღმოჩნდება, რომ თქვენი სანაქებო, დამჯერი შვილი მასწავლებელს ნამდვილ ღვთის რისხვად მიაჩნია.

  • რატომ არის, რომ შინ და სკოლაში ბავშვები სხვადასხვანაირად იქცევიან?


ბავშვებს, განსაკუთრებით – სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკისას, ახასიათებთ სკოლასა და სახლში სხვადასხვანაირი ქცევა. უმეტესობა კარგად იქცევა სკოლაში, ხოლო შინ თავს უფლებას აძლევს, მოეშვას და ორთქლი გამოუშვას. ასე რომ, მშობლები მზად უნდა იყვნენ და სათანადოდ დაუხვდნენ შინ დაბრუნებულ გადაქანცულ და უხასიათო პატარას.

  • სკოლაში – ანგელოზი, სახლში – ალქაჯი

ტიპური სკოლამდელი ასაკის ბავშვი ფიქრობს, რომ სახლი უსაფრთხო ადგილია, სადაც თამამად შეიძლება ცუდად მოიქცეს. აქ ის ყველას უყვარს და ეყვარება, განურჩევლად იმისა, როგორ მოიქცევა. აქ არ უწევს იმ კონკურენტულ გარემოსთან შეჯახება, რომელიც სკოლაშია, არ უწევს თავის დასამკვიდრებლად განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა. აქ არავინ დაუწერს დაბალ ნიშანს და არავინ სთხოვს სკამზე წყნარად ჯდომას და მოსმენას მაშინ, როდესაც ეს სრულიადაც არ ეხალისება.
ზოგიერთი ბავშვი მხოლოდ შინ დაბრუნების შემდეგ კი არ იწყებს ცუდად მოქცევას, არამედ ბაღსა თუ სკოლაში მშობლის დანახვისთანავე თამამდება და შესაძლოა, წესებიც დაარღვიოს. ეს მშობლისადმი მიჯაჭვულობის გამოხატულებაა, რაც მშობლისა და შვილის ურთიერთობის ნორმალური, აუცილებელი მომენტია. ეს ნიშნავს, რომ მშობლის სიახლოვეს ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მისი იმედი აქვს.


ამ ამბავს დადებითი მხარეც შეიძლება ვუპოვოთ: თუ ბავშვი მხოლოდ შინ ამჟღავნებს დაუმორჩილებლობას, ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მას თავისი საქციელის კონტროლი შეუძლია. აქედან გამომდინარე, თუ შინაც ისეთ გარემოს შევუქმნით და ისეთ წესებს შემოვიღებთ, რომლებიც არც მეტისმეტად დათრგუნავს და არც უწესოდ მოქცევის საშუალებას მისცემს, მივაღწევთ იმას, რომ ბავშვი სახლშიც გააზრებულად, დალაგებულად, მაგრამ, ამავე დროს, შედარებით თავისუფლად მოიქცევა.

  • პატარა მონსტრი იღვიძებს

რისი ბრალია, რომ მშვიდი, თვინიერი ბავშვი სკოლაში პატარა მონსტრად იქცევა ხოლმე?
პატარა ბავშვისთვის სკოლა უცხო გარემოა და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მოეთხოვება მას ამ დაწესებულებაში. მშობელი უნდა ხვდებოდეს, რომ როდესაც აქტიური ბავშვი, რომელსაც შეუძლია, დღედაღამ გაუჩერებლად ითამაშოს, უცებ ისეთ გარემოში ხვდება, სადაც 20 წუთი სკამზე ჯდომას და პედაგოგის მოსმენას ავალებენ, მისთვის ეს ნამდვილად ვერ იქნება მარტივი ამოცანა.
ბაღი დიდ სამსახურს უწევს ბავშვს სკოლისთვის მოსამზადებელ პერიოდში. აქ ის მცირე ასაკიდანვე იძენს ისეთ უნარებს, რომლებიც მომავალში სკოლასთან შეგუებას გაუადვილებს. ბავშვი, რომელიც ბაღში დადიოდა, ხვდება, რომ ყველა აქტივობას თავისი დრო აქვს და შესაძლოა, მას ხატვა უნდოდეს, მაგრამ ვინაიდან ეს აქტივობა მოგვიანებით არის დაგეგმილი, დალოდება მოუწევს. ბავშვი, რომელსაც ბაღში არ უვლია, ძალიან დაიბნევა, როდესაც სკოლაში მისთვის სასურველი რამის კეთების საშუალებას არ მისცემენ და ვერ მიხვდება, რატომ უნდა იჯდეს და ხატოს, როცა ბურთით თამაში უნდა. ეს დაბნეულობა კი გამოვლინდება არასასურველი ქცევით, რომლის გამოსწორებაზეც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამ პროცესში ერთად უნდა იყვნენ ჩართულნი მშობელი და პედაგოგი.

  • როგორ მოვიქცეთ

დაიწყეთ ფიზიკური პროცესების კონტროლით, დარწმუნდით, რომ ბავშვს საკმარისად სძინავს, იღებს ვიტამინებით მდიდარ საკვებს, დღის განმავლობაში საკმარისი ფიზიკური დატვირთვა აქვს. თუ დისბალანსი შეამჩნიეთ, ამ საკითხების მოგვარებაზე იმუშავეთ.
თუ ამჩნევთ, რომ ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანისას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილია, ნუ წაიყვანთ სტუმრად, თუნდაც წინასწარ იყოთ შეთანხმებული მეგობართან შეხვედრის თაობაზე. დასვენება ბავშვისთვის აუცილებელია – ის ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს სააღმზრდელო დაწესებულებაში და აუცილებლად უნდა მისცეთ საშუალება, ისე განიტვირთოს, როგორც თავად სურს.
ფსიქოლოგიური მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ფიზიკურად ჯანსაღ ბავშვს ჯანსაღი ფსიქიკა სჭირდება, რათა თავისი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსი სწორად გამოიყენოს.

  • შეუქმენით განტვირთვისთვის აუცილებელი გარემო

შინ დაბრუნებული ბავშვი გადაღლილია სხვების მოსმენით, იმის კეთებით, რაც არ სურს, ამიტომ მიეცით საშუალება, სასურველი რამეები აკეთოს. მანამდე მაინც, სანამ ნერვული დაძაბულობა გადაუვლის.
თუ მულტფილმების ყურება უყვარს, დართეთ ცოტა ხანს ტელევიზორის ყურების ნება, თუ ხატვა მოუნდა, მოუმზადეთ ფერადი ფანქრები და სახატავი რვეული. მისი ინტერესების მიხედვით იმოქმედეთ. საზოგადოდ, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ 15 წუთი ეზოში სირბილი საკმარისია, რომ ბავშვმა ძალები აღიდგინოს და მოემზადოს საოჯახო საქმეების საკეთებლად თუ საშინაო დავალების დასაწერად.
ამგვარად მას სკოლის მიმართაც დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება, რადგან ეცოდინება, რომ მას შემდეგ, რაც სკოლაში კარგად მოიქცევა, შინ განტვირთვა და სასიამოვნო საქმიანობა ელის.

  • მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ წესები

სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვი ჭამის დროს მაგიდასთან ჯდება, ჭამის წინ ხელ–პირს იბანს, არ აწყვეტინებს სხვებს საუბარს – ამ ყველაფერს აღმზრდელები მკაფიო წესების საშუალებით აღწევენ, რომელიც ბავშვს გათავისებული აქვს. მის ქცევაზე ისიც მოქმედებს, როდესაც ხედავს, რომ სხვა ბავშვებიც იმავეს აკეთებენ, ემორჩილებიან ბაღის/სკოლის წესებს. ასე რომ, თუ გსურთ, ბავშვი შინაც ასევე მოიქცეს, მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ წესები, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაიცავს.
როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ სახლში მიღებულ წესს – არავინ ადგეს მაგიდიდან, სანამ ჭამას არ დაასრულებს – ყველა: მისი და-ძმაც, დედაც და მამაც იცავენ, თავადაც იმავეს გააკეთებს, ხოლო თუ წესად გაქვთ, რომ ოჯახური სადილის დროს ტელეფონი აკრძალულია, მაგრამ თავად თან მიირთმევთ და თნ თავი გაჯეტში გაქვთ ჩარგული, ჩათვალეთ, რომ ეს წესი ბავშვისთვის სრულიად გაუფასურდება და მის შესრულებას ნუღარ მოსთხოვთ.

  • შეუქმენით პირობები

ბაღებსა და სკოლებში არის ყველა ის პირობა, რომელიც აუცილებელია ბავშვების თვითრეალიზაციისა და გარემოსთან მოხერხებულად ადაპტაციისთვის. თუ ბაღში პირსაბანი და პირსახოცი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას კიდია, ის ადვილად იბანს ხელებს და იმშრალებს, ხოლო თუ სახლში ვერ სწვდება პირსაბანს და პირსახოცს, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, დამოუკიდებლად ხელ-პირის დაბანა მოვთხოვოთ. აუცილებლად უნდა შეუქმნათ პირობები. დადგით სააბაზანოში პატარა სკამი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიიდგამს პირსაბანთან, ხოლო პირსახოცისთვის სპეციალური საკიდი მიუმაგრეთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: